Tuesday, August 3, 2021

ვირჯინია ვულფი: მაგიური სარკეები

 

17 მაისს,  ხანგრძლივი, რიტუალური სატელეფონო საუბრისას დედაჩემმა მითხრა: „ჩვენზე ხომ არ ყოფილა დამოკიდებული, როგორები დავიბადებოდით – როგორი სურვილებით?“ წლების წინაც ასე ფიქრობდა. ანტიჰომოფობიური სატელევიზიო გადაცემების კვალის ძებნა არ უნდა დამეწყო.

დედებზეც საუბრობს ვირჯინია ვულფი „საკუთარ ოთახში“ – ვრცელ ესეში, რომლის თავიდან წაკითხვაც გადავწყვიტე. წინა თაობების, წინა საუკუნეების ქალებს იხსენებს – მათ, ვინც შემოხაზული წრის შუაგულში ჩააყენეს და სამოქმედო არე მკაფიოდ დაანახეს: ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუ საზღვრის, ჯებირის არსებობა ემახსოვრებოდათ, თუ ცხოვრების მიერ გამომეტებულს დასჯერდებოდნენ.

ავტორი შიშობს, „პირწავარდნილ ფემინისტად“ არ გამოვჩნდეო, მაგრამ ცხადი ხდება, რომ სადარდებელთაგან ეს ყველაზე მცირე უნდა იყოს: აბზაცი აბზაცს მოსდევს და მისი ნააზრევი უფრო და უფრო ემსგავსება საბრალდებო დასკვნას. „ქალები საუკუნეების განმავლობაში იმ მაგიური სარკეების როლს ასრულებდნენ, რომლებშიც მამაკაცები ბუნებრივზე ორჯერ უფრო მაღლები ჩანდნენ. ამ მაგიური ძალის გარეშე დედამიწა ალბათ დღემდე გაუვალი ჭაობებითა და ჯუნგლებით იქნებოდა დაფარული; არანაირი მემატიანე არ გვიამბობდა კაცობრიობის ომებისა და მათში საგმირო ამბების შესახებ. ძვლებზე ირმის კონტურების გამოყვანას თუ მოვახერხებდით დღემდე და პრიალა ქვებს თუ გავცვლიდით ცხვრის ტყავში, ან სხვა უბრალო ორნამენტებს, რასაც ჩვენი უპრეტენზიო გემოვნება გაწვდებოდა. ზეკაცები და ბედის რჩეულები არ იარსებებდნენ“. და იქვე – კიდევ უფრო მკაცრად: „როცა ქალი სიმართლის თქმას იწყებს, სარკეში მამაკაცის სილუეტი პატარავდება; მცირდება მამაკაცის ძალა არსებობისათვის ბრძოლაში. თვითრწმენის გარეშე მისთვის რთული ხდება, მიიღოს გადაწყვეტილებები, დაიპყროს ახალი ტერიტორიები, კანონები შექმნას, წიგნები წეროს […] მას სჭირდება სარკეები გარშემო, საუზმესა და სადილებზე, რომ საკუთარი თავი, სულ მცირე, ორჯერ უფრო მაღალი დაინახოს იმაზე, ვიდრე სინამდვილეშია“.

დასაფასებელი პირდაპირობაა, რომელიც, ცხადია, გამაღიზიანებელი იქნებოდა ორივე სქესის იმ წარმომადგენლებისათვის, საზოგადოებაში დამკვიდრებული ნორმებისადმი უპირობო მორჩილება რომ ცხოვრების წესად გაეხადათ. მწერალს კი უფრო და უფრო მეტი სინათლე შეაქვს აღწერილ სურათში, რაც, წესით, არასწორი დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას უნდა გამორიცხავდეს. ვირჯინია ვულფი ერთფეროვნების საფრთხეზეც გვაფრთხილებს: „ძალიან სამწუხარო იქნებოდა, ქალები რომ ისე წერდნენ, როგორც მამაკაცები, ან ცხოვრობდნენ, როგორც მამაკაცები, ან გამოიყურებოდნენ, როგორც მამაკაცები, რადგან ეს უზარმაზარი სამყარო, ალბათ, ძალიან ერთფეროვანი გახდებოდა, თუკი ორი განსხვავებული სქესის მაგიერ ერთი სქესით მოგვიწევდა მასში ცხოვრება. ნუთუ განათლებამაც, სქესებს შორის მსგავსებებზე მეტად, წინ სწორედ განსხვავებები არ უნდა წამოსწიოს და გააძლიეროს? რადგან მსგავსება ისედაც ძალიან ბევრი გვაქვს და თუ რომელიმე თანამედროვე მკვლევარი იმის ხელხლა აღმოჩენას და მტკიცებას აპირებს, რომ ორი სქესი სხვადასხვა ხის ტოტებს მიღმა არ გაჰყურებს სხვადასხვა ცას, ეჭვი მეპარება, ამ მკვლევარმა დიდი სამსახური გაუწიოს კაცობრიობას“.

წერისას გულწრფელობაა არსებითი და მწერალიც სწორედ ამას სთხოვს მათ, ვისაც ხის, მისი ტოტებისა და ტოტებს მიღმა დანახული ცის კვლევა ცხოვრების მთავარ საქმედ გაუხდიათ. აფრთხილებს კიდეც, საკუთარ სქესში, როგორც მკვლელ გალიაში, ისე არ გამოიკეტონ და ხანგრძლივი შრომის ნაყოფი გასახმობად არ გაწირონ. „საბედისწეროა წერისას საკუთარ სქესზე ფიქრი. მწერლისათვის საბედისწეროა, იყოს უბრალოდ ქალი ან კაცი; მას ორივე ბუნება უნდა გააჩნდეს. ქალისათვის საბედისწეროა, თუნდაც მცირედი აქცენტი გააკეთოს თავის სქესზე და დაიჩივლოს, თუნდაც სამართლიანად, ნებისმიერ წინააღმდეგობაზე, რომელიც მას გაჩნია, როგორც ქალს. და „საბედისწერო“ არ არის მხოლოდ მძაფრი სიტყვა, რადგან ყველაფერი, რაც ასეთი გაქანებით დაიწერება, სიკვდილისთვისაა განწირული. ის მთავარი მარცვლის გაღვივებას ვერ მოახერხებს. როგორი ბრწყინვალე და ეფექტური, ძლევამოსილი და ოსტატურიც არ უნდა ჩანდეს ერთი-ორი დღის მანძილზე, ადრე თუ გვიან მაინც გახმება; სხვების გონებაში ვერ ჰპოვებს ნიადაგს“.

ვირჯინია ვულფის ამ ესეში მრავალი ბილიკია, რომელსაც შეიძლება გაჰყვე – იმ იმედით, რომ საკუთარ თავს მიგაახლოებს, საკუთარი ოთახის ჩრდილებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანს შეგამჩნევინებს. მე მხოლოდ ერთი ამოვირჩიე – რომელიც წლების წინაც მომწონდა და წერისადმი ჩემი დამოკიდებულების სისწორეში მარწმუნებდა. ორი ბუნებისა კი მხოლოდ მწერლები არ არიან – ყველაა, განურჩევლად იმისა, რამდენად თანაუგრძნობენ 17 მაისს ფერადი დროშების ფრიალით გართულებს.

წყარო  http://mastsavlebeli.ge

დედამიწის პოლუსები

 

დედამიწის პოლარული რეგიონები ყველაზე მკაცრი და ცივი ადგილებია ჩვენს პლანეტაზე. საუკუნეების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის ფასად ცდილობდნენ ადამიანები ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლარული წრეების მიღმა მდებარე ტერიტორიებამდე მიღწევას და მათ შესწავლას.

საინტერესოა, რა ვიცით მათ შესახებ?

მეცნიერული თვალსაზრისით, ოთხი ჩრდილოეთი პოლუსი არსებობს: 1. ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი – წერტილი დედამიწის ზედაპირზე, რომლისკენაც მიმართულია მაგნიტური კომპასები; 2. ჩრდილოეთი გეოგრაფიული პოლუსი, რომელზეც გადის წარმოსახვითი გეოგრაფიული ღერძი; 3. ჩრდილოეთი გეომაგნიტური პოლუსი, რომელიც დაკავშირებულია დედამიწის მაგნიტურ ღერძთან; 4. ჩრდილოეთის მიუღწევლობის პოლუსი – ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მდებარე ყველაზე ჩრდილოეთი წერტილი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაშორებულია დედამიწის ყველა მხრიდან. ანალოგიურად, განასხვავებენ ოთხ სამხრეთ პოლუსს: სამხრეთ მაგნიტურ პოლუსს, სამხრეთ გეოგრაფიულ პოლუსს, სამხრეთ გეომაგნიტურ  პოლუსს და სამხრეთის მიუღწევლობის პოლუსს. გარდა ამისა, არსებობს საცერემონიო სამხრეთი პოლუსი – ადგილი სკოტ-ამუნდსენის სადგურზე, რომელიც ფოტოსესიისთვისაა განკუთვნილი. ის გეოგრაფიული პოლუსიდან სულ რამდენიმე მეტრზე მდებარეობს. ვინაიდან ყინულის საფარი მუდმივ მოძრაობაშია, პოლუსის აღმნიშვნელი ნიშნული ყოველ წელს 10 მეტრით გადაადგილდება.

დედამიწის პოლუსები: A – გეოგრაფიული პოლუსი, B – გეომაგნიტური პოლუსი, C – მაგნიტური პოლუსი

ჩრდილოეთ პოლუსთან ყველაზე ახლოს მდებარეობს გრენლანდიის ჩრდილოეთით მდებარე პატარა კუნძული კაფეკლუბენი, რომელიც სულ რაღაც 707 კმ-ითაა დაშორებული პოლუსიდან.

დედამიწის მაგნიტური პოლუსები ერთმანეთთან დედამიწის მაგნიტური ველითაა დაკავშირებული. ეს პოლუსები დედამიწის ჩრდილოეთით და სამხრეთით მდებარეობს, მაგრამ მათი მდებარეობა არ ემთხვევა გეოგრაფიულ პოლუსებს, რადგან ჩვენი პლანეტის მაგნიტური ველი მუდმივად იცვლება. სწორედ ამიტომ მაგნიტური პოლუსები, გეოგრაფიულისგან განსხვავებით, ადგილმდებარეობას იცვლის.

ჩრდილოეთი მაგნიტური პოლუსი ზუსტად არქტიკულ რეგიონში არ მდებარეობს. იგი წელიწადში 10-40 კმ სიჩქარით გადაადგილედება აღმოსავლეთისკენ, რადგან მაგნიტურ ველზე გავლენას ახდენს მიწისქვეშა დამდნარი ლითონები და მზისგან დამუხტული ნაწილაკები. სამხრეთი მაგნიტური პოლუსი ჯერ კიდევ ანტარქტიდაშია, მაგრამ ისიც დასავლეთისკენ გადაადგილდება წელიწადში 10-15 კმ სიჩქარით.

ჩრდილოეთი პოლუსი არქტიკაში, კონტინენტებით გარშემორტყმულ გაყინულ ოკეანეშია. არქტიკული რეგიონი, გარდა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანისა, კანადის, გრენლანდიის, რუსეთის, აშშ-ს, ისლანდიის, ნორვეგიის, შვედეთისა და ფინეთის ნაწილებს მოიცავს.

სამხრეთი პოლუსი დედამიწის ყველაზე სამხრეთით მდებარე და მთლიანად სამხრეთის ოკეანით გარშემოტყმულ კონტინენტზე – ანტარქტიდაზე მდებარეობს. ანტარქტიდის ფართობი 14 მლნ კვ. კმ-ია და მეხუთე ადგილზეა კონტინენტებს შორის ფართობის მიხედვით. მისი ტერიტორიის 98% ყინულითაა დაფარული.

მართალია, ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსებს განსხვავებული განედები აქვთ, მაგრამ ორივე პოლუსზე თავს იყრის ყველა მერიდიანი.

სამხრეთ პოლუსზე ჩრდილოეთ პოლუსთან შედარებით მეტად ცივა. ტემპერატურა ანტარქტიდაში იმდენად დაბალია, რომ ამ კონტინენტის ბევრ ადგილას თოვლი არასდროს დნება. საშუალო წლიური ტემპერატურა ამ რეგიონში -580C-ია, ხოლო ყველაზე მაღალი ტემპერატურა აქ 2011 წელს დაფიქსირდა და -12.30C შეადგინა. არქტიკულ რეგიონში საშუალო წლიური ტემპერატურა ზამთარში -430C-ია, ხოლო ზაფხულში – 00.

არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც სამხრეთ პოლუსზე უფრო ცივა, ვიდრე ჩრდილოეთზე. ანტარქტიდა ხმელეთის უზარმაზარი მასივია და ის ოკეანიდან შედარებით ნაკლებ სითბოს იღებს. მისგან განსხვავებით, არქტიკულ რეგიონში ყინულის საფარი შედარებით თხელია, ხოლო მის ქვეშ ოკეანეა, რომელიც ტემპერატურას „ამსუბუქებს“. გარდა ამისა, ანტარქტიდა ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესთან შედარებით 2.3 კმ-ით უფრო მაღალია.

არქტიკაში, ჩრდილოეთი პოლუსის მიმდებარე რეგიონში, ყინული, როგორც წესი, ზაფხულში დნება და ზამთარში ისევ იყინება. თუმცა ბოლო წლების განმავლობაში კლიმატის ცვლილების გამო ყინულის საფარმა სწრაფი ტემპით დაიწყო დნობა. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ საუკუნის ბოლოს ან შესაძლოა უფრო ადრეც არქტიკული ზონა ყინულის გარეშე დარჩება. ანტარქტიდაში მსოფლიო მყინვარების 90%-ია თავმოყრილი და ყინულის სისქე 2.1. კმ-ია. მთელი ეს ყინული რომ დადნეს, მსოფლიო ოკეანის დონე 61 მ-ით აიწევს. თუმცა, საბედნიეროდ, ჯერჯერობით ასე არ ხდება.

პოლუსებზე დრო გრძედების მიხედვით განისაზღვრება. მაგალითად, როცა მზე ზუსტად დამკვირვებლის თავზეა, ადგილობრივი დროით შუადღეა; რაკი პოლუსებზე გრძედების აღმნიშვნელი ყველა ხაზი იკვეთება, მეცნიერები პოლუსებზე იმ სასაათო სარტყლის დროს იყენებენ, რომელიც სურთ. როგორც წესი, ისინი გრინვიჩის დროით ან იმ ქვეყნის დროით სარგებლობენ, საიდანაც ისინი ჩამოვიდნენ. ანტარქტიდაზე ამუნდსენ-სკოტის სადგურზე მეცნიერებს შეუძლიათ, მსოფლიოს უსწრაფესად შემოუარონ და 24-ვე სასაათო სარტყელი რამდენიმე წუთში გაიარონ.

დედამიწის პოლუსები უნიკალური ადგილებია, სადაც შესაძლებელია დაკვირვება ყველაზე გრძელ დღეზე, რომელიც 178 დღე-ღამე გრძელდება და ყველაზე გრძელ ღამეზე, რომელიც 187 დღე-ღამე გრძელდება. პოლუსებზე მზე წელიწადში ერთხელ ამოდის და ჩადის. ჩრდილოეთ პოლუსზე მზე მარტში, გაზაფხულის ბუნიობისას იწყებს ამოსვლას და სექტემბერში, შემოდგომის ბუნიობისას ჩადის. სამხრეთ პოლუსზე კი პირიქით – მზე შემოდგომის ბუნიობისას ამოდის და გაზაფხულის ბუნიობისას ჩადის. ზაფხულში მზე აქ ყოველთვის ჰორიზონტზეა და სამხრეთი პოლუსი მთელი დღე-ღამის განმავლობაში იღებს მზის სინათლეს, ზამთარში მზე ჰორიზონტზე დაბლაა და ამ დროს მთელი დღე-ღამის განმავლობაში ბნელა.

ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლარულ რეგიონებში განსხვავებულია ცხოველთა სამყაროც. ანტარქტიდის სავიზიტო ბარათია პინგვინი, რომელსაც აქ ბუნებრივი მტერი არ ჰყავს, ხოლო ჩრდილოეთი პოლარული რეგიონების ბინადარია თეთრი დათვი. მათ რომ ერთ საარსებო გარემოში ეცხოვრათ, პოლარულ დათვებს არ მოუწევდათ საკვებზე „დარდი“. აღსანიშნავია, რომ თეთრი დათვი ჩრდილოეთი ნახევარსფეროს ყველაზე დიდი მტაცებელი ცხოველია. ის ჩრდილოეთი ყინულოვანი ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ბინადრობს და სელაპებითა და ლომვეშაპებით იკვებება.

ბევრი მოგზაური ცდილობდა დედამიწის პოლუსების დალაშქვრას და მრავალი მათგანის სიცოცხლე სწორედ ამ მოგზაურობებს შეეწირა. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული, ჩრდილოეთი პოლუსის დასაპყრობად რამდენიმე ექსპედიცია ჩატარდა. დღესაც რამდენიმე მოსაზრება არსებობს იმის შესახებ, თუ ვინ მიაღწია პირველად დედამიწის უკიდურეს ჩრდილოეთ წერტილს. 1908 წელს ამერიკელმა მოგზაურმა ფრედერიკ კუკმა პირველმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ პოლუსს მიაღწია, მაგრამ მისმა თანამემამულემ რობერტ პირიმ უარყო მისი განცხადება და 1909 წლის 6 აპრილიდან ის ოფიციალურად ითვლება ჩრდილოეთი პოლუსის დამპყრობლად.

პირველი გადაფრენა ჩრდილოეთი პოლუსის თავზე 1926 წლის 12 მაისს დირიჟაბლ „ნორვეგიით“ განახორციელეს ნორვეგიელმა მოგზაურმა რუალ ამუნდსენმა და იტალიელმა უმბერტო ნობილემ. პირველი ატომური წყალქვეშა ნავი „ნაუტილუსი“ პოლუსს 1956 წლის 3 აგვისტოს ესტუმრა. იაპონელი ნაომი უემურა პირველი ადამიანია, რომელმაც 1978 წელის 29 აპრილს მარტომ მიაღწია ჩრდილოეთ პოლუსს. მას ძაღლებიანი მარხილით პოლუსამდე მისაღწევად 57 დღე დასჭირდა და ჯამში 725 კმ გაიარა. დიმიტრი შპაროს ექსპედიცია კი 1979 წლის 31 მაისს თხილამურებით მივიდა პოლუსამდე. ექსპედიციის მონაწილეებმა 77 დღეში 1500 კმ გაიარეს. ლუის გორდონ პიუ პირველი ადამიანია, რომელმაც ჩრდილოეთ პოლუსი „გადაცურა“: მან პოლუსის მიდამოებში 2007 წლის ივლისში -2 გრადუსიან წყალში 1 კმ გაცურა.

რაც შეეხება სამხრეთ პოლუსს, ის პირველად რუალ ამუნდსენმა და ბრიტანელმა მკვლევარმა რობერტ სკოტმა დალაშქრეს. სწორედ მათ პატივსაცემად დაერქვა პირველ სამეცნიერო სადგურს ამუნდსენ- სკოტის სახელი. ორივე ექსპედიცია სხვადასხვა გზით წავიდა და რამდენიმე კვირის განსხვავებით მიაღწია პოლუსს: ამუნდსენმა – 1911 წლის 14 დეკემბერს, ხოლო სკოტმა – 1912 წლის 17 იანვარს. პირველი გადაფრენა სამხერთ პოლუსის თავზე ამერიკელმა რიჩარდ ბერდმა შეასრულა 1928 წელს. 1989 წელს არვიდ ფუკსმა და რეინოლდ მეისნერმა ანტარქტიდა პირველად გადასერეს ფეხით.

მიუხედავად იმისა, რომ სამხრეთ პოლუსზე მსოფლიოს მრავალი ქვეყნის დროშა ფრიალებს, ანტარქტიდა ერთადერთი ადგილია დედამიწაზე, რომელიც არავის ეკუთვნის და სადაც არ არის მკვიდრი მოსახლეობა. აქ მოქმედებს ხელშეკრულება ანტარქტიდის შესახებ, რომლის თანახმად, კონტინენტის ტერიტორია და რესურსები მხოლოდ და მხოლოდ სამშვიდობო და სამეცნიერო მიზნებისთვის უნდა იყოს გამოყენებული. მეცნიერები, მკვლევრები, უმთავრესად – გეოგრაფები და გეოლოგები, ის ხალხია, რომლებიც დროდადრო ანტარქტიდაში სამუშაოდ მიემგზავრებიან. სამაგიეროდ, ჩრდილოეთ პოლარულ რეგიონში – ალასკაზე, კანადაში, გრენლანდიაში, სკანდინავიასა და რუსეთში – ჯამში 4 მლნ-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

წყარო ; http://mastsavlebeli.ge 

წიგნები, რომლებიც აქტივობებს თავად გვკარნახობენ

 

სასწავლო წლის ბოლოს ახლად კითხვანასწავლი მოსწავლეებისთვის სარეკომენდაციო წასაკითხ ლიტერატურას ვეძებდი. ხომ არის ხოლმე, რომ მასწავლებელი ზოგჯერ ისეთ წიგნს წააწყდები, რომელიც თავად გკარნახობს საინტერესო აქტივობებს. ჩემთვის ამგვარი აღმოჩენა იყო ქართველი მწერლის ინგა თეთრაძის ერთი პატარა წიგნი „რატომელა ანუ ცნობისმოყვარე ბიჭი“, რომელიც წელს გამოიცა.

წიგნის მთავარი გმირი რატომელა ერთი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც აინტერესებს ყველაფერი, რაც მის გარშემო ხდება. კითხვა „რატომ?“ მოსვენებას არ აძლევს, ამიტომაც ბავშვებმა „რატომელა“ შეარქვეს. იგი ბევრს კითხულობს, ფიქრობს, აზროვნებს… ხან თავად პოულობს პასუხებს, ხან კი უფროსების დახმარებით აკვირდება სამყაროს და უდიდეს სიხარულს ანიჭებს ახალი აღმოჩენები.

წიგნის წაკითხვის შემდეგ ვიფიქრე, რომ საინტერესო იქნებოდა ამ ბიჭუნას გაცნობა ჩემი 6-7 წლის მოსწავლეებისთვის. ჰოდა, შევიძინე თითოეულისთვის წლის სამახსოვრო წიგნად და თითქმის ყოველ გვერდზე ჩავაკარი შესაბამისი კითხვები თუ აქტივობები. როგორც მშობლები მწერენ ამგვარმა დეტალურმა ინსტრუქციამ ბავშვებსა და მშობლებს წიგნზე მუშაობა გაუადვილა. ამან მიბიძგა და გამათამამა, რომ სტატიის შინაარსიც ამგვარი ყოფილიყო.

გთავაზობთ აქტივობათა ინსტრუქციას, რომელიც ამ წიგნისთვის გავწერე:

„გვ. 3-5

რატომ შეარქვეს ბავშვებმა „რატომელას“ ეს სახელი?

როგორი ბიჭია რატომელა?

წერილობით დაასრულე წინადადება: „მშვენიერია, როცა შენი ცხოვრების გზას ……“.

როგორ ფიქრობ, რატომ არ არის მატარებელი, თვითმფრინავი, გემი ცოცხალი არსებები, ისინიც ხომ მოძრაობენ?

დახატე 1 ცოცხალი და 1 არაცოცხალი საგანი. ამ საგნებზე შეადგინე სამ-ოთხსიტყვიანი წინადადებები და მიაწერე ნახატის ქვეშ.

გვ.6-7

დაფიქრდი, რატომ აწყობენ ყვავილებს წყლიან ვაზაში?

სოფელში ყოფნისას დაკრიფე სხვადასხვა ყვავილი თუ ფოთოლი, ჩადე წიგნში. ამოიღეთ 1 კვირის შემდეგ და ჩააკარი დღიურში (რვეულში, წიგნაკში), რომელსაც დააწერ „ჩემი ზაფხული“. შეეცადე, დაადგინო, რა ჰქვია შენს ყვავილებს და მიაწერო სახელებიც.

დახატე წიწვოვანი და ფოთლოვანი ხე ფესვებიანად. მიაწერე ყველა ორგანოს თავისი სახელი (ფესვი, ღერო, ფოთოლი, ყვავილი ან ნაყოფი). მოიფიქრე სახელი თითოეული ხისთვის.

გვ. 8-9

წყლიანი ჭიქა მოათავსე ფანჯარაზე. დანიშნე მარკერით წყლის დონე. 5 დღის შემდეგ ისევ მოინახულე შენ მიერ დადგმული ჭიქა. რაიმე უცნაურს ხომ არ ატყობ?

დაადგინე, რატომ შრება მზის გულზე  გაფენილი სველი სარეცხი ?

ნახატის სახით შექმენი ბუნებაში წყლის მოძრაობის მარშრუტი, რუკა.

გვ. 10-12

როგორ ჩნდება ცისარტყელა?

დაასახელე ცისარტყელას ფერები.

დახატე ცისარტყელა, სადაც ფერები ზუსტად იმავე თანმიმდევრობით იქნება, როგორც რატომელას მასწავლებელი აღწერს.

რამდენი პლანეტაა მზის სისტემაში?

რომელი პლანეტა ამოიღეს მზის სისტემიდან? შენი აზრით, რატომ?

შეგიძლია ინტერნეტის დახმარებით მოძებნო და ამოწერო პლანეტების სახელები?

როგორ ფიქრობ, რას საქმიანობენ ასტრონავტები?

გვ. 13-18

გაყავი თაბახის ფურცელი ოთხ ნაწილად ოთხი სეზონის შესაბამისად. შექმენი ნახატები თითოეულისთვის. არ დაგავიწყდეს ყველა დროისთვის თვეების მიწერა.

შეარჩიე ერთი დრო და შენი სიტყვებით აღწერე იგი წერილობით.

გვ. 19

შენს დღიურში შექმენი პოსტერი, სადაც დაიტან ჰიგიენის წესებს. შეამოწმე ძილის წინ, მოახერხე თუ არა შენ მიერ შექმნილი წესების დაცვა.

გვ. 20-21

ჩამოწერე რისი ოთახები არსებობს შენს სკოლაში და რა ფუნქცია აქვთ მათ.

ქოთანში ჩარგე რაიმე მცენარე და გადაიღე ვიდეო, მოუარე მთელი ზაფხული, შემოდგომით კი მოიტანე სკოლაში და იზრუნე შენი ოთახის გალამაზებისთვის. გახსოვდეს, რომ მასზე ზრუნვა საკლასო ოთახშიც შენი პასუხისმგებლობა იქნება.

გვ. 22

ზოგიერთ შენს მეგობარს ზაფხულში აქვს დაბადების დღე. დაამზადე მათთვის მისალოცი ბარათი. გაითვალისწინე კეთილი სურვილები. არც გამგზავნის ვინაობის მიწერა დაგავიწყდეს და არც სადღესასწაულოდ გაფორმება.

გვ. 25-26

გულისყურით წაიკითხე მშვიდობის მტრედის ამბავი. ინტერნეტის დახმარებით მოძებნე ესპანელი მხატვრის პაბლო პიკასოს ნახატი „მტრედი“. უყურე ანიმაციას „ჩიტების საძმო“. ხომ ვერ გაიხსენებდი კიდევ რაიმეს მტრედთან დაკავშირებით?

გვ. 27-29

მისწერე წერილი მასწავლებელს და მოუყევი შენი საზაფხულო ამბები. წერილისთვის დაამზადე კონვერტი, რომელზეც დააწერ ადრესატს და ადრესანტს (ვის ვისგან). შეგიძლია დახატო კიდეც რაიმე.

გვ. 30-33

პლასტელინის ან სხვა მასალის დახმარებით შექმენი ზოოპარკის დიორამა. ვოლიერებისთვის შეგიძლია გამოიყენო ასანთის ჩხირებიც. არ დაგავიწყდეს, ყველა ვოლიერს გაუკეთე შესაბამისი წარწერა!

გვ. 34-39

ინტერნეტის დახმარებით მოიძიე 10 საინტერესო ფაქტი შენთვის სასურველ არსებებზე და ჩაწერე შენს დღიურში. შეხვედრაზე გაგვაცანი ეს მასალა. ინტერესით მოგისმენთ.

გვ. 40-45

შენი სოფლად ცხოვრების შესახებ რას მოუყვებოდი კლასელებს? როგორ და რაში ეხმარებოდი უფროსებს? რა აღმოაჩინე საინტერესო?

გვ. 46-47

მოუსმინე სიმღერებს „სხვა საქართველო სად არის“, „ჩაკრულო“, საგალობელი „შენ ხარ ვენახი“.

გამომიგზავნე შენი საყვარელი სიმღერის სახელი ან თავად ლინკი, მეც სიამოვნებით მოვუსმენ.

წერილობით ჩამოთვალე ქართული ეროვნული სიმბოლიკა. მაგ. ქვევრი, ჩოხა, ჩურჩხელა და ასე შემდეგ.

გვ. 53-57

მოაწყვე პიკნიკი ოჯახის წევრებთან ან მეგობრებთან ერთად. შეადგინე საჭირო ნივთების სია, ქცევის წესები. გადაიღე ფოტოები. შეგიძლია, გადმომიგზავნო პირად შეტყობინებებში ან გვაჩვენო შეხვედრაზე.

გვ. 58-60

მოძებნე სახლში რაიმე ძველი ნივთი და შეეცადე გააახლო ან სხვა დანიშნულება მოუძებნო. მაგ. შეგიძლია ტომატის თუნუქის ქილა გარედან შეღებო და საფანქრედ გამოიყენო, ძველი ღილებისგან ან მძივებისგან თმის სამაგრი დაამზადო და ასე შემდეგ.

გვ. 61-66

როგორ დაარიგა პაპამ რატომელა?

ინტერნეტის დახმარებით მოძებნე საკვებად ვარგისი სოკოს სახელები და ამოწერე შენს დღიურში. თუ საშუალება მოგეცემა უფროსთან ერთად ეწვიე ახლომდებარე ტყეს, დააკვირდი და  აღმოაჩინე სოკოები. გადაუღე ფოტო და დაადგინე, რომელი ჯიშია.

გვ. 67

ღამით გამოიტანე პლედი და ბალიში გარეთ ეზოში ან აივანზე. დააკვირდი ღამის ცას, ვარსკვლავებს და შეეცადე, აღმოაჩინო ცისკრის ვარსკვლავი. გახსოვდეს ის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. თვალდახუჭულმა და სულგანაბულმა მოუსმინე ღამის ხმაურს.

შეეცადე დახატო ღამის ცა.

გვ. 68-74

დაამზადე რაიმე კერძი ან ცოცხალი სალათა. გადაიღე ვიდეო ან ფოტო, როგორ ამზადებ. დაწერე კლასელებისთვის რეცეპტი. გაითვალისწინე, რომ თავიდან უნდა ჩამოწერო მასალა, რაც გამოიყენე, შემდეგ კი აღწერო მომზადების პროცესი.

გვ.75-79

რას ეტყოდი გუგულას?

როგორ გესმის ამბის დასასრული – „ჩააღწია თუ არა გუგულამ ამერიკამდე, ეს თავად განსაჯეთ, ერთი კია – ეცადა მაინც!“.

გვ. 80

წარმოიდგინე, რომ სოფლიდან მეგობარი გეწვია. შენი მეგობრული ვალია მას მასპინძლობა გაუწიო და დაათვალიერებინო თბილისი. დაასახელე 2 ადგილი, რომლებსაც მეგობარს აჩვენებდი. ახსენი ამ ორი ადგილის მნიშვნელობა. შეგიძლია მასალა ინტერნეტ-წყაროებშიც მოიძიო.

გვ.92-93

რატომელამ ბევრ კითხვაზე იპოვა პასუხი. თუმცა ბევრიც პასუხგაუცემელი დარჩა.

ვიცი, თქვენც რატომელასავით ბევრი კითხვა გიტრიალებთ თავში. მოიფიქრეთ რამდენიმე საინტერესო კითხვა ან საკითხი რომელიც გაინტერესებთ, გამომიგზავნეთ პირად შეტყობინებაში და შევეცდები მათ შესახებ გადამოწმებული და დაზუსტებული პასუხები მოგიძებნოთ.

ეს ის აქტივობებია, რომლებიც ერთი წიგნის ფარგლებში შევთავაზე მოსწავლეებს. თუმცა იქვე აღვნიშნე, რომ ეს ჩამონათვალი არ წარმოადგენდა სავალდებულო დავალებებს. ბავშვებს შეეძლოთ, საკუთარი სურვილისა და კეთილი ნების საფუძველზე შეერჩიათ რომელიმე ერთი მაინც და ის წარმოედგინათ ყოველთვიურ შეხვედრაზე.

დაბოლოს, საზაფხულო აქტივობებზე მუშაობისას ხშირად მივმართავ ქვემოთ მოცემულ მიდგომებს და  ამართლებს ხოლმე. იქნებ თქვენც გამოგადგეთ, ძვირფასო მასწავლებლებო?!

  1. აირჩიეთ ერთი კონკრეტული თარიღი და დრო  (მაგ. ყოველი თვის 30 რიცხვი, საღამოს 6 საათი) და დანიშნეთ მოსწავლეებთან ონლაინშეხვედრა. დისტანციური სწავლების პრაქტიკამ ამის ძალიან კარგი შესაძლებლობა გააჩინა. ზოგი შინიდან ჩაგერთვებათ, ზოგი ჰამაკიდან, ზოგიც ზღვის სანაპიროდან, თუმცა ეს იმდენად საინტერესოა, რომ შესაძლებელია ერთმანეთთან სასაუბროდ ორი საათიც კი არ გეყოთ. კარგი იქნება, თუ სასაუბრო თემატიკას წინასწარ გაწერთ, პრეზენტაციას მოამზადებთ და თავად მისცემთ მაგალითს. მაშინ ისინიც მარტივად აგყვებიან.
  2. ზოგჯერ გადაიქეცით მოსწავლედ და თავადაც სცადეთ მათთვის მიცემული საზაფხულო რეკომენდაციების შესრულება. შედეგები კი აჩვენეთ მოსწავლეებს. აუხსენით, რომ ეს თქვენთვისაც შრომატევადი, თუმცა საინტერესო გამოდგა. ამით მოსწავლისთვის მოდელი იქნებით და აღძრავთ მოტივაციას მისი შესრულებისთვის. მაგრამ ერთი რამ გაითვალისწინეთ, რომ  დავალებები შეასრულეთ ისე, თითქოს თქვენც მათი ასაკისა იყოთ.
  3. ზოგჯერ მისწერეთ წერილი თითოეულ მოსწავლეს, სადაც ისაუბრებთ თქვენი საზაფხულო თავგადასავლების შესახებ. მოსწავლეთა გაბედნიერება ამ  ჟესტით ძალიან მარტივია. გარდა იმისა, რომ ამით მოსწავლეებს წერილის წერის მაგალითს აჩვენებთ, მათში გააჩენთ სურვილს, თავად შექმნან საპასუხო შეტყობინება. გარწმუნებთ, ამის შედეგს იმ დღესვე იხილავთ პირად შეტყობინებებში.
  4. ყოველ გამოგზავნილ ფოტოსა თუ შეტყობინებას აუცილებლად უპასუხეთ დროულად და სიყვარულით. დაუკავშირდით და გამოხატეთ მადლიერება ჩართულობისთვის, როგორც მოსწავლის, ასევე მშობლის მიმართ. ეს კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და მონდომებით განმსჭვალავს მათ.

ბედნიერ არდადეგებს გისურვებთ!

 წყარო; http://mastsavlebeli.ge/

ჯადოსნური მთხრობელი – როგორ მოვყვეთ ამბავს საინტერესოდ

 

ამბების ლამაზად თხრობა, საინტერესოდ გადმოცემა დღეს, ციფრულ ეპოქაში, არამხოლოდ მწერლებსა და ჟურნალისტებს გვჭირდება – ვფიქრობ, ეს უნარი ყველა პროფესიის ადამიანებს გამოადგებათ, განსაკუთრებით კი მასწავლებლებს. მათ გამუდმებით უწევთ იმაზე ფიქრი, როგორ გახადონ სწავლების პროცესი უფრო საინტერესო, როგორ მიაწოდონ მოსწავლეს მასალა ისე, რომ ადვილი აღსაქმელი და დასამახსოვრებელი იყოს, როგორ გადმოსცენ სათქმელი ისე, რომ მოსწავლემ ის იოლად გაიგოს და აითვისოს. კარგი მასწავლებელი გაკვეთილს ისე გეგმავს, რომ მოსწავლე მთელი გულისყურით ერთვება პროცესში და ასეთი გაკვეთილი მისთვის დაუვიწყარი ხდება.

 

ადამიანებს გვიყვარს ისეთი ისტორიების მოსმენა, რომლებთანაც ემოციურ კავშირს ვგრძნობთ; რომლებიც დავიწყებულს გაგვახსენებს, მოგონებების სიმებს შეარხევს, ძველ სურნელს მოიყოლებს ან იმდენად ცოცხალი აღმოჩნდება, რომ მათზე ფიქრი დიდხანს გაგვყვება და ყველასთვის გაზიარებას მოგვანდომებს. ხომ იმისთვის ვკითხულობთ წიგნებს, ვუყურებთ ფილმებს და ვუსმენთ მუსიკას, რომ მოსაწყენი რეალობის მდინარება დროებით შევაჩეროთ.

ზოგიერთ ადამიანს ამბების საინტერესოდ გადმოცემის ნიჭი აქვს, თუმცა შესაძლებელია ამ უნარის განვითარება და ისეთი ფორმების მიგნება, რომელთა წყალობით ამბებს შთამბეჭდაობას შევმატებთ და შესაძლოა დაუვიწყარიც კი გავხადოთ.

დღეს ჩვენ ბევრი ამბის ტყვეობაში ვართ, თუმცა ყველა ამბავი განსაკუთრებული არ არის. ამიტომაც ვეძებთ უნიკალურ ისტორიებს, რომლებიც ჩვენზე იმოქმედებს, ესთეტიკურ სიამოვნებას მოგვანიჭებს და ცოტა ხნით სხვა განზომილებაში გადაგვიყვანს.

სთორითელერი, სთორითელინგი – ეს სიტყვები ბოლო დროს ხშირად გვესმის. ორივე სიტყვა ამბების მოყოლას უკავშირდება და მთავარი აქაც ისაა, ვინ უფრო საინტერესო, ცოცხალ და შთამბეჭდავ ამბავს მოგვითხრობს, როგორი იქნება მისი ამბავი და თხრობის რა ფორმებს გამოიყენებს ჩვენს დასაინტერესებლად. სთორითელერი მთხრობელია, რომელიც სიტყვით აჯადოებს მსმენელს, წარმოსახვას უღვიძებს და თავისი ამბების სამყაროში იტაცებს.

რამდენიმე წლის წინ მეუღლესთან ერთად მოკლე ვიდეოფილმი გადავიღე წალკის რაიონში მცხოვრებ ახალგაზრდა მასწავლებელ ირა ძირკვაძეზე. გადაღებების წინ ვფიქრობდით, საინტერესოდ როგორ გვეჩვენებინა ახალგაზრდა მასწავლებლის საქმიანობა და ცხოვრება რეგიონში, ვეძებდით ფორმას, რომ ვიდეოს თავისი მაყურებელი ეპოვა და თავი დაემახსოვრებინა. სანამ გადაღებას შევუდგებოდით, ირასთან წინასწარ გავიარეთ დეტალები, შევთანხმდით კადრებზე და იმაზე, რა იქნებოდა გადაღებისთვის კარგი და საინტერესო. ვიდეო მშვენიერი გამოვიდა. ირას ამბავში ახალი ის იყო, რომ ახალგაზრდა და მოტივირებული მასწავლებელი წალკის რაიონის სოფელში ასწავლიდა, მოსწავლეების საჭიროებებს იცნობდა, მათთან დასაახლოებლად ახალ-ახალ გზებს პოულობდა – ხან ველოსიპედით სეირნობდა მათთან ერთად, ხან ფეხბურთს ეთამაშებოდა და გაკვეთილებსაც ისე გეგმავდა, რომ ამ პროცესის მთავარი გმირი მოსწავლე ყოფილიყო.

ირას უყვარს თავისი პროფესია და მისი მნიშვნელობაც კარგად ესმის. Ჩვენი ვიდეოს შემდეგ ირას საქმიანობა სხვა ტელევიზიებმაც გააშუქეს, გაზეთებმაც დაწერეს მასზე და სოფელ გუმბათსაც ბევრჯერ ესტუმრნენ. ერთი სიტყვით „გოგონა მზის ჩასვლის მხარიდან“, როგორც ამბავი, შედგა და თავისი აუდიტორია იპოვა.

 

როდესაც ამბის თხრობას ვიწყებთ, ზეპირად წერილობით თუ სხვა ფორმით, მნიშვნელოვანია, თავად გვქონდეს მასთან ემოციური კავშირი, რათა შეგვეძლოს, სხვასაც გავუზიაროთ ეს ემოცია და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ჩვენი ნაამბობი. ასევე მნიშვნელოვანია, როგორ მივიტანთ ჩვენს ამბავს აუდიტორიამდე და რა ინსტრუმენტებს გამოვიყენებთ ამისთვის.

სანამ ჩვენი ამბის გაზიარებას შევუდგებოდეთ, კარგი იქნება, წინასწარ დავსვათ რამდენიმე კითხვა და შევაფასოთ ამბის პოტენციალი.

 

* როგორი ამბავია საინტერესო და როგორ ამბავს მოვუსმენდი, წავიკითხავდი ან ვნახავდი?

* როგორ მოვყვე ჩემს ამბავს, როგორ ავაწყო მისი სტრუქტურა ისე, რომ საინტერესო და მიმზიდველი გავხადო?

* რაგვარ ჭრილში უნდა დავინახო და დავანახო სხვებს ეს ამბავი, როგორი კუთხე მოვუძებნო?

* რა მიზანი აქვს ჩემს ამბავს? რას გვაძლევს ეს ამბავი, რატომ უნდა ავირჩიოთ ის და რა ღირებულების მატარებელია?

 

დღეს ინფორმაციების, ამბებისა და ისტორიების ზღვაში გვიწევს ტივტივი, ყველაფრის წასაკითხავად, მოსასმენად და სანახავად დრო აღარ გვაქვს და ყურადღების მიპყრობაც საკმაოდ ძნელია. თუ ვიცით, რომ ჩვენს ამბავს აქვს რაღაც განსაკუთრებული მახასიათებელი, რაღაცით უფრო მეტია იმაზე, რაც ჩვენს ირგვლივ ირევა, უფრო მიმზიდველია, მეტი ღირებულება გააჩნია, ის აუცილებლად იპოვის თავის აუდიტორიას.

სწორედ ამ მიზნით და ამ პრიორიტეტების გამო ვირჩევთ ჩვენც სხვა ამბავს, წინასწარ ვარკვევთ, რა სარგებელს მოგვცემს ის და რატომ უნდა დავუთმოთ მას დრო.

Ჩემი საყვარელი სთორითელერი კი ჩემი ბებია იყო, ისტორიების უბადლო მთხზველი და ძველი ამბების ჩვენამდე მომტანი. ბებია, რომელსაც სკოლაში არ უვლია, მაგრამ ჩინებული უნარი ჰქონდა, ძველი ამბები ისე გაეცოცხლებინა, რომ ხელშესახები და დასანახი ყოფილიყო პატარა შვილიშვილებისთვის. ზამთრის ცივ საღამოებში, როცა ბებია მის საწოლში შეყუჟულებს ან ბუხართან, ჭრაქის შუქზე, მოკალათებულებს, გვიყვებოდა ათას ამბავს, ზოგს – მართლა თავს გადახდენილს და ზოგს – მოგონილს, ჩვენი წარმოსახვა ფრთებს შლიდა და გვინდოდა, ბებიას არასდროს დაესრულებინა თხრობა. კარგი სთორითელერობაც ალბათ ეს არის – მოჰყვე ისე, რომ არ დაღალო, თავი არ მოაბეზრო მსმენელს.

წყარო ; http://mastsavlebeli.ge/

მასწავლებლის ზაფხული

 ვნისის შუა რიცხვებში მოსწავლეებისთვის სწავლა სრულდება. დამღლელი წლის შემდეგ მათთვის ნანატრი დასვენების დღეები დგება, რასაც ვერ ვიტყვით მასწავლებლებზე. როცა მოსწავლეები სკოლისკენ მიმავალ მასწავლებელს მოჰკრავენ ხოლმე თვალს, გაოცებულები ეკითხებიან: „მას, თქვენ კიდევ სკოლაში დადიხართ?!“ დიახ! მასწავლებლები ჯერ კიდევ დადიან სკოლაში. ესწრებიან ტრენინგებს, აჯამებენ დასრულებულ სასწავლო წელს და მომავალი წლის გეგმასაც კი ადგენენ.

როგორია მასწავლებლის ზაფხული? დასვენების დღეების მიუხედავად, მაინც მძიმე და დაღლილობის შეგრძნებით სავსე. ყველა მასწავლებელს აქვს პორტფოლიო, რომელსაც სასწავლო წლის პარალელურად აწესრიგებს. თუმცა სასწავლო წლის ბოლოს მისი საბოლოოდ სისრულეში მოყვანის დრო დგება, რაც გულისხმობს შემდეგს: ჩააწყოს მოსწავლეთა აკადემიური შედეგები, წარადგინოს დამრიგებლისა და საგნის ანგარიში, შეადგინოს ჩატარებული ღონისძიებების ნუსხა, გადაახარისხოს რესურსები და ა.შ.

საკლასო ოთახის მოწესრიგებაც ერთი დიდი ცალკე აღებული საქმეა. მთელი წლის განმავლობაში ივსება საკლასო ოთახი სხვადასხვა რესურსითა თუ თვალსაჩინოებით, რომელთა გადახარისხებაც მასწავლებლის მოვალეობაა – რას გამოიყენებს მომდევნო წლისთვის, რა აღარ დასჭირდება და ა.შ. აქ უნდა ითქვას ისიც, რომ კოლეგები აქტიურად უზიარებენ ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას, რესურსებსა თუ ჩატარებულ ღონისძიებებს და ურთიერთთანამშრომლობის ფონზე მასწავლებელს უფრო მეტი იდეა უჩნდება მომავალი წლის დასაგეგმავად.

დაგეგმვა მნიშვნელოვანია, რათა მასწავლებელი მომზადებული შეხვდეს ახალ სასწავლო წელს. ალბათ გაგიკვირდებათ – ხომ შეიძლება, ეს ყველაფერი სექტემბერშიც მოესწროსო? გეტყვით, რომ ბევრი მასწავლებელი ზაფხულშიც არ წყვეტს მოსწავლეებზე ფიქრს. ჩემი მოსწავლეები შემოდგომაზე უკვე მეოთხეკლასელებად დამიბრუნდებიან. არც კი ვიცი, ასე მალე როგორ გავიდა დრო. დისტანციურ სწავლებას ვაბრალებ და თან გული მწყდება. რა თქმა უნდა, დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ აღვნიშნოთ მეოთხე კლასის დამთავრება, რა ტიპის აქტივობები ჩავატაროთ და ღონისძიების როგორი ფორმატი იქნება მისაღები. გარდა ამისა, რამდენიმე პროექტის განხორციელებაც დავსახე მიზნად და კვირიდან კვირამდე ახალი დეტალებითა და იდეებით ვავსებ. დარწმუნებული ვარ, პირველკლასელთა მასწავლებლებიც არანაკლებ ღელავენ – ისინი ხომ ახალ მოსწავლეებთან შესახვედრად ემზადებიან. ეს ყველაფერი კი ზაფხულში ხდება, მაშინ, როდესაც ოფიციალურად კუთვნილი შვებულება გვაქვს, თუმცა იქ, სადაც მოსწავლეებსა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებაზე ფიქრს ეხება საქმე, მასწავლებლისთვის შვებულება არ არსებობს.

ასე იცის ამ პროფესიის სიყვარულმა.

 

 წყარო ; http://mastsavlebeli.ge/

Thursday, December 10, 2020

საინტერესო ვებგვერდი გეოგრაფიისა და STEM საგნების მასწავლებლებისთვის

 

შესავალი

სასწავლო პროცესში უდიდესი მნიშვნელობა აქვს რესურსების აქტიურ გამოყენებას.  მრავალფეროვანი რესურსები საჭიროა, როგორც საკლასო ოთახში, ასევე დისტანციური სწავლების პროცესში (განსაკუთრებით ბოლო შემთხვევაში, რადგან საკლასო სივრცეს მოწყვეტილ ბავშვს, რომელსაც ხელში უჭირავს მობილური ტელეფონი ან ზის კომპიუტერის პირისპირ, ონლაინგაკვეთილზე დასწრების ნაცვლად შესაძლოა, კომპიუტერული თამაშებისკენ გაექცეთ თვალი).

პანდემიის გავრცელების შედეგად, დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის სიკეთედ, სხვადასხვა პლატფორმაზე და საკომუნიკაციო ჯგუფში, ჩემი კოლეგები და განათლების ექსპერტები სამ ფაქტორს ასახელებენ.

  1. თავისუფალ ინტერნეტში არსებული ელექტრონული სასწავლო რესურსების გამოყენების ზრდა;
  2. ახალი ელექტრონული რესურსების შექმნა;
  3. შექმნილი ელექტრონული რესურსების მოსწავლეებამდე მიტანის გაადვილება (ეკრანის გაზიარების თუ დავალებაში ბმულების სახით გაგზავნა).

ელექტრონული რესურსების გამოყენება ტექნიკურ სიძნელესთანაა დაკავშირებული. სამწუხაროდ, საკლასო ოთახებში არ არის დამონტაჟებული პროექტორები, ყველა ოთახში არ დგას ინტერნეტზე მიერთებული კომპიუტერი და ა.შ. ასეთი რეალობის მიუხედავად, ცალკეული მასწავლებლები მაინც ახერხებენ რესურსების გამოყენებას, მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი ჩართულობის გაზრდის მიზნით.

სტატიაში მინდა, გაგიზიაროთ საინტერესო ვებგვერდი, სადაც განთავსებულია საინტერესო რესურსები და გვთავაზობს კარგ შესაძლებლობებს გეოგრაფიის, მეცნიერების, მოქალაქეობის მათემატიკისა და სხვა საგნის მასწავლებლებს მათი მოსწავლეთა კომპეტენციების განვითარებისთვის.

ვებგვერდის ზოგადი მიმოხილვა

ვებგვერდი www.encounteredu.com ქმნის და აწვდის გლობალურ სასწავლო პროგრამებს, რომლებიც გარდაქმნის/ცვლის განათლებას საკლასო ოთახებში და მის გარეთ. მათი გამოცდილება მოსწავლეებს მსოფლიოს ყველაზე აქტუალური პრობლემებზე ფიქრისა და მათი გადაჭრის გზების ძიების უნარებს სძენს. მთელი მსოფლიოს მასშტაბით 9.8 მილიონი მოსწავლე და პედაგოგია რეგისტრირებული.

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსებით სარგებლობა უფასოა და ხელმისაწვდომობისთვის საჭიროა სტანდარტული რეგისტრაციის გავლა. ქვემოთ განთავსებულ სექციებში მიუთითეთ ასაკობრივი ჯგუფი, რომელთაც ასწავლით, დაწესებულება და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია.

 

რესურსები/შესაძლებლობები

ვებგვერდზე რეგისტრაციის შემდეგ გექნებათ წვდომა Live-გაკვეთილებზე, მასწავლებლებისთვის განკუთვნილ, მულტიმედია, STEAM და მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის საჭირო ელექტრონულ რესურსებზე.

Live გაკვეთილებზე შეგიძლიათ დაასწროთ მთელი კლასი. ამისთვის საჭიროა, შეარჩიოთ თემა და კალენდრიდან დაჯავშნოთ შესაბამისი გაკვეთილი. თემები მოცემულია ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. კალენდარში შემოთავაზებულ საკითხებში წააწყდებით საინტერესო გაკვეთილებს, ოკეანეების დაბინძურებაზე, მარჯნის რიფებზე და მათ პრობლემებზე, მარჯნის რიფების სასიცოცხლო ციკლზე, ურბანულ პრობლემებზე, მყინვარების მდგომარეობაზე და ასე შემდეგ. თითოეულ გაკვეთილს მოჰყვება რესურსები რეფლექსიისთვის. თუ ვერ მოახერხებთ Live-გაკვეთილზე დასწრებას, საიტი უზრუნველყოფს ვიდეოჩანაწერის მოწოდებას. თქვენი კაბინეტიდან შეგიძლიათ ეკრანის გაზიარების ფუნქციით გაუზიაროთ მოსწავლეებს. რეალურ საკლასო ოთახში კი ლეპტოპით ან პროექტორის გამოყენებით.

მასწავლებლებისთვის განკუთვნილ რესურსებში, საგნობრივი დისციპლინების მიხედვით, დაჯგუფებულია მზა ელექტრონული რესურსები. გეოგრაფიის განყოფილებაში შეგიძლიათ იხილოთ შემდეგი თავები: ჩვენი ოკეანე, ოკეანეების დაბინძურება, კლიმატი და ენერგია, გაყინული ოკეანეები და ა.შ. თითოეული თავი მოიცავს გაკვეთილებს, რომლებსაც მოჰყვება მზა პრეზენტაციები. შეგიძლიათ გადმოწეროთ პრეზენტაციები ინგლისურის მინიმალური ცოდნითა და Google Translate-ის გამოყენებით გადათარგმნოთ ქართულად. პრაქტიკაში ყველაზე ეფექტურად სწორედ ამ პრეზენტაციებს ვიყენებ.

მულტიმედია რესურსების განყოფილება მდიდარია შთამბეჭდავი ვიდეოებით, რომლებიც მოსწავლეებს შეუქმნის წარმოდგენას, თუ როგორ სწავლობენ მეცნიერები – არქტიკას, ანტარქტიდას, ოკეანეებს, სხვადასხვა მინერალებს და ა.შ. შეგხვდებათ 360° ხედვის ვიდეოები და მაღალი ხარისხის ფოტოები. ასევე მდიდარია STEAM მიმართულების განყოფილება.

დასკვნა

ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული რესურსები იძლევა საგნობრივი ინტეგრაციის კარგ შესაძლებლობას. მაგალითად, გეოგრაფიის მასწავლებელს შესაბამისი საკითხის ადაპტირებაში შეუძლია დაიხმაროს ინგლისური ენის მასწავლებელი. რესურსები ინგლისურ ენაზეა და მათი გამოყენებით, ერთი მხრივ, მოსწავლეებს მიეცემათ სტიმული, დაძლიონ ენეობრივი ბარიერი, მეორე მხრივ, ინგლისური ენის მასწავლებელთან ერთად ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების არაჩვეულებრივი საშუალებაა.

როგორ გავხდეთ ბავშვებისთვის უფრო საინტერესო

 

პანდემიის ფონზე, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ სკოლა არ არის საზოგადოებისაგან ცალკე მდგომი, დახურული ინსტიტუცია და მასზე გავლენას შიდა ფაქტორებთან ერთად გარე ფაქტორებიც ახდენენ. ამის საუკეთესო და ყველაზე სევდიანი მაგალითი სწორედ კორონავირუსით გამოწვეული შეზღუდვებია.

თითქმის ერთი წელია, სკოლები დახურულია. შესაბამისად, ამდენი პრობლემის ფონზე, ჩემი დაკვირვებით, მოსწავლეთათვის უფრო და უფრო რთული ხდება კონცენტრირება, აქტიური მონაწილეობა, დავალებების შესრულება, გაკვეთილებზე დასწრება და ა.შ. ამაზე მიუთითებს წინა სემესტრის გამოცდილებაც:

„მოტივაცია ბოლოსკენ ძალიან დაეცა; ივნისისკენ უკვე თითქმის აღარ შემოდიოდნენ ბავშვები“[1];

გარკვეულწილად, იგივე შეიძლება ითქვას მასწავლებლებზეც (ჩემს მაგალითზე, როგორც მინიმუმ).

შესაბამისად, ჩნდება კითხვა, [კიდევ] რა უნდა გააკეთონ სკოლებმა და მასწავლებლებმა რომ სასწავლო გარემო და პროცესი საინტერესო იყოს მოსწავლეთათვის?

ჩემი აზრით, გარდა აქსიომური პასუხებისა, რომ მასწავლებელი კარგად უნდა მოემზადოს გაკვეთილისათვის (რისი დროც ხშირად არ არის ხოლმე), მთავარი რჩევა იქნება ყურადღების გადატანა სოციალიზაციის ასპექტებზე, ურთიერთობების მხარდაჭერაზე, კომუნიკაციაზე.

ერთი შეხედვით, ესეც მარტივი ჭეშმარიტებაა, მაგრამ არც თუ ისე. მე ვფიქრობ, რომ განტვირთვა და არაფორმალური განათლებით სწავლება დღეს საუკეთესო საშუალებაა შედეგების მისაღებად. შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ამის საშუალებები მცირეა ან დიდი დრო სჭირდება მასწავლებელს რესურსების შესაქმნელად, მაგრამ აქაც არსებობს გამოსავალი.

პირველ რიგში, უამრავი ადამიანი თუ ორგანიზაცია არის მზად, მოხალისეობრივად დაეხმაროს სკოლებს და სთავაზობენ სხვადასხვა აქტივობასა თუ პროგრამას. მაგ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს აქვს ტრენინგების სერია „ციფრული უსაფრთხოება – ტრენინგებისა სერია სკოლის მოსწავლეებისთვის“ ან ფონდის „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ მიერ ორგანიზებული ვებინარების სერია „საუბრები ფსიქოლოგიაზე მოზარდებისა და მშობლებისთვის“.

გარდა ამისა, ჩემი პრაქტიკიდან შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ეფექტიანია მოწვეული სტუმრების ჩართვა გაკვეთილებზე. ჩვენს შემთხვევაში, მოსწავლეებმა ჩამოწერეს ის ადამიანები, რომლებთანაც ისურვებდნენ შეხვედრას, ასევე ის პროფესიები, რომლებიც აინტერესებდათ. საბოლოო შეთანხმებით, დავუკავშირდით რამდენიმე მათგანს, რომლებიც დიდი სიამოვნებით დაგვთანხმდნენ მონაწილეობაზე. შესაბამისად, რთული ამაში არაფერია, მით უმეტეს, ინტერნეტის ეპოქაში.

კიდევ ერთი რამ, რაც კარგად მუშაობს, ეს არის კინოკლუბი. კინოკლუბის ფარგლებში შესაძლოა შეირჩეს მხატვრული და დოკუმენტური ფილმების სია, რომელთა ჩვენებაც გარკვეული პერიოდულობით ჩატარდება. მაგ. სამშაბათს, 18:00 საათზე. ხოლო, ფილმის დასრულების შემდგომ, გაიმართება დისკუსია. დისკუსიებში შესაძლოა, მოიწვიოთ როგორც გარე სტუმრები, ასევე სკოლის შიდა წარმომადგენლები, რომ დისკუსია უფრო საინტერესო იყოს. ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია თანამედროვე, მოსწავლეთათვის საინტერესო ფილმების შერჩევა.

კიდევ ბევრი რამის გაკეთებაა შესაძლებელი, თუმცა, ვფიქრობ, იდეა გასაგებია – მეტი ყურადღება სოციალიზაციასა და ურთიერთობებზე.

 

ფსიქოლოგიური თამაში

 

„მოსწავლეები ყველაზე უკეთ აფასებენ ან „მოსწავლეები საუკეთესო შემფასებლები“ არიან, ეს და მსგავსი ფრაზები ყველაზე მეტად მესმოდა „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ განხორციელების 4 წლის მანძილზე. კონკურსის ერთ-ერთ ეტაპზე შერჩეული მასწავლებლების მოსწავლეებსაც ვხვდებოდით და, ნამდვილად, ისინი ყველაზე უკეთ აფასებდნენ მასწავლებლის ძლიერ და სუსტ მხარეებს. მათთან დისკუსიები ამ კონკურსის ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი იყო/არის.

ანალოგიურად, ბავშვები ყველაზე უკეთ გრძნობენ, რისი გაკეთება „მოსულა“ გაკვეთილზე და რისი – არა. შესაბამისად, გარკვეულწილად ეს ყველაფერი ფსიქოლოგიურ თამაშს ჰგავს მოსწავლეებსა და მასწავლებელს შორის, უხილავს მაგრამ, გაწაფული თვალისთვის მაინც ხილულს.

ჩემი მცირე გამოცდილებით, სწორედ ეს არის მთავარი მასწავლებლისათვის – ფსიქოლოგიური მდგრადობა. სწორედ ამ მდგრადობისა და პროფესიის სირთულეებიდან გამომდინარე არის, რომ არაერთ ქვეყანაში მასწავლებლებისათვის სარელაქსაციო ოთახები აქვთ მოწყობილი, ჰყავთ ქოუჩები, ფსიქოლოგები, მხარდამჭერი ჯგუფები და ა.შ. სამწუხაროა, რომ ბევრი მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე, ასეთი სერვისებისგან ჩვენ ძალიან შორს ვართ.

თუმცა, ჩემი აზრით, ფსიქოლოგიური მდგრადობა გაცილებით მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დაპირისპირებაში. არაერთი კვლევის მიხედვით, მასწავლებლების ყველაზე დიდი გადინება სწორედ საქმიანობის დაწყების პირველ წლებში ხდება, რადგან ისინი ვერ უძლებენ იმ წნეხს, რომელიც ამ პროფესიას ახლავს. მეც რამდენჯერ მიკითხავს ჩემი თავისთვის, ვაკეთებ კი საკმარისს მოსწავლეებისთვის? როგორ დავაინტერესო ბავშვები? რჩებათ კი რაიმე ცოდნა გაკვეთილების შემდგომ? აქვს კი საერთოდ სწავლებას აზრი? ხომ არ სჯობს, რომ სხვამ ასწავლოს და ა.შ.

ეს ფაქტორი განსაკუთრებით აქტუალური გახდა პანდემიის დროს, როდესაც მასწავლებლებს მოკლე დროში მოუწიათ დისტანციურ სწავლებაზე გადაწყობა.

„ონლაინდავალებების დაგეგმვას მიჰქონდა ძალიან დიდი დრო. ყოველდღიურად ფიქრი რომ ხვალ რა გააკეთო, რომ ბავშვები დააინტერესო, იყო ყველაზე დამღლელი“[2].

ამ მიმართულებით, არაერთი რეკომენდაცია გაჟღერდა და არსებობს მტკიცებულებები, თუ რა მუშაობს. თუმცა, როდესაც ამ სტატიას ვწერდი, დაემთხვა, რომ იმ მომენტში მეგობარს გაზიარებული ჰქონდა ბრიტანელი მწერლისა და ჟურნალისტის, იოჰან ჰარის ტედის გამოსვლა (Ted Talk), სადაც ის საუბრობდა დეპრესიისა და ღელვის შესახებ. გამოსვლის ზუსტი სახელია „ეს შეიძლება იყოს ის, რატომაც ხარ დეპრესიული ან აღელვებული“ (“This could be why you’re depressed or anxious”). ეს ადამიანი ჩემთვის ცნობილი იყო ტედის სხვა გამოსვლიდან, სადაც ადიქციაზე საუბრობს და აღნიშნავს, რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს გარემო ფაქტორები პრობლემის მოგვარებაში (სხვათა შორის, ეს პრობლემა ჩვენთანაც ძალიან აქტუალურია და აგრესიული რეკლამებია ზუსტად ის გარემო ფაქტორები, რომლებიც პრობლემის მოგვარებას შეუძლებელს ხდის).

მოკლედ, ამ გამოსვლით დავინტერესდი და დიდი სიამოვნებით ვუყურე ვიდეოს, რომელშიც ეს ადამიანი საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანმა იგრძნოს თავი რაღაც ჯგუფის ნაწილად და არ ჩათვალოს, რომ ეს მხოლოდ მისი პრობლემა ან მისი სისუსტეა. მიმაჩნია, რომ ძალიან კარგი იქნებოდა სკოლებში მასწავლებელთა მხარდამჭერი ჯგუფების შექმნა, საგნობრივი ასოციაციების, პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების გააქტიურება ამ მიმართულებით. შეუძლებელია ასეთი გამოწვევების გადაჭრა ინდივიდუალიზებული და ერთჯერადი ტრენინგებით, ეს გაცილებით სისტემური, მდგრადი და საინტერესო პროცესი უნდა იყოს მასწავლებელთათვის, რომლებიც, დროთა განმავლობაში ორგანულად გაგრძელდება და სკოლებისა თუ ზოგადად მასწავლებლის თემის ბუნებრივ ნაწილად იქცევა.

 

[1] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

[2] რა უნდა გავითვალისწინოთ 2020-2021 აკადემიური წლისათვის. რეკომენდაციები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს. განათლების კოალიცია. 2020.

ინფორმაციის უსიერ ტყეში

 

თანამედროვე ტექნოლოგიების საუკუნეში მედიაწიგნიერების უნარ-ჩვევების ფლობა პროფესიული განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. ინფორმაციის მოძიება, შემოწმება-დამუშავება და სანდო წყაროს არასანდო მონაცემებისგან გარჩევა საკმაოდ შრომატევადი პროცესია. ზოგჯერ კი მრავალფეროვან მედიარესურსში ტყუილ-მართლის განცალკევება კონკიას მიერ მუხუდოსა და ოსპის მარცვლების გადარჩევას ემსგავსება.

მედიაწიგნიერების ცალკე საგნად სკოლებში სწავლების იდეა ქართულ საგანმანათლებლო სივრცეშიც არაერთხელ ქცეულა განხილვის საგნად. თუმცა ჯერჯერობით ზემოაღნიშნული „დისციპლინისთვის“ სასწავლო პროგრამების ჩამონათვალში ადგილი ვერ მოინახა. არადა, ინფორმაციული უსაფრთხოების საკითხი და, ამასთან, ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევების განვითარება ზოგადსაგანმანათლებლო მიზნების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ასპექტს წარმოადგენს.

თუ სკოლაში მასწავლებლის მხარდაჭერა და ჯგუფზე გადანაწილებული პასუხისმგებლობა მოსწავლეს მისი წილი დავალების შესრულებას უადვილებდა, დისტანციური სწავლების პროცესში მას მიზნობრივი ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება-დახარისხება და სრულ სასწავლო პროდუქტად ჩამოყალიბება დასჭირდა. შედეგად მივიღეთ ვიკიპედიის, ე.წ. კონსპექტებისგან შეკოწიწებული დავალებები და გადაუმუშავებელი (წყაროს სანდოობის შემოწმება, ინფორმაციის დაწურვა მეორეხარისხოვანი თემებისგან, ზოგ შემთხვევაში კი „copy-paste“) ინფორმაცია, რომლის სწორად ფორმულირება და  პრეზენტირება დავალებების ავტორთა უმეტესობას საკმაოდ გაუჭირდა. შედეგი გასაკვირი სულაც არ იყო, რადგან ინტერნეტსივრცეში არსებული ზღვა რესურსის სწორად შერჩევა-გამოყენებას გარკვეული ცოდნისა და გამოცდილების დაგროვება სჭირდება.

ალბათ ზოგიერთ თქვენგანს დააინტერესებს, რატომ არ გადავიტანეთ ჯგუფური მუშაობის ფორმატი დისტანციური სწავლების პროცესში. ძირითად ხელისშემშლელ ფაქტორებად დავასახელებდი კომპიუტერთან გასატარებელი დროის გაზრდას (საფრთხე ჯანმრთელობისთვის), კიბერუსაფრთხოების საკითხს (კონფლიქტის წარმოქმნის საშიშროება) და სამუშაო პროცესზე დაკვირვების სირთულეს (მასწავლებელი ყველა ჯგუფის ფასილიტაციას ვერ შეძლებდა).

დაბრკოლებების მიუხედავად, ზემოაღნიშნულ პრობლემას დისტანციურ ფორმატშიც შევეჭიდე და კოლეგებთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეულის ჩატარება გადავწყვიტე. პროექტი IV-V კლასელებისთვის დაიგეგმა, აქტივობები და სასწავლო რესურსებიც ზემოაღნიშნული საფეხურის მოსწავლეთა უნარ-ჩვევებსა და საჭიროებებს მოვარგეთ. ამას გარდა, კვირეულის დღეები ერთმანეთს შინაარსობრივადაც დავუკავშირეთ. ასე დაიბადა რეზიკო – მეოთხეკლასელი ბიჭუნა, რომელსაც რამდენიმე თავსატეხის ამოხსნაში დავეხმარეთ.

პირველ დღეს რეზიკომ თავისი საყვარელი თამაში გამოგვიგზავნა. მოსწავლეებს ვიქტორინის ფორმატში აწყობილი დავალების დახმარებით საკუთარი თავი უნდა შეემოწმებინათ და ნამდვილი და გამოგონილი ამბები ერთმანეთისგან გაერჩიათ (ვიქტორინაში გამოყენებული იყო რეალური ფაქტები, მითები და ლეგენდები). თამაშის დახმარებით მოსწავლეები თავად უნდა მისულიყვნენ დასკვნამდე, რომ, ე.წ. საკვანძო სიტყვებზე დაკვირვებით რეალური და გამოგონილი ამბების ერთმანეთისგან გარჩევა შეიძლება.

ვიქტორინას კონკრეტული (დაზუსტებული) და ზოგადი (დაუზუსტებელი) ინფორმაციის ერთმანეთისგან გარჩევის გაკვეთილი მოჰყვა. რეზიკომ თანატოლებს ეს გამოცდილებაც გაუზიარა. ქვემოთ შეგიძლიათ, გაეცნოთ დავალების დეტალურ ინსტრუქციას და ელექტრონულ რესურსს (ჩემ მიერ სახელდახელოდ შეთხზულ საგაზეთო სტატიას), რომელშიც მოსწავლეებს დაუზუსტებელი ინფორმაციის მანიშნებელი ზოგადი სიტყვები უნდა აღმოეჩინათ:

დავალების ინსტრუქცია

დამხმარე რესურსი

სამუშაო ფურცლის სანახავად მიჰყევით ლინკს:

https://learningapps.org/display?v=psqrxphdn20&fbclid=IwAR0TatICSebzFch4TPY-Is8EuVxzi_Q25_wR8ETW0FnPYM6s_P-jXwsr83A

როგორც ხედავთ, მოსწავლეებს ზოგად სიტყვებზე (ამბობენ, ალბათ და სხვ.) უნდა „დაეკლიკებინათ“ და ამ გზით სტატიაში არსებული დაუზუსტებელი ინფორმაცია აღმოეჩინათ. შემდეგ შეხვედრაზე, დავალებაში მოძიებული ზოგადი მონაცემების სანდოობის განხილვასთან ერთად, დაზუსტებული ინფორმაციის (ფაქტების) შემცველი მაგალითებიც გავარჩიეთ.

ლიტერატურაშიც რომ მტყუან-მართალი არ ეძებნათ, შემდეგი შეხვედრა მხატვრული და საინფორმაციო ტექსტის შედარებას დავუთმეთ და შევთანხმდით, რომ ხელოვნებაში „ტყუილი მოსულა“. შემდეგ მოსწავლეებს ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარება შევთავაზე და ყველასათვის ნაცნობი ზღაპარი „წითელქუდა“ საგაზეთო სტატიად ვაქციეთ. ბოლოს კი „დანაშაულის ადგილზე“ მოსულ „ექსპერტებს“ ქვემოთ მოცემული კითხვარის შევსება შევთავაზე.

  1. სინამდვილეში რა ჰქვია წითელქუდას?

ა) ვარდო

ბ) მალინა

გ) სახელის დარქმევა დაავიწყდათ

დ) ნამდვილი სახელი უცნობია

 

  1. სად ცხოვრობს წითელქუდას ბებია?

ა) თბილისის გარეუბანში

ბ) ტყის პირას

გ) სოფლის შუაგულში

დ) ზღვის სანაპიროზე

 

  1.  რატომ წავიდა წითელქუდა ბებიასთან?

ა) წითელი ქუდი უნდა დაებრუნებინა

ბ) დედამ დაავალა და რა ექნა?!

გ) ავად იყო და უნდა მოენახულებინა

დ) ღვეზლების გამოცხობა უნდა ესწავლა

 

  1. ვინ უთხრა დედას, რომ ტყეში მგელი ცხოვრობდა?

ა) დაესიზმრა

ბ) მონადირემ გააფრთხილა

გ) ბებიამ გააგებინა

დ) შარლ პერომ უთხრა

 

  1. ვინ გაუმხილა მგელს პირადი ინფორმაცია ბებიას საცხოვრებელი ადგილის შესახებ?

ა) დედამ

ბ) ბებიამ

გ) წითელქუდამ

დ) მონადირემ

 

  1. უსაფრთხოების რომელი წესი დაარღვია წითელქუდამ?

ა) ბილიკიდან გადაუხვია და მგელს გამოელაპარაკა

ბ) ტყეში ყვავილების კრეფა დაიწყო

გ) ბებიას ფუნთუშებით სავსე კალათა წაუღო

დ) მგელს ფუნთუშები არ აჭამა

  1. ვინ მოჰყვებოდა ამ ამბავს ყველაზე ობიექტურად, ანუ გაზვიადების გარეშე?

ა) წითელქუდა

ბ) ბებია

გ) მგელი

დ) მონადირე

 

  1. წარმოიდგინე, რომ ჟურნალისტი ხარ და მონადირეს ინტერვიუს ართმევ. პირველ რიგში, რას ჰკითხავდი მას?

__________________________________________________________________

 

კვირეულის ბოლო შეხვედრა ახალი ცოდნისა და გამოცდილების შეჯამებას დავუთმეთ. მოსწავლეებს დამხმარე კითხვებზე დაყრდნობით უნდა შეედგინათ „რჩევების ბარათი“, რომელზეც კვირეულის მთავარ მიგნებებს განათავსებდნენ და უმცროსკლასელებს გაუზიარებდნენ. მოსწავლეებმა ბოლო დავალებაც რეზიკოსგან მიიღეს:

მალე მოსწავლეებისგან ფერად-ფერადი, საჭირო რჩევებით აღჭურვილი ბარათები მივიღე. კვირეულის მსვლელობის პროცესში მოსწავლეებს ახალი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების არაერთი შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა „რჩევების ბარათში“ მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან აღმოჩენებს მოუყარეს თავი და გამოცდილების გაზიარების საშუალებაც მიეცათ. ჩემი აზრით, თუ სკოლებში ტექსტების „მოშინაურების“ გაკვეთილებს ხშირად ჩავატარებთ, დროთა განმავლობაში მოსწავლეებს ტყუილ-მართლის გარჩევა გაუადვილდებათ და თამამად გაიგნებენ გზას ინფორმაციის „უსიერ ტყეში“.

კომპლექსური დავალება: იდეალური აირი და ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა

 

საქართველოში საბუნებისმეტყველო დისციპლინების სწავლებაში პრობლემები რომ არსებობს, ამას სახელმწიფო და საერთაშორისო კვლევებიც ადასტურებს. მოსწავლეები ერთმანეთს ვერ უკავშირებენ საკითხებს, ვერ ახდენენ ტრანსფერს. მაგალითად, ვერ ხსნიან, რატომ განსხვავდება ერთმანეთისგან მთისა და ქალაქის ველოსიპედის ბორბლების რადიუსი, თუმცა ფიზიკიდან კარგად იციან, როგორ გამოითვლება ბრუნვის სიხშირე, ცენტრისკენული აჩქარება. ქიმიის გაკვეთილზე შეუძლიათ, გამოთვალონ ნივთიერებაში ელემენტის ჟანგვის რიცხვი, მაგრამ ბიოლოგიის გაკვეთილზე ვერ ხსნიან წყლის ფოტოლიზის განტოლებას. ჩემი აზრით, საინტერესო იქნება ერთი საკითხის განხილვა სხვადასხვა  კუთხით. მაგალითად, თუ მოსწავლე გაეცნობა ენერგიის მუდმივობის კანონს ქიმიაში, ფიზიკასა და ბიოლოგიაში, მის გონებაში საკითხი გამთლიანდება და ტრანსფერული უნარების განვითარებაც გაადვილდება.

პანდემიამ აშკარა გახადა, რომ მეცნიერების განვითარება ნებისმიერი ქვეყნისთვის აუცილებელია. ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში შესასრულებელი კომპლექსური დავალებები მოსწავლეებს მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაში და მიღებული გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენებაში დაეხმარება.

გთავაზობთ კომპლექსურ დავალებას, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელ პროცესს, სუნთქვას, ფიზიკის ჭრილში დაანახებს მოსწავლეს. ის მიხვდება, რომ „უბრალო“ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვაც კი არ ხდება ფიზიკის კანონებისგან დამოუკიდებლად.

 

სამიზნე ცნება: მატერია, კვლევა

შედეგები: ფიზიკა საბ: 1; 2; 3; 5; 6; 7

საკითხი: თერმოდინამიკა

კომპლექსური დავალების პირობა:

  1. Cache-nez ფრანგული სიტყვაა და სიტყვასიტყვით ცხვირის დამალვას ნიშნავს. კაშნეს სიცივეში ვიხვევთ, თუმცა მას ყველა არ ხმარობს. ბევრიც პირით სუნთქავს, რასაც ხშირად ყელში უსიამოვნო შეგრძნების გაჩენა მოსდევს. ბიოლოგიის სახელმძღვანელოდან და დამატებითი საკითხავი მასალიდან გაიხსენე სუნთქვის ორგანოთა სისტემის აგებულება და ფუნქცია, ფიზიკაში გაეცანი იდეალურ აირს და შესაბამის კანონებს. წარმოადგინე ნამუშევარი, რომელშიც პასუხს გასცემ შემდეგ კითხვებს:

* რატომ გვტკივა ყელი პირით სუნთქვის დროს?

* რა მნიშვნელობა აქვს ცხვირით სუნთქვას?

* რა კავშირია იდეალური აირის კანონებსა და სუნთქვით მოძრაობებს შორის?

ნაშრომში წარმოადგინე შემდეგი ამოცანების ამოხსნის გზებიც:

  1. გარემოში ჰაერის ტემპერატურა 100C-ია, ფილტვებში არსებული ჰაერის ტემპერატურა კი 370C-ს უტოლდება. რა წნევას ავითარებს ამოსუნთქული ჰაერი, თუ ჩავთვლით, რომ პროცესი იზოქორულია?
  2. ფილტვში საშუალოდ 2400 მლ ჰაერი ეტევა. გამოთვალე საბოლოო წნევა, თუ ადამიანი ჩაისუნთქავს 500 მლ ჰაერს (პროცესი ჩათვალე იზოთერმულად).

 

კომპლექსური დავალების შესასრულებლად გასავლელი ეტაპები:

I ეტაპი: გააცანით მოსწავლეებს კომპლექსური დავალების პირობა; რას მოითხოვთ მისგან; რა ევალება მის მოსამზადებლად; როგორ შეფასდება.

გთავაზობთ იმ აქტივობების სავარაუდო თანმიმდევრობას, რომლებიც მოსწავლემ უნდა შეასრულოს:

აქტივობა 1. გააცანით მოსწავლეებს ნივთიერების აგრეგატული მდგომარეობა და დიფუზია. დიფუზიის ასახსნელად შეიძლება გამოიყენოთ სიმულაცია, რომელსაც ნახავთ ქვემოთ მოცემულ ბმულზე:

https://phet.colorado.edu/en/simulation/diffusion

არსებობს ამ სიმულაციის ქართული ვერსიაც, რომელზეც შეგიძლიათ გადახვიდეთ Translation ღილაკზე დაწკაპებით და ქართული ენის არჩევით.

მარჯვენა მხარეს მოცემულია ველი, რომელშიც იწერება მოლეკულების რაოდენობა. მოსწავლეები იმსჯელებენ, როგორ მოქმედებს დიფუზიის სიჩქარეზე ტემპერატურა, მოლეკულების მასა, რადიუსი და რაოდენობა.

ამისთვის შესთავაზეთ ოთხი ექსპერიმენტის ჩატარება განსხვავებული პირობებით. პირველ შემთხვევაში უნდა შეცვალონ ტემპერატურა, მეორეში – მოლეკულების რაოდენობა, მესამეში – მასა, მეოთხეში – რადიუსი. მოსწავლეები დააკვირდებიან პროცესს და გამოიტანენ დასკვნას.

აქტივობა 2: მოსწავლეებს გააცანით იდეალური აირის არსი და თვისებები; აუხსენით, რა შემთხვევაში ჩაითვლება აირი იდეალურად. ამ დროს შეიძლება გამოიყენოთ სიმულაცია, რომელსაც ნახავთ შემდეგ ბმულზე:

https://phet.colorado.edu/sims/html/gases-intro/latest/gases-intro_en.html

(დეტალური ინსტრუქცია მოცემულია ბმულზე https://drive.google.com/file/d/1ODQA6CpOkgL-wzZDR-Pzd49opFGF0eQx/view?usp=sharing )

აქტივობა 3: კლაპერონ-მენდელეევის კანონის გასაცნობად მოსწავლეებს შესთავაზეთ GeoGebra-ში დამზადებულია სიმულაცია, რომელსაც ნახავთ შემდეგ ბმულზე:

https://www.geogebra.org/m/YzwWBYP3

(დეტალურ ინსტრუქციას იპოვით ბმულზე https://drive.google.com/file/d/12piyLPw2Qv8UBsE-UJ-3DpkxgAalE-7C/view?usp=sharing)

მონაცემების შეგროვება და წარმოდგენა მოსწავლეს შეუძლია ცხრილის ფორმით. შეუძლია, უბრალოდ დაადგინოს კანონზომიერება სიდიდეებს შორის. ასევე შეიძლება, მოსწავლემ გრაფიკი ააგოს ფურცელზე და საკუთარი შედეგი სიმულაციაზე მოცემულს შეადაროს.

აქტივობა 4: ბოილ მარიოტის, გეი – ლუსაკის და შარლის კანონების გასამეორებლად შეიძლება მოსწავლეებს შევთავაზოთ სხვადასხვა ანიმაცია.

ამ აქტივობათა გავლის შემდეგ მოსწავლეს უკვე აქვს წარმოდგენა იდეალურ აირზე და შეუძლია, გაარჩიოს ამოცანა.

დამატებითი საკითხავი ფიზიკაში: როგორ ხდება ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა? რა აკავშირებს ამ პროცესს იდეალურ აირთან?

ვინაიდან ჰაერის შემადგენელი მოლეკულები არ ურთიერთქმედებს ერთანეთთანდა, ამავე დროს, მათი ზომა ძალიან მცირეა, ჰაერი შეიძლება განვიხილოთ როგორც იდეალური აირი.

პლევრის ღრუ წარმოადგენს ჰერმეტულად დახურულ სივრცეს, რომელშიც მცირე რაოდენობით სითხეა. ის ფილტვებს მექანიკური დაზიანებისგან იცავს.

დალტონის კანონი: აირების ნარევის ჯამური წნევა თითოეული აირის მიერ განვითარებულ წნევათა ჯამის ტოლია. ჰაერი სხვადასხვა აირის ნარევია, რომელთა კონცენტრაციაც განსხვავებულია.

P ჯამური = P 1 + P 2 + P 3 + . . . P n

P ატმ = P (N 2 ) + P (O 2 ) + P (CO 2 ) + P (წყლის ორთქლი) + P (ინერტული აირები)

ჰენრის კანონი: ალვეოლებიდან სისხლში გადასული ჟანგბადის კონცენტრაცია პროპორციულია ალვეოლებში არსებული პარციალური წნევისა. რატომ ხდება გაზთა ცვლა ფილტვებსა და ქსოვილებში? აქ ჰენრის კანონი მოქმედებს. ჟანგბადის პარციალური წნევა ალვეოლებში უფრო მეტია, ვიდრე ვენურ სისხლში, ამიტომ ჟანგბადი „ცდილობს“, გადავიდეს ვენურ სისხლში. ნახშირორჟანგის შემთხვევაში პირიქითაა: მისი პარციალური წნევა უფრო მეტია ვენურ სისხლში და ნაკლებია ალვეოლებში, ამიტომ ის „ცდილობს“,ალვეოლებში გადავიდეს. სისხლის პლაზმაში ნახშირორჟანგის ხსნადობა 22-ჯერ მეტია, ვიდრე ჟანგბადისა. სითხეში აირის ხსნადობა მოცემულ ტემპერატურაზე მოცემული აირის პარციალური წნევის პროპორციულია.

ლა პლასის კანონი: ΔP = 2T/R, სადაც T აირის აბსოლუტური ტემპერატურაა, R – რადიუსი, ΔP – წნევათა სხვაობა (პლევრის ღრუში არსებულ წნევასა და ალვეოლებში არსებულ წნევას შორის).

 

დამატებითი ინფორმაცია ბიოლოგიაში:

სურათზე გამოსახულია ადამიანის გულმკერდის ღრუ, მისი შემადგენელი სტრუქტურები. როგორც ხედავთ, ფილტვის შიგნით, ალვეოლებში, ჰაერის მიერ განვითარებული წნევა 760 მმ ვწყ სვ-ის ტოლია, პლევრის ღრუში კი – 756 მმ ვწყ სვ-ისა. ფილტვის შიდა და ატმოსფერულ წნევას შორის სხვაობა 0 მმ ვწყ სვ-ია, პლევრის ღრუსა და ატმოსფერულ წნევას შორის სხვაობა კი უარყოფითია და -4 მმ ვწყ სვ-ს უდრის. პლევრის ღრუში უარყოფითი წნევა იწვევს ალვეოლებში წნევის შემცირებას, რასაც გულმკერდის ღრუს გაფართოება მოსდევს და ხდება ჩასუნთქვა.

სურათზე მოცემულია ტერმინი „ტრანსპულმონური წნევა“. ტრანსპულმონური წნევა ფილტვის შიდა და პლევრის ღრუში არსებულ წნევებს შორის სხვაობის ტოლია. წნევებს შორის სხვაობა რამდენიმე (საშუალოდ 4) წამის განმავლობაში ნარჩუნდება, თუმცა ეს დრო საკმარისია ნეკნთაშუა კუნთებისა და დიაფრაგმის ასამუშავებლად.

ამოცანა 1: -ამოხსნა                          

P 1 = 1 ატმ                            P 1 / T 1 = P 2 / T 2

T 1 = 10 + 273 = 283 K                      P 2 = 1.09 ატმ

T 2 = 37 + 273 = 310 K

V 1 = V 2

 

 

P 2 = ?

საბოლოო წნევა აღემატება საწყისს, ამიტომ როცა ადამიანი პირით ჩაისუნთქავს დაბალი ტემპერატურის ჰაერს, ეს უკანასკნელი ვერ ასწრებს გათბობას და ყელის ტკივილს იწვევს.

 

ამოცანა 2: -ამოხსნა                          

P 1 = 760 მმ ვწყ.სვ                           P 1 X V 1 = P 2 X V2

V 1 = 2400 მლ = 2,4 ლ                     P 2 = 629 მმ. ვწყ.სვ

V 2 = 2900 მლ = 2,9 ლ

T 1 = T 2

 

 

P 2 = ?

წნევებს შორის სხვაობა უარყოფითია და -131 მმ ვწყ სვ-ის ტოლია.

 

სავარაუდო შეფასების რუბრიკა:

  1 2 3 4
რატომ გვტკივა ყელი პირით სუნთქვის დროს?

 

მოსწავლე ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე ნაწილობრივ ხსნის მოვლენას. მოსწავლე ხსნის მოვლენას, თუმცა ვერ იყენებს ამოცანის მონაცემებს. მოსწავლე ამოცანაში მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს შეკითხვას.
რა მნიშვნელობა აქვს ცხვირით სუნთქვას?

 

მოსწავლე ადასტურებს ფაქტს, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე ნაწილობრივ ხსნის მოვლენას. მოსწავლე ხსნის მოვლენას, თუმცა ვერ იყენებს ამოცანის მონაცემებს. მოსწავლე ამოცანაში მოცემულ მონაცემებზე დაყრდნობით პასუხობს შეკითხვას.
რა კავშირია იდეალური აირის კანონებსა და სუნთქვით მოძრაობებს შორის?

 

მოსწავლე ადასტურებს, რომ სუნთქვითი მოძრაობები განპირობებულია იდეალური აირის კანონების მოქმედებით, თუმცა ვერ ხსნის მიზეზს. მოსწავლე იყენებს ჩამოთვლილი ოთხი კანონიდან მხოლოდ ორს. მოსწავლე იყენებს ჩამოთვლილი ოთხი კანონიდან მხოლოდ სამს. მოსწავლე იდეალური აირების კანონების გამოყენებით ზუსტად ხსნის სუნთქვითი მოძრაობების მიზეზს.

 

სასურველია, მასწავლებელმა შეამოწმოს მოსწავლეების პრეზენტაციის უნარი. თუ სამუშაოს ჯგუფებში შეასრულებენ, პრეზენტაციაში ყველა მოსწავლემ უნდა შეიტანოს წვლილი.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

https://bit.ly/3jajj7J

https://bit.ly/32obkOc

https://bit.ly/30jKwfm

https://bit.ly/38YuITm

https://bit.ly/32mLDgV

https://bit.ly/3fzdcHz

 

     

 

წყარო ; http://mastsavlebeli.ge/

სიკეთის გაკვეთილები

 

ჯანსაღი პიროვნების ჩამოყალიბებაში, სკოლასა და ოჯახს დიდი  წვლილი მიუძღვის. აუცილებელია, ეს ორი რგოლი შეთანხმებულად მოქმედებდეს და ერთიანად ცდილობდეს ბავშვის  სულიერ, ფიზიკურ,  გონებრივ თუ მორალურ განვითარებას.  განვითარების პროცესში იგულისხმება არა მარტო საგნობრივი ცოდნა, არამედ ადამიანური ურთიერთობებისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაც. დღეს კი,  მსოფლიო პანდემიის ფონზე, როცა ონლაინ სწავლება გახდა სასწავლო პროცესის ერთადერთი გზა, მოსწავლეები  ეკრანს მიღმა, ყველასგან და ყველაფრისგან დისტანცირებულნი დარჩნენ.   სოციალურ განვითარებას ბავშვი გარემოსთან ურთიერთობით, ოჯახში- მშობლისა და  სკოლაში- მასწავლებლის დახმარებით აღწევს. დისტანციური სწავლების დროს  რთულია მონაწილეობა მივიღო მათი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებასა  და  ღირსეულ  მოქალაქედ აღზრდის პროცესში.  როგორ მოვახერხო ეს, როგორ მივცე მაგალითი სიკეთის კეთებისა?    გადავწყვიტე ონლაინ   ,,სიკეთის გაკვეთილები“    ჩამეტარებინა.

ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება  პიროვნების განვითარებაზე  ორიენტირებულ, კონსტრუქტივისტულ,   საგანმანათლებლო მიდგომას.   სასწავლო პროცესში გამოყენებულია ისეთი აქტივობები, რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეს გახდეს დამოუკიდებელი, მოაზროვნე, შემოქმედი. მასწავლებელი კი  თავისი ჰუმანურობით  ასწავლის კაცთმოყვარეობას, სიკეთეს, პატივისცემას , მეგობრობას, დახმარებას. აქედან გამომდინარე სწავლის პროცესს თან ახლავს ყველაზე მნიშვნელოვანი −  აღზრდის პროცესიც.

ისეთი ადამიანური თვისებები როგორიცაა: სიყვარული,  ურთიერთპატივისცემა, მეგობრობა,  სიკეთე  დაწყებით საფეხურზე უყალიბდება მოსწავლეს.  მინდა ჩემი მოსწავლეების ფიქრები, სიკეთისკენ, კეთილი საქმის კეთებისკენ მივმართო.  სწორედ ამ მიზნით დავგეგმე   ,, სიკეთის გაკვეთილები“ და  მიზნის მიღწევა კომპლექსურად შექმნილი დავალებებით გადავწყვიტე.

კომპლექსური დავალება, ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც სასწავლო  მასალის სიღრმისეულ გააზრებასა და შემოქმედებით პროცესს  გულისხმობს.   მოსწავლე  წინარე ცოდნის გამოყენებით,   ახდენს ახალი ცოდნის კონსტრუირებას. შემოგთავაზებთ კომპლექსური დავალების ბარათს

 

 

ჩემი  მიზანი იყო,  გაეგოთ:

  • რა არის სიკეთე?
  • რატომ უნდა ვაკეთოთ კეთილი საქმე?
  • რა განსხვავებაა კეთილ და ანგარებიან ადამიანს შორის?
  • რა არის ალტრუიზმი?
  • რა არის ემპათიის უნარი?

კომპლექსური დავალების შესაქმნელად გავიარეთ შემდეგი ეტაპები:

  • კომენტირებული კითხვის მეთოდით ტექსტის გაგება და კითხვებზე პასუხის გაცემა.
  • მუშაობა უცხო ლექსიკურ ერთეულებზე ,,სიტყვის პირამიდის“ გამოყენებით.
  • პერსონაჟების დახასიათება ,,პერსონაჟის რუკის“ გამოყენებით.
  • ანიმაციური ფილმის ,,ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“

და  ვიდეო-რგოლის ,,სიკეთე გადამდებია“

 

ჩვენება და განხილვა.

  • კომიქსის შექმნა ონლაინ გვერდის http://writecomics.com/ -ის დახმარებით.

 

სტატიაში  შემოგთავაზებთ კომპლექსური დავალების შექმნამდე მოსწავლეების მიერ გავლილ ეტაპებს:

 

დავალება 1. კომენტირებული  კითხვა და მუშაობა ლექსიკურ ერთეულებზე. გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს ეკრანზე გავუზიარე სულხან-საბა ორბელიანის ორი იგავი ,, ორნი ძმანი“ და ,,ორმოში  ჩაგდებული მეფე“. ვკითხულობდით და თან უცხო ლექსიკურ ერთეულებსაც განვიხილავდით  (უცხო ლექსიკური ერთეულები პრეზენტაციაში მქონდა  განმარტებული).  ტექსტების განხილვის შემდეგ, მოსწავლეებს წარმოდგენა შეექმნათ, თუ რა იყო ალტრუიზმი, ემპათიის უნარი და ანგარებიანი ქმედება.

 

 

დავალება 2. იგავების   ანალიზი. რას გასწავლით იგავი და რას გააკეთებდით სიკეთის საერთაშორისო დღეს?   ნაშრომებში მოსწავლეები გამოთქვამდნენ აზრს,  რომ   ადამიანმა სიკეთე უნდა აკეთოს გულით და არა ანგარებით, რაღაცის მიღების მიზნით.    გაუჩნდათ სურვილი, მათაც ჩაედინათ კეთილი საქმე, დახმარებოდნენ მოხუცებს, ღარიბებს, თავშესაფარში  სწვეოდნენ  ბავშვებს, გაეცნოთ ისინი და მიეტანათ მათთან  სათამაშოები და ტკბილეული.

 

დავალება 3. პერსონაჟების დახასიათება „პერსონაჟის რუკის“ დახმარებით.   მოსწავლეებმა დაახასიათეს ძმა და მეფის დასახმარებლად მისული უცხო კაცი. ძმა, კეთილ და მოსიყვარულე ადამიანად ჩათვალეს, ხოლო მეფის დასახმარებლად მისული უცხო ადამიანი, ანგარებიან და თვალთმაქც პიროვნებად.  დავალებებიდან ჩანს, რომ მოსწავლეები კარგად არჩევენ   ანგარებიან  და გულწრფელ ქმედებას ერთმანეთისგან.

 

 
დავალება 5.    ონლაინ კლასში ეკრანზე გავაზიარე ვიდეორგოლი  ,,სიკეთე გადამდებია“

პატარა გოგონას, რომელსაც არა აქვს საკმარისი თანხა  ბაბუასთვის ნამცხვრის საყიდლად, დაეხმარება რიგში მდგომი მამაკაცი და ნამცხვარს უყიდის, თან გადასცემს პატარა ფურცელს წარწერით:   „მცირედი მზრუნველობა უსასრულო ტალღას ქმნის   და აუცილებლად დაგიბრუნდება უკან“. გახარებული გოგონა ბაბუას მიულოცავს იუბილეს და თან   უცხო ადამიანის მიერ მიცემულ ფურცელს გადასცემს, წაიკითხავს ბაბუა და გაახსენდება, რომ  ადრე ისიც დახმარებია სხვას. ვიდეორგოლის   ნახვის  შემდეგ ვთხოვე,  დაესათაურებინათ  მოყოლილი ამბავი. ,,სიკეთე გადამდებია“ − ასე დაასათაურეს. რატომ?   იმიტომ, რომ ოდესღაც ბაბუ დახმარებია ბიჭს,  ბიჭი კი უკვე დიდია, მაგრამ  არ დავიწყებია სიკეთე,  ახლა თვითონ ეხმარება სხვებს, რადგან სიკეთის ჯაჭვი უწყვეტია.   ასეთი იყო ბავშვების პასუხი ჩემს შეკითხვაზე.

,, ბავშვები ჩვენი ქუჩიდან“  საგანმანათლებლო- შემეცნებითი ხასიათის  ანიმაციური ფილმია, რომელიც მიზნად ისახავს განუვითაროს ბავშვებს  ერთმანეთზე მზრუნველობისა და სიკეთის კეთების  უნარი.

,,სიკეთის გაკვეთილების“ ფარგლებში განვიხილეთ   ვიდეორგოლი, რომელშიც  საუბარი იყო სიკეთის  საერთაშორისო დღეზე,   როგორ  და რა მიზნით აღინიშნება.

https://www.palitravideo.ge/yvela-video/akhali-ambebi/124509-dghes-sikethis-saerthashoriso-dghea-ra-aris-sikethe-da-rogori-adamianebi-schadian-kethil-saqmeebs.html

დავალება 4.  საბოლოო პროდუქტის შექმნა  კომიქსის სახით.  მოსწავლეებმა  პერსონაჟების მეტყველებაში კარგად წარმოაჩინეს კეთილი და ანგარებიანი ადამიანის  სახეები.

 

 

 

ანიმაციური ფილმის, ვიდეორგოლებისა და კომიქსების  ანალიზმა დამარწმუნა, რომ ჩემს  მოსწავლეებს კარგად ესმით სიკეთის მნიშვნელობა. სჯერათ, რომ კეთილი საქმით,  მზრუნველობით  მათ შეუძლიათ სხვისი დახმარება, სიხარულის მინიჭება.

,,სიკეთის გაკვეთილების“ ფარგლებში ასევე შეგიძლიათ  გამოიყენოთ შემდეგი ვიდეორგოლები.

  1. https://www.myvideo.ge/?video_id=2306390
  2. https://www.youtube.com/watch?v=gx2gmeEv3Ag&feature=youtu.be&fbclid=IwAR17B4RcyzEyTtyvB4_aseeBxGEgCXon-vcOddNuPvpmhMHd0W7pr7ZMYRE
  3. https://www.facebook.com/996424730375074/posts/4221652701185578/
  4. https://www.facebook.com/watch/?v=736162130568796
  5. https://www.youtube.com/watch?v=aufkGPMJXb0
  6. https://www.youtube.com/watch?v=gx2gmeEv3Ag
  7. https://www.youtube.com/watch?v=OHTBpBPkgPs&t=19s
  8. https://www.youtube.com/watch?v=IcIardBIG_o
  9. https://www.youtube.com/watch?v=MiyozUQk5Mk
  10. https://www.youtube.com/watch?v=Icx7hBWeULM

ამ ასაკში ბავშვები მიბაძვით  სწავლობენ, ამიტომ  დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მოვიქცევით ზრდასრული ადამიანები,  მასწავლებლები და  მშობლები. ვფიქრობ, რაც  მეტ დროს დავუთმობთ ,,სიკეთის გაკვეთილებს“,  მით უფრო ჰუმანურ  საზოგადოებას მივიღებთ.

რადგან პანდემიის პირობებში ჩვენი და სხვათა უსაფრთხოებისთვის უნდა  დავრჩეთ სახლში, ნაკლები შესაძლებლობა გვაქვს, დავეხმაროთ უცხო ადამიანებს. როცა გადავლახავთ ამ პრობლემას და დავბრუნდებით საკლასო ოთახში, მშობლებთან და ბავშვებთან ერთად, დავგეგმავ ვიზიტს მოხუცთა თავშესაფარში.  ვეცდები ბავშვებს ავუსრულო სურვილი, შესაძლებლობა მივცე, დაეხმარონ  სხვებს. ამავე დროს,  მივცე მაგალითი მზრუნველობისა და სიკეთის კეთებისა.

როცა  სკოლა, მასწავლებელი და მშობელი  შეგონების გარდა მისაბაძ ობიექტსაც წარმოადგენენ,  ეს  ბავშვებში ზრდის სიკეთის კეთების მოტივაციას.

წყარო ; http://mastsavlebeli.ge