Thursday, September 29, 2022

კინო-ისტორია, ახალი საგანმანათლებლო პორტალი

 

დღეს კინო წარმოადგენს კულტურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროს, რომელიც ძალიან დიდ როლს ასრულებს ღირებულებების ფორმირების, საზოგადოებაში დემოკრატიის, ტოლერანტობის, სოციალური სამართლიანობის, გენდერული მეინსტრიმინგის გააზრებისთვის.

ისტორია-კინო-ისტორია http://historyfilmhistory.com  არის კინოსაგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც შეიქმნა „შემოქმედებითი ევროპის“ მხარდაჭერით და საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის – Georgian National Film Centre (საქართველო), ფონდის მილანი-სინეტეკა – Fondazione Cineteca Italiana (იტალია), შემოქმედებითი სწავლების ცენტრის – The Film Space Ltd (დიდი ბრიტანეთი) და სერბეთის ეროვნული კინოარქივის – ЈУГОСЛОВЕНСКЕ КИНОТЕКЕ (სერბეთი) პარტნიორობით. პროექტის  მიზანია ხელი შეუწყოს მოზარდებში დამოუკიდებელი აზროვნების, პრობლემის ადეკვატურად გააზრების, მიმღებლობის, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარებას და ამისთვის გამოყენებული იქნას კინემატოგრაფის შესაძლებლობები, კერძოდ; მოხდეს მე-20 საუკუნის ისტორიული ფაქტებისა და პრობლემების გააზრება, ასევე გაიზარდოს ახალგაზრდებში ევროპული კინოს, კინო მემკვიდრეობის მიმართ ინტერესი.

საგანმანათლებლო პლატფორმა ხელმისაწვდომია 4 ენაზე (ქართული, ინგლისური, იტალიური, სერბული) და მოიცავს ორ მიმართულებას: 1. მე-20 საუკუნის ევროპის ისტორიის სწავლება კინოს გამოყენებით 2. კინოს ისტორიის სწავლება პირველ მიმართულება http://historyfilmhistory.com/ge/events აქვს თაიმლაინის სახე, რომელიც აერთიანებს პროექტის მონაწილე ქვეყნების (საქართველო, დიდი ბრიტანეთი, იტალია, სერბეთი) მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენების აღწერას და ამ ისტორიულ მოვლენასთან დაკავშირებული ფილმის გვერდს, რომელიც აერთიანებს: ფილმის შესახებ ინფორმაციას (მაგალითად, „დიდი ტერორი“ http://historyfilmhistory.com/ge/movies/repentance), ვიდეო გაკვეთილს

ამ ისტორიული მოვლენის შესახებ, მოსწავლეებისთვის სპეციალურ დავალებებს, მოვლენასთან დაკავშირებულ საარქივო მასალას, ფილმის ტრეილერს, ტელე-რადიო გადაცემებს და საგაზეთო სტატიებს ამ თემაზე. გარდა ამისა, ნახავთ მოვლენის სწავლებისთვის რეკომენდებულ სხვა ფილმებს და მარტივ სახალისო ქვიზს http://historyfilmhistory.com/ge/movies/repentance/quiz .

მეორე საგანმანათლებლო მიმართულება http://historyfilmhistory.com/ge/movies ასევე, თაიმლაინის სახე აქვს, იგი დაყოფილია დეკადებად და შედგება პროექტის მონაწილე 4 ქვეყნის საეტაპო ფილმებისგან. აქაც თითოეული ფილმისთვის განკუთვნილია გვერდი, სადაც განთავსებულია: ფილმის შესახებ ინფორმაცია (მაგალითად, „შერეკილები“ http://historyfilmhistory.com/ge/movies/the-eccentrics) , ვიდეო გაკვეთილი

ამ ათწლეულის შესახებ, დავალებები მოზარდებისთვის, ფოტოები გადასაღები მოედნიდან, ფილმის ესკიზები, აფიშები, რეცენზიები, ტრეილერი, ტელე-რადიო გადაცემები ამ თემაზე. დასასრულს კი მარტივი სახალისო ქვიზი http://historyfilmhistory.com/ge/movies/the-eccentrics/quiz და ამ დეკადის სხვა საეტაპო ფილმების ჩამონათვალი. ამ საგანმანათლებლო პლატფორმაზე სულ განთავსებულია 80 ვიდეოგაკვეთილი და დავალება, ასევე 500-მდე დამხმარე ფოტო და ვიდეო რესურსი, როგორიცაა: სხვადასხვა საარქივო მასალა, საგაზეთო სტატიები, ფილმის რეცენზიები, ფოტოები გადასაღები მოედნიდან, ესკიზები, აფიშები, ტრეილერი და ტელე-რადიო გადაცემები. (გიგზავნით პლატფორმის გზამკვლევ ვიდეოს, რომელიც დაგეხმარებათ ნავიგაციაში, მისი ნახვა შესაძლებელია თვით გვერდზეც).

იმედი გვაქვს, ჩვენ მიერ შექმნილი საგანმანათლებლო რესურსი იქნება საინტერესო და მნიშვნელოვანი მასწავლებლებისთვის, ასევე, ისტორიითა და ხელოვნებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის თუ მშობლებისთვის.


 
http://mastsavlebeli.ge

მხარდამჭერი ტექნოლოგიების ფუნქციები ენა-მეტყველების დარღვევებთან მიმართებით

 


პირველი ნაწილი

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან ჩნდება ჩანაწერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა აქტებში ტექნოლოგიურ დახმარებაზე და მათში მხარდამჭერი ტექნოლოგიები განსაზღვრულია, როგორც მოწყობილობა, „ნებისმიერი ნივთი, აღჭურვილობის ნაწილი ან პროდუქციის სისტემა, იქნება ეს შეძენილი კომერციულად თაროდან, შეცვლილი თუ მორგებული, რომელიც გამოიყენება, რათა გაზარდოს, შეინარჩუნოს ან გააუმჯობესოს შშმ პირთა ფუნქციური შესაძლებლობები“.

წერილის ამ ნაწილში ვისაუბრებთ სპეციალურ განათლებაში მხარდამჭერი ტექნოლოგიების (AT – Assistive technology) როლსა და ენა-მეტყველების დარღვევის ტიპთან მათი მიმართების შესახებ[1]. აქვე უნდა ითქვას, რომ დამხმარე ტექნოლოგიები შეიძლება იყოს ე. წ. „მაღალი“ და „დაბალი ტექნოლოგიები“: ხელჯოხებიდან და ბერკეტების კარის სახელურებით მოყოლებული, ხმის ამომცნობი პროგრამული უზრუნველყოფით და საკომუნიკაციო საშუალებებით (მეტყველების გამომუშავების მოწყობილობებით) დასრულებული.

არსებობს დამატებითი და ალტერნატიული საკომუნიკაციო მოწყობილობები ენა-მეტყველების დარღვევის მქონე მოსწავლეებისთვის.

დამატებით და ალტერნატიულ კომუნიკაციად განისაზღვრება სიმბოლოების, დამხმარე საშუალებების, სტრატეგიებისა და ტექნიკის გამოყენება კომუნიკაციის პროცესის გასაუმჯობესებლად. ეს მოიცავს ჟესტების ენას, სხვადასხვა საკომუნიკაციო დაფებს და მექანიკურ და ელექტრონულ მოწყობილობებს და ეხმარება მათ, ვისაც კომუნიკაციის პრობლემა აქვს. დამატებითი და ალტერნატიული კომუნიკაციის ტიპებად განიხილება:

  1. დახმარების გარეშე საკომუნიკაციო სისტემები, რაც მოიცავს შეტყობინებების გადასაცემად სხეულის ენის გამოყენებას, მაგალითად, ჟესტები, ნიშანთა/ჟესტების ენა. დახმარების გარეშე საკომუნიკაციო სისტემების ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ის არ საჭიროებს რაიმე ტექნოლოგიას ადამიანის სხეულის მიღმა.
  2. დაბალტექნოლოგიური ნებისმიერი სახის დამხმარე საშუალება, რომელიც არ საჭიროებს ბატარეებს ან ელექტროენერგიას. ეს მოიცავს ისეთ ნივთებს, როგორიცაა: მარტივი კალამი და ქაღალდი შეტყობინებების დასაწერად, ასევე ბარათების დაფებს, რომლებიც შეიძლება ატაროთ კომუნიკაციის დასახმარებლად. სურათების დაფებზე მომხმარებლებს შეუძლიათ მიუთითონ სურათებზე, სიტყვებზე, ნახატებსა ან ასოებზე, რათა გამოხატონ სათქმელი. მითითება შესაძლებელია მომხმარებლის ხელებით, სხეულის სხვა ნაწილებით, თვალის მზერით და სხვ..
  3. მაღალტექნოლოგიური ნებისმიერი დამხმარე საშუალება, რომელიც მოითხოვს ელექტროენერგიას ან ბატერეებს. ეს მოიცავს სპეციალიზებულ მოწყობილობებს, პროგრამულ უზრუნველყოფას, სმარტფონის აპლიკაციებს, ელექტრონულ საკომუნიკაციო დაფებსა და კლავიატურებს. ბევრი მაღალტექნოლოგიური მოწყობილობა არის მეტყველების წარმომქმნელი მოწყობილობა, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ ციფრული მეტყველების წარმოება, როდესაც მომხმარებელი აკრეფს შეტყობინებას ან დააჭერს სურათებს, სიტყვებს ან ასოებს. ქვემოთ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს დაკ-ები.

ელექტრონულად გამართული მოწყობილობები

ელექტრონულად სრულყოფილი მოწყობილობები არის მოწყობილობები, რომლებიც მიზნად ისახავს, გაუმჯობესდეს მეტყველების დარღვევის მქონე პირების მდგომარეობა. ენაბრგუობის და სხვა დარღვევის შემთხვევებში ეს მოწყობილობა მომხმარებელს საკუთარი პირით არასწორად წარმოთქმულ სიტყვას რამდენადმე გამართულად აწვდის ყურში.

არსებობს ორი ძირითადი ტიპის ელექტრონულად გამართული მოწყობილობები:

დაგვიანებული აუდიტორული გამოხმაურება (DAF) – დაგვიანებული აუდიტორული უკუკავშირის მოწყობილობები აბრუნებს მომხმარებლისთვის ხმას წამის ნაწილის შეფერხებით. DAF-მოწყობილობები შეიძლება ჰგავდეს სმენის აპარატს ან ყურსასმენს მიკროფონით. ასევე არსებობს აპლიკაციები, რომლებსაც შეუძლიათ DAF-ის გამოყენება სატელეფონო ზარებზე.

შეცვლილი სიხშირის გამოხმაურება (FAF) – სიხშირის შეცვლილი უკუკავშირის მოწყობილობები DAF-ის მსგავსია, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მომხმარებლისთვის საკუთარი ხმის მოსმენა დაყოვნდეს, ისინი ცვლიან ხმის იმ სიმაღლეს, რომლითაც მომხმარებელს ესმის საკუთარი ხმა.

დამხმარე ტექნოლოგიები მრავალფეროვანია და მათი მოძიება შესაძლებელია სხვადასხვა გვერდზე, ერთ-ერთი მათგანია – https://www.edutopia.org/article/assistive-technology-resources

EduTopia გახლავთ დამხმარე ტექნოლოგია, რომელზეც აღმოაჩენთ ვებსაიტებს, ბლოგის პოსტებს, სტატიებს და ვიდეოებს, რომლებიც დაკავშირებულია დამხმარე ტექნოლოგიების გაგებასთან, შერჩევასა და შეფასებასთან.

ასევე გავრცელებული მობილური აპლიკაციაა: Dragon Dictation App[2], თუმცა Dragon Dictation აპი შეიძლება გამოყენებულ იქნას მეტყველების ტექსტად გადაქცევისთვის, ასევე ტექსტის მეტყველებად გარდასაქმნელად. ეს აპლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ iOS-ისთვის.

აპლიკაცია TTSReader[3] ხელმისაწვდომია Google Play-ს მეშვეობით. ის მყისიერად კითხულობს ხმამაღლა ნებისმიერ ტექსტს ბუნებრივი ჟღერადობის ხმით. თქვენ შეგიძლიათ შეიყვანოთ ტექსტი ან მიუთითოთ ვებსაიტის მისამართი, რომლის წაკითხვაც გსურთ.

DAF Professional[4] არის დაგვიანებული აუდიტორული გამოხმაურების (DAF) აპი iPhone ან Android-ისთვის.

ენაბრგუობის თერაპიისთვის არსებული აპია „სტამურაი“: https://play.google.com/store/apps/details?id=com.stamurai.stamurai&hl=en_US

მეტყველების თერაპიის აპლიკაცია, რომელიც მოიცავს DAF-ს, კითხვის პრაქტიკას და სხვა პრაქტიკულ ტექნიკას. ასევე მრავალფეროვანი აპის ნახვა მეტყველების სხვადასხვა დარღვევის დასახმარებლად შესაძლებელია აქ: https://www.smartyearsapps.com/.

 

[1] წყარო: https://guides.library.illinois.edu/c.php?g=613892&p=4265891

[2] https://www.nuance.com/dragon/dragon-anywhere.html

[3] https://play.google.com/store/apps/details?id=com.speechlogger.ttsreader

[4] https://speechtools.co/daf-pro

სასწავლო პროექტი – გარემო და ჩვენ

 

ჩვენ ვირჩევთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

ეს დიალოგი მეცხრე კლასში ქიმიის გაკვეთილზე წარიმართა:

მასწავლებელი: – შემაჯამებელი ტესტის სახით გირჩევნიათ თუ პროექტი გავაკეთოთ?

 მოსწავლე 1: – ტესტი;

 მოსწავლე 2: – ტესტი;

 მოსწავლე 3: – პროექტი;

 მოსწავლე 4: – პროექტი.

 მოსწავლე 1: – კარგი რა, პროექტს იმდენი მუშაობა უნდა, თან სანამ ბოლომდე კარგად არ წარვადგენთ, თავს არ გვანებებს;

 მოსწავლე 3: – რა გახსოვს აბა წინა გაკეთებული ტესტებიდან?

 მოსწავლე 1: – არაფერი, მაგრამ ნიშანი ხომ მივიღე და. . . .

 მოსწავლე 3: – ჰოდა, ტესტიდან არც მე მახსოვს არაფერი, თითქოს არც მისწავლია. არადა, არაფერი გამომიტოვებია. პროექტზე იმდენს მუშაობ, იმდენ საკითხს ამუშავებ, არასოდეს დაგავიწყდება.

 მოსწავლე 4: – მაშინ პროექტი გავაკეთოთ და ჯგუფის წევრები ჩვენ შევარჩიოთ.

 ხმათა უმრავლესობით გადაწყდა: მუშაობას ვიწყებთ ახალ პროექტზე – „გარემო და ჩვენ“.

ამ კლასში საუკეთესო მოსწავლეები არიან. საკუთარი აზრის დაფიქსირება და არგუმენტირებული მსჯელობა არაჩვეულებრივად გამოსდით. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მასწავლებლის მუშაობის შედეგი არაა, მეხუთე კლასიდან ჰყავდათ ძალიან საინტერესო ქართულის მასწავლებელი და დღემდე ჰყავთ დამრიგებელი, რომელიც სულ ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მეც რაღაც ფორმით ხელი უნდა შევუწყო ამ პროცესს. ქიმიის სწავლა უჭირთ, თუმცა თავისუფლება მოსწონთ და ქიმიის გაკვეთილიც უყვართ. მოსწავლეების უმრავლესობას პროექტებზე მუშაობა მოსწონს. მიუხედავად საგნის სირთულისა, როცა მოსწავლის აზრის გათვალისწინება ხდება, როცა არჩევანს მოსწავლე აკეთებს, პროცესი გაცილებით მარტივად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ელექტრონული ტესტის შედგენა და შეფასება გაცილებით მარტივია, ვიდრე პროექტის შექმნა და მასზე სრულყოფილი მუშაობა, მაინც პროექტი მირჩევნია. დიდი შესავალი გამომივიდა, რომელიც არ ეფუძნება კვლევებს, მხოლოდ პირად გამოცდილებას და სასკოლო სიტუაციას აღწერს. გაგიზიარებთ ერთ ინტეგრირებულ სასწავლო პროექტს, რომელიც მეცხრე კლასელებისთვის არის განკუთვნილი.

სასწავლო პროექტი აერთიანებს ქიმიას, ბიოლოგიას, ინგლისურს და სამოქალაქო განათლებას (ძალიან ეფექტური იქნებოდა გეოგრაფიის მასწავლებლის მონაწილეობა), ემსახურება მდგრადი განვითარების მე-13 (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) და მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) მიზნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

სამიზნე ცნებები და ქვეცნებები:

ინგლისური: ლექსიკა, კითხვა, გრამატიკა, მოსმენა, მეტყველება;

ბიოლოგია: ბიომრავალფეროვნება/ადამიანის ზემოქმედების გავლენა გარემოზე;

ქიმია: აღმოჩენა, თეორია, კანონი, მდგრადი განვითარება, ტექნოლოგია/ქიმიური მოვლენა;

მოქალაქეობა: მდგრადი განვითარება/სამოქალაქო უსაფრთხოება.

აქტივობა 1: ინტერესის აღძვრა (აქტივობა პარალელურად მიმდინარეობს ქიმიის, ბიოლოგიის, ინგლისურისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე)

მასწავლებლები წარადგენენ დასამუშავებელ საკითხს.

მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს https://bit.ly/3SeTW6c ინგლისურ ენაზე. სამუშაო ფურცელზე ჩაინიშნავენ სიტყვას ან მთლიან ფრაზას.

შემდეგ ეტაპზე სურათზე წარმოდგენილ სათაურებს შეუსაბამებენ: https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი (ნებისმიერი გრიფირებული წიგნის გამოყენებაა შესაძლებელი).

აქტივობის ბოლოს ინგლისურის მასწავლებელი სლაიდის გამოყენებით აჩვენებს სწორ პასუხს და მოსწავლეები შუქნიშნის გამოყენებით გამოხატავენ საკუთარი ნამუშევრის სისწორეს.

 

 

მოქალაქეობის მასწავლებელი მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე წარადგენს ინფორმაციას (სასურველია, ნახონ მიზნების გამომსახველი პიქტოგრამები).

ქიმიის მასწავლებელი დაამუშავებს საკითხს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება-გადამუშავების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების მიზნით. იმსჯელებენ მათი რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე, გარემოზე მათი მოპოვების თანმხლები პროდუქტების გავლენაზე.

ბიოლოგიის მასწავლებელი გააცნობს ტექსტს სახელმძღვანელოდან – ანთროპოგენური ფაქტორები.

აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება ინგლისურში

ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს 0-3 პირობით წინადადებების წარმოებას და სურათზე მოცემულ სავარჯიშოს გადააქცევენ პირობით წინადადებებად (სასურველია, აქტივობა განხორციელდეს ვერბალურად).

აქტივობა 3. მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე დაიყოფიან ჯგუფებად. ისინი დაამუშავებენ ბმულებზე მოცემულ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. გააკეთებენ ჩანაწერებს და აქტივობის ბოლოს წარმოადგენენ ნამუშევარს. დაასახელებენ ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ პრობლემებს:

https://bit.ly/3zljGFm ჰაერის დაბინძურება,

https://bit.ly/3vqZPTS შიდა ჰაერის დაბინძურება.

აქტივობა 4. ბიოლოგიის მასწავლებელი მინი-ლექციის სახით წყლის დაბინძურების შესახებ წარადგენს ინფორმაციას. მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს პაუზებით. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ინგლისურის მასწავლებელიც. ვიდეოს ნახვის შემდეგ უპასუხებენ გაკვეთილის ბოლოს დასმულ შეკითხვებს ქართულ ენაზე.

https://bit.ly/3oGXLmV წყლის დაბინძურება;

https://bit.ly/3OJz4RC ვიდეო.

მოსწავლეები ინგლისურის მასწავლებლის მითითებით დაამუშავებენ მოსწავლის წიგნში წარმოდგენილ ტექსტს დელფინის შესახებ და შეასრულებენ სავარჯიშოებს.

https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი. გვ. 40. ტექსტი – Dolphyn doc for a day . სავარჯიშო: N1, 2 და 3.

აქტივობა 5. მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე გაეცნობიან ტექსტს ჰაბიტატის განადგურების შესახებ (CK12).

ინგლისურის გაკვეთილზე წიგნში განიხილავენ გვ. 44-ზე მოცემულ ინფორმაციას და შეასრულებენ სავარჯიშოს. ინგლისურის მასწავლებელი მოისმენს შესრულებულ დავალებებს და მისცემს უკუკავშირს.

https://bit.ly/3ON6sqx ჰაბიტატის განადგურება;

https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი;

გვ 44. გადაშენების პირას მყოფი სახეობები. შესაბამისი სავარჯიშოები.

აქტივობა 6. პროექტში ჩართული მასწავლებლები მოსწავლეებს გადაანაწილებენ ჯგუფებში მათი უნარებისა და გამოცდილების, ასევე გენდერული ბალანსის მიხედვით. ინგლისურის მასწავლებელი წარადგენს პროექტსა და მისი შეფასების კრიტერიუმებს. ,,წარმოიდგინე, რომ ტურისტულმა კომპანიამ შეგიკვეთა, მოამზადო უცხოელი ტურისტისთვის საინფორმაციო ხასიათის ორენოვანი ბუკლეტი შენს რეგიონში არსებული ნაკრძალის, დაცული ტერიტორიის ან აღკვეთილის შესახებ. მოამზადე ფოტომასალა, გაარკვიე – რომელი სახეობებია დაცული, რა ტიპის ნიადაგია, როგორი კლიმატური პირობებია მის ტერიტორიაზე, რას ნახავს სტუმარი და როგორი მომსახურება დახვდება იქ“.

მოსწავლეებს პროექტის მოსამზადებლად დასჭირდებათ ერთი კვირა. მათ წინასწარ ეცოდინებათ, რომ პრეზენტაცია უნდა მოამზადონ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეების ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევარს. პრეზენტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოსწავლემ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ინგლისური 9 კლასი (2021წ) – სულაკაურის გამომცემლობა;
  2. ქიმია 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“;
  3. ბიოლოგია 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,ტრიასი“;
  4. მოქალაქეობა 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,კლიო“.
  5. edu.ge-ზე განთავსებული ბიოლოგიის და მეცნიერების ელექტრონული სახელმძღვანელოები;
  6. http://mastsavlebeli.ge/?p=29548 რა იციან მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით.

 http://mastsavlebeli.ge