Monday, April 23, 2018

მშობელთა ჩართულობა: ჩვენთან თუ ჩვენს წინააღმდეგ?

„შეგიძლიათ ამოისუნთქოთ, რადგან არ ვაპირებ
თქვენთვის იმის თქმას, როგორ მოიქცეთ“[1]
დონალდ ვინიკოტი

მშობლებთან ურთიერთობა, საბავშვო ბაღისა თუ სკოლის ცხოვრებაში მათი ჩართულობის უზრუნველყოფა, მათთან დიალოგი და კონსენსუსი განათლების სფეროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა არა მხოლოდ მასწავლებლებისთვის, არამედ განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელებისთვის, საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის და განათლების საკითხებით დაინტერესებული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ხშირად საკითხი კიდევ უფრო მწვავედ დგას უმცირესობების და სხვადასხვა მარგინალიზებული ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვების მშობლების შემთხვევაში, როდესაც ენობრივი, კულტურული, სოციალურ-ეკონომიკური გარემოებები დამატებით ბარიერს წარმოშობს მშობელთა ჩართულობისთვის. ამასთან ერთად მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში არსებული დომინანტური სტერეოტიპული და დისკრიმინაციული დამოკიდებულებები ხელს გვიშლის, შემოქმედებითად ვიფიქროთ სტრატეგიებზე ყველა მშობლის ჩართულობის უზრუნველსაყოფად. მაგალითად, დასაქმებულ მშობელზე, რომელიც ექიმი, მასწავლებელი ან თანამდებობის პირია და ხშირად ვერ მოდის მშობლებთან შეხვედრებზე და არ პასუხობს ჩვენს თხოვნებს (მაგ. რაიმე ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება), მეტი შემწყნარებლობით ვუდგებით, ვიდრე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ან სოციალურად დაუცველ ოჯახის წევრებს, რომლებზეც ხშირად შეიძლება ისიც კი გავიფიქროთ, რომ ‘მათ თავიანთი ბავშვების განათლება სულაც არ აინტერესებთ!“
მაგრამ….
ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყველა მშობელს სურს საუკეთესო საკუთარი შვილისთვის. მათი ოცნებები და იმედები სწორედ შვილებს უკავშირდება. მრავალფეროვან საზოგადოებაში ეს იმედები და მოლოდინებიც განსხვავებულია[2]. რა სჭირდება ბავშვს იმისათვის, რომ ჩვენ საზოგადოებაში წარმატებული იყოს? უნდა შეეძლოს საკუთარი აზრის თამამად გამოხატვა თუ უფროსების პატივისცემის ნიშნად მდუმარედ უსმინოს უკვე დადგენილ ჭეშმარიტებებს? შაბლონის მიხედვით დახატოს პეპელა თუ ისე, როგორც მოუნდება? გაიხსენოს დაზეპირებული ლექსები თუ წაკითხული ისტორიებიდან მისთვის საინტერესო დეტალები? კლასელებთან ერთად იმუშაოს პროექტზე თუ შეეჯიბროს მათ დავალების შესრულებაში – რომელი უფრო მაღალ შეფასებას მიიღებს? ამ კითხვებს უნივერსალური პასუხები არ აქვს, რადგან სხვადასხვა კონტექსტში სწორედ განსხვავებული მიდგომები მიიჩნევა ღირებულად. საქართველოში პედაგოგები ხშირად ხვდებიან მშობელთა დამოკიდებულებას, რომელიც აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს ბავშვების კოგნიტურ და აკადემიურ უნარ-ჩვევებს, ხოლო სოციალურ-ემოციური უნარებსა და პიროვნულ თვისებებს მეორეხარისხოვნად (საკმაოდ უსამართლოდ) მიიჩნევს. ასეთ დროს, სანამ მშობელთა „მოძღვრებას“ დავიწყებთ, მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ – რატომ? შესაძლოა მშობელთა უმრავლესობა ასე სწორედ იმიტომ მიიჩნევს, რომ ჩვენ საზოგადოებაში (და არამარტო) გაბატონებულია ხედვა, რომ საზოგადოებაში დაფასებული წარმატება მხოლოდ აკადემიურ წარმატებაზე გადის, ხოლო ნაკლებად „ხელშესახებ“ ცოდნასა და უნარებზე დახარჯული დრო – ფუჭია; ხედვა კი სოციალურ-კულტურული კონტექსტითა და არსებული სისტემებით (მაგ. ტესტირება და საგამოცდო სისტემა, რომელიც ძირითადად ფოკუსირებულია დაზეპირებულ ცოდნაზე) არის გამყარებული.
მშობელთა ჩართულობის გზაზე პირველი ნაბიჯი მშობელთა განსხვავებული პერსპექტივების აღიარება, პატივისცემა და მათზე რეფლექსიაა. მნიშვნელოვანია, რეფლექსიის პროცესი  დიალოგის ნაწილი იყოს – ვკითხოთ მშობლებს, რატომ მიაჩნიათ მნიშვნელოვნად სწორედ ასე და არა სხვანაიარად? ავუხსნათ, ჩვენ რატომ ვფიქრობთ განსხვავებულად? როდესაც ჩვენსა და მშობლის ხედვას შორის დიდი განსხვავებებია, შესაძლებელია მოიძებნოს გადაკვეთის წერტილი, რაზეც ორივე მხარე შეთანხმდება? რა არის მთავარი რასაც ჩვენ, როგორც პროფესიონალი ვერ გადავუხვევთ? სად გადის წითელი ხაზი ბავშვის ინტერესების დასაცავად?
რეფლექსიის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილია გავაცნობიეროთ, რომ ყველა მშობელს შეუძლია ხელი შეუწყოს საკუთარი შვილის განვითარებას, სწავლასა და წარმატებას. ბავშვის ხელშეწყობა ოჯახურ გარემოში ბუნებრივია, ბევრად მეტს ნიშნავს ვიდრე მეცადინეობის დროს დახმარებას. შესაძლოა, რთულია, მაგრამ მეტად მნიშვნელოვანია თითოეული მშობლის შესაძლებლობების შემჩნევა და წახალისება ბავშვის ერთობლივი აღზრდისა და განათლების პროცესში. იყო მასწავლებელი, გარკვეულწილად ნიშნავს იყო სოციალური აქტივისტი, რომელსაც სჯერა თითოეული ადამიანის შესაძლებლობების და პოტენციალის, ინდივიდების გაძლიერების გზით უფრო ძლიერი და სამართლიანი საზოგადოების შექმნის და მისგან ყველაზე განსხვავებული პოზიციების მქონე ადამიანებთან ცდილობს დიალოგსა და ერთობლივი მშვიდობიანი სამოქმედო ველის შექმნას. ამიტომ, მშობლებთან თანამშრომლობის პროცესში მნიშვნელოვანია ყველა მშობლის თანასწორ პარტნიორად მიღება. მშობლების მონაწილეობა საბავშვო ბაღსა თუ სკოლაში მიმდინარე პროცესებში ამარტივებს ურთიერთობებს და აყალიბებს თანამშრომლობით დამოკიდებულებას, აძლიერებს კავშირებს სახლსა და სკოლას/ბაღს შორის, მშობელსა და მასწავლებელს შორის, მშობელსა და სკოლას/ბაღს შორის, სკოლას/ბაღსა და ადგილობრივ თემს შორის. დაბოლოს, მშობლებთან თანამშრომლობის ხელშეწყობისთვის, პრინციპულია გვახსოვდეს, რომ ეს პირველ რიგში ჩვენი, როგორც პროფესიონალების პასუხისმგებლობაა. ნებისმიერ მშობელთან შეიძლება კონტაქტი „რთული“ აღმოჩნდეს, მიუხედვად მშობლის სქესისა, ეთნიკური წარმომავლობისა, ოჯახური მდგომარეობისა, განათლებისა და შემოსავლისა.  მასწავლებლის მოვალეობაა თითოეულ მშობელთან ინდივიდუალურად კავშირის დამყარება.
რატომ არის მშობლების ჩართულობა მნიშვნელოვანი?
ფორმალურ განათლებაში მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობაზე არგუმენტები უხეშად შეგვიძლია ორ ნაწილად გავყოთ: ინსტრუმენტული და უფლებრივი. ინსტრუმენტული ხედვა მშობლის მონაწილეობას მნიშვნელვნად მიიჩნევს, ვინაიდან ეს ემსახურება ბავშვის განვითარებისა და სწავლის უკეთესი შედეგების მიღწევას. ამ არგუმენტებს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ე.წ. „მშობელთა პედაგოგიზაციის“ ცნებაც, რაც გულისხმობს შესაბამისი ცოდნის არმქონე მშობლების განათლებას ბავშვის აღზრდისა და სწავლის „მეცნიერულ ჭეშმარიტებებზე“. უფლებრივი პერსპექტივა მშობელს თანაბარ მონაწილე მხარედ მიიჩნევს და მშობელთა ჩართულობას მოიაზრებს როგორც დემოკრატიული მართვის პრინციპებზე დაფუძნებული ხარისხიანი განათლების განუყოფელ ნაწილს. გთავაზობთ ძირითად არგუმენტებს მშობელთა ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ:
  • მშობლები ბავშვის პირველი მასწავლებლები არიან; ამასთანავე, ისინი ყველაზე უკეთ იცნობენ ბავშვებს, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, გვეხმარებიან უკეთ გავიცნოთ ბავშვის უშუალო სოციალური და კულტურული გარემო, მისი ტემპერამენტი და პიროვნული მახასიათებლები.
  • ბავშვები ცხოვრობენ რამდენიმე პარალელურ სივრცეში – ოჯახში, თემში, სკოლამდელ დაწესებულებაში/სკოლაში. მშობელთა ჩართულობა უზრუნველყოფს ამ სივრცეების ერთიან სიბრტყეში მოქცევას, ისე რომ ბავშვებს არ გაუჭირდეთ ერთი გარემოდან მეორეში გადასვლა, სხვადასხვა „სივრცეს“ აერთიანდებდეს საერთო ღირებულებები და ბავშვების მიმართ არსებული მოლოდინები თანამიმდევრული იყოს.
  • მშობლებსა და პროფესიონალებს შორის თანამშრომლობით ურთიერთობას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ბავშვის კეთილდღების გაუმჯობესებაში.
  • ოჯახის ჩართულობას პოზიტიური ზეგავლენა აქვს ყველა მონაწილე მხარეზე – ბავშვებზე, მშობლებზე, მასწავლებლებზე, ბაღის/სკოლის ადმინისტრაციაზე და თემზე; ოჯახის ჩართულობა არ მოიაზრებს მათ მონაწილეობას მხოლოდ განსაკუთრებულ ღონისძიებებში და მშობელთა კრებებში- ჩართულობა ნიშნავს კომუნიკაციას მშობლებისთვის ხელმისაწვდომი ფორმებით, მათთან მუდმივ დიალოგს და თითოეული ბავშვის ოჯახისა და კულტურის გათვალისწინებას საგანმანათლებლო გარემოსა და პროცესში.
  • მშობლებთან თანამშრომლობა ორმხრივი პროცესია და მოიაზრებს მშობლობის მხარდაჭერას შინ (აღზრდა, ზრუნვა, განათლება) და განათლების პროცესისა და გარემოს გაუმჯობესებას საბავშვო ბაღში/სკოლაში. ორმხრივი პროცესი გულისხმობს რომ ყველა მხარე – ბავშვები, ოჯახები, პროფესიონალები და ადგილობრივი თემი – განათლების და სოციალიზაციის თანამონაწილე და მიმღებია.
  • მშობლების/ოჯახის ჩართულობა მნიშვნელოვანია საზოგადოებაში სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის. საბავშვო ბაღები და სკოლები იმ იშვიათ საზოგადოებრივ სივრცეს წარმოადგენს, სადაც განსხვავებული კულტურის, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის, ეთნოსისა და შესაძლებლობების ბავშვები და უფროსები ერთ სივრცეში მოქმედებენ. სწორედ ამიტომ, ისინი ბუნებრივად ატარებენ სოციალური ინკლუზიის და დემოკრატიული ჩართულობის ხელშეწყობის პოტენციალს არა მხოლოდ მიკრო დონეზე (ბაღი, სკოლა), არამედ ფართო საზოგადოებისთვისაც.
რატომ არის მშობელთა ჩართვა რთული?
ხშირად მშობელთა ჩართულობა მასწავლებლისთვის რთულად მისაღწევი მისიაა. ამ გამოწვევის მთავარ მიზეზად როგორც წესი მშობელთა დაკავებულობა, უდროობა ან ბავშვთა განათლების მიმართ მათი ინტერესის ნაკლებობა მიიჩნევა. თუმცა, ხშირად უგულებელყოფილია ყველაზე მთავარი დაბრკოლება – მეორე მხარის მიმართ არსებული მოლოდინები და დამოკიდებულებები. ქვემოთ მოცემულ ცხრილში შეჯამებულია მშობლებსა და მასწავლებლებში მეორე მხარის მიმართ არსებული გავრცელებული შეხედულებები[3].
მშობლებიმასწავლებლები (და ბაღის/სკოლის სხვა თანამშრომლები)
მორგებული აქვს მშობლის ტრადიციული როლი – „მიჰყევი პროფესიონალების მითითებებს“მორგებული აქვს მასწავლებლის ტრადიციული როლი – „პროფესიონალები უნდა უძღვებოდნენ ყველაფერს“
შენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მასწავლებლის და ზოგადად განათლების შესახებშენარჩუნებული აქვს ტრადიციული წარმოდგენები ბავშვის, მშობლისა და ზოგადად განათლების შესახებ
ადანაშაულებს მასწავლებელს ბავშვის პრობლემებშიადანაშაულებს მშობლებს ბავშვის პრობლემებში
მიაჩნია, რომ მასწავლებლები გულწრფელად არ ზრუნავენ მის შვილზემიაჩნია, რომ მშობლებს არ აღელვებთ განათლება
ინიციატივას, მიწვევას და მონაწილეობისთვის შესაძლებლობების შექმნას ელის მასწავლებლებისგანმოლოდინი აქვს, რომ მშობელი მას შემდეგ ჩაერთვება სკოლის ცხოვრებაში, როდესაც  მოპატიჟების მიიღებს ბაღიდან/სკოლიდან და მონაწილეობას მიიღებს იმ ფორმით, როგორც ბაღი/სკოლა მოელის მისგან.
მიაჩნია, რომ მასწავლებელი პროფესიონალია, ამიტომ ემპათიას არ ავლენს მასთანსურს, რომ პროფესიონალურად გამოიყურებოდეს, ამიტომ არ ავლენს ემპათიას ბავშვებსა და მშობლებთან
არ აქვს ნათელი წარმოდგენა მის მიმართ არსებული მოლოდინების შესახებარ ახდენს მოლოდინების ნათლად ჩამოყალიბებას; მოელის, რომ მშობლებმა უნდა იცოდნენ როგორ მოიქცნენ და არ დასვან კითხვები ქცევის წესების შესახებ
კომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზეკომუნიკაციით დაღლილია და ფოკუსირებულია პრობლემებზე
ეშინია უკუკავშირის მიწოდება მასწავლებლისთვისეშინია უკუკავშირის მიწოდება ზოგიერთი მშობლისთვის
მიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი შეუძლია, აკლია საკუთარი შესაძლებლობებისა და კომპეტენციების რწმენამიაჩნია, რომ ზედაპირებული მხარდაჭერის გარდა ბევრი არაფერი სჭირდება, არ ენდობა მშობლის კომპეტენციებს

მშობელთა ჩართვის სტრატეგიები და საუკეთესო პრაქტიკის პრინციპები
მშობელთა ჩართულობისთვის საგანმანათლებლო დაწესებულებები სხვადასხვა სტრატეგიას მიმართავენ[4]: კომუნიკაცია, მოხალისეობა, ოჯახის ჩართვა სასწავლო აქტივობებში, მშობლობის მხარდაჭერა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში თანამონაწილეობა, თემთან თანამშრომლობა, დისტანციური ჩართულობა (მაგ. ონლაინ სოციალური ქსელებით და სხვა პლატფორმები). თითოეული სტრატეგიის სპეციფიკის განხილვა ცალკე სტატიის თემაა, თუმცა შეგვიძლია დასკვნის სახით ჩამოვაყალიბოთ ის პრინციპები, რომლებიც მნიშვნელოვანია გასდევდეს მშობლების ჩართულობის ხელშეწყობას ნებისმიერ სიტუაციაში:
  • გარემოს შექმნა, სადაც კარი ღიაა ყველას მონაწილეობისთვის
  • ძლიერ მხარეებზე და შესაძლებლობებზე ფოკუსირება ურთიერთობის პროცესში
  • ფოკუსირება როგორც პროცესზე, ასევე შედეგზე
  • ერთმანეთისგან სწავლის შესაძლებლობების აღიარება და პატივისცემა
  • ინდივიდუალური შეხედულებების, გამოცდილებისა და კულტურის პატივისცემა
  • თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერების ხელშეწყობა
  • აქტიური მონაწილეობა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება
  • თანამონაწილეობა არჩევანის გაკეთების, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში
  • სოციალური ინკლუზიისა და ინტეგრაციის მხარდაჭერა
  • ემპათია
  • დამატებითი მხარდაჭერის უზრუნველყოფა საჭიროების შემთხვევაში
  • მშობლების, როგორც ნახევრად-პროფესიონალების მხარდაჭერა.


[1] Winnincot, D. W. (1992). The child, the family and the outside world. Cambridge. Perseus.
[2] Henderson, A.T., Mapp. K. L., Johnson, V.R., & D. Davies. (2007). Beyond the Bake Sale. The essential guide to family-school partnerships. New York, London. The New Press.
[3] Trikic, Z. (2017). Parental involvement – two sinking boats sending SOS (unpublished presentation).
[4] Desforges, C. & A. Abouchaar. (2003). The impact of parental involvement, parental support and family education on pupil achievement and adjustment: a review of literature.
5 Department of Children, Schools and Families. (2008). The impact of Parental Involvement on Children’s Education. https://www.ucy.ac.cy/nursery/documents/ThemaVdomadas/DCSF-Parental_Involvement_1.pdf
6 Trikic, Z. (2012) Building Opportunities in Early Childhood from the Start. A teacher’s guide to good practices in inclusive early childhood services. International Step by Step Association, Roma Education Fund.
7 Watkins, A. & S. Ebersold. (2016) Efficiency, effectiveness and equity within inclusive education systems. In Implementing Inclusive Education: Issues in Bridging the Policy-Practice Gap, pp.229-253.
წყარო :  http://mastsavlebeli.ge

სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად

მშობელთა ჩართულობას მნიშვნელოვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ბავშვის განვითარებაზე, როგორც  სკოლამდელ  ასაკში, ასევე სასკოლო ასაკში, როდესაც მოსწავლის წინაშე სერიოზული აკადემიური და სოციალური გამოწვევები ჩნდება. 
მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამავდროულად – რთულად მისაღწევი. კვლევები ადასტურებს მშობელთა მაღალი მოლოდინების პოზიტიურ გავლენას მოსწავლის მიღწევებზე. კვლევები იმასაც ადასტურებს, რომ ის მშობლები, რომლებსაც უფრო მაღალი მოლოდინი აქვთ შვილების მიღწევების მიმართ, უფრო ჩართულნი არიან სასწავლო პროცესში.

მშობელთა ჩართულობის მასშტაბი და ფორმები შესაძლოა იცვლებოდეს და დამოკიდებული იყოს მათ განათლებაზე, სოციალურ სტატუსზე, ასაკზე და სხვ.  ეს შესაძლოა გულისხმობდეს როგორც სასკოლო დავალებების შესრულებისას შვილის დახმარებას, ასევე მოსწავლის ხელშეწყობას, რათა მან უკეთ მოახდინოს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება, დროის სწორი მენეჯმენტი; ასევე მშობელთა აქტიურ  ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და აქტიურ კომუნიკაციას შვილის პედაგოგებთან. 
რას ნიშნავს მშობელთა ჩართულობა? 
მოსწავლეები მცირე ასაკში ძირითადად ორი წყაროდან იღებენ განათლებას: მშობლისგან და მასწავლებლისგან. შემდეგ ეს წყაროები, რა თქმა უნდა, უფრო მრავალფეროვანი ხდება: საზოგადოება, მეგობრები, უნივერსიტეტი და სხვ.  შესაბამისად, ადრეულ ასაკში ყველაზე დიდ გავლენას მოსწავლის განვითარებაზე ოჯახი და სკოლა ახდენს. ძალიან მნიშვნელოვანია ორივე რგოლის ჩართვა მოსწავლის განვითარებაში, თანაც ისე, რომ ორივე აცნობიერებდეს ამ მნიშვნელობას და თავის როლს. 
მშობელთა ჩართულობა  შეიძლება გულისხმობდეს: 1. ჩართულობას სასკოლო ცხოვრებაში და 2. ხელშეწყობას  მოსწავლეთათვის სასკოლო დავალებების შესასრულებლად და სასწავლო გეგმით გათვალისწინებული აქტივობებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად. 
მშობელთა ჩართულობის საკითხი საქართველოში ნაკლებად არის გამოკვლეული და შესაბამისად, რთულია, ვისაუბროთ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე სანდო ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშე. იმ მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს, რომლებიც სტატიის ბოლოსაა მოყვანილი, საერთაშორისო პრაქტიკები და კვლევები უდევს საფუძვლად. 
რატომ არის მნიშვნელოვანი მშობელთა ჩართულობა?
მშობელთა ჩართულობა ბავშვის სკოლამდელ ასაკში 
კვლევების მიხედვით, ბავშვის ადრეულ ასაკში მშობელთა ჩართულობა მნიშვნელოვნად უკავშირდება მოსწავლის კოგნიტურ-ემოციურ  განვითარებას. ის, თუ რას აკეთებენ მშობლები, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, თუ რა განათლება და გამოცდილება აქვთ მათ. მაგალითად, მშობელთა მიერ სახლში განხორციელებული აქტივობები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი შემოსავალი, პროფესია და განათლება.

სამიდან შვიდ წლამდე ბავშვის მშობლის ჩართულობის მიმართულებით კვლევებში რამდენიმე აქტივობის მნიშვნელობა გამოიყოფა:  
·ციფრებით და ასოებით თამაში, ანბანთან დაკავშირებული თამაშები, ბავშვთან ერთად კითხვა;
·სიმღერების და რიტმის სწავლება, ხატვა, ძერწვა და სხვ.;
·ბიბლიოთეკებში სტუმრობა. 
კვლევების თანახმად, ხშირ შემთხვევაში, ზემოთ ხსენებული სტრატეგიები გოგონების მიმართ უფრო გამოიყენება, ვიდრე ბიჭების მიმართ. სქესობრივ განსხვავებას მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს და განმავითარებელი სტრატეგიები ორივე სქესის ბავშვის მიმართ უნდა გამოიყენებოდეს. ასეთი მიდგომის შედეგი შესაძლოა თვალსაჩინო მოგვიანებით გახდეს და მოსწავლე გოგონები უფრო მეტად კოგნიტურად განვითარებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე ბიჭები. 
მშობელთა ჩართულობა სასკოლო ასაკის მოსწავლეების განვითარების პროცესში  
კვლევები ადასტურებს მშობელთა ჩართულობის დიდ მნიშვნელობას მოზარდობის და მოზრდილობის პერიოდშიც. კვლევამ, რომელიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, აჩვენა, რომ მშობელთა ჩართულობა დიდ ზეგავლენას ახდენს მოსწავლის განვითარების პროცესზე ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად. მშობელთა ქცევა მნიშვნელოვანი ფაქტორი  აღმოჩნდა  სკოლის ყველა საფეხურზე, სკოლაში შესვლისას კი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდა მოსწავლის კოგნიტური მზაობა სკოლისათვის. 
მშობელთა ჩართულობის ზეგავლენა ზრდასრულობის ასაკში
მოსწავლეების მიღწევების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ 7 წლის ბავშვის განვითარების პროცესში დედის და მამის ჩართულობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოგვიანებით, 20 წლის ახალგაზრდის წარმატებებზე. მშობელთა ჩართულობაში ამჯერად იგულისხმება ბავშვთან ერთად გატარებული დრო, მშობლების დაინტერესება ბავშვის განათლებით და შვილთან ერთად კითხვა.

მშობლების ჩართულობა სასკოლო დავალებების მომზადებისას 
არ არსებობს ცალსახა პასუხი კითხვაზე, დავალებების შესრულებისას მშობელთა ჩართულობა უკავშირდება თუ არა მოგვიანებით მოსწავლეთა უკეთეს მიღწევებს. კვლევებში გამოიყოფა მშობელთა დახმარების ფორმების განსხვავებული ეფექტიც. მაგალითად, აშშ-ში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობელთა არაპირდაპირ დახმარებას (დამოუკიდებლად სწავლის უნარის გამომუშავება) უფრო მაღალი ეფექტი ჰქონდა გამოცდებზე, ვიდრე მშობლის მიერ პირდაპირ დახმარებას. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ სასწავლო გარემოს შესაძლოა დიდი გავლენა ჰქონდეს მოსწავლის მიღწევებზე. მშობლის არაპირდაპირი ჩართულობით შესაძლოა მოსწავლეს შეექმნას შესაფერისი სასწავლო  გარემო, რაც, საბოლოო ჯამში,  მის მიღწევებს გააუმჯობესებს. 
რაც შეეხება მოსწავლის წიგნიერებაში მიღწევებს, აღნიშნულმა კვლევამ სამი ძირითადი ფაქტორი გამოყო: 3-5 წლამდე ასაკის ბავშვთან ერთად კითხვა, ანბანის და ციფრების თამაშები და ბიბლიოთეკაში სტუმრობა. 
ოჯახურად სწავლების ეფექტები
ოჯახურად სწავლება გულისხმობს მშობლისა და ბავშვის ერთობლივ სწავლებას, პროგრამებს, თამაშებს, სადაც ბავშვი მშობელთან ერთად მონაწილეობს. ეს შესაძლოა იყოს სესიები, რომლებიც მიმართულია სხვადასხვა უნარის განვითარებისკენ, მათ შორის  კითხვის უნარების გაუმჯობესებისაკენ.
კვლევამ, რომელიც ზომავდა ამ ტიპის სესიების ეფექტს, დაადგინა, რომ მოსწავლეთა კითხვის და ანგარიშის  უნარები ამაღლდა, მასწავლებლებს გაუადვილდათ კლასის მართვა, მშობლები უფრო ჩართულები გახდნენ მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებაში და უკეთ უწყობდნენ ხელს თავიანთ შვილებს აკადემიურ პროცესში.
მშობელთა მოლოდინების ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე 
მრავალი კვლევა ადასტურებს იმ პოზიტიურ ეფექტს, რომელიც აქვს მშობელთა მოლოდინებს მოსწავლის მიმართ და თავად მოსწავლის მოლოდინს. თუმცა კავშირი მშობლის მოლოდინებსა და მოსწავლის მიღწევებს შორის დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე: 
·კვლევები აკავშირებს მშობლის განათლებას შვილის მიმართ მოლოდინებთან. რაც უფრო მაღალია მშობლის განათლების დონე, მით უფრო მაღალი მოლოდინები აქვს მას შვილის  მიმართ. თუმცა შესაძლოა მაღალი განათლების მქონე მშობლებს ყველა პირობის შექმნის საფუძველზე ჰქონდეთ მაღალი მოლოდინები. 
·ხშირ შემთხვევაში, მშობელთა წარმოდგენები შვილის უნარ-ჩვევების შესახებ ქმნის მათ მოლოდინებს მიღწევებთან დაკავშირებით.
·მშობლები, რომლებიც მაღალი შეხედულების არიან შვილის მიღწევებზე, უფრო აქტიურად არიან ჩართულნი შვილის განათლების მიღების პროცესში. 
რამდენიმე კვლევაზე დაყრდნობით შესაძლებელია ასეთი დასკვნების გაკეთება:
·შესაძლოა მშობლებს შვილის ადრეულ ასაკში მაღალი მოლოდინები ჰქონდეთ მიღწევებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ მოლოდინებმა სხვადასხვა  სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორის გამო დაიკლოს. 
·მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინებს დიდი მნიშვნელობა აქვს სამომავლო მიღწევებისთვის, ისინი შესაძლოა უფრო მნიშვნელოვანი იყოს იმ მოსწავლეთათვის,  რომლებიც შეძლებულ სოციალურ კლასს მიეკუთვნებიან.
·მოლოდინების ეფექტი დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის სხვადასხვა ეთნიკურ ჯგუფში შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს. მაგალითად, მიუხედავად მშობლების მაღალი მოლოდინებისა, მოსწავლეებს შეიძლება ნაკლები პროგრესი ჰქონდეთ იმის გამო, რომ დაბალი ხარისხის განათლებას იღებენ, ან ზოგადად, ნაკლებად ხელშემწყობი გარემო ჰქონდეთ მაღალი ხარისხის განათლების მისაღებად. 
მოსწავლის მიღწევების გაუმჯობესებაზე პასუხისმგებლობა არ შეიძლება მხოლოდ სკოლას ეკისრებოდეს. მნიშვნელოვანია სასკოლო ასაკის დადგომამდე მშობელთა აქტიური ჩართულობა, მაღალი მოლოდინების ქონა შვილის მოსალოდნელი მიღწევებისადმი  და ჩართულობის სწორი ფორმების შერჩევა.  
მიუხედავად იმისა, რომ თავად მშობლებიც აცნობიერებენ მათი ჩართულობის დიდ მნიშვნელობას, სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გამო რთული ხდება იმ სტრატეგიების დანერგვა, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ჩართულობას სწორი ფორმებით.
ქვემოთ გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას სასკოლო ასაკის მოსწავლის მშობელთა ჩართულობის ასამაღლებლად.
სტრატეგიები მშობელთა ჩართულობის გაზრდისათვის 
უმასპინძლეთ მოსწავლეთა ოჯახებს სკოლაში შემდეგ ღონისძიებებზე: 
Øწიგნების გამოფენა-გაყიდვა;
Øსაქველმოქმედო აქცია: ნამცხვრების ცხობა და გაყიდვა ქველმოქმედებისათვის;
Øსემინარები მშობლებისათვის – როგორ ჩაერთონ შვილის განათლებაში;
Øმშობლის/მოსწავლის საორიენტაციო დღე ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;
Øმშობელთა სემინარი კონკრეტულ საგნობრივ ჯგუფში – როგორ დაეხმარონ მოსწავლეს;
Øმოხალისეობის პროგრამა (მშობელი-მოხალისე 2-3 საათი წელიწადში);
Øსპექტაკლები (მოსწავლეები თავად აკეთებენ მოსაწვევებს მშობლებისთვის);
Øსკოლის გარეშე პროგრამები;
Øკონფერენციები, სადაც მოსწავლეები წარადგენენ საკუთარ ნამუშევრებს, მიღწევებს მშობლების წინაშე. 
მშობელთან ურთიერთობისას გამოიყენეთ სხვადასხვა მეთოდი:  
Øშეიმუშავეთ კომუნიკაციის მეთოდები, რომლებიც მორგებული იქნება თითოეულ მშობელზე (დარეკვა, იმეილი, მესიჯი, შეხვედრა);
Øშეაქმნევინეთ მოსწავლეებს ბლოგები, რომლებიც ხელმისაწვდომი იქნება მშობლებისთვისაც;
Øმისწერეთ მშობლებს საერთო ინფორმაციის შემცველი წერილები, რომლებშიც თითოეული მოსწავლის შესახებ ინდივიდუალურადაც იქნება საუბარი;
Øმოუწყვეთ მშობლებს შეხვედრები დირექტორთან;
Øშეაფასებინეთ საკუთარი თავი მოსწავლეებს და წარუდგინეთ მშობლებს; 
Øაწარმოეთ ანგარიშები მოსწავლეთა შესახებ, გააცანით ისინი მშობლებს ინდივიდუალურად;
Øგანიხილეთ მშობლებთან ერთად სხვადასხვა გადაწყვეტილება (რეგულაციები, წესები, შეფასების სისტემა, დავალებების ტიპები);
Øმიეცით რეკომენდაციები მშობლებს მოსწავლის ამა თუ იმ ნიჭის გამოსავლენად;
Øაღნიშნეთ ხშირად, თუ რას აკეთებს მოსწავლე კარგად; მოსწავლის რვეულში გააკეთეთ აღნიშვნები მიღწევების შესახებ;  
Øგამართეთ შეხვედრები მშობლებთან სხვადასხვა დროს: გაკვეთილების შემდეგ, გაკვეთილების დაწყებამდე, სამუშაო საათების დასრულების შემდეგ; 
Øჩაატარეთ საჭიროებათა კვლევა (გამოკითხვა) მოსწავლეებსა და მშობლებში;
Øგაუზიარეთ მშობლებს მოსწავლის შესახებ სრული ინფორმაცია შესრულებული სამუშაოებისა და განმავითარებელი  შეფასების შესახებ,  კომენტარებით.
მშობლების უზრუნველყოფა დამატებითი რესურსებით: 
Øშესთავაზეთ ტრენინგები მშობლებს მათთვის საინტერესო თემებზე (მაგ., საინფორმაციო ტექნოლოგიები, უცხო ენის სწავლება, მოსწავლის საშინაო დავალებების მომზადება);
Øჩაატარეთ სემინარები ფსიქოლოგებთან ერთად, ასევე პროფესიული ორიენტაციისა და აკადემიური პროგრამების არჩევის შესახებ;
Øგააცანით მშობლებს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის სტრატეგიები, გაუზიარეთ შესაბამისი რესურსი.
 
წყარო :  http://mastsavlebeli.ge