Monday, April 29, 2019

მეგობარი გაკვეთილები: მულტიდისციპლინური მოდელის შესახებ

ინტეგრაცია, საგანთაშორისი კავშირები, გამჭოლი კომპეტენციები, სიღრმისეული სწავლა… ეს ტერმინები ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობია, თუმცა ჯერჯერობით ჭირს ზემოაღნიშნული მიმართულებების სასკოლო ცხოვრებაში ხარისხიანად დანერგვა, რადგან საგნობრივი სწავლების სტილი ყველა დისციპლინას საკუთარი შინაარსის ჩარჩოში ამწყვდევს.
როგორც ვიცით, ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვანია საგნებს შორის მჭიდრო კავშირების დამყარება. ფრაგმენტულად შეკავშირებული გაკვეთილებისგან (რამდენიმე საგნის მასწავლებლის მიერ ორგანიზებული საერთო გაკვეთილი) მნიშვნელოვნად განსხვავდება ხანგრძლივ ინტეგრაციაზე ორიენტირებული კურიკულუმი. უნდა აღინიშნოს, რომ ინტეგრირებული პროგრამით სწავლება საგანმანათლებლო სიახლეს წარმოადგენს და დღემდე დაკვირვებისა და დახვეწის პროცესშია.
განათლების ექსპერტები ხაზს უსვამენ სწავლა-სწავლების პროცესში სხვადასხვა საგანში მიღებული ცოდნისა და უნარების ურთიერთდაკავშირებისა და გამოყენების მნიშვნელობას. მათი აზრით, ახალი ცოდნა რეალურ ცხოვრებაში არსებულ მოთხოვნებს უნდა მიესადაგებოდეს, ანუ მოსწავლე უნდა ხედავდეს აწმყოში მისი გამოყენების საჭიროებას. ინტეგრირებული კურიკულუმი კი სწორედ ზემოაღნიშნულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.
საგანთა შორის მკაფიო კავშირების დამყარებაზე ორიენტირებული სასწავლო პროგრამა სიღრმისეული სწავლების ერთ-ერთ გზად მოიაზრება. გამოყოფენ რამდენიმე მოდელს: მულტიდისციპლინურს, ინტერდისციპლინურს, ინტრადისციპლინურს და ტრანსდისციპლინურს. ინტრადისციპლინურ მოდელს ერთ დისციპლინაში შემავალ საგნებს შორის კავშირების დასამყარებლად იყენებენ (მაგალითად მოვიყვან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, სადაც კავშირები მყარდება ბიოლოგიას, ქიმიას და ფიზიკას შორის). თემატურ კავშირთან ერთად ყურადღება ექცევა საერთო უნარ-ჩვევების ინტეგრირებულ განვითარებასაც. რაც შეეხება ინტერდისციპლინურ მოდელს, აქ აქცენტი დაისმის ინტერდისციპლინური უნარების განვითარებასა და ცოდნის მრავალმხრივ გააზრებაზე. მაგალითად, მუსიკის მასწავლებელმა შეიძლება მოსწავლეებს საკუთარი ხელით შეაქმნევინოს საკრავები, რის შედეგადაც იგი გამოიყენებს ხელოვნების მიმართულებისთვის დამახასიათებელ უნარებს, მათემატიკასთან დაკავშირებული გაზომვისა და სიმეტრიის საკითხების ცოდნას, ბუნებრივი და/ან ხელოვნური რესურსის სწორად შერჩევას (ბუნებისმეტყველება) და ამ გზით დაამყარებს კავშირს სხვა საგნებთან დაკავშირებულ ცოდნასა და უნარებთან. ტრანსდიციპლინური მოდელი კი მოსწავლეთა ინტერესებზე დაყრდნობით იგება და პასუხობს მათ მიერ დასმულ კითხვებს. აღნიშნული მოდელით სწავლისას მოსწავლეები ყველაზე ეფექტურად ივითარებენ ცხოვრებისეულ კონტექსტთან მჭიდროდ დაკავშირებულ უნარ-ჩვევებს და სიღრმისეულად გაიაზრებენ მიღებულ ცოდნას, რადგან საგნებს შორის მანძილი მინიმუმამდე მცირდება. ტრანსდისციპლინური მოდელის თანახმად, დისციპლინები ერთ მთლიან ორგანიზმს წარმოადგენს. აქ აქცენტი დაისმის არა კონკრეტულ საგანთან დაკავშირებულ ცოდნებსა და უნარებზე, არამედ ცნებებსა და კონცეფციებზე, რომლებსაც მოსწავლეები სხვადასხვა დისციპლინაში არსებული ცოდნებისა და უნარების მოძიება-დაუფლების გზით შეისწავლიან. ზემოაღნიშნული მოდელი შეგვიძლია გამოვიყენოთ პროექტული სწავლების დროს.
მულტიდისციპლინური მიდგომა საგნების თემატურ გაერთიანებას გულისხმობს. დისციპლინები შეიძლება გაერთიანდეს როგორც თემის, ისე უნარებისა და დამოკიდებულებების გარშემოც. სწავლება მიმდინარეობს სხვადასხვა დისციპლინის ფარგლებში, თუმცა თითოეული გაკვეთილი ქმნის ერთგვარ ჯაჭვს, ანუ ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენს შერჩეული თემის ამოწურვამდე. თუ სასწავლო ფოკუსს რომელიმე ცნების გააზრებისკენ მივმართავთ, ამ შემთხვევაშიც ინტეგრაციის პროცესში ჩართული ყველა საგანი მისივე შინაარსის ფარგლებში შეეცდება ცნების მნიშვნელობის გააზრებას.
მაგალითად, თუ ავიღებთ თემას „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ და მის გარშემო ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველების, მუსიკისა და ხელოვნების დისციპლინებს გავაერთიანებთ, ქართულის გაკვეთილებზე მოსწავლეები სიტყვა „ნახელავთან“ დაკავშირებულ ტექსტებს შეისწავლიან და თავადაც შეეცდებიან ხელნაკეთი ნივთების დამზადებას, რაშიც ხელოვნების გაკვეთილებზე გამომუშავებული უნარ-ჩვევები, მათემატიკის გაკვეთილებზე შესწავლილი სიბრტყითი და სივრცითი ფიგურების სპეციფიკა, ბუნებისმეტყველების მიმართულებით – ბუნებრივ და ხელოვნურ რესურსებთან მუშაობის გამოცდილება და მუსიკის გაკვეთილზე საკრავების შექმნის ტექნიკებზე დაკვირვება დაეხმარებათ. თითოეული თემის შესწავლისთვის გამოყოფილი დროის ამოწურვის შემდეგ სასურველია საერთო შემაჯამებელი პროექტის განხორციელება, რაც ცოდნისა და უნარების თავმოყრასა და ურთიერთდაკავშირებას საგრძნობლად გააადვილებს. თემატური ინტეგრაციის ხანგრძლივობა საერთო თემების რაოდენობასა და მათი დაფარვის დროზეა დამოკიდებული.
როგორც ვხედავთ, მულტიდისციპლინური მოდელით შექმნილი სასწავლო კურიკულუმი უმეტესად ფოკუსირებულია თემატურ კავშირებზე. იგი სიღრმისეულ ცოდნას გადასცემს საგნობრივი სწავლების ფორმატში. ტრანსდისციპლინური მოდელისგან განსხვავებით, დისციპლინური ცოდნა და უნარ-ჩვევები პრიორიტეტულია. თუმცა მასწავლებელი სწავლების პროცესში აქაც ფასილიტატორის როლს ირგებს. რაც შეეხება ინტეგრაციის ხარისხს, მიიჩნევა, რომ განსაკუთრებით მჭიდრო ინტეგრაცია ტრანსდისციპლინურ და ინტერდისციპლინურ მოდელებს ახასიათებს, თუმცა საგნობრივ სწავლებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო სივრცეს მულტიდისციპლინური მოდელი ყველაზე კარგად ერგება.
წელს, საკუთარი პრაქტიკის კვლევის ფარგლებში, კოლეგებთან ერთად მულტიდისციპლინური კურიკულუმის შედგენა განვიზრახე. კვლევის ჯგუფში გავერთიანდით ქართული ენის, მათემატიკის, ბუნებისმეტყველებისა და მუსიკის მასწავლებლები. თავიდანვე გამოიკვეთა, რომ მჭიდრო თანამშრომლობის გარეშე დასახული მიზნის მიღწევა გაგვიჭირდებოდა. ჯერ საკვანძო თემები შევარჩიეთ და საგაკვეთილო ბადეზე დაყრდნობით გაკვეთილების დაგეგმვა დავიწყეთ. უნდა აღინიშნოს, რომ მხოლოდ თემაზე დაყრდნობით ინდივიდუალური გეგმების დაწერა სირთულეს არ წარმოადგენდა, მაგრამ გაკვეთილების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესმა ინდივიდუალურ ნაშრომებში მნიშვნელოვანი ცვლილებების შეტანა მოითხოვა. როგორც ხედავთ, მხოლოდ თემის გარშემო გაერთიანება და საკუთარი დისციპლინის შინაარსზე დაყრდნობით სწავლება საკმარისი არ არის. თემატური ერთეულის თითოეული კვირის გაკვეთილები ერთმანეთის ლოგიკურ გაგრძელებას უნდა წარმოადგენდეს. როცა ეს „აღმოჩენა“ გავაკეთეთ, ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით და ე.წ. საერთო ინდიკატორებზე შეთანხმება გადავწყვიტეთ, ანუ გამოვყავით თემასთან დაკავშირებული ის საერთო დებულებები, რომლებიც სასწავლო თემას და თითოეული საგნის ინდიკატორებს ეხმიანებოდა. შემდეგ თითოეული აქტივობა მას მივუსადაგეთ და ჯაჭვის აწყობაც გაგვიადვილდა. საილუსტრაციოდ შემოგთავაზებთ კურიკულუმის ერთ-ერთი თემის „რატომ ქმნიან ადამიანები ნივთებს?“ საერთო კონცეფციებს:
  • ყველა ნივთს აქვს კონკრეტული დანიშნულება;
  • ადამიანი ნივთებს პირადი საჭიროების მიხედვით ქმნის;
  • ადამიანი ნივთებს ქმნის გართობის ან თვითგამოხატვის მიზნით;
  • მრავალი ნივთი მზადდება ბუნებაში არსებული რესურსით;
  • ერთი და იმავე საგნების დამზადების წესი და რესურსი დროთა განმავლობაში იცვლება და იხვეწება;
  • ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ ნივთების დამზადების გამოცდილებას.
თითოეული გაკვეთილისგან მთავარი აქცენტების გამოყოფით და საგაკვეთილო ბადის (გაკვეთილების თანმიმდევრობა) გათვალისწინებით, მე და ჩემმა კოლეგებმა შევიმუშავეთ ერთგვარი ინსტრუმენტი (სქემა), რომელიც ჩვენი კვლევის მთავარ მიგნებად იქცა. სქემაში თითოეული გაკვეთილის მიზნების გადატანამ ინტეგრაციის ჯაჭვის აგება საგრძნობლად გაგვიადვილა. ზემოაღნიშნული თემის პირველი კვირა კი ასეთიიყო:

მომდევნო წერილში ისევ მივუბრუნდები მულტიდისციპლინური კურიკულუმის შექმნის სპეციფიკას და ერთ-ერთ თემაზე მუშაობის პროცესში მიღებულ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

გამოყენებული ლიტერატურა:
Drake, S. M., & Burns, R. C. (2004). Meeting standards through integrated curriculum, 6-17. Association for Supervision and Curriculum Development
წყარო : http://mastsavlebeli.ge

მოდი, გამოვიგონოთ…

მგონია, რომ სწავლების დაწყებით საფეხურზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ბავშვის ფანტაზიისა და წარმოსახვის განვითარებაა. თუ ჩვენს მოსწავლეებს მივაჩვევთ, იფიქრონ, წარმოისახონ და საკუთარი სამყაროები შექმნან, სამომავლოდ აუცილებლად მოუნდებათ რაღაც ახლის გამოგონება, აღმოჩენა ნებისმიერი მიმართულებით, მათემატიკა იქნება ეს, ქიმია, ფიზიკა თუ ლიტერატურა.
ჩვენი მიზანი უნდა იყოს, ბავშვებმა არსებული, დაწესებული ჩარჩოების მიღმა დაიწყონ ფიქრი, არ დასჯერდნენ სახელმძღვანელოში მოცემულ ტექსტებს, ამოცანებს, თეორიებს, ფაქტებს – მოიძიონ, იფიქრონ, შექმნან საკუთარი. რატომ არ შეიძლება, დავალებად არა წიგნში დაბეჭდილი რომელიმე ავტორის ტექსტი მივცეთ, არამედ კლასშივე შექმნილი საკუთარი მოთხრობა და საკუთარი პერსონაჟები თავადვე დავახასიათებინოთ, საკუთარი ტექსტების დასასრული შევაცვლევინოთ და ალტერნატიულ გზებზე დავაფიქროთ?
წლის ბოლოს კი კლასის სახელმძღვანელო შევქმნათ და პრეზენტაციაც გავმართოთ.
მინდა, გაგიზიაროთ რამდენიმე აქტივობა და რესურსი, რომელთა დახმარებით თქვენი ბავშვები მიეჩვევიან ახლის შექმნას, გახდებიან გამბედავები, დაამარცხებენ მორცხვობას და შიშს, მკითხველებიდან, მსმენელებიდან ავტორებად და გამომგონებლებად იქცევიან.

ა ს ო ც ი ა ც ი ო ბ ა ნ ა
ეს ერთ-ერთი ყველაზე სახალისო რამაა, რისი კეთებაც გაკვეთილზე შეიძლება. მისი იდეა ასოციაციებით და სახეებით აზროვნებაა. ავითარებს შემოქმედებით ხედვას და წარმოსახვას.
მასწავლებელი ყოველგვარი შესავლის გარეშე ეუბნება ერთ-ერთ მოსწავლეს: „მითხარი სიტყვა, რომელიც, აი, ამ წამს გაგახსენდა“. მოსწავლე ამბობს, მაგალითად: „მზე“. მასწავლებელი ამ სიტყვას დაფაზე წერს ფერადი ცარცით ან მარკერით. მერე მეორე მოსწავლეს ეკითხება: „რა გაგახსენდა სიტყვა მზეზე?“ მოსწავლემ შესაძლოა თქვას: „კოსმოსი“. შემდეგ სხვა მოსწავლეს ვთხოვთ გვითხრას, რა გაახსენდა კოსმოსზე. ასე პროცესში მთელი კლასი ჩაერთვება და თითოეული მოასწავლე დაასახელებს იმ სიტყვას, რომელიც კონკრეტული სიტყვის გაგონებისას უცებ, ასოციაციურად მოუვიდა თავში. არ არის აუცილებელი, სიტყვებს შორის ლოგიკური კავშირი იყოს. შესაძლოა, ისინი საერთოდ არ შეესაბამებოდეს ერთმანეთს. საბოლოოდ სიტყვების მთელ ჯაჭვს ვიღებთ, მაგალითად, ასეთს:
მნიშვნელოვანია, თამაშში ყველა ბავშვი ჩაერთოს და ყველას ნათქვამი სიტყვა დაიწეროს დაფაზე. ბავშვებს ვთხოვთ, ამ სიტყვების გამოყენებით შეადგინონ პატარა ამბავი, რომელსაც ექნება ორიგინალური დასაწყისი, საინტერესო სათაური და ლოგიკური დასასრული. მათ უნდა გამოიყენონ ყველა სიტყვა და, რა თქმა უნდა, სხვა სიტყვების შეუზღუდავი რაოდენობა.
როდესაც ბავშვები წერას დაასრულებენ, ავტორის სკამზე კითხულობენ, მერე კი ერთად განვიხილავთ, როგორ შეიძლება ერთი და იმავე სიტყვებით სხვადასხვა ამბის მოფიქრება.

„კარგი სკოლას“ რესურსი
http://kargiskola.ge/dawere/ – შევდივართ მითითებულ ლინკზე და ვწერთ მოთხრობას. შესაძლოა, ბავშვებმა ინდივიდუალურად გამოთქვან მოსაზრებები და საბოლოოდ ტექსტი კლასის საერთო ნამუშევრად იქცეს. თუ ამბავი საინტერესო გამოვიდა და ბავშვებმაც გამოთქვეს სურვილი, საინტერესო იქნება ხელნაკეთი წიგნის დამზადება, რომელსაც მერე პრეზენტაციაზეც წარადგენთ, მოიწვევთ მშობლებს, ბავშვები წინასწარ იმუშავებენ წიგნის რეკლამაზე, დაამზადებენ სარეკლამო ბროშურებს და სხვ.

მათემატიკა როგორც ამბავი
ვამზადებთ სამ ქისას: რიცხვებისას, მოქმედებებისას და სიტყვებისას. ერთ ქისაში სიტყვები ყრია, მეორეში – რიცხვები, მესამეში – მოქმედებები. ბავშვები მუშაობენ წყვილებად. თითოეულმა წყვილმა ქისებიდან უნდა ამოიღოს: ხუთი სიტყვა, ორი რიცხვი და ერთი მოქმედება (რაოდენობა შეიძლება მიზნის შესაბამისად ცვალოთ) და მათი მეშვეობით შეადგინოს ამოცანა. საკუთარ ამოცანებს წყვილები ერთმანეთს უცვლიან და ხსნიან.

გამოიგონე თამაში
სამაგიდო თამაშის გამოგონება ის აქტივობაა, რომელიც ყველა ბავშვს ძალიან უყვარს. ამ დროს პროცესში ყველა ბავშვია ჩართული. სამაგიდო თამაშის შექმნა შეიძლება მათემატიკასაც მოარგოთ, ქართულსაც და ისტორიასაც. თავდაპირველად ბავშვებს თამაშის იდეისა და კონცეფციის მოფიქრებაში დაეხმარეთ, შემდეგ შეადგინეთ თამაშის წესები (ამ გზით მოსწავლეები, საზოგადოდ, წესების მნიშვნელობასა და საჭიროებასაც გაიაზრებენ), მოიფიქრეთ თამაშის შინაარსი, მაგალითად, მონაწილემ უნდა გადალახოს დაბრკოლებები და დავალებები მიიღოს ბარათებით ან სათამაშო დაფაზე იპოვოს დამალული გამოცანები. აღნიშნული აქტივობა შეგიძლიათ თემის შესაჯამებლადაც გამოიყენოთ. მაგალითად დავალებები ერთი კონკრეტული ტექსტიდან იყოს ან გამრავლება/გაყოფას ეხებოდეს. შეიძლება ცნობილი „მონოპოლიის“ სტილის თამაშის მოფიქრებაც. დიდ ფორმატზე ბავშვები ხატავენ თამაშის შინაარსის შესაფერის ფონს, ნაპირებს კი ყოფენ უჯრებად, რომლებიც დანომრილია ან სხვადასხვა სიმბოლოთია მონიშნული. ცალკე მზადდება ბარათები. ისინიც დანომრილია ან თამაშის დაფის იდენტური სიმბოლოებითაა გაფორმებული. მონაწილე აგორებს კამათელს. თუ ორიანი შეხვდა, დასაწყისიდან ორი უჯრით გადაადგილდება (გადაადგილებისთვის შეიძლება გამოიყენოთ ფიგურები, რომლებსაც ასევე ბავშვები დაამზადებენ) და რომელ ნომერზეც/სიმბოლოზეც მოხვდება, მის შესაბამის ბარათს მიიღებს, რომელზეც დავალება წერია. თუ ამოხსნა, უფლება აქვს, გააგრძელოს თამაში, თუ ვერა – ერთი უჯრით უკან იხევს (ამ წესსაც თამაშის შექმნისას ადგენენ). იმარჯვებს ის, ვინც თამაშის დასასრულამდე პირველი მივა.
შეიძლება ლაბირინთის დახატვაც. მოთამაშეებმა უნდა გაიარონ ლაბირინთი და გზადაგზა მასში მითითებული დავალებები შეასრულონ. სათამაშოდ შეიძლება სტუმრებიც მოვიწვიოთ. ასე მიღებული ინფორმაცია ბავშვებს არასდროს დაავიწყდებათ.
აღნიშნული აქტივობები ავითარებს შემოქმედებითობას, გამომგონებლობას, აღვივებს პოზიტიურ განწყობას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია სწავლის დაწყებით საფეხურზე.

წყარო http://mastsavlebeli.ge

წიგნის დღე სკოლაში

წიგნისა და საავტორო უფლებების მსოფლიო დღესასწაული 1996 წლიდან ყოველ 23 აპრილს აღინიშნება. მისი ფესვები კატალონიაში უნდა ვეძებოთ. ამ დღის მთავარ საჩუქარს წიგნები და ყვავილები წარმოადგენდა. აქედან მოდის ყველასათვის ცნობილი კამპანიის #აჩუქეწიგნი იდეა, რომელსაც ესპანეთში დღემდე იცავენ. 1923 წელს წიგნის გამყიდველების მიერ შექსპირისა და სერვანტესის გარდაცვალების დღეს მოწყობილი წიგნის ფესტივალი საერთაშორისო მოვლენად 1995 წელს იქცა. დღესასწაულის დაწესება იუნესკოს 28-ე სესიაზე 1995 წლის 15 ნოემბერს გადაწყდა. ინიციატივის მთავარ მიზანს წიგნის მნიშვნელობისა და საავტორო უფლებების დაცვის ხაზგასმა წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, დღესასწაულის მთავარ ღონისძიებად წიგნების გამოფენა-გაყიდვა დამკვიდრდა.
იუნესკოს ინიციატივა ყველაზე დიდი ენთუზიაზმით ნიდერლანდებში აიტაცეს. ისინი დღესასწაულს „თეთრი წიგნის კვირეულით“ აღნიშნავდნენ. მათ შეუერთდა დღესასწაულის ერთ-ერთი სიმბოლოს – შექსპირის სამშობლოც.
საქართველომ წიგნის დღის აღნიშვნა 2003 წლიდან დაიწყო. მას შემდეგ ჩვენს ქვეყანაშიც აქტიურად იმართება წიგნის პოპულარიზაციასთან დაკავშირებული აქტივობები.  ქართული გამომცემლობები წიგნის ბაზრობაზე გვეპატიჟებიან, სადაც მკითხველებს სასურველი წიგნების ფასდაკლებით შეძენა შეუძლიათ. ეს ბევრ ადამიანს აძლევს იმის საშუალებას, რომ შეიძინონ სასურველი წიგნები, როგორც სახლისთვის, ასევე საჩუქრად. ამას გარდა, ავტორთა წასახალისებლად იმართება სხვადასხვა ლიტერატურული კონკურსი.
23 აპრილი ასევე უკავშირდება საავტორო უფლებების დაცვას. გამომცემელთა აზრით, ჩვენს ქვეყანაში აღნიშნული უფლებები ხშირად ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ საავტორო უფლებების დამრღვევს სისხლის სამართლის კანონმდებლობით დასჯა ემუქრება (ფულადი ჯარიმა და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა), ეს პრობლემა მაინც აქტუალურია. საავტორო უფლებების დაცვაზე ხაზგასმის გარდა, ქართველი გამომცემლები ლიტერატურული კონკურსების ჩატარებით ცდილობენ ავტორთა წახალისებას (მაგალითად, წლის საუკეთესო მოთხრობა, წლის წიგნიერი პოლიტიკოსი/ჟურნალისტი/ბიზნესმენი და სხვ.) და გამარჯვებულთა ფულადი პრემიით დასაჩუქრებას. უმეტესად ფულადი ჯილდო ე.წ. ვაუჩერია, რომლის გამოყენებაც მხოლოდ წიგნის მაღაზიებში შეიძლება.

აპრილი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებისთვის სადღესასწაულო თვეა. ,,დედაენის“ დღესთან დაკავშირებული მრავალფეროვანი ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელების შემდეგ წიგნის საერთაშორისო დღის აღნიშვნისთვის ვემზადებით. მოსწავლეთა უმრავლესობას, როგორც წესი, ამ დღის შესახებ არაფერი სმენია. ამიტომ ჯერ მათ კატალონიელი ვაჭრების წამოწყებაზე –  საუკეთესო საჩუქრად წიგნისა და მასთან ერთად ყვავილების (ქალისთვის) და ვაშლების (მამაკაცისთვის) გადაცემის ტრადიციაზე ვუყვები. მოსწავლეებიდან ერთი მაინც გაიხსენებს ინიციატივას #აჩუქეწიგნი, რომელიც ჩვენმა სკოლამაც აიტაცა. მოსწავლეთა დაინტერესების წყალობით კი სკოლის ბიბლიოთეკა გაცილებით მრავალფეროვანი გახდა და კითხვის პოპულარიზაციასაც შეეწყო ხელი. შემდეგ საავტორო უფლებებზე საუბრის დროც დგება. პლაგიატის პრობლემაზე, როგორც წესი, ძალიან ცოტას თუ სმენია. ამიტომ, სკოლაში ამ თემის განხილვა და დებატების გამართვა ტრადიციად გვექცა. დებატებისთვის მომზადებას საავტორო უფლებების შესახებ საქართველოს კანონის გაცნობით ვიწყებთ.
ზემოაღნიშნული კანონის მეხუთე მუხლის თანახმად, ,,საავტორო უფლება ვრცელდება მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებზე, რომლებიც წარმოადგენს ინტელექტუალურ-შემოქმედებითი საქმიანობის შედეგს, განურჩევლად ნაწარმოების დანიშნულებისა, ავკარგიანობისა, ჟანრისა, მოცულობისა, გამოხატვის ფორმისა და საშუალებისა.“
კანონში ასევე ნათქვამია, რომ  იგი იცავს გამოუცემელ, საზოგადოებისთვის უცნობ ნაწარმოებებსაც. თუმცა აქვე აღნიშნულია, რომ საავტორო უფლებები არ ვრცელდება იდეებზე, სისტემებზე, პრინციპებზე, კონცეფციებზე და ა.შ. თუნდაც ისინი წერილობით იყოს ჩამოყალიბებული ან ილუსტრაციის სახით იყოს წარმოდგენილი.
რაც შეეხება პლაგიატს, იგი მეცნიერებისა და ხელოვნების დარგში სხვისი შემოქმედების, იდეებისა და გამოგონების გააზრებულ მითვისებას წარმოადგენს. სწორედ მსგავს დანაშაულს აღკვეთს ზემოაღნიშნული კანონი. პლაგიატის შემთხვევებს ყველაზე ხშირად სხვისი თხზულების თუ იდეის საკუთარი სახელით გამოქვეყნებისას ვხვდებით. შეიძლება ტექსტიდან მხოლოდ ფრაგმენტი იყოს ამოღებული დამოწმების ან სხვა მიზნით, თუმცა წყაროს მითითების წესების დარღვევით (ავტორის მიუთითებლობა და სხვ.) დამოწმებაც პლაგიატს წარმოადგენს.
პლაგიატის მთავარ ქმედებად ავტორობის მითვისება ითვლება. თუმცა არსებობს პლაგიატის სხვა სახეობაც, რომელსაც ,,პირატობას“ უწოდებენ (ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ კოპირება). აღნიშნული ფაქტიც არ გახლავთ გამართლებული, თუმცა იგი პლაგიატად მხოლოდ მაშინ იქცევა, თუ ,,ქურდი“ მოპარული ნაწარმის ავტორობას დაიბრალებს.
ტერმინის ,,პლაგიატი“ (ფრანგ. plagiat – ქურდობა, მიტაცება) გამოყენება ევროპელებმა XVII საუკუნიდან დაიწყეს. იგი თავიდან მონების გაყიდვას უკავშირდებოდა. მაშინ იდეების ქურდობაც პლაგიატად მიაჩნდათ. თუმცა დროთა განმავლობაში გამოიკვეთა ის ფაქტორი, რომ გასათვალისწინებელია იდეათა თანხვედრის ალბათობაც. ამას გარდა, ერთი ადამიანის შემოქმედებითი პროდუქტი ხშირად ხდება ინსპირაციის წყარო სხვა შემოქმედისთვის. აქედან გამომდინარე, ერთმანეთისგან აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ეს ორი შემთხვევა, რაშიც პლაგიატის ობიექტის განსაზღვრა დაგვეხმარება. როგორც საავტორო უფლებასთან დაკავშირებულ კანონში ამოვიკითხეთ, პლაგიატად იდეა კი არა, მისი გაფორმება ითვლება. შეიძლება სხვისი საკუთრების მითვისებაში იმ შემთხვევაშიც დაგადანაშაულონ, თუ ნამუშევრის შინაარსს კი არა, ინდივიდუალურ, კონკრეტული ავტორისთვის დამახასიათებელ სტრუქტურას მოირგებთ. გამონაკლისს წარმოადგენს დაკანონებული ლიტერატურული ფორმები, მოარული სიუჟეტები და პერსონაჟები, რომლებიც ერთი წიგნიდან, ქვეყნიდან თუ საუკუნიდან მეორეში ინაცვლებენ და ახალ თავგადასავალში ეხვევიან.
ზემოაღნიშნულ საკითხებზე დისკუსიას ინიციატივით #გააზიარეწიგნიგააზიარეემოცია ვაგრძელებთ. მოსწავლეები ,,კლასის ბესტსელერების“ შესარჩევ კონკურსში საყვარელ წიგნებზე დამზადებული პოსტერებით და პრეზენტაციებით ერთვებიან. აღნიშნული აქტივობის მთავარი დანიშნულება წიგნების და მათი ავტორების აუდიტორიისთვის ეფექტურად წარდგენაა. გამარჯვებული წიგნების წარმომადგენლები თავად ირჩევენ სასაჩუქრე წიგნებს. სკოლაში ასევე იმართება ,,კლასის კრებულის“ პრეზენტაციები, სადაც აღნიშნულ ინიციატივაში ჩართული კლასები აუდიტორიას თავიანთ შემოქმედებას წარუდგენენ.
23 აპრილს ნაფეხურები წარწერით – ,,მოდი, ვიკითხოთ“ ყველას სკოლის შემოსასვლელიდან ბიბლიოთეკამდე აცილებს, სკოლის ეზოს კი მოსწავლეთა საყვარელი პერსონაჟები ამშვენებს. კიბის საფეხურები წიგნის საუკეთესო თვისებებს გვახსენებენ, თემატური ფოტომასალით მორთული დერეფნები კი მთელ შენობას ბიბლიოთეკის ელფერს სძენს.
ჩემი აზრით, წიგნის დღის თემატური კინოჩვენებით დასრულება დღესასწაულს კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის. პატარებს შეუძლიათ მისტერ ლესმორის მფრინავი წიგნების სამყაროში იმოგზაურონ. ჩემი აზრით, ამ შესანიშნავი ანიმაციის ნახვის შემდეგ წიგნის მიმართ მათი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვლება.
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ასევე შეგვიძლია ვაჩვენოთ მიხაელ ენდეს ,,დაუსრულებელი ამბავი“, სადაც მკითხველებს წიგნის პერსონაჟად ქცევის შანსი ეძლევათ.
ასეთივე გზას გადის პატარა ტაილერი ფილმში ,,წიგნის გვერდების მბრძანებელი“. ჩემი აზრით, მოსწავლეებს ეს მოგზაურობაც აღაფრთოვანებთ.
თუ თქვენი უფროსკლასელი მოსწავლეები დაინტერესებულნი არიან რეალური ისტორიებით და მეორე მსოფლიო ომის შესახებაც გარკვეულ ინფორმაციას ფლობენ, მათთვის ორი წიგნის წარდგენას და მათ მიხედვით გადაღებული ფილმების ჩვენებას გირჩევთ. ,,წიგნის ქურდი“ ამავე სახელწოდების რომანის (ავტორი მარკუს ზუსაკი) მიხედვით გადაიღეს. მასში, როგორც მსოფლიოში სახელგანთქმული ებრაელი გოგონას – ანა ფრანკის უნიკალურ დღიურში, ომის მძიმე კადრების მიღმა, წიგნებისადმი უდიდესი სიყვარული იკითხება.
,,წიგნის ქურდი“
,,ანა ფრანკის დღიური“ http://net.adjara.com/Movie/main?id=1000901&serie=1&episode=1&season=1&q=SD&s=Russian
ფანტასტიკის მოყვარულებს კი ცეცხლის ალში გახვეული წიგნების სამყაროში მოგზაურობას ვურჩევ. რეი ბრედბერის ცნობილ რომანში (451º ფარენჰაიტით) მოთხრობილი ისტორია არც თუ ისე შორს დგას ზემოთ მოყვანილ ფილმებში გადმოცემული რეალობისგან. მეორე მსოფლიო ომის დროს ხომ უამრავი წიგნი დაწვეს საჯაროდ. მათ მიმართ გამოჩენილი ნებისმიერი ინტერესი და უკანონოდ შენახვა კი კანონით ისჯებოდა. ამ წერილის დასასრულად სწორედ ამ ფილმს გიტოვებთ და ვიმედოვნებ, რომ ადამიანები წიგნებს აღარასდროს დაწვავენ.



წყარო : http://mastsavlebeli.ge

„როგორ დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან“

ნორვეგიელი ფსიქოლოგი,  ქრისტინე აუდმაიერი, წიგნში: „როგორ  დავიცვათ ბავშვი სკოლაში დევნისაგან,   ავტორი საკუთარ გამოცდილებაზე უყვება მკითხველებს.
მაშ ასე, ქრისტინე აუდმაიერი წერს, რომ, როდესაც მან აღმოაჩინა, საკუთარ გოგონაზე თანატოლების მხრიდან დევნის შემთხვევა, მაშინვე დაურეკა კლასის დამრიგებელს, რათა მისთვის ყველაფერი მოეყოლა და იქვე გამოხატა აღშფოთება იმის გამო, რომ მისი გოგონა სკოლაში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობს. მასწავლებელმა არცთუ დიდი ენთუზიაზმი გამოხატა და ისიც კი მითხრა, რომ უნდა დამერეკა მშობლებისათვის განკუთვნილ დროს ანუ რამდენიმე დღის შემდეგ. „იმ წუთას მიმაჩნდა, რომ ამ საქმის განხილვის თუნდაც რამდენიმე დღით გადადება არაფრით არ შეიძლებოდა და რომ უსწრაფესად უნდა გატარებულიყო ადეკვატური ღონისძიებები სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან. სიმართლე უნდა ითქვას, რომ ახლა, როდესაც უკვე საკმაოდ დროა გასული იმ ავადსახსენებელი პერიოდიდან, ვხვდები, რომ ერთი-ორი დღე სერიოზულად არაფერს წყვეტს ასეთ საქმეში, მაგრამ აქვე ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერ მშობელს, რომელიც ჩემს მდგომარეობაში აღმოჩნდება ზუსტად ასეთი რეაქცია ექნება, რადგან მშობლები სასოწარკვეთაში ვარდებიან ბულინგის შესახებ ინფორმაციის გაგებისას“.
„სწორედ ამიტომ – ხაზგასმით წერს ნორვეგიელი ფსიქოლოგი – მინდა მშობლებს შევთავაზო რამდენიმე რჩევა, როგორ უნდა მოიქცნენ მსგავს სიტუაციებში. ეს რჩევები დაეხმარება უფროსებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც ბულინგის მსხვერპლი აღმოჩნდება არა მხოლოდ მისი, არამედ სხვისი შვილი“:
  • ეცადეთ როგორმე ჩასწვდეთ სიმართლეს. გაესაუბრეთ მსხვერპლს, მაგრამ თავი აარიდეთ ხანგრძლივ „დაკითხვებს“. მნიშვნელოვანია, ძალიან არ დააჩქაროთ ბავშვი, არ გადააჭარბოთ, არ დააფრთხოთ ისედაც შეშინებული პატარა;
  • უნდა შეეცადოთ, არ მოექცეთ ძლიერი ემოციების ზეგავლენის ქვეშ. თუ ბავშვი მიხვდება, რომ უფროსი დაითრგუნა მოსმენილი ამბისგან, თანაც ისე ძლიერ, რომ ემოციებს ვერ უმკლავდება, ის შეეცდება დაინდოს ზრდასრული. შედეგად, ბავშვი საკუთრ თავში უფრო მეტად ჩაიკეთება, ნაცვლად იმისა, რომ გაიხსნას და სრული სიმართლე მოჰყვეს;
  • თუ ბავშვს უჭირს საუბარი, კონტაქტის დამყარება, უფროსს შეუძლია მას რაიმე ამის მსგავსი უთხრას: „ვიცი, ბევრ ბავშვს ძალიან უჭირს მსგავს პრობლემებზე საუბარი, მაგრამ მე მინდა, შენ დაგეხმარო. შენ შეგიძლია მესაუბრო მაშინ, როდესაც ამისთვის მზად იქნები“. მნიშვნელოვანია, უფროსებს ახსოვდეთ, რომ ბავშვისთვის მთავარია, მიხვდეს, რომ არსებობს ზრდასრული ადამიანი, რომელმაც იცის მისი პრობლემის შესახებ და მზად არის მოუსმინოს და დაეხმაროს მას;
  • თუ ბავშვი შედარებით მცირე ასაკისაა (მაგალითად, საბავშვო ბაღის ასაკის), შესაძლებელია მისთვის გაადვილდეს პრობლემაზე საუბარი რაიმე სათამაშოს გამოყენებით. „ნეტავ საბავშვო ბაღში ვინმე ხომ არ აბრაზებს ფუმფულა დათუნიას?“ მსგავსი მეთოდები მცირეწლოვან ბავშვებთან გამოიყენება, განსაკუთრებით მაშინ, თუ პატარას უჭირს საკუთრ ემოციებზე საუბარი;
  • მიეცით პატარას საშუალება თავად იპოვოს პრობლემის გადაჭრის რაიმე მეთოდი. თუნდაც მან მოითხოვის ბულერის „მთვარეზე გაშვება“. აქ მთავარია, ბავშვმა დაიჯეროს, რომ მის მიერ მოფიქრებულ „გადაწყვეტილებას“ უფროსები სერიოზულად უსმენენ მაშინაც კი, როდესაც ვერ მოახერხებენ „დამნაშავის კოსმოსში გაფრენას“. „სიმართლე უნდა ითქვას – ამბობს ფსიქოლოგი. – მე ხშირად მიმიღია ძალიან პატარებისაგანაც კი სიტუაციისაგან რაციონალური გამოსავლის შეთავაზება და თუ რომელიმე უფროსი მათ გაითვალისწინებს, შესაძლებელია ეს ძალიან კარგიც კი იყოს  ამ სიტუაციაში. ამას გარდა, გაცილებით მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასე უფროსები მნიშვნელოვნად შეუმცირებენ დაზარალებულ პატარას დაუცველობისა და საკუთარი მოწყვლადობის განცდას;
  • არასოდეს შეჰპირდეთ ბავშვებს, რომ თქვენ არავის არაფერს უამბობთ. აუცილებელია ბულინგის შესახებ ინფორმაცია, სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციას შეატყობინოთ და ასევე ეს ამბავი უნდა გააგებინოთ მოძალადისა და დევნაში მონაწილე სხვა ბავშვების მშობლებს;
  • როდესაც ბავშვი უფროსს რაიმე უსიამოვნო ამბავს უყვება, ზრდასრულს სურვილი უჩნდება სასწრაფოდ დაამშვიდოს პატარა და შეჰპირდეს, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება და მსგავსი ცუდი ამბავი არასოდეს განმეორდება მის ცხოვრებაში. ძალიან მნიშვნელოვანია, არ შეჰპირდეთ ბავშვებს იმაზე მეტი, რაც თქვენს ძალებს აღემატება. ზოგჯერ პრობლემის გადაჭრას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ უმჯობესია ბავშვს ვუთხრათ, რომ ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია და რომ მანამ არ შევწყვეტთ ამ საკითხის გარშემო მუშაობას, სანამ ის არ გადაიჭრება;
  • ჩემი, როგორც მშობლისა და ფსიქოლოგის რჩევაა – განაგრძობს ქრისტინ აუდმაიერი, ეცადოთ ყოველთვის საქმის კურსში იყოთ, თუ როგორ აქვს საქმეები თქვენს შვილს, როგორი ურთიერთობები აქვს თანატოლებთან, უფროსებთან, ეს ეხება საბავშვო ბაღს, სკოლას და ნებისმიერ იმ სხვა გარემოს, რომელშიც ბავშვს უწევს ცხოვრება;
  • მცირე ასაკის ბავშვებს ზოგჯერ უჭირთ ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისაგან გარჩევა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, უფროსებმა ზუსტად გაარკვიონ, რა მოხდა სინამდვილეში;
  • მშობელმა უნდა მოსთხოვოს დაწესებულების ადმინისტრაციას, შეიმუშაოს პრობლემის გადაჭრის საგანგებო, დეტალური გეგმა. ეს თქვენი უფლებაა და თუ აღმოჩნდება, რომ ადმინისტრაციის მიერ დასახული გეგმა ვერ მუშაობს, არ მოგერიდოთ და შემდეგ ინსტანციას მიმართეთ;
  • შესაძლებელია, ურჩიოთ ბავშვს, გაესაუბროს იმ უფროსს, რომელსაც ენდობა. სულაც არ არის აუცილებელი თქვენ მოგიყვეთ ყველაფერი. აუხსენით მას, რომ მისთვის ძალიან კარგი იქნება, საკუთარ პრობლემას მეგობარს გაუზიარებს. არის შემთხვევები, როდესაც მოზარდებს ურჩევნიათ დღიური წერონ და იქ აღწერონ ყველაფერი, რაზეც საუბარი მისთვის სხვებისთვის მძიმე და ზოგჯერ შეუძლებელიც კი არის. აქვე, საგანგებოდ აღვნიშნავ, გვაფრთხილებს ფსიქოლოგი: „მე არ ვურჩევ არასრულწლოვნებს, ღიად წერონ მსგავს პრობლემებზე სოციალურ ქსელებში ან ბლოგებში“;
  • მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია თქვენ ნაწყენი ან გაბრაზებულიც კი იყოთ სკოლის/საბავშვო ბაღის ადმინისტრაციაზე და სხვა მშობლებზე, გირჩევთ, მაინც ითანამშრომლოთ მათთან. უფროსები ვალდებული არიან, მიუხედავად ყველა იმ ემოციისა, რომელიც შესაძლებელია დაეუფლოთ მსგავს რთულ სიტუაციაში, მაინც ზრდასრული ადამიანებივით მოიქცნენ და სიტუაციიდან კონსტრუქციული გამოსავალი მოძებნონ;
  • მშობლები, რომელთა შვილებიც ძალადობის მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მალე აღმოაჩენენ, რომ გარშემო ყველა ადამიანი, ერთნაირად არ აღიქვამს წარმოქმნილ პრობლემას. ის, რასაც ერთი მხარე მასხრად აგდებას ან სულაც შეურაცხყოფას ეძახის, მეორისათვის მხოლოდ „უსიამოვნებაა“. რთულ სიტუაციაში გაცილებით უფრო ადრე მიაღწევთ შედეგს, თუ არ გაჯიუტდებით და არ დაიწყებთ საკუთარი ვერსიის მტკიცებას და დამნაშავის დამუნათებას. უფრო მნიშვნელოვანია, კონცენტრირდეთ იმაზე, რისი გაკეთებაა საჭირო. ისაუბრეთ ფაქტებით და არა მხოლოდ ბრალდებებით;
  • ბავშვებიც და ზრდასრულებიც მიდრეკილი არიან თავდაცვის პოზიციაში ჩადგნენ მაშინ, როდესაც მათ ბრალდებებს უყენებენ. სამაგიეროდ, გაცილებით უადვილდებათ სიმართლის აღიარება, როცა ფაქტებით დაელაპარაკებიან. მაგალითად: იმის ნაცვლად, რომ ბავშვს უთხრათ – „შენ ძალიან გამომწვევად იქცევი“ – ზოგიერთ თანაკლასელს სრულიად დაუმსახურებლად გამოარჩევ დანარჩენებისაგან. სჯობს პირდაპირ ფაქტებზე მიუთითოთ: „მთელი წლის მანძილზე ანა იყო ერთადერთი, ვინც არცერთხელ არ დაუპატიჟებიათ დაბადების დღეზე“; „როდესაც ანა ხელს იწევს, რომ რამე მოსაზრება გამოთქვას, ნინო, თამარი და სალომე სიცილს იწყებენ“; „რამდენიმე დღის წინ კი გიორგიმ ანას თმაზე ცეცხლი წაუკიდა და თანაც სულ დებილი ეძახა“. აი, სწორედ ეს არის ფაქტებით საუბარი და არა აბსტრაქტული, ზოგადი დადანაშაულებები;
  • კარგი იქნება, დაეხმაროთ საკუთრ შვილს, მოძებნოს ახალი სამეგობრო წრე. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ბავშვის ინტერესების სფერო და ის, თუ რისი კეთება უფრო კარგად გამოსდის მას. ამით ბავშვს/მოზარდს საკუთარი თავის რწმენის განმტკიცებასა და საკუთარი სტატუსის ამაღლებაშიც დავეხმარებით.
ვფიქრობ, ნორვეგიელი ფსიქოლოგის ძალიან კონკრეტული და საქმიანი რჩევები დაეხმარება დაინტერესებულ მკითხველს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

როგორ გავუმკლავდეთ დისპრაქსიას, ანუ განვითარების კოორდინაციულ დარღვევას

დისპრაქსიას (განვითარების კოორდინაციულ დარღვევას) ცენტრალური ნერვული სისტემის დისფუნქციასთან აკავშირებენ. იგი განიხილება სწავლის სირთულედ, რომელსაც მოტორული დეფიციტი განაპირობებს. დისპრაქსია კომპლექსურ სირთულედ მიიჩნევა. ის უმეტესად ვლინდება ხელწერის, ჩაცმის, თამაშის და სხვ. თავისებურებებში. მაგალითად, ბავშვი, რომელსაც დისპრაქსია აქვს, განსხვავებულად (ან სულაც ვერ) ცეკვავს, ვერ თამაშობს ჰულაჰუპით, ვერ დგას გორგოლაჭებზე და სხვ. დისპრაქსია ვლინდება მეტყველების თავისებურებაშიც. ახასიათებს არტიკულაციის პრობლემებიც: დისპრაქსიის მქონე ბავშვები ზოგჯერ მეტისმეტად ხმამაღლა ან მეტისმეტად ხმადაბლა, მეტისმეტად სწრაფად ან მეტისმეტად ნელა მეტყველებენ.
დისპრაქსიის მქონე ადამიანებს ახასიათებთ მეხსიერებისა და ფოკუსირების სირთულეც. მათ უჭირთ აქტივობების დაგეგმვა და საქმის ბოლომდე მიყვანა. ეს ყველაფერი კი იმიტომ, რომ მათ ტვინს არ შეუძლია ფიზიკური მოძრაობისა და სხეულის კუნთების კორდინირებულად ამუშავება. თუმცა დისპრაქსიის წარმოშობის მიზეზები ჯერ კიდევ დაუდგენელია. საუბრობენ გენეტიკურ ფაქტორებსა და გოგონებთან შედარებით, დისპრაქსიის შემთხვევების ბიჭებში მეტ გავრცელებაზე, ისევე როგორც დისლექსიისა და დისპრაქსიის თანარსებობაზე. კვლევები ცხადყოფს, რომ დისლექსიის მქონე ბავშვების 53% დისპრაქსიის მატარებელია .
გამოიყოფა დისპრაქსიის ოთხი ტიპი: 
1. ორომოტორული (პირის მოძრაობითი), რომელიც ბავშვს სიტყვების წარმოთქმაში უშლის ხელს;
2. კონსტრუქციული (მიმართებითი), რომელიც სივრცესთან ურთიერთობის დარღვევით ვლინდება;
3. აზროვნებითი, რომელიც იწვევს თანმიმდევრული მოძრაობების შეფერხებას;
4. იდეომოტორული, რომელიც ცალკეული ამოცანების შესრულების უუნარობით გამოიხატება.
დისპრაქსიის ნაადრევი შემთხვევები 1-2 წლის ასაკშიც გვხვდება. დიაგნოზი 5 წლამდე არ დაისმის – მაშასადამე, ასაკამდე, ვიდრე კოორდინაციული სირთულეების დაკავშირება შესაძლებელია კუნთების ძალასთან და არა რომელიმე ნევროლოგიურ მდგომარეობასთან.
ამრიგად, დისპრაქსიას ახასიათებს:
 ენა-მეტყველების სირთულე;
 მოძრაობისა და კოორდინაციის სირთულე;
 წონასწორობის დაცვის სირთულე;
 მოტორული დაგეგმვის პრობლემები;
 თვალისა და ხელის კოორდინაციის სირთულე;
 ნატიფი მოტორული მოქმედებების განხორციელების სირთულე;
 საკუთარი ქცევისა და ნივთების ორგანიზების სირთულე;
 სირთულე სოციალურ უნარებში.
როგორ დავეხმაროთ დისპრაქსიის მქონე ბავშვებს
გამოხატულ სიმპტომთა ფართო სპექტრის გამო დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობა შეიძლება უიმედო გამოცდილებად გვეჩვენებოდეს, თუმცა დისპრაქსია არ არის ინტელექტუალრი დარღვევა. ის მხოლოდ ნევროლოგიური მდგომარეობაა, რომელიც გადაადგილებისა და კოორდინაციის ცვლილებებს იწვევს, ინტელექტზე გავლენას კი საერთოდ არ ახდენს .
ამიტომ არის, რომ დისპრაქსიის მქონე ბავშვები სწავლის ნიჭსა და მაღალ უნარებს ავლენენ თავიანთ მეწყვილეებსა თუ სხვა თანაკლასელებთან ურთიერთობისას. უბრალოდ, დროდადრო ჩვენგან ცოტა მეტი ყურადღება და მხარდაჭერა სჭირდებათ.
მთავარი, რაც დისპრაქსიის მქონე მოსწავლესთან მუშაობისას მოგვეთხოვება, მაღალი შეგნებაა. ეს მნიშვნელოვანი საფუძველია, რომლითაც ბავშვს დავეხმარებით თავისი შესაძლებლობების სრულად დანახვასა და გამოვლენაში.
სწავლის უნარის დარღვევის სხვა გამოვლენათაგან (დისლექსია, დისგრაფია, დისკალკულია) დისპრაქსია ბავშვებში ზოგადი ნიშნებით ვლინდება და ის მოსახლეობის 6-10%-ისთვისაა დამახასიათებელი. ბავშვს დისპრაქსიამ შეიძლება პრობლებები შეუქმნას წერის ან იმგვარი დავალების შესრულებისას, რომლის დროსაც ნატიფი მოტორიკის, დაგეგმვისა და ორგანიზაციული უნარების გამოვლენაა საჭირო.
რეკომენდაციები მშობლებისთვის:
• თხრობითი უნარების გასაძლიერებლად ესაუბრეთ მთელი დღის შესახებ.
• დაუნაწევრეთ მოქმედებები ცალკეულ ნაბიჯებად.
• ხშირად გაუმეორეთ ყოველდღიური რუტინის წესები, როგორიცაა ჩაცმა, საუზმობა და ა. შ.
• ბავშვებისთვის, რომლებსაც დისპრაქსიის ნიშნები აღმოაჩნდებათ, უმნიშვნელოვანესია ენისა და მეტყველების, ოკუპაციური და ფიზიკური თერაპია .
რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის :
 არ მიაკრათ ბავშვს „ამრევის“, „ჩამორჩენილის“, „ნელის“ ან სხვა ტიპის იარლიყი!
 შეიძლება, დისპრაქსიის მქონე ორი ბავშვი ერთმანეთს არ ჰგავდეს. ამდენად, ნუ გექნებათ მათ მიმართ თანაბარი მოლოდინი.
 დისპრაქსიის მქონენი ზოგჯერ ძალიან მოუსვენრობენ, უჭირთ მერხის პირდაპირ ჯდომა, ზოგჯერ დავალებებს კარგავენ, თარიღებსა და შესასრულებელ ამოცანებს ერთმანეთში ურევენ. ამან არ უნდა გაგაღიზიანოთ.
 დაანახეთ, გააზრებინეთ სირთულის მიზეზი, საფუძველი.
 მყისიერად აღმოუჩინეთ სათანადო დახმარება და ამით აჩვენეთ გულისხმიერება.
 ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს და მისი ნათქვამის უკეთ გასაგებად შეეცადეთ, ნათქვამი ემოციასთან დააკავშიროთ.
 წარმატების მისაღწევად გაუმარტივეთ, მოკლე ნაბიჯებად დაუნაწევრეთ შესასრულებელი ამოცანა.
 სოციალური უნარების განსავითარებლად სხვებთან ერთად ათამაშეთ როლური თამაშები.
 აუცილებელია გარემოს აკომოდაცია. სკამის ფეხებზე შეიძლება რეზინის დამაგრება, რათა ფეხების შემოწყობა შეძლოს.
 დასვით წინა მერხზე, ოღონდ კარისა და ფანჯრებისგან მოშორებით, ისე, რომ დაფას პირდაპირ უცქერდეს.
 თუ ჩვეულებრივი კალმით წერა უჭირს, დაე, მისთვის მოხერხებული ფანქრით წეროს.
 აუცილებლად ასწავლეთ ბეჭდვა. 7 წლამდე ასაკის ბავშვები, როგორც წესი, ბეჭდვას კლავიატურაზე ცქერის გარეშე ეუფლებიან. დისპრაქსიის მქონე ბავშვს ეს კოორდინაციის პრობლემას მოუხსნის.
 დისპრაქსიის ზოგიერთ შემთხვევაში შეიძლება, ხელნაწერი დავალების ნაცვლად კომპიუტერზე აკრეფილის წარმოდგენა შევთავაზოთ.
 საგაკვეთილო პერიოდში აუცილებლად გამოიყენეთ 2-3-წუთიანი ვარჯიში/ენერჯაიზერი, მაგალითად, ასეთი:
მზეს ავხედეთ (თავი ზემოთ),
ზღვას ჩავხედეთ (თავი ქვემოთ),
ცას შევხედეთ (თავი ზემოთ),
გზებს გავხედეთ (თავი ჯერ მარცხნივ, შემდეგ – მარჯვნივ),
ავიზიდეთ (ხელები ზემოთ),
გავიშალეთ (ხელები განზე),
გავიბადრეთ
და დავსხედით.
ამგვარი მიდგომებით ყველა ბავშვს ერთნაირად წავახალისებთ, შევაყვარებთ სწავლას და, იმავდროულად, ადრეული ასაკიდანვე განვუვითარებთ წიგნიერების უნარებს.

წყარო : http://mastsavlebeli.ge

როგორ უნდა გავაუმჯობესოთ საშინაო დავალების ეფექტიანობა?

ოგეხსენებათ, რომ საშინაო დავალება მოსწავლეებს ხშირად ეძლევათ და ამით მათ ერთგვარი პასუხისმგებლობა ეკისრებათ. თითოეულ დავალებას შესაძლოა სხვადასხვა მიზანი ჰქონდეს. ზოგიერთი საშინაო დავალება მოსწავლეთათვის არის სახალისო, საინტერესო და შემეცნებითი. ზოგიერთი კი პირიქით, რუტინული და მომაბეზრებელი. ამიტომ მათ ხშირად ეზარებათ დავალების შესრულება, მით უმეტეს – მაღალ კლასებში. რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა იმისათვის, რომ საშინაო დავალება არ იყოს მოსაბეზრებელი?
  • გათვალიწინებული იქნეს მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები;
  • დავალება კავშირში იყოს სასწავლო მიზნებთან;
  • დავალება იყოს სახალისო და საინტერესო, რათა მოსწავლე სიამოვნებით ასრულებდეს მას.
კვლევის დასაწყისში ვეცადეთ, დაგვედგინა, როგორ აძლევდა მასწავლებელი დავალებებს თავის მოსწავლეებს, რა სიხშირით, რა ფორმით ასწორებდა, რის მიხედვით აფასებდა და როგორ ხდებოდა უკუკავშირის გაცემა. თუ მასწავლებელი მიცემულ საშინაო დავალებას არ გამოიკითხავს და უკუკავშირს არ მოახდენს, ის დაკარგავს ინტერესს და აღარ შეასრულებს მას.
კვლევის პირველ ეტაპზე ორივე კლასში დავაკვირდით საგაკვეთილო პროცესს, რის შედეგადაც უკეთ შევისწავლეთ კლასებში არსებული პრობლემები და შევარჩიეთ რესპონდენტები სიღრმისეული ინტერვიუებისთვის. ასევე ორივე კლასში ჩავატარეთ გამოკითხვა, რომლითაც დავადგინეთ მოსწავლეების დამოკიდებულება მათემატიკის საგნის მიმართ, მათი დავალებების სიხშირე და არშესრულების მიზეზები. ჩაღრმავებული ინტერვიუ ჩავატარეთ ორივე მეათე კლასში როგორც მოსწავლეებთან, ასევე მასწავლებლებთან.
ინტერვიუების ფონზე უკეთ შევისწავლეთ არსებული პრობლემა და მისი გამომწვევი მიზეზები, რათა შემდეგში ეფექტიანად მომხდარიყო ინტერვენციების შემუშავება.
დამატებით გავეცანით საკლასო და საშინაო დავალების რვეულებს, რომ გაგვერკვია პედაგოგები რა მეთოდებისა და ტექნიკის საშუალებით ასწორებენ და აფასებდნენ ბავშვებს.
მეტი სიზუსტისთვის დავესწარი თვითონ გაკვეთილებსაც, რითაც გადავამოწმე ის ინფორმაცია, რომლითაც საშინაო დავალების რვეულებიდან და გამოკითხვიდან მქონდა მიღებული. გაკვეთილზე დასწრება და დაკვირვება იმაზე მეტ რეალურ პასუხს იძლევა, ვიდრე რომელიმე ფურცლიდან ამოკითხული წინადადება.
ამის შემდეგ მასწავლებლებს გავაცანი ჩვენ მიერ შესწავლილი მდგომარეობა საშინაო დავალებასთან არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე დაკვირვება მოვახდინე ამ დროსაც, რათა უკეთ დამენახა, რამდენად მუშაობდა შეთავაზებული რეკომენდაციები. ბოლოს კი სიღრმისეული ინტერვიუ ჩატარდა მოსწავლეებთან, ისევე როგორც დასაწყისში.
დაკვირვების შედეგად გამოიკვეთა პრობლემები:
  • მოსწავლეები ნაკლებად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში;
  • მოსწავლეების მხრიდან არ იყო ინტერესი გამოხატული იმ საკითხებზე, რომელიც მათთვის იყო გაუგებარი საშინაო დავალების შესრულების დროს;
  • დავალებები არ იყო სახალისო და მრავალფეროვანი;
  • დავალებების შესრულება საჭიროებდა ბევრ დროს;
  • არ ხდებოდა მასწავლებლების მხრიდან ინდივიდუალური უკუკავშირი საშინაო დავალების შესრულებისას.
რეკომენდაციები, რომლებიც მასწავლებლებს მივეცით, სწორედ ამ პრობლემებიდან გამომდინარეობდა:
  • ინდივიდუალური უკუკავშირის გაზრდა – ამ ამოცანის გადასაჭრელად მასწავლებლებს ვთხოვეთ, საშინაო დავალების შესრულების შემდეგ თითოეული მოსწავლისთვის რვეულში წერილობით გამოეხატათ უკუკავშირი.
  • გაკვეთილისა და საშინაო დავალების ფორმატის მრავალფეროვნების გაზრდა –  მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ თანამედროვე მეთოდების გამოყენება საგაკვეთილო პროცესში, რაც გამოკითხვამაც აჩვენა. ამიტომ, თავდაპირველად შევეცადეთ გაგვემდიდრებინა გაკვეთილზე გამოყენებული მეთოდების ერთობლიობა. ახალი თემის გასაცნობად, მაგალითად, სამკუთხედის ფართობის ასახსნელად, გამოვიყენეთ ვიდეოგაკვეთილი, ვიდეოს ჩვენების შემდეგ მოსწავლეებმა დაწერეს მინი-ტესტი იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ყურადღებით მოისმინეს ახსნილი მასალა. საშინაო დავალებას მასწავლებელი გამოიკითხავდა ბურთის სროლით, ვისაც ესროდა, იმას უნდა წაეკითხა საშინაო დავალების პასუხი. რაც შეეხება საშინაო დავალებებს, გამოვცადეთ ჯგუფური პროექტების ფორმატი, ასევე სხვადასხვა მეთოდი წყვილებში მუშაობისათვის. მოსწავლეებს დაევალათ, გაეკეთებინათ პოსტერი სამკუთხედის ფართობის შესახებ, რომელიც უნდა ყოფილიყო კრეატიული და სახალისო. ასევე, მასწავლებლებმა დაჰყვეს კლასი ორ სხვადასხვა ჯგუფად, ერთს ჰქონდა მხოლოდ ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, მეორეს – მხოლოდ პასუხები. ამოცანის ავტორს უნდა მოეძებნა თავისი მეწყვილე პასუხი.
  • დიფერენცირებული სირთულის დავალებების გამოყენება: შევეცადეთ მაგალითები და ამოცანები დაგვეხარისხებინა სირთულის მიხედვით, მოსწავლეებს ახალი მასალის ახსნის შემდეგ, ეძლეოდათ სხვადასხვა სირთულის დავალება. საგაკვეთილო პროცესში, მასწავლებელს მოჰქონდა ფერად ფურცლებზე დაწერილი ამოცანები, ფერები განსხვავებული იყო სირთულის მიხედვით (წითელი-ძნელი,  ყვითელი – მარტივი, მწვანე – საშუალო).
  • მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის გაზრდა – კლასში ჩართულობისა და ინტერესის ასამაღლებლად შევეცადეთ გაკვეთილები  და საშინაო დავალებები ყოფილიყო არაერთფეროვანი. განსხვავებულმა გაკვეთილებმა ის შედეგი გამოიღო, რომ გაკვეთილში დისციპლინის პრობლემის მქონე მოსწავლეებიც ჩაერთნენ, მაგალითად, ზოგი სამკუთხედს ჭრიდა, ზოგი ვიდეოგაკვეთილისთვის აპარატურის მომზადებაში დაგვეხმარა, ზოგს მოეწონა სამკუთხედის პოსტერის გაკეთების იდეა და სხვა.
კვლევის დასასრულ მოსწავლეებთან სიღრმისეული ინტერვიუების, კლასებში ჩატარებული გამოკითხვისა და დაკვირვების შედეგების ანალიზის შედეგად აღმოჩნდა, რომ მოსწავლეთა მიერ დავალების შესრულების სიხშირე გაიზარდა. გაკვეთილი შედარებით სახალისო და აქტიური გახდა, რის გამოც მასში მეტი მოსწავლე ჩაერთო.
ვფიქრობ, კვლევის მიგნებები საინტერესოა არა მხოლოდ ამ კონკრეტული სკოლის მასწავლებლებისთვის, არამედ სხვა სკოლებისთვისაც, სადაც მასწავლებლები ანალოგიურ პრობლემებს აწყდებიან.
მასწავლებლებს კი, ნუ დაგვავიწყდება, რომ როგორც საგაკვეთილო პროცესი არის მეტად საინტერესო, როცა ის არის მრავალფეროვანი და გათვალისწინებულია მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებლობები, იგივე ხდება საშინაო დავალებების შესრულების დროსაც.

წყარო : http://mastsavlebeli.ge

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! მშვიდობას, ჯანმრთელობას, წარმატებას,  საინტერესო და  ნაყოფიერ ცხოვრებას გისურვებთ!