Saturday, April 11, 2026

როგორ დავგეგმოთ გასვლით-შემეცნებითი გაკვეთილი მუზეუმში

 არაფორმალური განათლება, როგორც ბავშვისთვის, ასევე საზოგადოების შემდგომი განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კვლევები ცხადყოფს, რომ განათლების 60-65 % სწორედ ამ გზით მიღებული ცოდნის შედეგია.

დოკუმენტში არაფორმალური განათლების განმატებას ამგვარად ვხვდებით. ეს არის  მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის სისტემის ნაწილი, რომელიც გულისხმობს ფორმალური განათლების მიღმა „ცოდნისა და გაცნობიერების“, „უნარის“ ან/და „პასუხისმგებლობისა და ავტონომიურობის“ შეძენას“. იგი მთლიანად ბავშვის ინტერესებსა და სურვილებზეა მორგებული, თუ რა, სად და როგორ შეიმეცნოს მან. ის მეტად ორიენტირებულია პრაქტიკაზე დაფუძნებულ სწავლებაზე. ხოლო ფორმალურ განათლებაში წინასწარ არის განსაზღვრული და სტრუქტუირებული სწავლების შინაარსი, ფორმაც, პროგრამაც და დასწავლის დროც. არაფორმალური განათლების ელემენტები დღეს უფრო ხშირად გვხვდება ფორმალურ განათლებასთან ერთად, ვიდრე ეს იყო 5-6 წლის წინ.

არაფორმალურისა და ფორმალური განათლების ამგვარ ინტეგრირებად შეიძლება მივიჩნიოთ გასვლითი სასწავლო შემეცნებითი გაკვეთილები ამა თუ იმ საინტერესო ადგილას. როცა ამგვარი ვიზიტი ეწყობა იგი მოსწავლეებისთვის არ უნდა აღიქმებოდეს როგორც გასართობი შინაარსის გასვლა. მას სჭირდება მკაცრად გაწერილი პროგრამა, რომელიც თავის მხრივ მოითხოვს სწორად ფორმულირებულ მიზანს, კავშირს სასწავლო პროგრამასთან და შედეგიანობის გათვლას.

ამგვარად, სასკოლო სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი მნიშვნელოვანია კლასგარეშე განათლებისთვის. მოსწავლე სწავლობს როგორც ფორმალურ , ასევე არაფორმალურ გარემოში. ასეთ შეხვედრებზე მათ სოციალური და საკუთარი თავის მართვის უნარ-ჩვევებიც უვითარდებათ. ვიზიტების დროს ისინი არა მხოლოდ სწავლობენ, არაამედ ისვენებენ კიდეც, თანაც ამას ორგანიზებული, ჯგუფური სახე აქვს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ვიზიტი წინასწარ უნდა დაიგეგმოს. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება იგი საინტერესო და საგანმანათლებლო ღირებულების მატარებელი. გარდა ამისა ასეთი გაკვეთილი ახდენს რამდენიმე საგნის ინტეგრირებას. ამიტომ აქ შეიძლება სხვადასხვა საგნის მასწავლებელთა ჩართულობა და შეთანხმებული მუშაობაც გახდეს საჭირო. ეს ბევრად ეფექტიანია, რადგან თემისა და ობიექტის შესწავლა ხდება მრავალმხრივი პერსპექტივით. ამგვარად მიღებული ცოდნა კი ბევრად კომპლექსურია დ და ამასთან ერთად ზოგავს თანხებს (თითოეული საგნის ფარგლებში არ იგეგმება ცალ-ცალკე გასვლა).

სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის მიზანთან ერთად აუცილებელია შეხვედრის ზუსტი დროის განსაზღვარა და მოსწვლეთა რაოდენობის დადგენაც, რადგან უსაფრთხოების მიზნით მნიშვნელოვანია 5 ბავშვზე ერთი უფროსი მაინც მოდიოდეს მეთვალყურედ.

მასწავლებელმა მუზეუმის შესახებ წინასწარ უნდა მოიძიოს ინფორმაცია, რათა პრობლემებს არ წააწყდეს. გასათვალისწინებელია, რომ შეიძლება თავად დაწესებულებას ჰქონდეს რაიმე ტიპის შეზღუდვა (მაგალითად დამთვალიერებელთა ჯგუფების დიდ ან მცირე რაოდენობაზე).

მნიშვნელოვანია ასევე რომ პედაგოგმა წინასწარ გააცნოს მოსწავლეებს ვიზიტის გეგმა – რა უნდა ნახონ, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება. თავად მასწავლებელმაც უნდა უბიძგოს მოსწავლეებს კითხვების დასმისკენ, თუ მოსწავლეები დაწყებითი საფეხურზე არიან, ამ შემთხვევაში თვითონ მასწავლებელმაც შეიძლება დასვას კითხვები და ამით მიბაძვის სურვილი გაუჩინოს მოსწავლეებს.

ვიზიტამდე:

  • გააცანით მოსწავლეებს ვიზიტის მიზანი, მიმართულება და ასევე თუ რა სასწავლო თემატიკას ეხმიანება იგი;
  • წინასწარ განსაზღვრეთ ვიზიტის დროს ჩასატარებელი აქტივობები;
  • სთხოვეთ მოსწავლეებს თან ჰქონდეთ პატარა წიგნაკი და კალამი, რათა მოინიშნონ გიდის მიერ ახსნილი მნიშვნელოვანი და მათთვის საინტერესო ინფორმაცია;
  • დეტალურად გააცანით მოსწავლეებს მუზეუმში ქცევის წესები და უსაფრთხოების ზომები;
  • არ დაგავიწყდეთ მოსწავლეთა გაფრთხილება იმასთან დაკავშირებით, რომ ყური დაუგდონ გიდსა და მასწავლებელს და მისდიონ ინსტრუქციებს, გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა.

ვიზიტის დროს:

  • მასწავლებელი უნდა ეცადოს აქტივობები მრავალფეროვანი და სახალისო იყოს, ასე არ გაუჭირდება კლასის მართვა;
  • სასურველია აქტივობებს ჰქონდეს ჯგუფური ხასიათი, შეიძლება მცირე ჯანსაღი კონკურენციის პირობებიც შევქმნათ, ეს ბევრად აზარტულს და საინტერესოს გახდის პროცესებს;
  • მგზავრობის დროც არ დაკარგოთ ფუჭად. ამ დროს შეიძლება მათ მცირე თამაშობები შევთავაზოთ. მაგალითად „ეკი-ვოკი“ (ასოციაციებით თემატური სიტყვის ამოცნობა). ქუჩებისა და თანმხვედრი მნიშვნელოვანი გეოგრაფიოული ობიექტების დაკვირვება, დასახელება, ისტორიულ ჭრილში განხილვა. ავტომობილებზე დაკვირვება და აღრიცხვა, თუნდაც რა ფერის ან მარკის ავტომობილები ჭარბობს და ა.შ.

ვიზიტის შემდეგ:

  • ვიზიტის შემდეგ მოაწყვეთ რაიმე სახის გამაერთიანებელი გაკვეთილი, სადაც მოსწავლეები შეძენილი ცოდნისა და ინფორმაციის ანალიზსა და წარდგენას მოახდენენ. შეიძლება ეს იყოს კედლის გაზეთი, ბლოგი საპრეზენტაციო მასალის მომზადება და ა.შ.
  • მოსწავლეებს კარგი მუშაობისთვის შეგიძლიათ გადასცეთ სიმბოლური საჩუქრები ან მადლობის ბარათები.

ცოტა რამ პირადი გამოცდილებიდან

კლასი: მეოთხე

თემა: ცოცხალი ორგანიზმების ჯგუფები

საგანი/ები: ქართული ენა, ბუნებისმეტყველება, მე და საზოგადოება , სახვითი და გამოყენებითი ხელონება

მიზანი:

ქართული ენა – შეკითხვების შედგენა ინტერვიუსთვის, წერითი პროცესების გააქტიურება, შემოქმედებისა და პრეზენტირების უნარის განვითარების ხელშეწყობა;

ბუნება – ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, მსჯელობა მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, ინფორმირება ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ,  საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკოს ამოცნობა,  მცენარეებისა და ხერხემლიანი ცხოველების გარკვეული ნიშნის მიხედვით დაჯგუფება;

მე და საზოგადოება – გაიგონ მუზეუმების დანიშნულების შესახებ, სწორად აღიქვან მათი როლი ქვეყნის და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში.

ხელოვნება – სხვადასხვა ტექნიკისა და მასალის გამოყენებით სამუზეუმო ექსპონატის შექმნა თიხის ფირფიტებზე.

 

ნაბიჯი პირველი: მოსწავლეებმა ბუნებისმეტყველებაში შეისწავლეს  ცოცხალი ორგანიზმების ძირითადი ჯგუფები. თემის ფარგლებში  შეიტყვეს თუ რა ნიშნების საფუძველზე აჯგუფებენ ორგანიზმებს და რამდენ ჯგუფში არიან ისინი გაერთიანებულები; რა განსხვავებაა წიწვოვან და ყვავილოვან მცენარეებში, რაში იყენებს ადამიანი სოკოებს, როგორი ბაქტერიები არსებობს და როგორ ავიცილოთ ბაქტერიული დაავადებები თავიდან, რა მნიშვნელობა აქვს ხერხემალს ცხოველთა დაჯგუფებაში და რა ჯგუფებს გამოყოფენ ამის მიხედვით.

ასევე შეძლეს ობიექტების დაჯგუფება სხვადასხვა ნიშნის მიხედვით, იმსჯელეს მიკროორგანიზმების დადებით და უარყოფით მნიშვნელობაზე, გაიგეს ბაქტერიების სასარგებლო და საზიანო თვისებების შესახებ, ამოიცნეს საქართველოში გავრცელებული ზოგიერთი სოკო, დააჯგუფეს მცენარეები და ხერხემლიანი ცხოველები გარკვეული ნიშნის მიხედვით .

ნაბიჯი მეორე: საგან მე და საზოგადოების ფარგლებში მოსწავლეებმა შეისწავლეს მუზეუმის თემა. შეიტყვეს თუ რა არის მუზეუმის დანიშნულება, რა სახის მასალას ინახავს იგი, რა ტიპის მუზეუმები არსებობს მსოფლიოში, რა არის ექსპონატი, ვინ არის გიდი და ა.შ.

ნაბიჯი მესამე: სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში მოსწავლეები გაეცნენ სხვადასხვა სახის მუზეუმს. დაადგინეს თუ რა სახის სამუზეუმო ექსპონატები შეიძლება არსებობდეს. პრაქტიკულ ნაწილში კი კერამიკული თიხის ფირფიტების გამოყენებით შექმნეს სხვადასხვა სამუზეუმო ექსპონატი;

ნაბიჯი მეოთხე: ქართულ ენაში მოსწავლეებმა შეისწავლეს ჟანრი ზღაპარი და ჯადოსნური სამყარო. საკლასო ოთახში ჯადოსნური ნივთების მუზეუმის მოწყობის მიზნით , მათ საკუთარი ინტერპრეტაციით წარმოადგინეს სხვადასხვა ნივთი, რომელსაც ჯადოსნური თვისება მიუსადაგეს.   თითოეული ექსპონატისთვის დაამზადეს  აღწერილობა, წარუდგინეს თანაკლასელებსა და სტუდენტებს და ნივთთან ერთად განათავსეს საგანგებოდ გამოყოფილ საექსპონატე მაგიდაზე.

ნაბიჯი მეხუთე: მშობლებთან შეთანხმებით დაიგეგმა სასწავლო შემეცნებითი ვიზიტი სიმონ ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში, კავკასიის ბიომრავალფეროვნების სექციაში.  რადგან მოსწავლეთა რაოდენობა ოც ბავშვამდე გახლდათ დახმარება მშობლებს ვთახოვე. თან გვახლდა ოთხი მშობელი.

თანხის დაზოგვის თავალსაზრისით, რადგან ქალაქიდან გასვლა არ გვიწევდა გადავწყვიტეთ მშობლებს თავად ეზრუნათ მოსწავლეთა ადგილზე მოყვანისთვის (საზოგადოებრივი ტარანსპორტით გადაადგილება ბევრად ბიუჯეტური აღმოჩნდა).

მოსწავლეებს წინასწარ გავაცანი ვიზიტის მიზანი და ქცევის წესები.

ვიზიტის მიზანი:

  • საკლასო სივრცეში შესწავლილი მასალის გაერთიანება და რეალურ სივრცეში გადატანა
  • კავკასიის ბიომრავალფეროვნების გაცნობა, ხერხემლიან და უხერხემლო ცხოველთა ჯგუფების თვალსაჩინოდ აღქმა;
  • ეროვნული კულტურული ძეგლებისადმი პატივისცემისა და დაცვითი თვითშეგნების გაძლიერება;
  • საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე (მუზეუმში) ქცევის წესების დაცვა/გამომუშავება;
  • თვალსაწიერის გაფართოება;
  • არასაკლასო გარემოში ჯანსაღი ურთიერთობების ხელშეწყობა;

მუზეუმში ქცევის წესები (შეგიძლიათ თავად მუზეუმის ვებ-გვერდზე იხილოთ, რამდენიმე კი საჭიროებისამებრ დაამატოთ):

  • სასურველია, მუზეუმის დათვალიერებამდე გაეცნოთ მუზეუმის გზამკვლევს (ამ შემთხვევაში ვირტუალურად), რომ უკეთ დაგეგმოთ დათვალიერების პროცესი და განსაზღვროთ მოლოდინები;
  • დატოვეთ არასაჭირო ნივთები მუზეუმის გარდერობში;
  • მოიქეცით თავშეკავებულად, მშვიდად. მიუღებელია ხმამაღლა საუბარი, გადაძახება. არ არის სასურველი საკუთარი შთაბეჭდილებების ზედმეტი ემოციებით გამოხატვა. ასევე არ არის აუცილებელი ხელების ზედმეტად მოძრაობა, თუნდაც მისათითებლად. დაუშვებელია სირბილი საგამოფენო სივრცეში;
  • არ დადგეთ დამთვალიერებლის წინ, არ შეუშალოთ ხელი სხვას დათვალიერებაში;
  • ყურადღებით მოუსმინეთ გიდს. თუ თქვენთვის მისი საუბარი ნაკლებად საინტერესოა, მოიქეცით ისე რომ სხვებს ხელი არ შეუშალოთ;
  • არ შეეხოთ ხელით ექსპონატებს. თუ თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები ექსკურსიის დროს, არ შეაწყვეტინოთ საუბარი გიდს. დაუსვით შეკითხვები მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის დაასრულებს საუბარს.
  • შეიკავეთ თავი მაშინაც კი, როცა არ მოგეწონათ ექსპონატი. არ არის საჭირო უარყოფითი ემოციების ხმამაღლა გამოხატვა;
  • თან იქონიეთ პატარა წიგნაკები და კალმები, ჩაიწერეთ მნიშვნელოვანი და თქვენთვის საინტერესო ინფორმაცია, რადგან მომდენო გაკვეთილზე ამ საკითხზე მოვაწყობთ მცირე ვიქტორინას.
  • და ა.შ.

აქვე აღვნიშნავ , რომ მოსწავლეებთან ერთად მეც ვინიშნავდი მნიშვნელოვან ინფორმაციას, რათა მაგალითი მიმეცა ბავშვებისთვის

ნაბიჯი მეექვსე: ვიზიტის შემდეგ მუზეუმიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით მოვაწყვეთ ინტელექტუალური ვიქტორინა – „რა? სად? როდის?“.

კითხვები სრულიად მოიცავდა მუზეუმში მოსმენილ და ნანახ მასალას. დახმარება გამიწია სტუდენტებმა, რომლებიც სკოლაში შესაბამის პრაქტიკას გადიოდნენ, თუმცა ასეთ დროს შეგიძლიათ დახმარება სთხოვოთ კოლეგებსაც.

ჯგუფებში მოასწავლეები წინასწარ  გადავანაწილე. რადგან ისეთი მოსწავლეები , რომლებმაც ვერ შეძლეს მუზეუმში სტუმრობა ერთად არ მოხვედრილიყვნენ და არ აღმოჩენილიყვნენ თამაშგარე მდგომარეობაში , რათა  მათი ჩართულობაც მაქსიმალური ყოფილიყო (შეიძლება ითქვას რომ ამ ნაბიჯმა გაამართლა, რადგან ისინი ყურადღებით უსმენდნენ მსჯელობის პროცესში გუნდის წევრებს, მათ დაევალათ ბარათებზე პასუხების დაწერა, საბოლოოდ კი აღნიშნეს, რომ მეგობრებისგან ბევრი რამ გაიგეს , თუ რა ნახეს და მოისმინეს მუზეუმში) .

სტუდენტები გადანაწილდნენ შემდეგი სახით:

კითხვების შემგროვებელი,  პასუხების მცველი და მესამეს ქულათა დაჯამება დაევალა. წამყვანობა და კითხვების დასმა თავად  ავიღე საკუთარ თავზე.  განწყობისთვის მსვლელობა მუსიკალურად გავაფორმე, რომელიც სატელევიზიო გადაცემიდან იყო. ტაიმერის ხმა (30 წმ) კი ფონად გასდევდა კითხვებზე მუშაობის პროცესს.

  • დასაწყისიდანვე ჯგუფებმა შეარჩიეს გუნდის სახელები და დაწერეს როგორც სამაგიდო ბანერზე, ასევე პასუხების ფურცლებზე, რათა პასუხების შემგროვებელს მარტივად დაელაგებინა ისინი;
  • თითოეულმა გუნდმა შეარჩია კაპიტანი, რომელიც კაპიტნების ტურში სრულიად მარტო დარჩებოდა შეკითხვის საპასუხოდ;
  • 15 შეკითხვიდან 14-ს პასუხობდა გუნდის ყველა წევრი, ხოლო მე-8 შუალედურ შეკითხვაზე მაგიდასთან რჩებოდნენ კაპიტნები („კაპიტნების ტური“) ;
  • მასწავლებელს აუცილებლად მზად უნდა ჰქონდეს სათადარიგო კითხვაც ერთნაირი შედეგების მიღების შემთხვევაში რომ გამოიყენოს (ჩვენ შემთხვევაში ამის აუცილებლობა დადგა);
  • მნიშვნელოვანია შედეგები შუალედურადაც გამოაცხადოთ, კაპიტნების ტურის შემდეგ (პასუხების ბლანკი)
  • საბოლოო შედეგების გამოცხადების შემდეგ მადლობა გადაუხადეთ ყველა მონაწილეს , გადაეცით სიგელები მონაწილეობისთვის, ხოლო გამარჯვებულ გუნდს კი შეგიძლიათ სიმბოლურად ქანდაკება „ბუც“ გადასცეთ, რომელსაც გარდამავალი სტატუსი ექნება;
  • დაჯილდების დროს აუცილებლად გამოიყენეთ მუსიკალური გაფორმება, რადგან ეს მეტად ამაღლებულ განწყობას ქმნის საკლასო ოთახში;

ვიქტორინის ბოლოს მოსწავლეეებს აუცილებლად დაურიგეთ უკუკავშირის ბარათები/ გასასვლელი ბილეთები, თუნდაც 3,  2, 1.

აქ კი აუცილებლად ამოიკითხავთ, რომ ძალიან მოეწონათ პროცესები. სასწავლო შემეცნებითი ვიზიტის დროს კი მეტ ყურადღებას გამოიჩენენ და სათანადო ჩანიშვნებსაც გააკეთებენ, რადგან გამოადგებათ შემდეგი ვიზიტისას.

ნაბიჯი მეშვიდე: მოსწავლეებს მივეცი ინტეგრირებული შემაჯამებელი დავალება ქართულ ენასა და ბუნებისმეტყველებაში, რომლის შედეგადაც მოსწავლეებს უნდა დაემზადებინათ კედლის გაზეთები სხვადასხვა ცოცხალ ორგანიზმებზე, სადაც შერჩეული ეყოლებოდათ ერთი ცხოველი და წარმოადგენდნენ მასთან წარმოსახვით ინტერვიუს, სადაც აუცილებლად უნდა ყოფილიყო გათვალისწინებული ის ინფორმაცი,ა რაც მუზეუმში ვიზიტის დროს მიიღეს და ასევე თავადაც უნდა შეევსოთ სხვა საინტერესო ფაქტებითაც.

შემაჯამებელი დავალებები ძალიან საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა. წარდგენას ორი სრული საგაკვეთილო დრო დაეთმო, თუმცა ვერცერთ მოსწავლეს ვერ შეატყობდით, რომ პროცესებმა დაღალა, რადგან აქტიურად უსვამდნენ პრეზენტატორს  საინტერესო შეკითხვებს და სრულად იყვნენ ჩართულნი იმ შეფასების პროცესში, რომლის რუბრიკაც თავად შექმნეს.

პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები:

  1. დავალების შინაარსი საინტერესოა, გამოყენებულია მუზეუმში მოსმენილი ინფორმაცია და შევსებულია სხვა დამატებითი მასალით – 3 ქულა;
  2. ნაშრომს აქვს ინტერვიუს სახე – 1 ქულა;
  3. საინტერესოდ და უშეცდომოდ წარადგინა მოსწავლემ მასალა – 1 ქულა;
  4. წარმოდგენილი აქვს თვალსაჩინოებები, მიმზიდველადაა გაფორმებული – 2 ქულა;
  5. დროში ზუსტად ჩაეტია (3 წთ) – 1 ქულა;
  6. „ვიცი , ვპასუხობ“ – აუდიტორიის კითხვებს დამაჯერებლად უპასუხა – 2 ქულა.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. სატრენინგო მასალა – „სამუზეუმო მასალების გამოყენება ბუნებისმეტყველების სწავლების ეფექტიანობისთვის“.
https://mastsavlebeli.ge/?p=47312

აუტიზმი, უნიკალური გზა, რომელსაც თავისი ლოგიკა აქვს

 ბოლო ექვსი წელია, იმდენი მასალა და კვლევა არცერთ თემაზე არ წამიკითხავს, რამდენიც აუტიზმზე. ამის მიზეზი – რეზია. მადლობა მას ამისთვის. რეზიმ თვალსაჩინოდ დამანახა და  მიმახვედრა, რომ სამყარო მრავალფეროვანია და მასში არსებული გზებიც, თითქმის არასდროს,  არის სწორხაზოვანი.  ზოგიერთი ბავშვი რეალობას ისე არ ხედავს, როგორც უმრავლესობა. მათი შემეცნების მარშრუტი სრულიად განსხვავებულია.

მეტაფორული ხედვა –  კარი, რომელიც სხვა მხრიდან იღება

რეზისთან ურთიერთობამ მიმახვედრა, რომ აუტიზმი არ არის „დახურული კარი“. ეს არის კარი, რომელიც უბრალოდ სხვა მხრიდან იღება. თუ ჩვენს ხელთ არსებული გასაღები არ ერგება საკეტს, ეს საკეტის ბრალი არ არის. რეზის  გზა უფრო მეტად ჰგავს სპირალს, სადაც ერთი და იმავე წერტილთან დაბრუნება არა რეგრესი, არამედ გააზრებისა და დეტალებში ჩაღრმავების პროცესია.

ანალიტიკური მიდგომა –  ქცევა, როგორც ენა

როდესაც რეზი „იჭედება“ ხმაურში ან თავს არიდებს ინსტრუქციის შესრულებას, ეს არ არის ერთგვარი  კომუნიკაცია. ქცევა ხდება ენა, რომელიც გვეუბნება: „აქ ძალიან ხმაურიანია“, „მეშინია შეცდომის“ ან „დავიღალე“ და მე მინდა  ვისწავლო ამ ენის კითხვა, რათა არ დავკარგო  მთავარი — კავშირი მასთან.

ინსტრუქცია, როგორც შესაძლებლობა

მასწავლებელი აუტიზმის გზაზე არ არის მხოლოდ ცოდნის გამცემი, ის გზის თანამგზავრია. როდესაც ჩვენ ვცვლით ინსტრუქციას, ვამარტივებთ ნაბიჯებს ან ვიყენებთ ვიზუალურ მხარდაჭერას, ჩვენ რეალურად არ ვამცირებთ მოთხოვნას – ჩვენ ვზრდით შესაძლებლობას – ვიპოვოთ, მივაგნოთ და მივცეთ ბავშვს ის ინსტრუმენტი, რომელიც მისთვის მისაღებია.

 პაუზის ძალა

აუტიზმის მქონე ბავშვისთვის „ჩუმი დრო“ აუცილებელია აზრების დასალაგებლად. პაუზა არ ნიშნავს უმოქმედობას; ეს არის ინფორმაციის გადამუშავების აქტიური ფაზა.  უნდა მივცეთ  „დროის უფლება“, რათა მან საკუთარი რიტმით შეძლოს პასუხის პოვნა და უკავშირი.

სოციალური განზომილება – კლასი /ჯგუფი, როგორც მიღების სივრცე

ინკლუზია  არის პროცესი, რომელიც გვასწავლის,  რომ ყველა ერთნაირი არ არის და არც უნდა იყოს. როცა განსხვავებულობა ნორმად იქცევა, ბავშვები სწავლობენ იმას, რაც სახელმძღვანელოში არ წერია – ემპათიას და ადამიანის უპირობო მიღებას.

 ემოციური პარტნიორობა: მშობელი და სკოლა

აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელი, ისევე, როგორც რეზის დედა ყოველდღიურად ეძებს გზებს, რომ ბავშვმა შეძლოს ის, რაც სხვებისთვის ბუნებრივია. როცა ბაღი და  სკოლა ამ გზაში პარტნიორი ხდება, ქრება დაპირისპირება. ჩვენ ვხდებით ერთიანი ძალა, რომელიც ბავშვის ინტერესებს დარაჯობს.

 უნიკალურობის სილამაზე

განვითარება და სწავლა იწყება იქ, სადაც ბავშვი იგრძნობს: „მე ისეთი ვარ, როგორიც ვარ და მე აქ  შემიძლია“. აუტიზმი არ არის გადახვევა სწორი გზიდან, ეს თავად არის გზა, რომელსაც თავისი უნიკალური ლოგიკა და სილამაზე აქვს. ჩვენი გვევალება არ ვეცადოთ ბავშვის სურვილების და ქცევის  მორგება ვიწრო ჩარჩოებში, არამედ ჩამოვხსნათ   ჩარჩოები ისე, რომ მასში ყველა ბავშვის უნიკალურობამ დაიდოს ბინა.

განათლება არ ნიშნავს სწორხაზოვნებას. ის თითოეული ადამიანის შინაგანი ლოგიკის პატივისცემასა და აღმოჩენას გულისხმობს.

თვალსაჩინოებისთვის

https://mastsavlebeli.ge/?p=47307 

„Japanese Lesson Study“ მოდელი – მასწავლებლის პედაგოგიური პრაქტიკისა და მოსწავლეთა სწავლის შედეგების გაუმჯობესების ეფექტური საშუალება

 თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ერთ-ერთი მათგანია საგანმანათლებლო პრაქტიკის კვლევა სკოლის ბაზაზე. ცნობილია, რომ იაპონია ამ გამოწვევებს შესანიშნავად ართმევს თავს და როგორც კვლევებმა აჩვენა, იაპონური მოდელის დანერგვამ დიდ ბრიტანეთშიც მაღალი შედეგები აჩვენა. „Japanese Lesson Study“-ის მოდელი, პირველად სკოლის საავტორიზაციო სამზადისში მომხვდა ყურში, თუმცა დიდი ყურადღება არ გამიმახვილებია. მას შემდეგ, რაც თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემის შესახებ ვცდილობდი, ცოდნა გამეღრმავებინა რამდენჯერმე კიდევ შევხვდი ამ მოდელს და სწორედ აქედან დაიწყო ჩემი დაინტერესება. მეთოდის სასკოლო ცხოვრებაში გამოყენებამ კი სრულიად სხვა თვალით დამანახა საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა და მასწავლებელთა სამუშაო შეხვედრებმაც განსხვავებული ხასიათი მიიღო.

ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ ეს მოდელი დაინტერესებული პირებისათვის ქართულ ენაზეც ხელმისაწვდომი გახდება და დაინერგება სასკოლო პრაქტიკაში. მოდელი კომპლექსური ხასიათისაა. სწორედ მისი კომპლექსური და თანმიმდევრული ხასიათის გამო, იგი ქართული სკოლებისათვის კურიკულუმის განვითარების კარგი საშუალება იქნება. ასევე, მასწავლებლის პრაქტიკის კვლევის ერთ-ერთ ძლიერ ინსტრუმენტად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ამ მოდელის მიხედვით კვლევას ატარებს მასწავლებელთა ჯგუფი, რომლებიც ორიენტირებული არიან მოსწავლეთა მიღწევების ზრდაზე და ამ მიზნით სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე. იაპონურად გაკვეთილის შესწავლის სახელია jugyokenkyu. „იუგიო“ ნიშნავს სწავლებას და სწავლას. „კენკიუ“ – შესწავლას ან კვლევას. ასე რომ, ამ მეთოდის დედააზრი სწავლებისა და სწავლის შესწავლა გამოდის.

როგორ მუშაობს ეს მეთოდი?

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. შესაძლოა, მათ მოსწავლეებს უჭირთ წილადების შეკრება. შემდეგ, მასწავლებლები აკეთებენ კვლევას იმის შესახებ, თუ რატომ უჭირთ მოსწავლეებს წილადების შეკრება. ისინი კითხულობენ უახლეს საგანმანათლებლო ლიტერატურას და აკვირდებიან გაკვეთილებს, რომლებიც სხვა მასწავლებლებმა ჩაატარეს. როგორც წესი, მათ ჰყავთ „გარე მრჩეველი“. ეს ადამიანი, როგორც წესი, არის ექსპერტი ან მკვლევარი, რომელიც არ მუშაობს სკოლაში. იგი მოწვეული სტატუსით ჯგუფს ურჩევს და ეხმარება თეორიული მასალის დამუშავებაში და კვლევის პროცესზე დაკვირვებაში. კვლევის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ერთად შეიმუშავებენ გაკვეთილის გეგმას. გაკვეთილის გეგმა ჰიპოთეზური ხასიათისაა და თითოეული ჯგუფის წევრი გამოთქვამს მოსაზრებას და ხდება მისი ანალიზი. ამის შემდეგ კი ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს ჯგუფთან ერთად შექმნილი გეგმის მიხედვით, ხოლო ჯგუფის დანარჩენი მასწავლებელი აკვირდება პროცესს. იაპონური მოდელის თანახმად, ხშირად სკოლის ჯგუფის არაწევრი მასწავლებლებიც აკვირდებიან პროცესს და ზოგ შემთხვევაში – სხვა სკოლის პედაგოგებიც. ამას ჰქვია საჯარო კვლევის გაკვეთილი. ვფიქრობ, ვერიფიკაციის პროცესში ეს მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში. ამაში კი დაგვეხმარება „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა.

მოდელი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნაბიჯებად:

  1. საკვლევი საგნის იდენტიფიცირება

მასწავლებლების ჯგუფი იკრიბება და ადგენს სწავლების პრობლემას, რომლის გადაჭრაც სურთ. მასწავლებლები მოსწავლეთა სწავლის გრძელვადიან მიზნებს ადარებენ მიმდინარე სასწავლო მიღწევებს, რათა დაადგინონ სკოლის მასშტაბით საკვლევი თემა. ეს პროცესი კი ხელს უწყობს მასწავლებლებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯგუფი დაკომპლექტებული იყოს კათედრის ყველა წევრი მასწავლებლით, რაც საშუალებას გვაძლევს მომიჯნავე საგნობრივ ჭრილში შეფასდეს პროცესები.

  1. დაგეგმვა

მასწავლებლები მუშაობენ ერთობლივად ჯგუფებში და შეისწავლიან საკვლევი თემის შესაბამის მასალას. ერთობლივად ადგენენ გაკვეთილის გეგმას. შესაძლოა, ამას რამდენიმე შეხვედრაც კი დაეთმოს. ჯგუფი ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს მოსწავლეთა პასუხები, მცდარი წარმოდგენები და მისაღწევი შედეგები.

  1. გაკვეთილზე დაკვირვება

ჯგუფიდან ერთ-ერთი მასწავლებელი ატარებს გაკვეთილს, სხვა წევრები კი უსიტყვო დამკვირვებლების როლს ასრულებენ. ყურადღება გამახვილებულია მოსწავლეთა სწავლის მტკიცებულებების შეგროვებაზე და არა სწავლების განსჯაზე. როგორ რეაგირებენ მოსწავლეები გაკვეთილზე? რას აკეთებენ სწორად ან არასწორად? მიზანი გაკვეთილისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვებისაგან განსხვავებით ფოკუსირებული დაკვირვება ხდება მოსწავლეზე და არა მასწავლებელზე.

  1. გაკვეთილის შემდგომი სამუშაო შეხვედრა

ჯგუფი იკრიბება, რათა ოფიციალურად განიხილონ დაკვირვების შედეგები. აქცენტი კეთდება დაკვირვებებისას აღმოჩენილ მიგნებებზე. ფასდება სწორი იყო თუ არა დაგეგმვისას გამოთქმული პროგნოზები. ჯგუფის წევრები გასცემენ კონსტრუქციულ უკუკავშირს, რაც ემსახურება სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას. ტრადიციული საგაკვეთილო დაკვირვების პრაქტიკიდან განსხვავებით, ორიენტირებული არ ვართ მასწავლებლის უნარებზე. მთავარი აქცენტი კეთდება მოსწავლეთა უნარებსა და მათ განვითარებაზე.

  1. საკვლევი გაკვეთილის განმეორებით ჩატარება

 თავიდან ტარდება გაკვეთილი რომელიც დაიგეგმა დისკუსიის პროცესში და ეყრდნობა გაკვეთილის შემდგომი დისკუსიის შედეგებს. ეს არის ახალი გაკვეთილი და არა წინა კვლევის ხელახალი ჩატარება. უბრალოდ იგეგმება ახალი გაკვეთილი მიგნებების გათვალისწინებით. გაკვეთილის შესწავლა ფოკუსირებული უნდა იყოს მასწავლებელთა პრაქტიკის თანდათანობით ცვლილებაზე, რაც საბოლოოდ გააუმჯობესებს მოსწავლეთა მიღწევის შედეგებსაც.

  1. გარე ექსპერტიზა

პროცესში შესაძლოა ჩართოს გარე ექსპერტი, რომელიც დააკვირდება გაკვეთილს და გასცემს უკუკავშირს. ასევე მონაწილეობას მიიღებს დაგეგმვის პროცესში. ჩემი დაკვირვებით და ქართული პრაქტიკის გათვალისწინებით შესაძლებელია „მეგობრული სკოლების“ ქსელის შექმნა ან სამინისტროს ექსპერტების მოწვევა.

  1. გაზიარება

 მნიშვნელოვანია კვლევის შედეგები ხელმისაწვდომი იყოს კათედრის ყველა წევრისა და სასკოლო საზოგადოების სხვა წევრებისათვის.

 სასურველია სკოლამ დასკვნები გამოაქვეყნოს ვებგვერდზე, რაც საშუალებას მისცემს სხვა სკოლებს გამოიყენონ ერთმანეთის პრაქტიკა და ცოდნა გაუზიარონ ერთმანეთს. მასწავლებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მიიღონ ცოდნა სწავლებისა და სწავლის შესახებ სხვა ჯგუფების კვლევის გაკვეთილებზე დაკვირვებით.

იაპონიაში შესაძლებელია გაკვეთილის პროცესის გადაღება და შემდგომ ამ ვიდეომასალის დამუშავება სამუშაო შეხვედრებზე. საქართველოში მსგავსი პრაქტიკა არ გვაქვს, თუმცა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონთან შესაბამისობით და განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით ვფიქრობ, შესაძლებელია მსგავსი პრეცედენტის დანერგვა სამომავლოდ და სპეციალური საკვლევი გაკვეთილების ჩატარება.

სასკოლო პრაქტიკაში ამ მეთოდის დანერგვა დიდ სარგებელს მოუტანს ყველა სკოლას: გაუმჯობესდება სასწავლო კურიკულუმი, სკოლაში განვითარდება თანამშრომლობით კულტურა, გაუმჯობესდება სწავლა სწავლების შედეგები, ხელს შეუწყობს მასწავლებელთა მუდმივ განვითარების პროცესს და დანერგავს სკოლებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარებას.