Saturday, July 6, 2019

მოსმენითი დავალებების შესრულების სირთულეთა დაძლევის სტრატეგიები




ადამიანი უცხო ენას იმისთვის სწავლობს, რომ შეძლოს კომუნიკაციის დამყარება, რაც გულისხმობს, რომ მას, პირველ რიგში, კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებული მოსმენისა და საუბრის უნარები. რეალობას თუ დავაკვირდებით, ამ უნარების განვითარება ყველაზე მეტად უჭირთ მოსწავლეებს. ამიტომ გადავწყვიტეთ, მოცემული სტატია სწორედ ამ საკითხისთვის მიგვეძღვნა, კერძოდ, მოსმენითი დავალებების სირთულის დაძლევის გზებსა და ამ პროცესში მასწავლებლის როლზე გავამახვილებთ ყურადღებას.
უცხო ენის შესწავლის პროცესში მოსმენის უნარის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. მოსმენა არის საბაზისო ეტაპი როგორც მშობლიური, ისე უცხო ენის ათვისების დროს. ის საფუძველია ყველა დანარჩენი უნარ-ჩვევისა, რომელთა საშუალებითაც ენის შემსწავლელი თავდაპირველ კონტაქტს ამყარებს სამიზნე ენასა და მის კულტურასთან. მოსმენის უნარის განვითარება (საუბრის უნართან ერთად) უმნიშვნელოვანესია ენობრივ კომპეტენციებს შორის, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ის მოსწავლეს ეხმარება, თავი გაართვას რეალურ საკომუნიკაციო ამოცანებს.
ციფრული ტექნოლოგიების ეპოქაში უცხო ენაზე მოსმენა ხელმისაწვდომია მრავალი ფორმით. ენის შემსწავლელებს შეუძლიათ უსმინონ საყვარელ მომღერლებს, უყურონ ფილმებსა და სატელევიზიო გადაცემებს სამიზნე ენაზე ნებისმიერ დროსა და ადგილას, დაუმეგობრდნენ უცხოელებს და სხვა. ეს ფაქტორები უდავოდ უწყობს ხელს მოსმენის უნარის განვითარებას, თუმცა ენის შემსწავლელებს მაინც ურთულდებათ ისეთი ძირითადი მოსმენითი დავალებების შესრულება, როგორიცაა:
  • მოსმენა კონკრეტული დეტალების გაგებისათვის (Listening for specific details);
  • მოსმენა მთავარი აზრის გაგებისათვის (Listening for main idea);
  • მოსმენა მოვლენათა სწორი თანმიმდევრობის განსაზღვრისათვის (Identifying correct order of events);
  • მოსმენა ლექსიკური ერთეულების დასადგენად(Listening for specific vocabulary).

მოსმენითი დავალებების სირთულე, მკვლევართა აზრით, მთელი რიგი ფაქტორებით არის განპირობებული. ემერთი (1994) აღნიშნავს, რომ მოსმენა უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მოსაუბრის ნათქვამი სიტყვების გაგება. მოსმენა არის აქტიური პროცესი, რომლის საშუალებითაც ენის შემსწავლელები ნათქვამის არსს უნდა ჩასწვდნენ და რეაგირება მოახდინონ ვერბალურ თუ არავერბალურ შეტყობინებებზე.
კრავეიშვილს (1979) მიაჩნია, რომ „უცხოური მეტყველების მოსმენა გაცილებით უფრო ძნელია, ვიდრე იმავე სიძნელის მასალის კითხვა. უცხოური მეტყველების სმენითი აღქმის პროცესში მრავალმა ფაქტორმა შეიძლება შეგვიშალოს ხელი იმის გაგებაში, რაც შესაძლოა იყოს მეტყველების შინაარსი, მოლაპარაკის მეტყველების ტემპი, ხმის ტემბრი და ა.შ.“ (გვ.129)
ჰოათის და დაკინის (1974) აზრით, მოსმენის დავალებების სირთულეს ის განაპირობებს, რომ მსმენელს უწევს სხვადასხვა ინტონაციური მოდელის, მახვილის აღქმა. ეს გულისხმობს, რომ მან უნდა გაიგოს მოსაუბრის აქცენტი ან გამოთქმა, მისი ნათქვამის გრამატიკული და ლექსიკური თავისებურებები და, იმავდროულად, ჩასწვდეს ნათქვამის აზრს.
ვოლტერის მიხედვით (2002), კარგი მოსმენა დაფუძნებულია სამ ძირითად უნარზე: დამოკიდებულებაზე, ყურადღებასა და რეგულირებაზე. მოსმენითი დავალებების შესრულება სამივე ამ უნარის გაერთიანებას ანუ სამმაგ მოსმენას მოითხოვს. მოსმენა მხოლოდ ყურით კი არა, ტვინითაც უნდა ხდებოდეს.
სწორედ ამ სირთულეების გამო ბევრ მოსწავლეს უჭირს უცხო ენაზე მოსმენილის გაგება, მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ საკმაოდ კარგი ლექსიკური მარაგი, ფლობენ ამ უცხო ენის გრამატიკას, ათვისებული აქვთ ენისთვის დამახასიათებელი მოდელები.
იმისთვის, რომ მოსწავლეებს ამ უნარის განვითარებაში დაეხმაროს, საჭიროა, მასწავლებელმა კარგად იცოდეს ზემოთ მოყვანილი და კიდევ სხვა სირთულეების შესახებ, რომლებიც მოსმენითი დავალებების შესრულებას ახლავს თან. პირველ რიგში, მან უნდა იცოდეს, რომ მოსმენის უნარის სწავლებისას საჭიროა იმის გააზრება, რომ არ არსებობს მოსმენის დავალების ერთი უნივერსალური ტიპი; გასათვალისწინებელია ისეთი ფაქტორები, როგორიცაა მისაღწევი მიზანი, ენის შემსწავლელთა ასაკი, ინტერესები და ფსიქოლოგიური მდგომარეობა. თუმცა, მოსმენის ნებისმიერი სახის დავალება სასურველია დაიყოს სამ ეტაპად:
  1. მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening);
  2. საკუთრივ მოსმენის ეტაპი (while-listening);
  3. მოსმენის შემდგომი ეტაპი (post-listening).
მოსმენის წინა ეტაპი (pre-listening) ძალიან მნიშვნელოვანია. მ. ხომერიკის აზრით (1999) „აუცილებელია, დავალებები მოსწავლეებს მასალის მოსმენამდე მივცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოვა, რომ ისინი უმიზნოდ უსმენენ რაღაცას… მასალის მოსმენამდე საჭიროა, მოსწავლეები მოვამზადოთ მოსასმენად, ვუთხრათ ორიოდე სიტყვა თავად მოსასმენი მასალის თაობაზე, დავაინტერესოთ ისინი, შეიძლება კიდეც ვიმსჯელოთ, ვასწავლოთ ან გავამეორებინოთ ის ლექსიკა თუ სტრუქტურები, რაზეც მოსასმენი მასალა შეიძლება იყოს აგებული“.
რიისი (Rees, 2002) თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ არსებობს მოსმენის წინა ეტაპის დავალებების რამდენიმე განსხვავებული ტიპი, რომოლებსაც სხვადასხვა მიზანი აქვს. ეს დავალებები ენის შემსწავლელებს საშუალებას აძლევს, შეუფერხებლად გაართვან თავი მოსმენის მეორე და მესამე ეტაპებს. ასევე ხელს უწყობენ მათში ინტერესის გაღვივებას, რწენას და თავდაჯერებას მატებენ მათ.
საკუთრივ მოსმენის ეტაპზე (while-listening) შესასრულებელი უამრავი ტიპის დავალება არსებობს. კითხვებზე მოკლე პასუხის გაცემა (Short question/answers), არჩევითი შეკითხვა (multiple choice questions), წინადადებებში გამოტოვებული ადგილების შევსება (cloze passage completion); ჭეშმარიტი და მცდარი წინადადებები (true and false statements), წინადადებების დაკავშირება (sentence matching) და სხვა(Tsitsishvili, R. Et al.,2008).
მოსმენის შემდგომი ეტაპის (post-listening) აქტივობები, როგორიცაა მოსმენილი ინფორმაციის შესახებ აზრის გამოთქმა (using information from the listening text for problem solving and decision making activities), დიაგრამების შევსება (Form / chart completion), მოსმენილი ტექსტებიდან ახალი სიტყვების და გამოთქმების ამოწერა (making lists of new vocabulary), მოსმენილი ინფორმაციის შეჯამება (Summarizing) და ა.შ., მკვლევართა აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. ამ ტიპის აქტივობები მოსწავლეებს სჭირდებათ, რათა გაიმდიდრონ სიტყვათა მარაგი, აითვისონ სხვადასხვა ენობრივი კონსტრუქცია, განუვითარდეთ კრიტიკული აზროვნების ჩვევები. ჰუკისა და ევანსის აზრით (1982), მოსწავლეებმა აუცილებლად უნდა განიხილონ, რაც მოისმინეს, გაავლონ პარალელები მოსაუბრის ნათქვამსა და რეალურ ცხოვრებისეულ სიტუაციებს შორის.
ამრიგად, ძალიან მნიშვნელოვანია, მოსმენის სამივე ეტაპი შესაფერისად დაგეგმოს მასწავლებელმა და არცერთი არ დატოვოს უყურადღებოდ, განსაკუთრებით კი – მოსმენის შემდგომი ეტაპი, რადგან მნიშვნელოვანია კონტექსტზე ყურადღების გამახვილება, მოსმენილი ტექსტებიდან ახალი ენობრივი კონსტრუქციების და ელემენტების განხილვა და არა მხოლოდ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც მოსწავლეებს ეხმარება აზროვნების უნარის განვითარებაში და ხშირად ისინი კულტურულ ინფორმაციასაც ითვისებენ, რაც მათ ინტერესს უღვივებს ამ კულტურის მატარებელი ხალხის მიმართ, შესაბამისად, უმაღლებს ენის შესწავლის მოტივაციას. ,,…დადგინდა, რომ ზოგადი ინტერესი შესასწავლი ენის მატარებელი ხალხის ცხოვრების წესისა და კულტურისადმი (ე.წ. ინტეგრალური მოტივი) უფრო მეტად განსაზღვრავს წარმატებას, ვიდრე პრაქტიკული ინტერესი (ე.წ. ინსტრუმენტული მოტივი)“ (მ.ჯაფარიძე, 2005, გვ.141).
მოსმენის უნარის განვითარებისთვის ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს მოსწავლეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი მთავარი დაბრკოლება, რომლის გადალახვაც სტუდენტებს უწევთ უცხო ენაზე მოსმენის დროს, მღელვარებაა. მოსწავლეთა შფოთვის მოხსნის პროცესში უცხო ენის მასწავლებელს დიდი როლი აკისრია. პირველ რიგში, მან ფსიქოლოგიურად უნდა შეამზადოს და გაამხნეოს მოსწავლეები. ვენდენი (1998) აღნიშნავს, რომ შუა მოსმენის პროცესში მოსწავლემ შეიძლება უცებ გადაწყვიტოს, რომ არ ესმის მოსაუბრის ნათქვამი. ამ ეტაპზე ბევრი მოსწავლე ან უბრალოდ თიშავს გონებას, ან შინაგანი დიალოგი აქვს საკუთარ თავთან, რომ ვერ გაიგო რომელიმე ერთი სიტყვა და ნებდება (გვ.175). ამიტომაც მასწავლებელმა უნდა აკონტროლოს მოსწავლის შფოთვის დონე და არ დაუშვას, რომ ის იმ ზღვარს გადასცდეს, რომლის ქვემოთაც შფოთვა კონცენტრაციას კი არ უწყობს ხელს, არამედ, პირიქით, დაბრკოლებას ქმნის. მან უნდა გაამხნეოს მოსწავლეები, რომ თუ ყველა სიტყვა ვერ გაიგეს, ეს ბუნებრივია; მთავარია, ძირითადი აზრი გამოიტანონ, რაც საჭიროა კითხვებზე პასუხის გასაცემად.
გარდა ფსიქოლოგიური მხარში დგომისა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ზუსტად შეარჩიოს მოსასმენი ტექსტები. მაია ტაკიძე (2018) თავის დისერტაციაში აღნიშნავს, რომ „სწორად შერჩეული ტექსტი პირდაპირ არის დაკავშირებული სასწავლო პროცესის საინტერესოდ და ეფექტურად წარმართვასთან. ტექსტის შერჩევისას უპირატესობა ენიჭება ისეთ ტექსტებს, რომლებიც შემსწავლელთა ინტერესებზეა გათვლილი და ზეპირი ენის სტრუქტურას და მის სპეციფიკურობას ითვალისწინებს (მაგ., ელიფსები, პაუზები გაბმული მეტყველებისას, გამეორებები, საუბრის შეწყვეტა და სხვა). რა თქმა უნდა ახალი ტექსტი უნდა შეირჩეს შემსწავლელთა ენის ცოდნის შესაბამისად, დაბალ საფეხურზე დასაშვებია მარტივი, ადაპტირებული და არა ავთენტური მოსასმენი ტექსტებით მუშაობა, ხოლო უფრო მაღალ საფეხურზე საჭიროა მხოლოდ ავთენტური მასალით მუშაობა“. ნამდვილად კარგი იქნება, თუ მასწავლებელი კლასში შეიტანს „რეალურ ცხოვრებას”, ე.ი. ისეთ მასალას, რაც მოსწავლეებს მულტიკულტურულ განათლებას მისცემს. ამით მათ გამოუმუშავდებათ უნარი, მიღებული ცოდნა გამოიყენონ საკლასო ოთახის გარეთ, რეალობაში, რაც ყველაზე მთავარია ენის შესწავლისას.
ამრიგად, მოსმენის უნარის განვითარება საკმაოდ რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელშიც გადამწყვეტი როლი მასწავლებელს ეკუთვნის. სწავლებას, როგორც ამბობენ, ორგვარი სტატუსი აქვს – ხელოვნებისა და მეცნიერების. მასწავლებელი, პირველ რიგში, კარგი ფსიქოლოგი უნდა იყოს. იგი უნდა გრძნობდეს კლასის ატმოსფეროს, უნდა შექმნას მშვიდი და საინტერესო სამუშაო გარემო, რაც წარმოშობს ცნობისმოყვარეობას და ცოდნისმოყვარეობას და რაც მოსწავლეებს დაეხმარება მოსმენითი დავალებების სირთულეთა დაძლევაში.
მიზნის მისაღწევად მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ისეთი ფაქტორებიც, როგორიცაა მოსწავლეთა მოტივაცია, ინტერესი, მათი სწავლის სტილი და ასაკი. იგი, ასევე, კარგად უნდა იცნობდეს სათანადო მეთოდურ ლიტერატურას, რათა ზუსტად მისცეს მითითებები და შესაბამისი აქტივობები გამოიყენოს მოსმენის დავალების შესრულების სამივე ეტაპზე. მასწავლებელი ასევე უნდა დაეხმაროს მოსწავლეებს ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაში, რათა მათ არ ინერვიულონ, მოახდინონ კონცენტრირება და ისე შეასრულონ მოსმენის დავალებები. მასწავლებელმა მოსწავლეებს უნდა აღუძრას სურვილი და ინტერესი, დამოუკიდებლად, საკლასო ოთახის გარეთაც უსმინონ მასალას უცხო ენაზე, დაეხმაროს მათთვის საინტერესო ფილმის, მულტფილმის, მოთხრობის, სიმღერისა და დიალოგის შერჩევაში.
წყარო  http://mastsavlebeli.ge/ 

კლასის მართვის სტრატეგიები

კლასის მართვა და ეფექტური გაკვეთილის ჩატარება განსაკუთრებულ ძალისხმევას მოითხოვს მასწავლებლის მხრიდან. კლასის მართვის ერთ-ერთი ფაქტორია სწავლების შინაარსობრივი მხარე, მაგალითად, უნარ-ჩვევების (სასაუბრო, წერითი, კომპიუტერული და ა.შ.) განვითარებაზე ორიენტირებული კლასი თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალურ მიდგომასა და მუშაობას მოითხოვს. კლასის მართვაზე გავლენას ახდენს საკლასო სივრცის ფაქტორი, აგრეთვე მოსწავლეთა კულტურული და ეთნიკური მრავალფეროვნება ან განსხვავებები მოსწავლეთა სწავლის სტილსა და ცოდნის დონეში.
განურჩევლად იმისა, რომელი ზემოთ აღნიშნული ფაქტორი განაპირობებს კლასის მართვას, შეიძლება მასწავლებელი კლასთან მუშაობისას შემდეგ სირთულეებს წააწყდეს:
  1. შეფასებასთან დაკავშირებული სირთულეები, განსაკუთრებით წერითი სამუშაოების, ტესტებისა და დავალებების შემოწმება.
  2. დისციპლინასთან დაკავშირებული ისეთი პრობლემები, როგორიცაა კლასში საუბარი, დაცინვა, ხმაური, გადაწერა.
  3. დროის მართვა და განაწილება.
  4. სივრცის მართვა და განაწილება.
  5. მრავალფეროვნება მოსწავლეთა ცოდნის ხარისხში, სწავლის სტილსა და კულტურულ თავისებურებებში.
საგაკვეთილო პროცესის დროს მოსწავლეები აწყდებიან სირთულეებს, უჭირთ გაარკვიონ, რა ინფორმაციაა მნიშვნელოვანი, უჭირთ შეკითხვების დასმა, რეალური ცოდნის გამომჟღავნება, დროის სწორად განაწილება- გამოყენება.
აღნიშნული გამოწვევების დასაძლევად საგაკვეთილო პროცესის დროს ხუთი ასპექტის გათვალიწინებით ვურჩევ მოსწავლეებს სამოქმედო სტრატეგიის დასახვას:
  • ვთავაზობ ისეთ საგაკვეთილო სტრუქტურას, სადაც მონიტორინგის გარეშე მოსწავლეებთან ერთად ვახერხებ მიღებული უნარ-ჩვევების პრაქტიკულ გამოყენებას (მაგ: გაკვეთილი პროექტი). სტრუქტურულად აწყობილი გაკვეთილისათვის აუცილებელია მკაფიოდ განსაზღვრული სასწავლო მიზნები. მოსწავლეებმა უნდა გაიაზრონ არა მხოლოდ ის, რას ისწავლიან, არამედ ისიც, რატომ ისწავლიან და რაში შეიძლება გამოიყენონ მიღებული ცოდნა. ამისათვის გაკვეთილს ვყოფ 10-15 წუთიან ეტაპებად. თითოეულ ეტაპს ერთ საკითხს და შესაბამისი მაგალითების წარმოდგენას ვუთმობ.
გაკვეთილის ბოლოს ვთავაზობ მოკლე მიმოხილვას და აზრის შეჯამებას. ვიტოვებ რამდენიმე წუთს შეკითხვებისათვის, რაც შეეხება მოსამზადებელ დავალებებს. მოსწავლეები აწარმოებენ დღიურებს, ამზადებენ ანგარიშს. სტრუქტურული წესრიგის უზრუნველყოფის ყველაზე ეფექტური მეთოდი მოსწავლეთა განლაგების სქემის გამოყენებაა.  ვიყენებ მატრიცის მოდელს და ჯგუფური საქაღალდეები განთავსებული მაქვს კლასის კუთხეში, რომელშიც მოსწავლეთა შესაბამისი მასალები მიწყვია.
  • მოსწავლეებს ვთავაზობ ისეთ საგაკვეთილო პროცედურებს, რომელიც მათ დამოუკიდებლად მუშაობის მეტ შესაძლებლობას აძლევს (მაგ: ჯგუფური მუშაობის დროს გეომეტრიული ფიგურების გამოყენებით ესკიზის შექმნა).
კლასში არსებობს წესები და უფლებები, რომელიც ვრცელდება როგორც მოსწავლეებზე, ისე მასწავლებლებზე. წესების შერჩევაში მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულები. წესები  რეალისტური და შესრულებადია. წესებმა პრობლემები არ უნდა გააღრმაოს.
რუტინული პროცედურები მეხმარება კლასის მართვასა და დროის მაქსიმალურად გამოყენებაში. გაკვეთილს ყოველთვის ერთსა და იმავე პროცესში ვიწყებ და ვამთავრებ. ვიყენებ არავერბალურ მინიშნებებს კონკრეტული მნიშვნელობით. ჟესტებით გადავცემ ამა თუ იმ ინსტრუქციას, მაგ: თუ თითს ყურთან მივიტან, ამით ვთხოვ,  გაიმეოროს ნათქვამი. ტაშს თუ შემოვკრავ, ყურედღების მიპყრობა მსურს.
  • მოსწავლეებს ვუქმნი კომფორტულ გარემოს და ვრთავ მათ კლასის მართვის საკითხებში. ვცდილობ ხელსაყრელი გარემოს შექმნას, რათა მოსწავლეებმა კომფორტულად იგრძნონ თავი. ყველა მოსწავლეს აქვს მასწავლებელთან პირადი კონტაქტის შესაძლებლობა. კლასში დგას შეკითხვების ყუთი, სადაც მოსწავლეები ანონიმურად ათავსებენ შეკითხვებს და მომდევნო გაკვეთილზე ჩემგან იღებენ პასუხებს. მეტ დროს ვუთმობ გაკვეთილებს შორის მოსწავლეებთან ურთიერთობას.
ხელშემწყობი გარემოს შესაქმნელად აქტიურად ვიყენებ ტექნოლოგიურ საშუალებებს: (პრეზენტაციები, თვალსაჩინოებები, საგანმანათლებლო თამაშები, ინტერნეტის საძიებო სისტემები). კლასს ვყოფ სექტორებად და ვუნიშნავ კოორდინატორს, რომელიც პასუხისმგებელია ჩემ მიერ განსაზღვრული დავალებების შესრულებაში, მაგ: ნაწერების შეგროვება, მასალების დარიგება, დასწრების ჩაწერა და ა.შ. კოორდინატორის როლი ნეიტრალურ ფუნქციებს მოიცავს და არ ეძლევა მოსწავლეთა შეფასებისკენ მიმართული დავალებები.  ვიყენებ როტაციის პრინციპს და ყოველ თვე ახალ კოორდინატორს ვირჩევ.
  • ვახდენ სასწავლო რესურსებისა და ტექნიკების დიფერენცირებას სხვადასხვა შესაძლებლობებისა და სწავლის სტილის მოსწავლეების საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად შესაბამისი მზაობის მიხედვით.
დიფერენცირება კლასის მართვის აუცილებელი მოთხოვნაა. ვცდილობ, შინაარსობრივი მასალა ყველასთვის იდენტური იყოს. დიფერენცირების ეფექტური საშუალებაა ჯგუფური ან ინდივიდუალური პროექტები. ინსტრუქციებს ვაძლევ წერილობით და დავალებასთან ერთად გადავცემ. ვხელმძღვანელობ მულტისენსორული სწავლების პრინციპით.
  • მოსწავლეთა შეთანხმების საფუძველზე განვსაზღვრავ შეფასების რეალისტურ პროცედურებს (შეფასება-კომენტარებით, სიმბლოებით, ბილეთებით). შეფასების ეფექტური სტრატეგიის გეგმის შედგენა ურთულესი ამოცანაა. მაქსიმალურად ვცდილობ გამოვიყენო ავტომატიზებული შეფასების ფორმები. თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების მეთოდები.

გამოყენებული ლიტერატურა:
  1. მარზანო, კლასის მართვა
  2. ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადი ნაწილი
წყარო : http://mastsavlebeli.ge/

სამაგიდო თამაშები – სასწავლო წლის ხალისიანი ბოლო კვირა




რა უნდა იყოს იმაზე დიდი ბედნიერება, როცა მასწავლებელი ცდილობს მოსწავლეთათვის ხალისიანი სასწავლო გარემოს შექმნას; მათი სურვილების გათვალისწინებით  საინტერესო, ინტერაქტიური დავალებების შექმნას; და რაც ყველაზე დიდ ბედნიერებას ანიჭებს ბავშვებს – თამაშით სწავლებას.
ყოველი სასწავლო წლის დასასრულს ვეძებ რაღაც განსხვავებულს, სახალისოს. როდესაც  ცხელა და რაღაცნაირად მოსაწყენი ხდება სკოლაში სიარული, მართლა ძნელია მოსწავლეების ყურადღების კონცენტრირება და ძალაუნებურად პატარ-პატარა თამაშებით ვცდილობ ხოლმე ამ დღეების გახალისებას.
სკოლის დამთავრებამდე ერთი თვით ადრე, ჩემს ჭკვიან მეოთხეკლასელებს შევთავაზე, ეფიქრათ ისეთი სამაგიდო თამაშების შექმნაზე, რომლებიც სახალისოც იქნებოდა და ამავდროულად,  წლის განმავლობაში ქართულ ენასა და ლიტერატურაში შესწავლილი მასალის გამეორებას შეუწყობდა ხელს.
გულწრფელად გეტყვით, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რაც მათ შეძლეს. მუშაობდნენ წყვილებში, ოთხეულში (სურვილისამებრ) და ბოლოს, სამოდელო გაკვეთილზე, მაღალ დონეზე შესრულებული სამაგიდო თამაშები წარადგინეს.
ოცნებობენ, მოიპოვონ დაფინანსება, რათა მათ მიერ შექმნილი თამაშები ბევრი ბავშვისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ამავდროულად, სურვილი აქვთ, პოპულარიზაცია გაუწიონ საკუთარ ნამუშევრებს.
ყველაზე მეტად, რამაც უდიდესი სიხარული მომგვარა, ის იყო, რომ თავიანთი ჩანაფიქრის განხორციელება შეძლეს აბსოლუტურად ჩემგან ჩაურევლად. ვხედავდი, ერთმანეთში როგორ აზუსტებდნენ დეტალებს, არ მოდიოდნენ ჩემთან, და არც მე ვუსწორებდი რამეს.
საბოლოოდ, მოსწავლეებმა, წყვილებში და ოთხეულში შექმნეს სრულიად ორიგინალური, განსხვავებული და შემეცნებითი ექვსი სამაგიდო თამაში.


,,ცისარტყელას ლექსიკონი’’, რომელშიც ცისარტყელას ფერები განსაზღვრავს დავალების პირობას, რა სირთულის სიტყვები უნდა განმარტონ მოსწავლეებმა.





,,გამოიყენე შენი ცოდნა’’ – სათამაშო დაფაზე და კონვერტებში განთავსებულია ანდაზები, ფრაზეოლოგიზმები, მეტყველების ნაწილები, ნაწარმოებების სათაურები, დაუსრულებელი  წინადადებები. სადაც კამათელი გაჩერდება, მინიშნებით ეძებენ მოსწავლეები შესაბამის კონვერტს.


,,მოთხრობანა’’  –  სათამაშო დაფაზე განთავსებულია ილუსტრაციები. რომელ ილუსტრაციაზეც კამათელი გაჩერდება, ამის მიხედვით მოთამაშეები ადგენენ  წინადადებებს, შემდეგ – მოთხრობებს.

,,გაიქეცი სიტყვების ტყვეობიდან’’ – სათამაშო დაფაზე, ,,ა’’-დან ,,ჰ’’-მდე ასო-ბგერების ,,ტყვეობაში’’, განთავსებულია ლაბირინთი, უამრავი პირობითი ნიშანი და ისარი, რომელთა დახმარებით მოთამაშეებმა უნდა ახსნან სიტყვები; გაიხსენონ ანდაზები ობობას ქსელიდან თავის დასაღწევად; დაალაგონ არეული წინადადებები, კასრიდან რომ ამოვიდნენ; განმარტონ რთული სიტყვები, ხიდი რომ ააშენონ; უნდა შეადგინონ წინადადებები, რომლებიც გვირაბიდან გამოსვლაში უნდა დაეხმაროს ნაწარმოებების პერსონაჟებს.

,,გამოცანები’’ – ფერად  ყუთებში მოთავსებულია ფურცლებზე დაწერილი გამოცანები. სათამაშო დაფაზე განთავსებული პირობითი ნიშნების, ნაწარმოებების პერსონაჟებისა და ისრების დახმარებით მოთამაშეებმა უნდა გამოიცნონ და ამავდროულად, თვითონ მოიფიქრონ გამოცანები.

 

,,ამოუხსნელი ლექსიკონი’’ – სათამაშო დაფაზე განთავსებულია ორიგინალური დავალებები: ,,განმარტე სიტყვა 20 სხვადასხვა მნიშვნელობით’’, ,,ახლა დაისვენეთ რთული სიტყვებისგან’’, ,,კარგი’’ და ,,ცუდი’’ ბარათები. სწორად ახსნილი სიტყვები ფასდება  10000 ქულით.



ასეთი სახალისო იყო ჩემი მოსწავლეებისთვის სასწავლო წლის ბოლო ცხელი კვირა.
განსაკუთრებულად უხაროდათ, როცა სხვა კლასის მოსწავლეებს უზიარებდნენ და მათთან ერთად თამაშობდნენ, ან დროებით ათხოვებდნენ სათამაშოდ…
და როცა, პირობის თანახმად შემახსენეს, როდის ექნებოდათ საფინალო შემაჯამებელი გაკვეთილი, სწორედ მაშინ აღმოაჩინეს, რომ უკვე შეჯამებული ჰქონდათ მთელი წლის გარჯის შედეგად მიღებული ცოდნა.
 წყარო : http://mastsavlebeli.ge/ 

როგორ დავეხმაროთ ბავშვს შიშებთან გამკლავებაში





შიშის გრძნობა ბუნებრივია პატარა ბავშვისთვის. არის შიშები, რაც მხოლოდ გარკვეული ასაკისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვი იზრდება და ეს შიშები ასაკთან ერთად ქრება. მაგალითად, პატარებს ეშინიათ მკვეთრი ხმების, დედის გარეშე მარტო დარჩენის და ა.შ. სკოლის ასაკის ბავშვებს ხშირად ეშინიათ ცუდი ნიშნების და თანატოლების დაცინვის(მაგალითად, იმის გამო,თუ როგორ გამოიყურება).  მათი გადალახვის პროცესში ბავშვი ფსიქოლოგიურად იზრდება. მაგრამ ყველაფერი კარგია ზომიერების ფარგლებში. შიშები-მათი რაოდენობა და მოქმედების ძალა-ასატანი უნდა იყოს ბავშვის ფსიქიკისთვის. თუ ამასთან გამკლავება ბავშვს უჭირს, მას უნდა დავეხმაროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შიში ნევროზში, უძილობაში, შემდგომში კი, შესაძლოა, უფრო სერიოზულ დაავადებაში  გადაიზარდოს-მაშინ კი უკვე სპეციალისტის ჩართვა გახდება საჭირო.
ნუ გეშინია!
      საიდან ჩნდება ბავშვური შიშები?
        ბავშვური შიშების ჯგუფები
1.მეშინია, რომ კუდიანი დედაბერი წამიყვანს(მშობლებისაგან ინიცირებული შიშები)
მაგალითად,როცა დედა დიდხანს არ მიდის მტირალ ბავშვთან, ან მუდმივად ზღუდავს მის ქცევებს -„იქ არ ახვიდე, თორემ  წაიქცევი“,’ ’დანა არ აიღო, თორემ  ხელს გაიჭრი’’ და ა.შ. ან აფრთხილებს: „ეს გოგონა ცუდია, ის ბიჭი კი ხულიგანია“. ბევრი დედა და ბებია ჭირვეულ ბავშვს კუდიანი დედაბრით აშინებს,ზოგიც ცუდი ძიათი,მგელით,რომელიც წაიყვანს ,თუ დამჯერი არ იქნება. ამ სიტუაციაში არ უნდა გაგვიკვირდეს,რომ ბავშვი ღამღამობით იღვიძებს და ყვირის. დააკვირდით საკუთარ თავს, სხვებთან საუბარში ხშირად იყენებთ თუ არა სიტყვებს „მე მეშინია, რომ…“.ბავშვები მგრძნობიარედ აღიქვამენ უფროსების მდგომარეობას,მათ საკუთარ თავში დაურწმუნებლობას,შფოთვას,განცდებს და თვითონაც განიცდიან. ამას გარდა,პატარა ბავშვი ვერ ხვდება, ყოველთვის კეთილი და ალერსიანი დედა რატომ ბრაზობს და სჯის.მას არ შეუძლია დედის მიმართ აგრესიის გამოხატვა. აქედან ჩნდება მონსტრების ნეგატიური პერსონაჟები, რომელთა გამოყენებითაც ნეგატიური ემოციების გამოხატვა ხდება.
2.მეშინია საწოლის ქვეშ დამალული მონსტრის
შიში რაღაც კონკრეტულის მიმართ-სიბნელის, მარტოობის, სიკვდილის, ძაღლის, სკოლაში ცუდი შეფასებების, მულტფილმების პერსონაჟი მონსტრების.
მათთან გამკლავება ყველაზე ადვილია. ბავშვს წყნარად და მოთმინებით უნდა აუხსნათ ასეთი შიშების უსაფუძვლობა. აჩვენეთ,როგორაა მოწყობილი ეს „საშიში’’ მექანიზმი,როგორ მუშაობს(მაგალითად,როცა მტვერსასრუტის ან ფენის ეშინია).

3.მეშინია,მაგრამ არ ვიცი რისი
(გაუაზრებელი შიში,რომელიც თითქოს არაფერთანაა დაკავშირებული)
დაელაპარაკეთ ბავშვს, ერთად გაიხსენეთ, რის მერე დაეწყო ეს შიშები,რა მოვლენები უძღოდა წინ. შესაძლოა, ეს საშიში მულტფილმი იყო ან „დიდების კინო“, თქვენი ჩხუბი მეუღლესთან(რაც მეტად ჩხუბობენ მშობლები,მით მეტი შიში უჩნდება ბავშვს),რაღაც შემთხვევა სეირნობის დროს(მაგალითად,უცხო ძაღლმა საკბენად გაიწია) ან ვიღაცამ აწყენინა ბაღში თუ სკოლაში.
4.მეშინია,რადგანაც ასეა საჭირო
თავის შიშებზე ლაპარაკით ბავშვი მანიპულირებს მშობლებთან. მაგალითად, როცა მას ყურადღების მიქცევა სურს, დედასთან მეტი დროის გატარება უნდა. ან სურს მშობლების საწოლში დაიძინოს, თუმცა ის ამისთვის უკვე დიდია. თუ ეს ასეა, უნდა გავაგებინოთ, რომ მივხვდით მის „ოინებს“ და ავუხსნათ, რომ არის დრო გამოყოფილი მისთვის და არის სხვა საქმეებისთვის. თუ ის მიჩვეულია დედასთან ძილს, ეცადეთ შეუცვალოთ ეს რიტუალი. მაგალითად,ბავშვთან წოლა ჩაანაცვლეთ ძილის წინ წიგნის კითხვით. შემდეგ შეგიძლიათ 5-10 წუთი ჩამოუჯდეთ საწოლთან, განიხილოთ დღის ამბები, შემდეგი დღის გეგმები, გაესაუბროთ და შემდეგ კვლავ მარტო დატოვოთ. აუხსენით,რომ ახლა მშობლების ერთმანეთთან ურთიერთობის დროა, მასთან ყოფნის დრო კი ამოიწურა. ეცადეთ, არ დაყვეთ მის მანიპულაციებს. შეუძლებელია ბავშვის მოთხოვნების მუდმივად შესრულება,ადრე თუ გვიან ის უნდა მიეჩვიოს დამოუკიდებლობას.

როგორ დავეხმაროთ ბავშვს გაუმკლავდეს შიშებს?
-მეტი ყურადღება მიაქციეთ;
-ხშირად ჩაისვით მუხლებში, მოეხვიეთ, ხელი  მოკიდეთ, საუბრის დროს თვალებში უყურეთ;
-ხშირად უთხარით, რომ გიყვართ და ყოველთვის მზად ხართ დაიცვათ;
-ეცადეთ, დაწვრილებით მოაყოლოთ, როგორ გამოიყურება  მონსტრები, რომლისაც ეშინია, როგორი თავი და კიდურები აქვთ, შემდეგ დაახატინეთ ან გამოაძერწინეთ(თუ ეს ხელეწიფება) საშიში მონსტრი. რაღაც აბსტრაქტული ყოველთვის უფრო საშიშია, ვიდრე კონკრეტული. როდესაც მტერს კარგად ვიცნობთ, ის ისეთი საშიში აღარაა, მასთან ბრძოლა უფრო ადვილია. ამის შემდეგ დახატული მონსტრი შეიძლება დაწვათ (მასვე გააკეთებინოთ ეს და შემდეგ წყალი დაასხას) ან დახიოს.მისაღებია განადგურების ყველა გზა-ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული;
-ჩართეთ იუმორი. მაგალითად, საიდუმლოდ უთხარით ბავშვს, რომ ამ „საშინელებას“  ხმაურის ეშინია. ამიტომ კუთხეში დამალული მონსტრის შეშინება ხმამაღალი სიმღერით, ტაშით და ა.შ. განახორციელეთ და ისინი გაიქცევიან;
-აუხსენით. საშიშროებას (მაგ. საშიში ჩრდილები, ქუჩიდან ხმაური,  მეხის ხმა) სავსებით ლოგიკური ახსნა გააჩნია.
„როგორ მომაბეზრე თავი“ და კიდევ 6 ფრაზა,რომლის თქმაც არ შეიძლება ბავშვისთვის

რისი გაკეთება არ შეიძლება მშობლისთვის,როდესაც ბავშვს რაღაცის ეშინია?
არ დასაჯოთ გამოვლენილი სიმხდალისთვის. უარესი იქნება თუ ბავშვი, რომელსაც თქვენი სიყვარულის დაკარგვა არ სურს, დაგიმალავთ, რომ რაღაცის ეშინია. შიშები ღრმად გაუჯდება და ნევროზად გადაიქცევა. მისგან თავის დაღწევა კი გაცილებით რთულია;
-ბავშვის თანდასწრებით ნუ გაარკვევთ ურთიერთობებს მეუღლესთან ან ოჯახის სხვა წევრებთან. სახლში ნერვული, შფოთიანი ატმოსფერო ხელს უწყობს ბავშვის შიშების გააქტიურებას. რაც ნაკლები სიყვარულია ოჯახში, მით მეტია შიში.
-არ დააძალოთ ბავშვს შიშის გადალახვა. მაგალითად, თუ  მას ძაღლების ეშინია, არ აიძულოთ  ხელის გადასმა და მოფერება. სჯობს, თავდაპირველად შორიდან დააკვირდეთ, უსაფრთხო მანძილიდან;
-აარიდეთ ძილის წინ „საშიშ ფილმებს“. სჯობს, წიგნი წაუკითხოთ ან რომელიმე კეთილ მულტფილმს უყუროს;
-არასდროს შეარცხვინოთ და დასცინოთ შიშის გამო;
-არ დაუძახოთ „მშიშარა’’, არ უთხრათ ფრაზები „რა გოგოსავით იქცევი’’, ‘’ბიჭებს არ უნდა ეშინოდეთ“და სხვ.

                           კითხვები და პასუხები
1.შვილი გვთხოვს დაბადების დღეზე საჩუქრად  სათამაშო მონსტრს. შეიძლება ვუყიდოთ საშიში სათამაშოები?
-გავრცელებულია აზრი, რომ ბავშვს არ უნდა ჰქონდეს საშიში სათამაშოები. ამიტომ ბევრი მშობელი სპეციალურად ყიდულობს ლამაზ, რბილ სათამაშოებს. ეს არაა სწორი. ასევე არასწორია სათამაშოებს დაყოფა გენდერული ნიშნით-თოჯინები-მხოლოდ გოგონებისთვის, მანქანები-მხოლოდ ბიჭებისთვის. სათამაშო მონსტრები საჭიროა! ბავშვს შეუძლია თამაშში მათი გატეხვა, „მოკვლა“, ამით ის კლავს საკუთარ შიშებს,ამცირებს შფოთვის ხარისხს და შინაგანად წყნარდება. საბავშვო პისტოლეტები და იარაღიც უნდა იყოს ზომიერად. როდესაც ბავშვი „ომობანას“ თამაშობს, აგრესიას და ნეგატიურ ენერგიას გარეთ გამოისვრის. მშობლები მხოლოდ უნდა დაეხმარონ,  ეს ადეკვატურად მოხდეს.
2.დედა, ჩვენ მოვკვდებით? როგორ ვილაპარაკოთ ბავშვთან სიკვდილის თემაზე
ყველა შიში გარკვეულწილად არყოფნის შიშია, სიკვდილის შიში  ბავშვების უმრავლესობას აწუხებს. ბავშვები ადრეული ასაკიდან ეჯახებიან სიკვდილის თემას-მკვდარი ხოჭო, მულტფილმების შინაარსი, ამიტომ ამ თემიდან გაქცევა არ არის სასურველი. დაელაპარაკეთ ამ თემაზე, გაურკვევლობა უფრო საშიშია. მოუყევით,რომ ყველა ცოცხალ არსებას თავისი სიცოცხლის ციკლი აქვს-დაბადება, გაზრდა და სიკვდილი. ჯობია, თავი აარიდოთ განსაზღვრებას, რომ სიკვდილი-მუდმივი ძილია. ამან შეიძლება დაძინების შიში გამოიწვიოს. ბავშვებს სიკვდილის, უპირველეს ყოვლისა,  მშობლების გარეშე  დარჩენის გამო ეშინიათ. აუხსენით, რომ ეს ძალიან დიდი ხნის შემდეგ მოხდება, ჯერ ის უნდა გაიზარდოს, თვითონ ყავდეს შვილები,  ბევრი საინტერესო უნდა მოხდეს მის ცხოვრებაში. რა ხდება სიკვდილის შემდეგ? ეს თქვენი საკუთარი მოსაზრებით შეგიძლიათ აუხსნათ: მაგალითად,რომ კვდება მხოლოდ სხეული,სული კი უკვდავია და ა.შ.
წყარო : http://mastsavlebeli.ge/

ბავშვების აღზრდის ათი მარტივი რჩევა





ბავშვების აღზრდის მეთოდებით დაინტერესებული მკითხველი, ვფიქრობ, მიეჩვია იმ გარემოებას, რომ ვცდილობ ზოგჯერ ნაცნობი, ზოგჯერ ნაკლებად ცნობილი და ზოგჯერ ქართული საზოგადოებისათვის სრულიად უცნობი ავტორები შევარჩიო. ამჯერად ახალ ზელანდიელი პრაქტიკოსი ფსიქოლოგი ნაიჯელ ლატა მინდა გაგაცნოთ. ის თითქმის ოცწლიანი სტაჟის მქონე სპეციალისტია და როგორც მის შესახებ ინფორმაციაში წერია: მას სრულებით „უიმედო“ შემთხვევების ექსპერტად თვლიან.
ნაიჯელ ლატა (Nigel Latta) თვრამეტი წლის ასაკში საკუთარი მშობლიური პატარა პროვინციული ქალაქ ოამარუდან ოტაგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ზოოლოგიაში, შემდეგ კი მაგისტრის ხარისხი საზღვაო ფლორისა და ფაუნის შესწავლაში. მოგვიანებით ნაიჯელ ლატამ ოკლენდის უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და მიიღო ფსიქოლოგიის დოქტორის ხარისხი. ფსიქოლოგის პროფესიული მოღვაწეობა სხვადასხვა სფეროებს მოიცავს. კერძოდ, ის მოღვაწეობს სასამართლო-სამედიცინო ფსიქოლოგიაში და მუშაობს, ე.წ. „უიმედო“ შემთხვევად შეფასებულ ბავშვებთან. ნაიჯელ ლატა დახმარებას უწევს ოჯახებს და პარალელურად ატარებს კონსულტაციებს სახელმწიფო  და კერძო დაწესებულებებში მთელი ახალი ზელანდიის მასშტაბით. ამ სიაში არიან: თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები, გამოსასწორებელი დაწესებულებები და პოლიციის განყოფილებები, რომლებშიც ბავშვები და ახალგაზრდები ხვდებიან.
მოდით, ახლა იმ ათ წესს გავეცნოთ, რომლებიც, ფსიქოლოგის აზრით, უმნიშვნელოვანესია ბავშვების აღზრდაში. „ყოველთვის, როდესაც ახალ ოჯახს ვეცნობი – იწყებს ნაიჯელ ლატა – ვცდილობ, მარტივ წესებს მივსდიო. თავდაპირველად, უფროსებს ისინი შესაძლებელია ცოტათი უცნაური და გაუგებარიც კი მოეჩვენოს, ამიტომ საჭიროა ავუხსნათ მათ, რას უნდა მიაქციონ ყურადღება პირველ რიგში. მშობლებმა წესები უნდა შეიმუშაონ, როგორც ბავშვებისთვის ასევე, საკუთარი თავისთვისაც. წესების გარეშე ძალიან ადვილია დასახული მიზნიდან გადახვევა. წესები ეს არის პრინციპები, რომლებიც ეხმარებიან უფროსებს დასახული მიზნის მიღწევაში და რაც მთავარია, მათი მეშვეობით ადვილად გაერკვევით სიტუაციაში და მიხვდებით რისი გაკეთებაა იმ მომენტში ოპტიმალური.
„ჩემი პროფესიული კარიერის მანძილზე ათასობით ბავშვთან მქონია ურთიერთობა, და საკუთარი ორიც გავზარდე“. ამბობს ნაიჯელ ლატა და განაგრძობს: – „არსებობს აღზრდის ათი ძირითადი წესი, რომელიც მინიმუმ იქამდე მაინც უნდა დაიმახსოვროთ, სანამ თქვენი შვილები გაიზრდებიან და დამოუკიდებელ ცხოვრებას დაიწყებენ. ეს წესები იმით არის კარგი, რომ ისინი ყველგან და ყოველთვის მოქმედებენ და თუ ერთხელ დაიმახსოვრებთ მათ, აღარ დაგჭირდებათ დამატებითი წესების შემუშავებაზე დროის ხარჯვა. ჩემი რჩევაა: ისინი მეხსიერებაში „ხელმისაწვდომ“ ადგილას შეინახოთ, რათა საჭიროების შემთხვევაში ადვილად შეძლოთ მათი გამოყენება. მაშ ასე,
1.                   სამი უმთავრესი სიტყვა „ურთიერთობები, ურთიერთობები და კიდევ ერთხელ ურთიერთობები“.
„ეს ყველაზე მნიშვნელოვანი წესია და ამიტომაც არის ნომერ პირველი. შესაძლებელია თქვენ დაგავიწყდეთ დანარჩენი წესი, მაგრამ ეს პირველი წესი არ ექვემდებარება დავიწყებას, რადგან ის, ვისაც ეს წესი დაავიწყდება, ყველაფრის დაკარგვის რისკის წინაშე აღმოჩნდება“. აი ასე კატეგორიულად აფასებს პირველ წესს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგი და განმარტავს: „ბავშვებზე კონტროლი ადვილი დასამყარებელია თუნდაც მათი დაშინებით, მაგრამ ადრე თუ გვიან პატარები გაიზრდებიან და აღარ შეეშინდებათ უფროსების. უფრო მეტიც, შესაძლებელია როლები შეიცვალოს და მაშინ უკვე უფროსების ჯერი დადგება და მათ ადგილას ყოფნა არც თუ ისე სახარბიელო გახდება. მე მინახავს ოჯახები, რომლებშიც ბავშვები კარგად იქცევიან მხოლოდ შიშის გამო და ეს ოჯახები სულაც არ არიან ბედნიერები. ბავშვებში დისციპლინის გამომუშავება შესაძლებელია მხოლოდ მათდამი პატივისცემის გამომჟღავნებით. მთელი ჩემი პათოსი მიმართულია იქითკენ, რომ ბავშვებს პატივი უნდა ვცეთ, ვეცადოთ მათთან კარგი ურთიერთობები დავამყაროთ. სწორედ ამაზეა დამოკიდებული მათი ქცევები და ის, თუ როგორ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან ისინი მომავალში.
მშობლების უმთავრესი ამოცანაა, ასწავლონ შვილებს გარშემო მყოფ ადამიანებთან ურთიერთობები, აქ კი პირველ რიგში თქვენ მათი მშობლები იგულისხმებით. ამ ამოცანის მიღწევა ძირითადად გულწრფელი ადამიანური ურთიერთობების საფუძველზეა შესაძლებელი. ჩადეთ მთელი ძალისხმევა ბავშვებისადმი პატივისცემის გარემოში ურთიერთობების წარმართვაზე და 98,6 პროცენტ შემთხვევაში პოზიტიური შედეგი გარანტირებული გექნებათ.
2.                   ბავშვების სიყვარული ადვილია, მაგრამ ამ სიყვარულით სიამოვნების მიღება – რთული.  
ბავშვების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მშობლებს ისინი უყვართ მაშინაც კი, როცა ისინი მათ სჯიან ან უყურადღებოდ ექცევიან. პატარებისათვის თავისთავად ცხადი რეალობაა, რომ ისინი უნდა უყვარდეთ. იმავეს თქმა არ შეიძლება სიმპათიის გამოხატვაზე, ანუ ჩემთან მოხვედრილი ბავშვების უმეტესობას ჰქონია განცდა, რომ ისინი არც თუ ისე ძალიან მოსწონთ გარშემო მყოფ ადამიანებს. უფრო მეტიც, ბავშვების გარკვეული ნაწილი დარწმუნებულიც კი იყო, რომ მშობლებს ისინი აღიზიანებენ. ამ დამოკიდებულების მიზეზი თავად მშობლები არიან, რომლებსაც ძალიან უჭირთ თავის შეკავება საკუთარი შვილებისადმი ნეგატიური ფრაზების გამოყენებისაგან. ბავშვებისათვის აუცილებელია ჰქონდეთ განცდა, რომ მშობლები მათ მიმართ სიმპათიით არიან განწყობილი. სიყვარული ეს ავტომატური გრძნობაა, ანუ უყვართ ისე თავისთავად და არა რაიმე მიზეზით. სიმპათია – კი არის ის, როდესაც შენთვის საინტერესოა სხვა ადამიანთან ურთიერთობა, როდესაც სიამოვნებას იღებ მის გვერდით ყოფნისას. ოჯახის წევრებს შორის თავისუფალი, იუმორითა და სასიამოვნო საუბრებით სავსე გარემო ეს სწორედ მათი ერთმანეთის მიმართ სიმპათიის გამოხატულებაა. მე, როგორც ფსიქოლოგი საგულისხმოდ მივიჩნევ სიტუაციას, როდესაც ოჯახში მკაცრი, დაძაბული ურთიერთობებია, ანუ დარღვეულია წესრიგი. ოჯახში დისციპლინა და წესრიგია – ესე იგი მათ შორის პატივისცემა, სიმპათიაა. მიმაჩნია, რომ ყველაზე შავბნელ ხასიათზე მყოფ ადამიანსაც შეუძლია სიყვარული, მაშინ როდესაც სიმპათიის გამოხატვისათვის აუცილებელია თუნდაც მცირე იუმორი და სიხარული.
3.                   ბავშვები – პირანიები არიან („პირანია“ – მტაცებელი თევზი).
ბავშვები პირანიები არიან, რომლებიც ყურადღებას საჭიროებენ, რომელსაც ხარბად მიირთმევენ კიდევაც. ბავშვებისათვის არასოდეს არ არის ყურადღება ზედმეტი, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელი ოღონდ კი ყურადღების ცენტრში მოექცნენ და ნებისმიერ საფასურს იხდიან ყურადღების მოსაპოვებლად თუნდაც ეს მათთვის ან გარშემომყოფებისათვის საზიანო იყოს. მშობლებმა მტკიცედ უნდა დაიმახსოვრონ, რადგან საკმარისია დაგავიწყდეთ, ბავშვები თქვენც დაგესხმებიან თავს. ბავშვებისათვის უმთავრესია რადაც არ უნდა დაუჯდეთ ყურადღების ცენტრში ყოფნა. და თუ არ გსურთ, რომ თქვენი სახლი გაუმაძღარი, ჭირვეული, მშიერი პირანიებს საცხოვრებელ ადგილად იქცეს, მუდმივად კვებეთ ისინი და სიმშვიდე გარანტირებული გექნებათ.
4.                   ყველაფერი კარგი წაახალისეთ, ყველაფერ ცუდს იგნორირება გაუკეთეთ.
თუ პირანიების ანალოგიას დაუბრუნდებით, მაშინ ასეთი წესი უნდა დაამკვიდროთ: თვალ-ყური ადევნეთ მათ საკვებს, ეს ყველა მშობელმა იცის, მაგრამ როდესაც საკუთარ შვილს ჭკუიდან გადაჰყავხარ, შესაძლებელია კიდეც დაგავიწყდეს, რომ საკვები ხელს უწყობს განვითარებასა და ზრდას. ამიტომ კარგ ქცევას უნდა გამოკვება და არა ცუდს. საკვებში იგულისხმება ყურადღება, რომელსაც კარგ საქციელს დავუთმობთ, ხოლო არასწორ ქცევას საერთოდ არ მივაქცევთ ყურადღებას ან უკიდურეს შემთხვევაში შევხვდებით მას ძალიან ცივი მზერით. ესე იგი, დავიხსომეთ: ვახალისებთ კარგ ქცევას და იგნორირებას ვუკეთებთ ცუდს.
5.                   ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები.
თუ თქვენ საკუთრ შვილებს საზღვრებს არ უწესებთ, უკაცრავად და იდიოტი ხართ. მაგალითად, ე.წ. თავისუფალი აღზრდის მომხრეები თვლიან, რომ ბავშვები თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ უკიდეგანო სამყაროში. ზარმაცი მშობლები ფიქრობენ, რომ უფრო კომფორტულია არაფერი აკეთო და ყველაფერი თავისთავად მოგვარდება. შფოთიანი მშობლები მიიჩნევენ, რომ არ არის საჭირო ძვირფასი შვილიკოების რაიმეთი შეზღუდვა. უნიათო მშობლები ამჯობინებენ საკუთარი შვილების მეგობრები იყვნენ, ვიდრე აღმზრდელები. სამწუხარო რეალობა კი ის არის, რომ ყველა ამ კატეგორიის მშობელი ადრე თუ გვიან ჩემს კაბინეტში ხვდება და სვამს ერთსა და იმავე შეკითხვას: „რატომ იქცევიან ჩვენი შვილები ასე საშინლად?“ იმიტომ, რომ ბავშვებს სჭირდებათ საზღვრები. განსაზღვრეთ წესები, დააწესეთ საზღვრები და ეცადეთ მათი მკაცრად დაცვა. არსებობენ პატარები, რომლებისთვისაც საკმარისია იმის ცოდნა, რომ არსებობს დაბრკოლება, სხვებს სჭირდებათ რამდენიმეჯერ პირისპირ შეჯახება, მაგრამ საზღვრები ყველასთვის აუცილებელია. პატარა ადამიანისთვის სამყარო საზღვრების გარეშე – შიშის მომგვრელია. საზღვრები ერთგვარად აფრთხილებენ ბავშვებს: ამის იქით არ შეიძლება და თანაც ის იცავს ბავშვის სამყაროს გარედან მომდინარე საფრთხეებისაგან.
6.     იყავით თანამიმდევრული.
მე შესანიშნავად მესმის, რომ ეს ძალიან ძნელია და რიტორიკულად ჟღერს. თავად ორი ბიჭის მამა ვარ და ხშირად ჩემთვის თანმიმდევრულობა ნიშნავს, ვიყო თანმიმდევრული და ვაკონტროლო საკუთარი ბრაზი, რათა „ფანჯრიდან არ გადავაგდო“ შვილები. ჰოდა, ახლა ჩემი რჩევა ასე ჟღერს: ეცადეთ იყოთ თანამიმდევრული. ეს თქვენ ყოველთვის არ გამოგივათ. ნუ დაამუნათებთ საკუთრ თავს ამის გამო და ნუ შეწყვეტთ ძალისხმევას იყოთ თანამიმდევრული.
7.                   ცუდი ქცევის პატიება არ შეიძლება.
მე არასდროს მესმოდა იმ მშობლების, რომლებიც ინდიფერენტული გამომეტყველებით უყურებენ საკუთარი შვილების ძალიან ცუდ საქციელს, ითმენენ მათგან სახეში მუშტების ქნევას და სხვა შეურაცხმყოფელ ქცევებს. რა თქმა უნდა, სრულიად შეუძლებელია ბავშვები მუდამ იდეალურად იქცეოდნენ. ისინი დროდადრო ცელქობენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ქცევას უნდა შევეგუოთ, რადგან შემდეგში საქმე უფრო გართულდება. ამავე დროს სულაც არ არის საჭირო ისეთ დიქტატორად იქცეთ, რომელიც დაუმორჩილობლობის სულ მცირე გამოვლინებასაც კი თრგუნავს. კამათი და საკუთარი განსხვავებული აზრის გამოთქმა – ეს ბუნებრივია. უპატივცემულობის გამოხატვა – ეს სულ სხვა საქმეა. კამათი ამტკიცებს, რომ თქვენ მშობლის საქმეს აკეთებთ – ბავშვებს ზრდით და მათ საკუთრი აზრის გამოხატვის საშუალებას აძლევთ. კამათი ძალიანაც სასარგებლოა, მაგრამ უპატივცემულობის წახალისება ყოვლად დაუშვებელია.
8.                   შეადგინეთ „სამოქმედო გეგმა“.
აღზრდა ვერ იტანს შემთხვევითობებს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოთ ბედნიერი შემთხვევის იმედად. თქვენ გჭირდებათ სამოქმედო გეგმა – ეს იმას ნიშნავს, რომ პერიოდულად, სანამ რამეს მოიმოქმედებდეთ ან სანამ რამე მოხდებოდეს, საჭიროა მშვიდად დაფიქრება. ნებისმიერ პრობლემას აქვს მიზეზი, რომლის მისაგნებად ზოგჯერ სიმშვიდის რამდენიმე წუთია საჭირო, ზოგჯერ უფრო მეტი. მთავარი კი ისაა, რომ აუცილებელია სამოქმედო გეგმის შედგენა. სწორედ ისე, როგორც ანდაზა ამბობს: „ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერი“.
9.                   ნებისმიერი საქციელი – ურთიერთობის გარკვეული ფორმაა.
ეს ძალიან მარტივი, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი პრინციპია. ბავშვების ქცევის ანალიზისას მე მუდამ ვხედავ იმის წინაპირობას, რომ პატარა ადამიანები ქცევით ცდილობენ გამოხატონ ის, რისი გამოთქმა სიტყვებით ან არ შეუძლიათ ან არ სურთ მისი გაკეთება. იმის მთავარი მიზეზი, რომ ბავშვები გაცილებით კარგად გამოხატავენ საკუთარ მოსაზრებებს ქცევებში, ზოგჯერ იმაში მდგომარეობს, რომ მათ სათანადო სიტყვების მარაგი არ გააჩნიათ. პატარებს ბევრი გრძნობა აქვთ და ცოტა სიტყვები, ამიტომ ისინი გრძნობებზე ქცევებით გვესაუბრებიან. ცუდი საქციელი – ეს უბრალოდ ცუდი საქციელი არ არის ეს ურთიერთობის, ყურადღების მიპყრობის საშუალებაა. თქვენი, როგორც მშობლის მოვალეობაა გაარკვიოთ, რის თქმას ცდილობს თქვენი შვილი საკუთარი საქციელით და თუ ამას მოახერხებთ ჩათვალეთ, რომ ძირითადი საქმე უკვე გაკეთებულია.
10.               არასოდეს ებრძლოთ ქაოსს
ბავშვების დაბადებასთან ერთად თქვენს ცხოვრებაში ქაოსი ისადგურებს. გახსოვდეთ, რომ როდესაც დიდი შტორმი იწყება, მაშინ რაიმე გრაფიკებზე საუბარი სრული უაზრობაა. ამის გაცნობიერების გარეშე თქვენ დაიწყებთ ყველაფერში საკუთრი თავისა და გარშემომყოფების დადანაშაულებას, დაიწყებთ გამოუსწორებლის გამოსწორებას და შესაძლოა სრული იმედგაცრუება განიცადოთ. თქვენ წარმოიდგინეთ ზოგჯერ ჩემს ოჯახშიც იწყება ხოლმე სიგიჟის ნამდვილი დღესასწაული. ასეთ დროს ყველაზე საუკეთესო გამოსავალია სადმე უსაფრთხო ადგილას განმარტოება მანამდე, სანამ ქარიშხალი გადაივლის. სტიქიასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან მას მაინც ვერ მოერევი. უბრლოდ, მართვის პულტს მაგრად ჩასჭიდეთ ხელი, თვალი ადევნეთ კომპასს და დაელოდეთ სანამ შტორმი ჩაცხრება. გირჩევთ, ნუ შეებრძოლებით იმას, რაც გარდაუვლად გეჩვენებათ. სიმართლე კი ის არის, რომ სხვა არჩევანი მაინც არ გაქვთ“.
თქვენ გაეცანით ნაწყვეტს ახალ ზელანდიელი ფსიქოლოგის ნაიჯელ ლატას წიგნიდან: „სანამ თქვენი შვილი საბოლოოდ გაგაგიჟებდეთ“.
წყარო : http://mastsavlebeli.ge/