Sunday, May 13, 2018

როგორ გავაუმჯობესოთ მოსწავლეების წერითი კომუნიკაციის უნარი – რეფლექსიები

წერითი კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად მასწავლებელმა მრავალფეროვანი დავალებები უნდა შესთავაზოს მოსწავლეებს. ერთ-ერთი ასეთი დავალებაა რეფლექსიების წერა. მიუხედავად იმისა, რომ რეფლექსია პირველ პირში იწერება და ნაწერი, ერთი შეხედვით, თითქოს არაფორმალურ ხასიათს ატარებს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოსწავლე უნდა გაცდეს და გაარღვიოს აკადემიური ჩარჩოები. თუმცა, თუკი ჩარჩოების გარღვევა კრეატიულად მოხდება, მაშინ გადაცდენა მისასალმებელიც კი იქნება. ეს ყველაფერი მასწავლებლის შესაფასებელია და მან უნდა უთხრას მოსწავლეებს, როგორი რეფლექსია იქნება მისთვის მისაღები და ჩაეთვლება თუ არა მოსწავლეს ყველა ტიპის რეფლექსია შესრულებულ დავალებად. როდესაც სიტყვა შეფასებას ვხმარობ, არ ვგულისხობ იმას, რომ მასწავლებელი რეფლექსიებს ნიშნით უნდა აფასებდეს. ამის საჭიროება ნამდვილად არ არსებობს. რეფლექსიის წერა მოსწავლისთვისაც სახალისო უნდა იყოს და მასწავლებელიც დამატებით ტვირთს არ იკიდებდეს კლასში ამ კომპონენტის შემოტანით. კარგია, თუკი თითო მოსწავლე სემესტრში ერთ რეფლექსიას მაინც დაწერს. ეს სამუშაო მას დაეხმარება, იყოს თანმიმდევრული, არ გამორჩეს დეტალები, ჩაუღრმავდეს საკუთარ სუსტ მხარეებს და გააანალიზოს ძლიერი მხარეები. რაზე დავაწერინოთ რეფლექსია? მე გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, რომელმაც ძალიან გაამართლა.
სანამ რეფლექსიას დაწერდეს, კარგი იქნება, თუკი მოსწავლეს ვთხოვთ, მოახდინოს დისკუსიის ინიცირება (ერთი შესწავლილი ტექსტი და ერთი ან მეტი დისკუსია, გააჩნია, რომელ ტექსტზე რამდენი საათია გამოყოფილი და რამდენად იძლევა რამდენიმე დისკუსიის ჩატარების საშუალებას ერთი ტექსტი. თუ ტექსტი ვრცელია, მაშინ ოთხი დისკუსია სავსებით მისაღებია. თუკი ტექსტი მხოლოდ ერთი ლექსია, მაშინ, ცხადია, რომ მოსწავლის მიერ ინიცირებულ დისკუსიაზე საუბარიც კი ზედმეტია). ასეთ დროს მოსწავლე დროებით ითავსებს მასწავლებლის როლს. მოსწავლე აუცილებლად წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ კლასში მომზადებული მოვიდეს. მან სახლში იმ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიება უნდა შეძლოს, რომელიც განსაკუთრებულს გახდის მის მიერ ინიცირებულ დისკუსიას. ჩვენი, მასწავლებლების, როლი ამ დროს ისაა, დავეხმაროთ მოსწავლეებს, შეძლონ სანდო ინფორმაციის მოძიება, შევაფასოთ, სწორ გზაზე დგანან თუ არა, საჭიროების შემთხვევაში დავუსახელოთ წყაროები, დამხმარე ლიტერატურა, რომელსაც უნდა დაეყრდნონ, ინტერნეტრესურსები და ა.შ.
როგორ ხდება დისკუსიის ინიცირება? როდესაც გავდივართ რომელიღაც ნაწარმოებს, სხვადასხვა საკითხია ასახსნელი. ამ საკითხთა შორისაა მწერლის ბიოგრაფია, ეპოქის მიმოხილვა, ზოგიერთი კულტურული და სოციალური ასპექტი, მხატვრული სახეები, სტილისტური და ენობრივი სპეციფიკა, ჟანრული თავისებურებანი. მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსია არ არის აუცილებელი, მხოლოდ ერთმა მოსწავლემ მოახდინოს. ინიცირებული დისკუსიის მოთავე ერთდროულად ორი, სამი ან ოთხი მოსწავლეც შეიძლება იყოს – გააჩნია, რა თემაა განსახილველი, რამდენად შესაძლებელია, მოხდეს ამ თემის დანაწევრება ერთი დისკუსიის ფარგლებში მცირე ნაწილებად და რამდენად აჯობებს თემის დაყოფა საკითხის შესასწავლად.
ახლა წარმოვიდგინოთ, რომ ვასწავლით მიხეილ ჯავახიშვილის რომანს „ჯაყოს ხიზნები“. ამ ნაწარმოებზე მოსწავლეებს მრავალფეროვანი დისკუსიის ინიცირება შეუძლიათ. მაგრამ მოსწავლეები უნდა მივაჩვიოთ მთავარს, იყვნენ თანმიმდევრულნი, ეს კი იმას ნიშნავს, რომ, როდესაც, მაგალითად, საუბარია მხატვრულ სახეებზე, ბოლომდე ამოწურონ საკითხი და არ გადახტდნენ ერთიდან მეორეზე.
გთავაზობთ სხვადასხვა სტრატეგიას, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია დისკუსიის ინიცირება:
1.მოსწავლემ მოიძიოს და შეარჩიოს ფილმი (ცხადია, საუბარია რომელიღაც ერთ მონაკვეთზე და არა სრულ ფილმზე), რომელიც, მისი აზრით, გადაიზრდება ისეთ დისკუსიაში, რომელიც, თავის მხრივ, დაეხმარება თანაკლასელებს ტექსტის, ნაწარმოების რომელიმე ეპიზოდის, მწერლის მიერ წამოჭრილი აქტუალური პრობლემის, სოციალური ან კულტურული ფონის უკეთ გასაგებად – ან უფრო ზუსტად, მწერლის სათქმელის ამოსაცნობად. ფილმის გარდა ამ როლის შეთავსება, ანუ მედიუმის როლის მორგება, შეუძლია სხვა ვიზუალურ მასალასაც. „ჯაყოს ხიზნების“ შესწავლისას მოსწავლეს შეუძლია აჩვენოს ის კადრი ფილმიდან „ფრანით მორბენალი“, როცა ამირი ჭუჭრუტანიდან უყურებს, როგორ აუპატიურებენ ჰასანს ასეფი და მისი თანამზრახველები. დისკუსიამ, რომელიც მოჰყვება ამ კადრს, მოსწავლეებს უნდა ამოაცნობინოს მწერლის სათქმელი. რა სათქმელია ეს? მოსწავლე, რომლის ინიცირებულიცაა დისკუსია, უხსნის თანაკლასელებს, რომ ასეფი მომავალში თალიბანის აქტივისტი გახდება, თალიბანი კი ანგრევს და მიწასთან ასწორებს ავღანეთს, წელში გადატეხავს მოსახლეობას, განსაკუთრებით ჰაზარა მოსახლეობას, მოკლედ, თალიბანი ყველანაირად იძალადებს საკუთარ ქვეყანაზე და ხალხზე. ასეფი თალიბანის სიმბოლოა, ჰაზარა ჰასანი ავღანეთია, ხოლო ამირი ავღანელი ხალხი. ხალიდ ჰოსეინისთვის სამშობლო პატარა ბიჭია, რომელსაც ვერ იცავს მეგობარი/ძმა. ამ დისკუსიის ინიცირებისთვის მოსწავლეს უნდა ჰქონდეს მომზადებული ამონარიდი ჰომეროსის პოემის მეექვსე სიმღერიდან ამონარიდი, რომელიც აჩვენებს, რომ ჰომეროსის „ილიადაშიც“ ჰექტორის სიკვდილი გაიგივებულია ტროას დაცემასთან. შესაბამისად, სხვადასხვა კულტურაში სამშობლო ხან მდედრობითი სქესისაა (მადლობა ჩემს კოლეგას, რომელმაც ამ დისკუსიის ინიცირების პროცესში მომაწოდა იდეა, მოსწავლისთვის მერჩია ირაკლი თოიძის პლაკატი „დედასამშობლო გვეძახის“) და ხანაც – მამრობითის, ხოლო მას ვერ იცავს ხან მეუღლე, ხან ძმა, ხანაც – დედა (აქ ვგულისხმობ ნაბოკოვის „ლოლიტას“, რომლის ერთი წაკითხვაც [ნაბოკოვი წინააღმდეგია წაკითხვისას ალეგორებისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭებით] გულისხმობს იმას, რომ ლოლიტა ავტორის ბავშვობის დროინდელი რუსეთია, რომელსაც ვერ იცავს დედა და, რომელზეც ძალადობს ჰუბერტ ჰუბერტი). ჩემი მოსწავლეების მიერ ინიცირებული ეს დისკუსია ძალიან წარმატებული აღმოჩნდა ნაწარმოების შესწავლისას. იმის ნაცვლად, რომ მოსწავლეებს თუთიყუშებივით ემეორებინათ, მარგო საქართველოა, ჯაყო ოკუპანტი და თეიმურაზი ქართველი ხალხიო, ისინი თავად მივიდნენ დასკვნამდე. ამ დისკუსიის დროს „უბის წიგნაკის ჩანაწერებიც“ ძალიან დაგვეხმარა.
  1. საქმე ისაა, რომ სკოლაში მე ორ შეწყვილებულ გაკვეთილს ვატარებ და თითქმის ორი საათი საკმარისი დროა კარგი დისკუსიის სრულფასოვნად ჩასატარებლად. თუ თქვენ ეს დრო არა გაქვთ, მაშინ მოსწავლემ შეიძლება წარმოადგინოს „ჯაყოს ხიზნების“ ყდის რამდენიმე ფოტო (ადვილად იძებნება ელემენტარული დაგუგლვითაც) და თხოვოს თანაკლასელებს ილუსტრაციების ანალიზი. არ შეიძლება, რომ მოსწავლეები ვერ გავიდნენ მთავარზე და ვერ ამოიცნონ მწერლის სათქმელი ილუსტრაციების მეშვეობით.
  2. კონტექსტის გასაგებად ძალიან ხშირად სწორ მიმართულებას გვაძლევს მწერლის ბიოგრაფიისა და ეპოქის შესწავლა, ასევე კულტურული და სოციალური ასპექტების შესახებ საკმარისი ინფორმაციის მიღება. თუკი არცერთი ასპექტის შესწავლას არ გავყავართ ნაწარმოების იდეის სწორად გასახსნელად, მაშინ დისკუსია წარუმატებელი იქნება. ინიცირებული დისკუსიის მიზანი ისაა, რომ მოსწავლეებმა დამატებითი რესურსის დახმარებით შეძლონ ნაწარმოების გაგება. თუკი რესურსები ნაწარმოების იდეისა და მწერლის სათქმელის გაგებაში არ გვეხმარება, მაშინ აზრი არა აქვს დისკუსიას. მოსწავლე ინიცირებული დისკუსიის ჩატარების წინ რამდენიმე ხნით ადრე უნდა დაუკავშირდეს მასწავლებელს, რომ მასწავლებელმა შეძლოს მისი/მათი სწორ გზაზე დაყენება, მითითებების მიცემა და, რაც მთავარია, დისკუსიის მიზნის გამოკვეთაში მოხმარება. რა და როგორ ეს თავად მოსწავლემ უნდა მოიფიქროს. აუცილებელია, მასწავლებელმა ისიც გაითვალისწინოს, რომ ჯგუფის მიერ დისკუსიის ინიცირებისას ერთი მოსწავლე არ უნდა იყოს გამწევი ძალა ან ლოკომოტივი, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი მატარებლის მგზავრები. ჯგუფის ყველა წევრს თანაბარი წვლილი უნდა ჰქონდეს ინიცირებული თემის მომზადების საქმეში, თუნდაც კლასში მათი როლი ჯეროვნად არ წარმოჩინდეს. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებიდან კონკრეტული ეპიზოდების გახსენება კარგი იქნება დისკუსიის ინიცირებისთვის. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეპოქის დამახასიათებელი იმ ნიშნების გამოკვეთა, რომლებსაც რომანშიც ვხვდებით. მაგალითად, ნაშინდარის დაკავშირება დამოუკიდებელი საქართველოს დროშის ფერთან ან დასავლეთის როლზე (1924 წლის აჯანყებულთა მოლოდინები, რომ მათ დასავლეთი დაეხმარებოდა), რომელიც რომანში ორჯერ აისახა (მაგალითად, როდესაც პერსონაჟი გასცქერის დასავლეთს. ცხადია, რომ დასავლეთი აქ ტყუილად არაა ნახსენები, ისევე როგორც ზაფხული, როცა მოქმედება მიმდინარეობს).
  3. ხანდახან მოსწავლეებს ინიცირებული დისკუსიის დროს არ სჭირდებათ ვიზუალური მასალა. საკმარისია მხოლოდ კარგი შეკითხვების მოფიქრება, რომლებიც მიმართულებას მისცემს დისკუსიას. ასეთი შეკითხვების მომზადებას მაინც დიდი დრო სჭირდება, რადგან მოსწავლე მზად უნდა იყოს თანაკლასელთა ნებისმიერი პასუხისთვის, უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში რა შეკითხვა უნდა დასვას და როგორ უნდა გაართვას თავი მოდერირების პროცესს – მან ხომ უნდა მოახერხოს, რომ მისი გაკვეთილი არ გადაიზარდოს ჩხუბში და არ გასცდეს აკადემიურობის ფარგლებს. შესაძლოა, მოსწავლემ მოინდომოს და დრო მიუძღვნას იმ საკითხების განხილვასაც, რომელიც მან ვერ გაიგო კარგად და ჰგონია, რომ დისკუსია საუკეთესოდ დაეხმარება მას საკითხის გასარკვევად.
მოსწავლის მიერ ინიცირებული დისკუსიისას ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ მეც, მასწავლებელიც ისევე ვიღებ მონაწილეობას დისკუსიაში, როგორც ჩემი დანარჩენი მოსწავლეები, თუკი ამის სურვილს დისკუსიის ინიციატორი გამოთქვამს. თუ მას ეს არ უნდა, მე ჩვეულებრივი დამკვირვებელი ვარ.
მთავარი, რისთვისაც ეს დისკუსიები გვჭირდება მაინც ის არის, რომ ამ დისკუსიის შემდეგ მოსწავლემ ან მოსწავლეებმა, რომლებმაც დისკუსია მოაწყვეს, უნდა დაწერონ რეფლექსია. მათ უნდა აღწერონ, როგორ წარიმართა გაკვეთილი, შედგა თუ არა მათი ჩანაფიქრი, შესრულდა თუ არა დასახული მიზანი. ეს რეფლექსია, სულ ცოტა, 500 სიტყვიანი უნდა იყოს (თითო მოსწავლემ ერთი რეფლექსია უნდა დაწეროს დისკუსიის ჯგუფის მიერ ინიცირების შემთხვევაშიც. რეფლექსია არ უნდა იყოს საერთო, რადგან საბოლოო მიზანი მაინც წერითი კომუნიკაციის უნარის განვითარებაა). რეფლექსიაში აუცილებელია, მოსწავლემ ობიექტურად გააანალიზოს დისკუსიის სუსტი და ძლიერი მხარეები. მათ რეფლექსია მხოლოდ სხვების პასუხებზე კი არ უნდა ააგონ, არამედ უნდა წარმოადგინონ საკუთარ გეგმები და მიზნები. სანამ რეფლექსიის წერას დაიწყებენ, მოსწავლეს უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მან რამდენიმე შეკითხვას უნდა გასცეს პასუხი: რომელი თემის ინიცირება მოხდა და როგორ დაეხმარა შემოთავაზებული რესურსი საკითხის გააზრებისას; თავიდან რომ ჰქონდეთ ჩასატარებელი დისკუსია, რას შეცვლიდნენ; რა გამოუვიდათ ყველაზე კარგად და რას ვერ გაართვეს თავი. ასევე მათ უნდა გასცენ პასუხი შეკითხვას, რა არ იცოდნენ, რა არ ესმოდათ და რა გაიგეს უკეთ პროცესის შემდეგ. რეფლექსია არ უნდა იყოს მხოლოდ იმის აღწერა, რაც მოხდა გაკვეთილზე. რეფლექსია უნდა დაეხმაროს მოსწავლეს, გააცნობიეროს თავისი სუსტი და ძლიერი მხარეები.
როდესაც შემაჯამებელ წერას დავაწერინებთ, მოსწავლეები უკვე მომზადებულები  იქნებიან, თავი გაართვან ნაშრომს. მანამდე მათ საკუთარი მოსაზრებაც ჩამოუყალიბდებათ (იმის ნაცვლად რომ ჩვენი და სხვა ავტორიტეტების აზრები თუთიყუშებივით იმეორონ), არგუმენტებიც საკმარისად ექნებათ (თანაკლასელებთან დისკუსია არგუმენტების ჩამოყალიბებისა და კონტრარგუმენტების წარმოსაჩენად საუკეთესო გზაა) და წერაშიც გავარჯიშებულებიც იქნებიან – ამაში ხომ სახელდახელო ნაწერები და რეფლექსიები დაგვეხმარება.
 http://mastsavlebeli.ge

როგორ ვიმოქმედოთ: აუტიზმის დროს ეფექტური ინტერვენციის შესახებ

წარმოიდგინეთ შემდეგი სიტუაცია: მოძრაობთ მანქანებით გადაჭედილ გზაზე, იწყება ძლიერი წვიმა და თქვენ ვეღარ არჩევთ, რა ხდება თქვენ წინ, მანქანაში კი გამაყრუებელ ხმაზეა ჩართული მუსიკა. თქვენ მუსიკას თიშავთ და მთელი ყურადღება მანქანის მართვაზე გადაგაქვთ. თქვენი ტვინი ალბათ სწორედ ამდენ სენსორულ დატვირთვას გადაამუშავებს ერთდროულად. ამ სცენარიში თქვენი ვიზუალური და სმენითი შეგრძნების სისტემები გადაიტვირთა, ამიტომ თქვენ ერთი მათგანი (სმენა) დატვირთვისგან გაათავისუფლეთ და ფოკუსირება მეორეზე (მხედველობაზე) მოახდინეთ.
დაახლოებით ამავეს განიცდის აუტიზმის მქონე ადამიანი, რომელსაც ვიზუალური და სმენითი ინფორმაციის გადამუშავება ჩვეულებრივ, ყოველდღიურ სიტუაციებშიც კი უჭირს. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რამდენად უფრო დიდია დატვირთვა ადამიანისთვის, რომელმაც არ იცის ხდომილების მიზეზი და ვერ ახერხებს სხვებთან თავისი შეგრძნებების კომუნიკაციას. დაძაბულობას შეუძლია, ის მღელვარებამდე, შფოვამდე და არასასურველ რეაქციებამდე მიიყვანოს.
უახლესი კვლევების თანახმად, დღეს ყოველი 68 ახალშობილიდან ერთს აუტიზმი აქვს. ეს გამაოგნებელი მატებაა. CDC-ს (აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის) სტატისტიკური ანგარიშის თანახმად, 2000 წელს აუტისტური სპექტრის დარღვევები (autism spectrum disorder, ASD) 150-დან მხოლოდ ერთ ბავშვს აღენიშნებოდა. აშშ-ს აუტიზმის საზოგადოების მონაცემებით, აუტისტური სპექტრის დარღვევები ყველაზე სწრაფად პროგრესირებადი გადახრაა და ამჟამად ეს დიაგნოზი აქვს მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ს.
აუტიზმის დიაგნოსტიკა დაახლოებით ორი-სამი წლის ასაკში ხდება, როდესაც უკვე შესამჩნევია განმეორებითი მოძრაობები და სოციალური უნარების განვითარების შეფერხება. შეფერხება სხვადასხვა სიმძიმისაა, ისევე როგორც კომუნიკაციური დეფიციტი, რომელიც აუტიზმის დიაგნოზის ერთ-ერთი საფუძველია, ძლიერ ინდივიდუალურია, ისევე როგორც აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონეთა გრძნობითი უნარები, პრობლემები და ქცევა. აუტიზმისთვის დამახასიათებელი გადახრების მქონე პირებს ასევე აღენიშნებათ ძლიერი და სუსტი მხარეების (უნარების) ფართო სპექტრი – ამბობენ, რომ თითოეული აუტისტი ბავშვი თავისი აუტისტური სპექტრით უნიკალურია.
აუტიზმის ნიშნებისა და სხვა შეფერხებების მქონე ბავშვებისათვის აუცილებელია მასწავლებლებისა და ლოგოპედების (სამეტყველო ენის პათოლოგიების თერაპევტი) დახმარება. ისინი აძლიერებენ გადახრების მქონე ბავშვების სოციალურ და საკომუნიკაციო უნარებს და ასწავლიან მათ, თუ რას შეიძლება მოელოდნენ ისინი ახალ გარემოში ან უცნობ პირობებში მოხვედრისას. ეს რთული საქმეა, რადგან „სოციალური უნარები“ არ გახლავთ რაიმე პირდაპირი ცოდნა თუ ცნება, რომელსაც გაკვეთილზე დაისწავლი. მაგალითად, ადამიანის ქცევა მეგობრის დაბადების დღეზე ან ახლობლების წრეში დროსტარებისას ალბათ დიდად განსხვავდება სამსახურში, ბიბლიოთეკაში თუ დასაფლავებაზე ქცევისგან. ეფექტურმა კომუნიკატორმა კარგად იცის, როგორ „შეცვალოს“ ქცევის წესები საჭიროების მიხედვით და ამისთვის წამიც კი არ სჭირდება, რადგან ეს არ არის პრობლემური „ცვლილება“ სოციალური კომუნიკაციის უნარების მქონე ადამიანისთვის. მაგრამ ეს საჭირო „ცვლილებები“ სრულიად განსხვავებული ამოცანაა ადამიანისთვის, რომელსაც აუტიზმის სპექტრისთვის დამახასიათებელი გადახრები აქვს.
სხვადასხვა სოციალურ სცენართან ადაპტაცია აუტისტებისთვის საჭირო ინტერვენციების მხოლოდ ნაწილია.
კიდევ რა უნარებს ასწავლიან აუტიზმის ნიშნების მქონე მოსწავლეებს სპეციალისტები? ამ საჭირო გაკვეთილებიდან რამდენიმეს დავასახელებთ: პირადი სივრცის მოვლა-შენარჩუნება, საუბრის დაწყება, თვალებით კონტაქტის დამყარება, საუბრის თემის შენარჩუნება-გაგრძელება, საზოგადოებაში მიღებული სასაუბრო ფრაზების გამოყენება, მისაღები მოცულობის ტექსტის გამოყენება საუბრისას, განმარტების მოთხოვნა, როდესაც იბნევით და სხვა მსგავსი უნარ-ჩვევები.
როგორ ხდება მათი სწავლება? ვიზუალური მასალა და სოციალური მოთხრობები/ამბები ამ ამოცანისთვის გამოსადეგი მასალებია. ვინაიდან აუტისტების ნაწილს საკომუნიკაციო დეფიციტი აქვს, შესაძლოა სმენითი (აუდიო) აღქმა შეფერხებული ჰქონდეთ და მათთან ვერბალური კომუნიკაცია არ იყოს საკმარისი თემისა თუ კონცეფციის აღსაქმელად. ამიტომ სოციალური მოთხრობები, რომლებიც კომუნიკაციისთვის გამოიყენება, საკმაოდ ეფექტურია აუტისტებთან კომუნიკაციისას, მოთხრობებთან/ამბებთან დაწყვილებული ვიზუალური მასალა კი ამყარებს აღქმის პროცესს. მოთხრობები არა მხოლოდ „სწორ“ ქცევას სთავაზობენ აუტისტ მსმენელებს, არამედ სოციალურ სცენარსაც აღწერენ სხვადასხვა გარემოში. ეს ბავშვებს იმის გაცნობიერებაში ეხმარება, რა არის მოსალოდნელი სხვადასხვა სიატუაციაში თუ ადგილას. ეს მოთხრობები შეიძლება ბავშვებთან თავიდან „გავიაროთ“ და დავეხმაროთ მათ, „გაითავისონ“ მათი მეშვეობით გადაცემული ცოდნა თუ გამოცდილება. საბოლოოდ ეს აუტისტებს დაეხმარება, უფრო კომფორტულად იგრძნონ თავი ახალ ადგილას, ახალ გარემოში თუ სიტუაციაში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ნეგატიური ქცევის შემცირებას.
აუტიზმის შემთხვევების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა აუტიზმის შესახებ ცოდნაც. დღეს აპრილი უკვე მთლიანად ეთმობა აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და მისთვის ყურადღების მიქცევას ყველა დაინტერესებულ ჯგუფში თუ, საზოგადოდ, სასკოლო აუდიტორიებში.
რამდენიმე წლის წინ ორგანიზაცია „Autism Speaks“-ის ინიციატივამ „ლუჯად გავანათოთ!“ („Light it Up Blue”) დიდი გამოხმაურება პოვა ამერიკულ საზოგადოებაში: აშშ-ს დიდ და პატარა ქალაქებში ყველაზე მაღალი და ღირსშესანიშნავი შენობები თუ ობიექტები ლურჯად განათდა. ეს აქცია აუტიზმისადმი ყურადღების მისაქცევად ჩატარდა.
პოპულარულმა საბავშვო გადაცემებმა, Sesame Street[1]-ის ჩათვლით, პროგრამებს დაუმატეს ახალი მთავარი პერსონაჟები, რომლებსაც აუტისტური სპექტრის გადახრები აქვთ. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ ბავშვებმა გაიგონ ასეთი გადახრების მქონე ბავშვების ქცევის თავისებურებები. „სეზამის ქუჩის“ ერთ-ერთ პერსონაჟს, ჯულიას, ხანდახან ასენსორული შეგრძნებებისა და კომუნიკაციის სირთულეები აქვს – ეს მილიონობით ბავშვს აცნობიერებინებს აუტისტური ქცევის (ASD) თავისებურებებს და ზრდის ამ გადახრებისადმი ყურადღებას. ბავშვები ხვდებიან, რომ ჯულია ცუდად არ იქცევა და მას სხვებივით სჭირდება მეგობრები, სიყვარული, სიკეთე და თანაგრძნობა.
ბეჭდური მასალები, ტელეინფორმაცია და წიგნები, რომლებიც მშობლების უმრავლესობისთვის ჩვეულებრივი საინფორმაციო ნაკადის ნაწილია, ძნელად აღსაქმელი და გასაგებია აუტისტი ბავშვებისათვის.
მიუხედავად იმისა რომ ჯულია ამ საქმის დიდებული დასაწყისია და დიდად უწყობს ხელს აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ჯერ კიდევ დიდია სპეციალური წიგნებისა თუ გასართობი პროგრამების საჭიროება, რომლებიც გაგვაცნობენ აუტისტებს და შემოგვთავაზებენ სპეციალურ ტექსტებს ASD გადახრების მქონე აუდიტორიისთვის.
მნიშვნელოვანია ისეთი ლიტერატურის მოძიებაც, რომელიც უბიძგებს მოსწავლეებს, გამოამჟღავნონ თანაგრძნობა აუტისტური ქცევის დროს და სხვა რთულ სიტუაციებში, რომელბიც ASD–ს უკავშირდება და რომლებსაც სკოლაში შეიძლება შეეჯახონ აუტისტი თანაკლასელები.
აუტისტური სპექტრის გადახრების მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილი ბეჭდური მასალების სიმცირის გამო მასწავლებლებსა და ლოგოპედებს ბევრი დრო ეხარჯებათ თერაპიული დანიშნულების ინდივიდუალური სოციალური უნარების განმავითარებელი ამბების/მოთხრობების მომსამზადებლად, რომლებიც აუცილებელია აუტისტი ბავშვების ინტეგრაციისთვის.
სწორედ პალმ-ბიჩის აუტიზმის სკოლაში მუშაობისას გამოჩნდა თვალნათლივ, რამდენად მცირეა აუტიზმის თემაზე დაწერილი და დაბეჭდილი წიგნების რაოდენობა. განსაკუთრებით აშკარაა სოციალური უნარების განვითარებასა და განსხვავებულ სცენარებზე დაწერილი ამბები/ისტორიების სიმცირე.
სწორედ ამ დროს წარმოიშვა იდეა, დაგვეწერა წიგნი „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ („Lou Knows What to Do“). ჩვენმა კვლევამ დაადასტურა, რომ ყურადღება სოციალური უნარების განვითარების შესახებ დაწერილი წიგნების სიმცირეზე უნდა გამახვილებულიყო. იმ რამდენიმე წიგნიდან, რომლებიც ხელმისაწვდომი იყო ფართო აუდიტორიისათვის, უმეტესობა აღწერდა სპეციფიკურ ქცევას (მაგ., ბავშვებისა და მეგობრების ცემის აკრძალვა) , მაგრამ არც ერთში არ იყო აღწერილი ან ნახსენები ჩვეულებრივი სოციალური სიტუაციები (დაბადების დღე, სტადიონზე მატჩის ყურება, სხვა).
ამიტომაც წამოვიწყეთ პროექტი „ლუ“, რომელიც მთავარი პერსონაჟის მეშვეობით აღწერდა, „როგორ მოვიქცეთ“ სხვადასხვა სიტუაციაში, ბევრი ბავშვის გარემოცვაში და ხალხმრავალ ადგილას. ჩვენი მიზანი იყო, შეგვექმნა თერაპიული საშუალებები (ამბები/ისტორიები) მშობლებისა და მასწავლებელების დასახმარებლად, მსგავსად გაკვეთილებზე გადაცემული მასალებისა.  ამიტომ გამოცემას დავამატეთ ტექსტის შინაარსის აღქმისთვის გამიზნული კითხვები და სახელმძღვანელო მშობლებისთვის მათ მიერ მასალის ოპტიმალურად გამოსაყენებლად.
როდესაც დავამთავრეთ რამდენიმე „სოციალური“ ისტორიის/სიტუაციის აღწერა, გაგვიჩნდა კითხვა: „როგორ მივაწოდოთ ეს წიგნი ადამიანებს?“
საბედნიეროდ, ვიპოვეთ გამომცემლობა „Boys Town Press“, რომელიც მსგავსი თემატიკის წიგნებს გამოსცემდა. ეს ნამდვილად „ბუნებრივი დამთხვევა“ გამოვიდა და, როგორც თვითონ აღნიშნეს, „ეს უკვე ისტორიაა“.
აუტიზმის სოციალური უნარების სერიის პირველი წიგნი „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს: სუპერმარკეტი“ უკვე იყიდება გამომცემლობის მაღაზიებში და შესაძლებელია მისი ონლაინ ჩამოტვირთვაც. მომდევნო წიგნები, „სპეციალური დიეტა“ და „დაბადების დღე“, შემოდგომისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ავტორები:
ვენიტა ლიტვაკი (Venita Litvack, M.A., CCC-SLP), მეცნიერების მაგისტრი, აუტისტური სპექტრის გადახრების სერვისების სპეციალისტი, ლოგოპედი და ქცევის ანალიზის ასისტენტი, „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ წიგნების სერიის თანაავტორი
ქიმბერლი ტაისი, (Kimberly Tice, MS, CCC-SLP), მეცნიერების მაგისტრი, სერტიფიცირებული ლოგოპედი და მასწავლებელი. აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მეტყველების, სწავლებისა და კვების სპეციალისტი. „ლუმ იცის, როგორ მოიქცეს“ წიგნების სერიის თანაავტორი

[1] Sesame Street („სეზამის ქუჩა“) – პოპულარული ამერიკული საბავშვო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც აშშ-ს საზოგადოებრივ არხზე გადაიცემა 1969 წლიდან. იდეისა და გადაცემის ავტორები არიან ჯოან განც გუნი და ლოიდ მორისეტი.

ცოდნის საზომი

  • ადექი, მომიყევი გაკვეთილი! – მიძახებს დაფასთან მასწავლებელი. ვდგები, მთელი კლასი მე შემომყურებს, ამხელა ბიჭმა რომ დავდგე და მოყოლა დავიწყო, რა გაუძლებს თანაკლასელების დამცინავ მზერას და რეპლიკებს: – პროფესორა მოდის! გზა დაუთმეთ, ნასწავლი კაცი გაატარეთ! და ა.შ. ამიტომ ვარ ჩუმად, თორემ გაკვეთილი როგორ არ ვიცი?! გუშინ მთელი საღამო შევალიე, ბოლო ფურცლამდე ჩავიკითხე უტასა და კოლონკელიძის ქალის დიალოგი, გამოვიტირე დიდოსტატის მარჯვე მარჯვენა, ხვლიკისფერი სვეტიცხოველი მესიზმრებოდა მერე… გაკვეთილი ვიცი, თანაც ,,ტექსტთან ახლოს“, როგორც მასწავლებელს უყვარს. ძალიან მინდა, ვინმეს ჩემი შთაბეჭდილება გავუზიარო. ერთი წუთითაც არ ვიყოყმანებდი, ბოლო მერხზე სოფლის გამგებელივით მედიდურად წამოჭიმული გოგია ასე რომ არ მიბრიალებდეს თვალებს.
  • დაჯექი, ორიანი! – გამოაქვს მოსალოდნელი განაჩენი ჩემი დუმილით თავგაბეზრებულ მასწავლებელს, რომელსაც კუდიანების წერით დაღლილი ხელი ახლა სხვა საკბილოსკენ მიუმართავს და ეძახის:
  • ახლა შენ ადექი და მომიყევი გაკვეთილი!
ეს ისტორია ალბათ ძალიან მოუხდებოდა მეოცე საუკუნის ქართულ სკოლებზე დაწერილ ნებისმიერ მოთხრობას, მაგრამ მსგავსი სცენარით მოვლენები დღესაც არაერთ სკოლაში ვითარდება. საგანმანათლებლო რეფორმებისა და მეთოდოლოგიური სიახლეების მიუხედავად, მოსწავლეების ცოდნა უმეტესად ისეთი პრიმიტიული ინსტრუმენტებით იზომება, როგორიცაა გაკვეთილის მოყოლა, ლექსების, ციტატების, წესების გაუაზრებლად დაზეპირება, საკონტროლო წერისთვის სტანდარტული თემების (,,მეგობრობა ვეფხისტყაოსანში“-ს მსგავსი) შედგენა-დაზუთხვა და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვათ, ფაქტობრივი ცოდნის დამახსოვრებაზე ორიენტირებული ქმედებები, რომელთა გამოუსადეგარობაც საკუთარ თავზე ალბათ ყველას გამოგვიცდია. სამწუხაროა, რომ მოსწავლის შეფასების ეს ,,ტრადიციული“ მეთოდი მასწავლებლების დიდი ნაწილისთვის დღესაც ყველაზე მოსახერხებელ შეფასების ინსტრუმენტებს წარმოადგენს, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ საგანმანათლებლო სისტემაში საფუძვლიან ცვლილებებს ხელს ბევრი რამ უშლის, მათ შორის, კლასში მოსწავლეთა ჭარბი რაოდენობა, რაც შეფასების პროცესს მნიშვნელოვნად ართულებს. დროთა განმავლობაში თვითგამოვლენის სურვილიც იკლებს და აღსაზრდელები ხშირად მიმართავენ ,,მასაში ჩაკარგვის“ სხვადასხვა ხერხს. თუ დაწყებით საფეხურზე მასწავლებლის მიერ დასმულ შეკითხვას კლასი აწეული ხელებით ეგებებოდა, საბაზო საფეხურზე დაუმორჩილებელ, თავისუფლების მოპოვებისთვის მებრძოლ მოზარდებს გამოკითხვის მეთოდით ვეღარ შეაფასებ. თან ფაქტობრივი ცოდნის გამოვლენა ჯერ კიდევ არ ნიშნავს რომელიმე სასწავლო უნარის სათანადოდ ფლობას. მთავარია მოსწავლეებს თვითსწავლის უნარი გამოვუმუშაოთ და შემეცნების სურვილი გავუღვივოთ. დავიწყებას უნდა მიეცეს ის დრო, როცა გამოცდის გადაბარება იმის გამო გიწევდა, რომ რომელიღაც ლექსი ზეპირად ვერ გაიხსენე. არავინ შეგეკითხებოდა, გესმოდა თუ არა მტკვრის პირას ჩაფიქრებული პოეტის ტკივილი. შენ მხოლოდ მისი ეპოქის მთავარი პრობლემის – გარეული მტრის შესახებ ინფორმაციით იყავი შეიარაღებული და ეს საკმარისი იყო ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.
პირველ რიგში, მკაფიო წარმოდგენა უნდა გვქონდეს იმის შესახებ, თუ რას ვაფასებთ. მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სასწავლო პროცესი და მათ შორის, შეფასების სისტემაც მოსწავლის წინაშე მდგომ გამოწვევებსა და საჭიროებებს უნდა ერგებოდეს. სკოლაში მიღებული გამოცდილება მას დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირების საშუალებას უნდა აძლევდეს (კონსტრუქტივისტული საგანმანათლებლო კონცეფცია) და რადგან მოსწავლის შეფასება სწავლა-სწავლების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, ისიც ზემოხსენებულ კონცეფციას უნდა ეფუძნებოდეს. ამას გარდა, შეფასება მოსწავლის ინდივიდუალურ პროგრესს უნდა აღწერდეს.
ცოდნის აგების (ცოდნის, გამოცდილებისა და შეხედულებების სინთეზი) პროცესი წინარე ცოდნაზე დაყრდნობით ახლის შემეცნებასა და გამოყენებას გულისხმობს. აქედან გამომდინარე, მოსწავლის შეფასების ძირითად მიზანს თავად სწავლის პროცესის მიმდინარეობისა და ,,ცოდნათა ურთიერთდაკავშირების ჩვენება“ (ესგ 2017-23) წარმოადგენს. განახლებული მოთხოვნების საპასუხოდ, სკოლამ მოსწავლეს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესი და განვითარების თანაბარი შესაძლებლობა უნდა შესთავაზოს.
მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა ტიპის სამუშაოს შესრულებას ვითხოვთ. მოსწავლეთა დაინტერესებას უფრო ადვილად კომპლექსური და მკაფიო კონტექსტის მქონე დავალებებით (ესე, პროექტი, კვლევა, პრობლემის გადაჭრა, დისკუსია, შემეცნებითი ექსკურსიები, დებატები და სხვ.) შევძლებთ. დავალება უნდა იყოს მნიშვნელოვანი (საგნობრივი კრიტერიუმების შესაბამისი), გასაგები (მკაფიო ინსტრუქციით შეიარაღებული), მიუკერძოებელი (ყველა მოსწავლეს, მის ხელთ არსებული ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებით, თანაბრად უნდა შეეძლოს მასზე მუშაობა), დაძლევადი (სასწავლო საფეხურის შესაბამისი), შეფასებადი (უნდა შეიძლებოდეს მისი გაზომვა შეფასების რუბრიკის დახმარებით) და მოსწავლის მაღალ ჩართულობას მოითხოვდეს. მოსწავლე თავად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას, თანამშრომლობდეს, შეეძლოს ახალი პრობლემის წინარე ცოდნასა და გამოცდილებაზე დაყრდნობით გადაჭრდა და სხვ. მრავალფუნქციური დავალებები საინტერესოსთან ერთად გაცილებით ნაყოფიერი და გრძელვადიანი შედეგის მომცემია. საკამათო თემაა ისიც, თუ რა სიხშირით უნდა გამოვიყენოთ განმსაზღვრელი შეფასება. განათლების მკვლევარები ასევე საუბრობენ  განმავითარებელი შეფასების უპირატესობაზეც, რადგან პროცესის შეფასების დროს  ინდივიდუალური პროგრესი უფრო ნათლად ჩანს.
შეფასების სისტემის ერთ-ერთი მთავარი დანიშნულება მოსწავლისთვის საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეების ჩვენებაა. ჩვენ ის უნდა შევაფასოთ, თუ რამდენაც ნაყოფიერ და კარგად გააზრებულ ნაბიჯებს დგას მოსწავლე თვითგანვითარების მიზნით. სწავლების შედეგის გაზომვის მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებით კი მოსწავლეს ცოდნისა და უნარების სხვადასხვა გზით გამოვლენის საშუალებას მივცემთ. მოკლედ რომ ვთქვა, შეფასებადი დავალება შეფასების მიზნებს უნდა შეესაბამებოდეს და ღირებული ცოდნის შეძენა-განმტკიცებას ემსახურებოდეს.
ყველა საგანს მიზნის შესაბამისი შეფასების ინსტრუმენტები ესაჭიროება. მასწავლებელს ეძლევა მიმართულება, კრიტერიუმთა (სასწავლო უნარ-ჩვევათა ერთობლიობა) ჩამონათვალი, რომლითაც ის ხელმძღვანელობს. თითოეული შეფასების რუბრიკა დავალების მიზნის შესაბამის ინდიკატორებზე დაყრდნობით უნდა შეიქმნას (ნიმუშების ნახვა შეგიძლიათ ესგ-ში). შეფასების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, შეფასების რუბრიკაზე ხელი მოსწავლეებსაც უნდა მიუწვდებოდეს. მეტიც, მათ აუცილებლად უნდა ვასწავლოთ შეფასების რუბრიკის გამოყენება, სამუშაოს სწორად დაგეგმვისა და შესრულების მიზნით.
შეფასებადი დავალების შედგენამდე ჯერ რამდენიმე კითხვას უნდა ვუპასუხოთ: რას ვაფასებთ? არის თუ არა ფასეული ის ცოდნა, რომელსაც მოსწავლისგან ვითხოვთ? გაზომვადია თუ არა სწავლის შედეგები? სწორად არის თუ არა შერჩეული დავალების/აქტივობის ფორმა? შეესაბამება თუ არა დავალების სირთულეს ქულების სისტემა? თუ ფაქტობრივი ცოდნა არა, მაშინ რა უნდა შევაფასო ყოველი თემის დასასრულს? თუ ერთ წერილობით ნაშრომში მიღებული ქულა მოსწავლის წერით უნარ-ჩვევას მხოლოდ ამ კონკრეტულ დროსა და მომენტში ზომავს, მაშინ რატომ აქვს ერთნაირი წონა მიმდინარე და შემაჯამებელ შეფასებებს?.. მოკლეთ, კითხვები უამრავია,  მათზე პასუხის გაცემა კი არც ისე ადვილია.
რაც შეეხება შეფასებადი დავალების სტრუქტურას, რაც უფრო მრავალფეროვანი და არასტანდარტული თავსატეხებითაა აგებული, მით უფრო რთულდება ჯამური ქულის გადანაწილება. უნდა შევეცადოთ და დავალებებს ქულები სირთულის მიხედვით მივანიჭოთ. მოსწავლემ ადვილი და რთული დაბრკოლების გადალახვისთვის სხვადასხვა ჯილდო უნდა მიიღოს, ამ გზით ის საკუთარი ნაშრომის ადეკვატურად შეფასებასაც ისწავლის. მოსწავლეთა დიდი ნაწილისთვის დავალების ინსტრუქციის წაკითხვა და გაგება პრობლემას წარმოადგენს, არადა, ამაზეა დამოკიდებული დავალების შესრულების ხარისხი. ჩემი აზრით, შეფასების რუბრიკა ამ მიმართულებითაც უნდა ასახავდეს მოსწავლის პროგრესს.
წყარო : http://mastsavlebeli.ge

YouTube-არხები, რომლებიც მოსწავლეებს სხვადასხვა საგნების სწავლაში დაეხმარება

შეიძლება ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში YouTube საუკეთესო საშუალებაა ახალი ინფორმაციის მისაღებად და სწავლის პროცესში დამატებითი მასალების მოსაძიებლად.
სწორედ ამიტომ, წარმოგიდგენთ იუთუბის იმ არხებს, რომლებიც ნებისმიერ მოსწავლეს დაეხმარება მისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებაში.

1.KURZGESAGT – In a nutshell
აქ ანიმაციური ვიდეოების საშუალებით გაიგებთ ყველაფერს, რაც გაინტერესებთ ევოლუციაზე, დროზე, სივრცეზე, კოსმოსზე, ენერგიაზე და სამყაროზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული არხია, რომელმაც სახელი რთული თემების მარტივად ახსნით და ულამაზესი ანიმაციით გაითქვა.
  1. Koen2all
უამრავი ქიმიური ცდა ერთ არხზე! ბევრი მათგანი საშიშია და შეიძლება აფეთქებაც მოჰყვეს. ამიტომ, იუთუბერი ქიმიკოსი გვაფრთხილებს, რომ ეს ცდები ზედამხედველის გარეშე არ გავიმეოროთ.

  1. Crash Course
აქ ადვილი ენითაა ახსნილი ასტრონომია, ანატომია, ფილოსოფია, პოლიტიკა და ეკონომიკა. ვიდეოები საკმაოდ გრძელია და ინგლისური ენის ცოდნაც მაღალ დონეზეა საჭირო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო რესურსია დიდ თემებში სწრაფად გასარკვევად.

  1. Minute Physics
გაინტერესებთ, საიდან ჩნდებიან გალაქტიკები? რა არის გრავიტაციული ტალღები? რატომ არის თვითმფრინავის ძრავები დიდი ზომის? დედამიწის გამჭოლ გვირაბში ჩავარდნისას (თუ მას გათხრით), სადამდე იფრენთ? და სხვა მსგავსი საკითხები, მაშინ უყურეთ ამ არხს და ისწავლეთ ფიზიკა ისე, როგორც არცერთ სახელმძღვანელოში არ არის ახსნილი!

  1. Sixty Symbols
აქ თქვენ ნახავთ ძალიან მაგარი ვიდეოებს ასტრონომიასა და ფიზიკაზე.  უყურეთ ამ ვიდეოებს, ლექციებს და გაიგეთ რა ხდება შავ ხვრელებში, რა არის ბნელი ენერგია და ა.შ.

გაუგონრობა ბავშვებში – გამომწვევი მიზეზები და დაძლევის გზები

ვფიქრობ, არ არსებობს მშობელი, რომელიც ბავშვის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე, სხვადასხვა ფორმითა და ხარისხით გამოვლენილი გაუგონრობისა და მასთან დაკავშირებული სირთულეების მოწმე არ გამხდარა. მართალია, სხვადასხვა ტიპოლოგიური თავისებურებების მქონე და განვითარების სხვადასხვა პერიოდში მყოფ ბავშვთან ის განსხვავებულად ვლინდება, მაგრამ ძნელია მოიძებნოს პატარა, რომელსაც გაუგონრობის გამო უფროსებისათვის პრობლემები არ შეუქმნია. თითოეული მშობელი, ამა თუ იმ ხარისხით, ეჯახება საკუთარი შვილის გაუგონრობას. რა თქმა უნდა, პრობლემის მასშტაბები სხვადასხვა ოჯახში სხვადასხვანაირია. ზოგიერთი ბავშვი იშვიათად განსაკუთრებული ენთუზიაზმის გარეშე ავლენს გაუგონრობას, სხვებს კი შეიძლება ქრონიკული გაუგონრები ვუწოდოთ.
შეიძლება თუ არა ბავშვის გაუგონრობა მნიშვნელოვან პედაგოგიურ პრობლემად ჩავთვალოთ და სრული გამარჯვება  ბავშვის გაუგონრობაზე ყოველთვის მეტყველებს თუ არა იმაზე, რომ  მშობლები ბავშვის აღზრდას სწორი მიმართულებით წარმართავენ. უნდა ითქვას, რომ დასმულ კითხვაზე ცალსახა პასუხის გაცემა შეუძლებელია.
გაუგონარ ბავშვთან მოქმედების სწორი სტრატეგიის შესარჩევად, პირველ რიგში, უნდა შევეცადოთ ვიპოვოთ მისი ქცევის გამომწვევი მიზეზები. შევეცადოთ, გავაანალიზოთ რასთან არის დაკავშირებული გაუგონრობის გამოვლინებები. ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება რამდენიმე იყოს და სწორედ მათზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ქცევის სტილი გაუგონარ ბავშვთან ურთიერთობაში.
გაუგონრობის მიზეზები ბავშვებში:
  • ბავშვის უზომო ცნობისმოყვარეობა. ძირითადად ის დამახასიათებელია 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, მაგრამ პერიოდულად მსგავსი ქცევა ცოტა უფრო მოზრდილებშიც გვხვდება. ის დაკავშირებულია ბავშვის ფსიქოლოგიურ თავისებურებებთან ცხოვრების პირველ წლებში. ამ პერიოდში პატარა იმყოფება გარემომცველი სამყაროს შემეცნებისა და გამოცდილების აქტიური დაგროვების სტადიაში. თუმცა, ამასთან ერთად, მას ჯერ კიდევ არა აქვს ერთგვარი „შინაგანი ბარიერი“, რომელიც დაეხმარება პოტენციურად სახიფათო ან სოციალურად დაუშვებელი ქცევებისგან თავშეკავებაში;
  • მშობლების რეაქციის შემოწმების სურვილი. შეისწავლიან რა გარემომცველ სამყაროს, პატარები ცდილობენ ასევე ექსპერიმენტული გზით იპოვონ მშობლებთან კომუნიკაციის ოპტიმალური ხერხები. ამისათვის ისინი იყენებენ მათზე ზემოქმედების სხვადასხვა საშუალებებს და მათ შორის გაუგონრობასაც – „რა მოხდება, თუ არ გავაკეთებ იმას, რასაც დედა მთხოვს?“ 1-3 წლის ასაკის ბავშვებში ეს არ არის განებივრებულობისა და ხასიათის ცუდი თვისებების გამოვლენის ნიშანი. უფრო მეტიც, შეიძლება ის ნორმალური ქცევის ვარიანტადაც კი მივიჩნიოთ. ამიტომ, არ არის საჭირო პანიკაში ჩავარდნა და გაუგონარი ბავშვის გამოსწორებაზე ფიქრი;
  • ბავშვის სურვილი მიიქციოს ყურადღება. პატარებს ძალიან სჭირდებათ მშობლებთან ურთიერთობა. ეს ძალიან ბუნებრივია – მშობლებისგან ისინი სწავლობენ აუცილებელ ჩვევებს, მშობლები ეხმარებიან მათ სამყაროს შემეცნებში. და, თუ დედ-მამა არასაკმარის ყურადღებას უთმობს პატარას, ის ცდილობს მიიპყროს მათი ყურადღება ყველა ცნობილი ხერხით, მათ შორის გაუგონრობითაც;
  • ბავშვის არასაკმარისი მოტივაცია უფროსების მოთხოვნების შესასრულებლად. იმისათვის, რომ ბავშვმა გაითვალისწინოს ჩვენი სურვილები, მას ნათლად უნდა ესმოდეს, თუ რატომ უნდა გააკეთოს ის, რასაც ჩვენ მოვითხოვთ მისგან, ამისათვის კი საჭიროა გასაგებად მივიტანოთ ბავშვამდე ჩვენი სურვილების აზრი;
  • ბავშვის მიმართ დაწესებული  უამრავი შეზღუდვა და აკრძალვა. სანამ ჩვენ მას გაუგონრობის გამო ვუსაყვედურებდეთ, დავფიქრდეთ, ზედმეტად ბევრს ხომ არ მოვითხოვთ მისგან. ზოგიერთი მშობელი თავისი ავტორიტეტის გამოხატვას ბავშვისთვის სხვადასხვა შეზღუდვებისა და აკრძალვების დაწესებაში ხედავს. ხშირად ყველაზე მშვიდი, გაწონასწორებული და მორჩილი ბავშვიც კი შეწუხებული და დათრგუნულია გაუთავებელი შენიშვნებით და აკრძალვებით – „არ შეიძლება“,  „საჭიროა“ და სხვა ამის მსგავსი ფრაზების სისტემატურად გამოყენება, როგორც წესი, ბავშვის სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს და გაუგონრობის სერიოზული მიზეზიც ხდება;
  • იმის მოთხოვნა ბავშვისგან, რისი გაკეთება თავადაც გვიჭირს. მაგალითად, ბავშვისგან მოვითხოვთ, რომ ტყუილი არ თქვას და ვსჯით კიდეც ამისათვის, ჩვენ კი მისი თანდასწრებით ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვიტყუებით. პირადი მაგალითი უძლიერესი აღმზრდელობითი ინსტრუმენტია. ბავშვებს ახასიათებთ მშობლების კოპირება წვრილმანებშიც კი. ამასთან, ისინი ამას აკეთებენ სრულიად გაუცნობიერებლად. ამიტომ, თუ ჩვენ თავად არ გამოვირჩევით ორგანიზებულობით, ნუ მოვითხოვთ ამას ბავშვისგან, ვინაიდან, ჩვენი ძალისხმევა უშედეგო აღმოჩნდება;
  • ბავშვის უნდობლობა მშობლების მიმართ. ასეთ სიტუაციას შეიძლება შეეჯახონ 4-5 წლის და უფროსი ასაკის ბავშვების მშობლები. პატარები, როგორც წესი, აღმერთებენ მშობლებს და დაინტერესებული არიან იმით, რომ დაიმსახურონ მათი კეთილგანწყობა და სიყვარული. მაგრამ, თუ მშობლები პედაგოგიურად არასწორად იქცევიან – ხშირად უყვირიან ბავშვს ყოველგვარი მიზეზის გარეშე; საყვედურობენ იმის გამო, რაშიც დამნაშავენი არ არიან; ფიზიკურად სჯიან ისე, რომ ბავშვისთვის გაუგებარი რჩება მიზეზი – გარკვეულ მომენტამდე ბავშვი განიცდის დანაშაულის გრძნობას, თავს დამნაშავედ თვლის და ცდილობს გამოასწოროს თავისი ქცევა. მაგრამ, თუ ამ მცდელობებს შედეგი არ მოაქვს (მაგალითად, დედა მიეჩვია გადმოანთხიოს ბავშვზე თავისი სიბრაზე ქმრის საქციელის გამო, და ბავშვის ქცევასთან ეს არანაირ კავშირში არ არის), ერთ მშვენიერ დღეს ბავშვი მიხვდება, რომ შექმნილ სიტუაციაში დამნაშავე მშობელია. მასში ქრება ნდობა მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის მიმართ, რამაც შეიძლება პროვოცირება გაუკეთოს ჩვენთვის მიუღებელი ქცევის სხვადასხვა ფორმებს, მათ შორის „ქრონიკულ“ და  მიზანმიმართულ გაუგონრობას;
  • გაუგონრობის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მიზეზი შეიძლება გახდეს განვითარების კრიტიკული პერიოდებისთვის (3-დან 5 წლამდე და 10-დან 14 წლამდე პერიოდი) დამახასიათებელი თავისებურებები.3-5 წლის ასაკში ახლად გამოღვიძებულ პიროვნებას უჩნდება საკუთარი აზრის, სურვილის, შეხედულების გატანის სურვილი, რაც ხშირად ბავშვს გაუგონრობისკენ უბიძგებს. მეორე კრიტიკულ პერიოდში მოზარდში აღმოცენებული „დიდობის გრძნობა“ ხდება საფუძველი იმისა, რომ ბავშვმა საკუთარი თავი ზრდასრულად ჩათვალოს და აკეთოს ის, რაც მოესურვება. მოზარდის ასეთი სურვილი ხშირად უფროსების პროტესტს იწვევს, რაც ბავშვის გაუგონრობის მიზეზი ხდება.
რეკომენდაციები ბავშვის გაუგონრობის დასაძლევად:
  • დავაყენოთ საკუთარი თავი ბავშვის ადგილას და სიტუაციას მისი პოზიციიდან შევხედოთ;
  • შევეცადოთ გავარკვიოთ ბავშვის ნამდვილი სურვილი;
  • შევთავაზოთ ბავშვს მისთვის მიმზიდველი ალტერნატივა, ამასთან, მივცეთ საშუალება, საქმე ბოლომდე მიიყვანოს. აუცილებლობის შემთხვევაში დავეხმაროთ;
  • მნიშვნელოვანია არ გადავიდეთ იმ ზღვარს, რომლის იქითაც ვერ შევძლებთ გაუგონარი ბავშვის მართვას ცრემლისა და ისტერიკის გარეშე;
  • ნუ შევეცდებით ბავშვის მოსყიდვას და ნუ შევთავაზებთ მას რაიმე მატერიალურს (კანფეტი, სათამაშო, მობილური, კომპიუტერი და ა.შ.) კარგი ქცევის სანაცვლოდ;
  • ვიყოთ თანმიმდევრული ჩვენს ქცევაში, იმისათვის, რომ ბავშვს სჯეროდეს ჩვენი და შეეძლოს, დაეყრდნოს ჩვენს სიტყვებს;
  • გვიყვარდეს ბავშვი მისი ქცევის მიუხედავად;
  • ბავშვები საჭიროებენ ახლობლების კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას. ამით ისინი უფრო ადვილად შეძლებენ თავიანთი ქცევის კორექტირებას.
დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის გაუგონრობა ნამდვილად არ არის სერიოზული საფრთხის შემცველი და პანიკაში არ უნდა გვაგდებდეს. უფრო მეტიც, ხშირ შემთხვევაში ბავშვის უსიტყვო მორჩილება ბევრად უფრო დასაფიქრებელი და საფრთხის მატარებელია მისი შემდგომი განვითარებისთვის, ვიდრე გაუგონრობა.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge