Tuesday, December 30, 2025

სკოლის მართვა, მართვის კულტურა და მომავალი

 პროლოგი

მეცხრე კლასში წერილის ეტიკეტზე ვმუშაობთ.

მოსწავლეებს ჩავაწერინე ჩემი ელექტრონული ფოსტა და ვთხოვე, ამ მისამართზე წერილები გადმომიგზავნეთ. აუცილებლად გიპასუხებთ და თანაც წერილის სწორად დაწერაშიც წავივარჯიშებთ-მეთქი.

რაზე მოგწეროთ?

დააზუსტეს.

ინსტრუქციებს ზუსტს ელიან, ეს მომწონს.

ნებისმიერ რამეზე, რაც იმ წუთას გაფიქრებთ. შეგიძლიათ რამდენიმე წინადადებითაც შემოიფარგლოთ – როგორი ამინდია, რა მიირთვით საუზმეზე, როგორ გრძნობთ თავს…

შინაარსზე მეტად ფორმაზე მქონდა დავალების მიცემისას აქცენტი.

ჩემთვისვე მოულოდნელად ეს აქტივობა მნიშვნელოვანი სათქმელის გაზიარების არხად იქცა. რამდენიმე საგულისხმო, დამაფიქრებელი წერილი მივიღე.

 

მათ შორის ერთი დაწყებითი კლასების მოსწავლეებს შორის უსიამოვნებას ეხებოდა. მეცხრეკლასელი მოზარდი დელიკატურად, საქმიანად, ობიექტურად აღწერდა სიტუაციას და მის წერილში ერთმა ფრაზამ განსაკუთრებით მიიქცია ჩემი ყურადღება :“მიკვირს, ეს როგორ ვერ შევამჩნიე. ხომ უნდა მეგრძნო მაინც, რომ რაღაც ვერ იყო რიგზე. რამეს გავაკეთებდი!“

 

ჩაუკვირდით ამ ფრაზას. პასუხისმგებლობის ამ გრძნობას. ახალგაზრდა ადამიანის ემპათიის ხარისხს. სიფხიზლისა და ქმედებისკენ მზაობას.

 

ამ ფრაზამ სასკოლო ორგანიზაციული კულტურის, სასკოლო ატმოსფეროს შესახებ დამაფიქრა. გაკვეთილებზე რამდენიმეჯერ შევეხეთ ამ თემას.

 

ვინაა სკოლის ატმოსფეროსა და კულტურაზე პასუხისმგებელი?

რა შეიძლება გააკეთოს ერთმა?

საერთოდ, შეუძლია თუ არა ქმედება და ცვლილებების აუცილებლობის შემჩნევა ერთს? რომ შეამჩნევს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას? ვის მიმართოს?

რამდენად ერკვევა ახალგაზრდა ადამიანი იმაში, თუ როგორ იმართება სკოლა და რა „ეკოსისტემის“ ნაწილია თავად?

 

ორგანიზაციული კულტურა

საგანმანათლებლო ორგანიზაციის მართვის კულტურისა და განათლების კონცეფციების ერთ ჭრილში განხილვა საინტერესო დასკვნების საშუალებას გვაძლევს. სკოლის მართვის სტილი მოქმედებს იმ ეკოსისტემაზე, რომელშიც მოსწავლეები და მასწავლებლები თავიანთი ცხოვრების საკმაოდ მნიშვნელოვან ნაწილს ატარებენ. სწავლა-სწავლების პერიოდი ადამიანის პიროვნული ზრდისა და განვითარების პროცესში ხომ უმნიშვნელოვანესი ეტაპია.

 

სკოლა, რასაკვირველია, საგანმანათლებლო დაწესებულებაა, მაგრამ განათლება, ხომ მეტია, ვიდრე ცოდნის დაგროვება, სტანდარტი, პროგრამა, კურიკულუმები, გამოცდები.

„განათლება არ არის იზოლირებული კუნძული, ის კულტურული კონტინენტის ნაწილია“ – ამბობს ბრუნერი თავის “განათლების კულტურაში“. კულტუროლოგიური ხედვა ინდივიდის განვითარების გზას ორგანიზაციული კულტურის ჭრილშიც ხედავს და ეს დამატებით პასუხისმგებლობას სძენს სასწავლო-საგანმანათლებლო დაწესებულებებს.

რატომ?

იმიტომ, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, ურთიერთქმედებასა და ბაძვაში უყალიბდება ბავშვს სამყაროსეული აღქმები. განსაკუთრებით  – სასკოლო ასაკში.

ასე შეიცნობს ის ძალაუფლებისა და მართვის, ურთიერთობების კულტურასაც. გამოდის, სკოლა, როგორც სივრცე თავისი ფორმითა და შინაარსით,  თავადაა „უჩინარი პედაგოგი“ და მნიშვნელოვან „გაკვეთილებს“ ატარებს კიდეც არაპირდაპირი ზემოქმედების გზით.

სასკოლო ატმოსფერო

აპრილში ვალდორფის თავისუფალი სკოლის მიერ ორგანიზებულ ოთხდღიან სემინარზე თვითმმართველობის მოდული ავარჩიე და მართვის საკითხებში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ნანა გიობელის შეხვედრების ციკლს დავესწარი. საინტერესო იყო მართვისა და თვითმმართველობის სფეროში გერმანელი ექსპერტის დაკვირვებების მოსმენა, გონებაში „მორგება“ აქაურ რეალობასთან, მსჯელობა, რადგან ფორმატი ინტერაქტიური იყო. ექსპერტმა საგანგებო ყურადღება მიგვაქცევინა საგანმანათლებლო დაწესებულებებში მართვის ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მართვის სტილზე, ორგანიზაციულ კულტურასა და სკოლის „ინდივიდუალურ-ბიოგრაფიულ“ ხასიათზე.

აქვე გაგიზიარებთ კითხვებსა და თეზისებს, რომლებიც ჩავინიშნე:

საგულისხმოდ მეჩვენა კითხვა: რა  მომენტში, რა დროს შეგიძლიათ თქვათ, რომ  როგორც ამ ორგანიზაციის წევრი, ძალაუფლებას „იწვნევთ“ საკუთარ თავზე? რა სიტუაციებში ხართ ძალაუფლების ობიექტი?

შევყოვნდეთ. ჩვენს სიტუაციაზე დავფიქრდეთ:

როცა მასწავლებელი ვერტიკალური მართვის ჭრილში მხოლოდ აღმსრულებლად გვევლინება (ჩვენს საგანმანათლებლო სისტემაში კი სწორედ ეს სურათი გვაქვს დღეს), კითხვა განსაკუთრებით მწვავე და მტკივნეულია.

მასწავლებლების ინიციირებული რომელი პროექტი ან იდეა გამხდარა ბოლო ხანებში სისტემური ცვლილებების იმპულსი?

რაიმე გახსენდებათ?

ცვლილებები, როგორც წესი, სამინისტროსგანაა ხოლმე დაგეგმილიც, განხორციელებულიც და მასწავლებლები ბიუროკრატიული ჯაჭვის ბოლო რგოლებად, ანგარიშებისა და ანალიზების, მატრიცების შემავსებლებად და მიღებული გადაწყვეტილებების განმახორციელებლად მოვიაზრებით. ამ პირობებში თავისუფალი, შემოქმედებითი ატმოსფერო სწავლების პროცესში რთული შესანარჩუნებელია.

ავტორიტეტული (მით უფრო, ავტორიტარული), კონტროლზე ორიენტირებული მართვა ნდობის ფაქტორს მინიმუმამდე ამცირებს. პედაგოგიკაში კი ნდობა უმნიშვნელოვანეს სამარჯვად მიმაჩნია. პატივისცემასა და სხვა ღირებულებებზე უპირატესადაც კი (ამაზე იხ. სტატია „ვის ენდოს მოზარდი“).

სასკოლო ატმოსფეროს კვლევისას მნიშვნელოვანია როგორც „ფიზიკურ სხეულზე“, ისე ინდივიდუალურ მახასიათებლებზე დაკვირვებაც.

როგორია სკოლა? სკოლის „ფიზიკური სხეული“? დერეფნები, კლასები, ექსტერიერი, ინტერიერი, საპირფარეშოები, მასწავლებლებისა და მოსწავლეების თავშეყრის ადგილები, სპორტის დარბაზი.

როგორია ატმოსფერო და განწყობა კლასებში, სამასწავლებლოებში, ეზოებსა და დერეფნებში დასვენებისა და გაკვეთილების პერიოდში?

მართვის ორგანოები რა ნაბიჯებს დგამენ ამ მიმართულებით?

რამდენადაა სკოლაში განვითარებული დელეგირების კულტურა? თუკი მასწავლებლებს ან მოსწავლეებს აქვთ იდეები, რამდენად აქვთ მათ ამ იდეების გადაწყვეტილებების მიმღებებთან მიწოდების შესაძლებლობა? რამდენად აქვთ თავად ლეგიტიმაცია, განახორციელონ სასიკეთო, საკეთილდღეო ცვლილებები?

გეტო?

ბოლო დროს ძალიან პოპულარულ ბრიტანულ მინისერიალში „მოზარდობა“ სკოლის საინტერესო სურათხატია მოცემული. შესანიშნავი ინფრასტრუქტურის მქონე ვეებერთელა სკოლაში მთავარი გმირები სხვადასხვა სივრცეში ხვდებიან. მაყურებელს მათთან ერთად აქვს საშუალება, მოინახულოს სკოლის შიდა და გარე სივრცეები. ერთადერთი შეგრძნება, რომელიც მაყურებელს ექმნება, არის: ეს გეტოა თუ სკოლა? სასჯელაღსრულებითი დაწესებულებაა თუ საგანმანათლებლო? ამ შესანიშნავი სერიალის ეს ეპიზოდი მეტაფორულად, შთამბეჭდავად ხატავს სკოლის ისეთ სურათხატს, რომლის გაჩანაგებაც მოგინდება. მეტაფორა – როგორი არ უნდა იყოს სკოლა – იმდენად გულშიჩამწვდომია, რომ ძალაუნებურად იწვევს ქმედებების, ცვლილებების სურვილს. სხვათა შორის, ბრიტანულმა პარლამენტმა და განათლების სამინისტრომ სერიალის გამოსვლის შემდეგ საგანმანათლებლო მიმართულებით ცვლილებები დააანონსა.

როგორია მომავლის სკოლა?

მოსწავლეებთან ერთად ამაზეც ხშირად გვისაუბრია. დაწყებით საფეხურზე ბავშვები ხატავენ არაჩვეულებრივ ილუსტრაციებს, აქვთ გამაოგნებელი იდეები. სკოლა კოსმოსური ხომალდის დიზაინით, სკოლა, რომელშიც შინაური ცხოველების მიყვანაა ნებადართული, სკოლა, სადაც გიხარია მისვლა, ფერადია, ლამაზი, გემრიელი სურნელია, სკოლა, რომელშიც კი არ გიკრძალავენ, გიხსნიან, სკოლა – შემეცნებითი თავგადასავლების ადგილი…

უფროსებისგან მიღებულ პასუხებს თუ განვაზოგადებ და ერთ წინადადებად ჩამოვაყალიბებ, პასუხი იქნება – ისეთი არა, როგორიც ახლაა. ამისგან რადიკალურად განსხვავებული.

როგორი იქნება მომავლის სკოლა – საინტერესო კითხვაა ელექტრონული წერილების შემდეგი სერიის მისაღებად და ასეც მოვიქცევი.

სანამ მოსწავლეების პასუხებს გაგიზიარებთ, ჩვენც „წავითამაშოთ“.

როგორია, კოლეგებო, თქვენი აზრით, მომავლის სკოლა?

 https://mastsavlebeli.ge/?p=42975


თემატური გაკვეთილი – შობა

 საშობაო გაკვეთილი  მეცხრე კლასში დაიგეგმა და განხორციელდა საგანმანათლებლო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. მისი მიზანი იყო ინგლისური ენის სწავლების ინტეგრირება კულტურათშორის განათლებასთან, ღირებულებით კომპონენტებთან და აქტიური სწავლების მეთოდებთან.

გაკვეთილის მიზანი იყო:

  • სხვადასხვა კულტურული კონტექსტისა და ტექსტის გააზრების უნარის ჩამოყალიბება;
  • მოსწავლეთა ფუნქციური უნარებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება;
  • ინგლისური ენის გამოყენება რეალურ, კულტურულად დატვირთულ საკომუნიკაციო გარემოში.

 წინარე აქტივობა: სასწავლო გარემოს მომზადება

გაკვეთილს წინ უძღოდა მოსწავლეთა ჩართულობა საკლასო სივრცის მოწყობის პროცესში. მათ საახალწლო და საშობაო დეკორაციებით მორთეს საკლასო ოთახი და შექმნეს თემატური პოსტერები შობის მნიშვნელობისა და სიმბოლიკის შესახებ. აღნიშნულმა ეტაპმა შექმნა ემოციურად დადებითი, თანამშრომლობაზე ორიენტირებული სასწავლო გარემო და გაზარდა მოსწავლეთა მოტივაცია.

 

ძირითადი სასწავლო აქტივობები

აქტივობა 1. ლექსიკისა და იდეების გენერირება

მოსწავლეები მუშაობდნენ წყვილებში და აგროვებდნენ საშობაო თემატიკასთან დაკავშირებულ ლექსიკას. აქტივობა ემსახურებოდა წინარე ცოდნის გააქტიურებასა და ახალი თემისათვის ენობრივი საფუძვლის შექმნას.

აქტივობა 2. კულტურული პარალელები და დისკუსია

მოსწავლეებმა გაავლეს პარალელები ცნებებს შორის: თოვლის ბაბუა – სანტა კლაუსი – წმინდა ნიკოლოზი. დისკუსიისას განხილული იყო შობა, როგორც უდიდესი ქრისტიანული დღესასწაული და მისი აღნიშვნის თავისებურებები სხვადასხვა კულტურულ და რელიგიურ კონტექსტში.

 

აქტივობა 3. ვიქტორინა – ცოდნის შემოწმება თამაშით

კლასი ორ ჯგუფად დაიყო. ერთმა ჯგუფმა მოამზადა შეკითხვები შესაძლო პასუხებით, მეორე ჯგუფმა კი უპასუხა მათ. თამაშზე დაფუძნებულმა შეფასებამ გაზარდა ჩართულობა და შეამცირა შეფასებასთან დაკავშირებული სტრესი.

აქტივობა 4. მცირე წერითი დავალება (ქვიზი)

მოსმენილი და წაკითხული ინფორმაციის საფუძველზე მოსწავლეებმა შეასრულეს მცირე მოცულობის წერითი დავალება — ქვიზი, რაც დაეხმარა მათ ინფორმაციის გააზრებასა და ენობრივი უნარების გამოყენებაში.

შემაჯამებელი აქტივობა: ემოციური და ღირებულებითი რეფლექსია

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს თავიანთი ნამუშევრები. მასწავლებელთან ერთად შეასრულეს საახალწლო და საშობაო სიმღერები, ასევე ქრისტიანული საგალობელი. აღნიშნულმა აქტივობამ გააერთიანა ენობრივი, კულტურული და სულიერი გამოცდილება და გაკვეთილს მისცა ჰოლისტური დასრულება.

აქტივობების შედეგები

აქტივობებზე დაფუძნებული სწავლების შედეგად მოსწავლეებმა:

  • გაიცნეს ინგლისისა და ამერიკის კულტურული თავისებურებები, განსაკუთრებით საშობაო და საახალწლო ტრადიციები;
  • გაავლეს პარალელები საკუთარ კულტურულ გამოცდილებასთან;
  • გამოხატეს საკუთარი დამოკიდებულებები და მოსაზრებები;
  • გაიღრმავეს კულტურული მიკუთვნებულობის განცდა;
  • ჩამოუყალიბდათ პოზიტიური დამოკიდებულება კულტურული და ინდივიდუალური მრავალფეროვნების მიმართ;
  • გაუძლიერდათ მოტივაცია უცხოური ენების შესწავლისადმი.

 

აღნიშნული პრაქტიკა ცხადყოფს, რომ თემატური და აქტივობებზე დაფუძნებული სწავლება განსაკუთრებით ეფექტიანია მაშინ, როცა ენობრივი მიზნები კულტურულ კონტექსტთან არის ინტეგრირებული. ინგლისური ენა ამ გაკვეთილში არ იყო მხოლოდ სასწავლო საგანი; იგი იქცა კულტურული მნიშვნელობების გააზრების ინსტრუმენტად.

აქტივობების თანმიმდევრულმა სტრუქტურამ უზრუნველყო კოგნიტიური სირთულის ზრდა – ლექსიკიდან დისკუსიამდე და წერით რეფლექსიამდე. საგანთაშორისმა კავშირმა საღვთო სჯულთან გააძლიერა ღირებულებითი განზომილება და ხელი შეუწყო მოსწავლეთა ეთიკური აზროვნებისა და ტოლერანტობის განვითარებას.

თამაშზე დაფუძნებულმა შეფასებამ (ვიქტორინა, ქვიზი) შექმნა უსაფრთხო სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თამამად გამოხატავდნენ აზრებს. შემაჯამებელი მუსიკალური აქტივობა კი შეიძლება ჩაითვალოს ემოციური რეფლექსიის ფორმად, რომელმაც გააძლიერა სწავლების შედეგები.

 

ჩატარებული გაკვეთილის ვიდეომასალა გადაეგზავნა „საქართველოში საგანმანათლებლო ორგანიზაციას“, რომელმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადასცა სამოტივაციო პოსტერები, ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები ინგლისურ ენაზე და სერტიფიკატები.

საშობაო თემატური, აქტივობებზე დაფუძნებული და საგანთაშორისად დაგეგმილი გაკვეთილი ადასტურებს, რომ კულტურაზე დაფუძნებული სწავლება უცხოურ ენას აქცევს ცოცხალ, აზრიან და მოტივირებულ გამოცდილებად. ასეთ პრაქტიკაში მასწავლებელი მოქმედებს როგორც სასწავლო პროცესის დიზაინერი, რომელიც ქმნის სივრცეს მოსწავლის აქტიური მონაწილეობისა და თვითგამოხატვისთვის.

 https://mastsavlebeli.ge/?p=46622

ძნელია მასწავლებლობა

 

აი, პროფესიული ჭრილობებით გულდასერილი ჩამოვჯდები ახლა თქვენთან და შევეცდები მოვიმყუდროვო, გაგენდოთ, შემოგჩივლოთ, შემოგტიროთ, თავი „მივიდრიკო“ თანაგრძნობის მოლოდინში, აღსარებასავით გითხრათ ბევრი რამ, რასაც ჩემი პროფესიის სხვადასხვა ასაკის უამრავი ადამიანი განიცდის ჩვენს ქვეყანაში. ალბათ ყველაზე დემონიზებული პროფესიაა მასწავლებლობა. განათლების ხარისხის პრობლემა არამცთუ ჩვენსავით განვითარებად საზოგადოებაში, მაღალცივილიზებულ სისტემებშიც არის დღეს და პროფესიული კომპეტენციის პრობლემებს მრავლად ვაწყდებით, მაგრამ ეს პრობლემები ხომ მხოლოდ მასწავლებლის პროფესიაში არაა?

ჩვენ არ ვსაუბრობთ ლეგენდარული „ფინქ ფლიოდის” ცნობილი ჰიტის „მორიგი აგური კედელში” („Another brick in the wall”) გმირ მასწავლებელზე, რომელიც საძულველი არსებაა თავისი მოსწავლეებისთვის, შავი სარკაზმით მიმართავს მათ, ძირითადად აგრესიულია, მხოლოდ იმპერატიულ ბრძანებებს იძლევა და ბავშვის სულში არ იხედება, რის გამოც ბავშვები მისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვენ: “Hey! Teacher! Leave us kids alone!” (მასწავლებელო, დაგვტოვე მარტო!), რადგან, ბავშვების წარმოდგენით, მასწავლებელი არის მორიგი აგური კედელში (“All in all, you’re just another brick in the wall”), ანუ მოსწავლის თავისუფლების შემზღუდველი. ამ კლიპის კომენტარებში მსმენელები ყველაზე ხშირად იმეორებდნენ ფრაზას “protect yourself against the mind control” (გონების კონტროლისგან თავდაცვა), რა პრობლემაც, მათი აზრით, 46 წლის წინაც იყო, როცა ეს სიმღერა შექმნა როჯერ ვოტერსმა და ახლაც, როცა იმ თაობის შვილიშვილები არიან საკლასო ოთახებში. მეტაფორა “მორიგი აგური კედელში” ორნაირად შეიძლება გავიგოთ, ის შეიძლება მიემართებოდეს მასწავლებელსაც და მოსწავლესაც. ზოგჯერ მასწავლებლები არიან აგურები, რომლებიც ნებსით თუ უნებლიეთ უშენებენ აგურის მყარ კედლებს ბავშვებს და მათ თვალსაწიერს ზღუდავენ, ზოგჯერ კი ისეც ხდება, რომ ცუდი საგანმანათლებლო სისტემის გამო ბავშვები იქცევიან ერთ თარგზე მოჭრილ აგურებად, კარგავენ ინდივიდუალიზმსა და შემოქმედებითობას, პიროვნულ იდენტობას. ეს განათლების სისტემების პრობლემაა, თუმცა ამჯერად ამგვარ ურთიერთობებზე არ ვსაუბრობთ.

ჩვენი დღევანდელი სასკოლო სისტემა და მასწავლებლის პროფესიული განვითარების სტანდარტები უკვე გამორიცხავს არაპროფესიონალი, უვიცი, ბავშვებთან ურთიერთობებში უხეში, გულცივი ადამიანების საქმიანობას. დღეს ბავშვთა უფლებები იმდენად მაღალ ხარისხშია აყვანილი და მშობლის როლიც სწავლა-სწავლების პროცესშიც იმდენად აქტუალურია, რომ თითქმის გამორიცხულია მასწავლებლის ცოდნა ან ურთიერთობები იყოს სერიოზულად დამაზიანებელი მოზარდებისთვის და ეს დარჩეს რეაგირების გარეშე თავად სკოლის ადმინისტრაციის, ზემდგომი ორგანოების ან თავად სასკოლო საზოგადოების მხრიდან. დიახ, ადამიანთა შესაძლებლობები ყველგან და ყოველთვის განსხვავებულია, გულისხმიერებაც ზოგს მეტი აქვს და ზოგს – ნაკლები, არსებობენ ბრწყინვალე მასწავლებლებიც, საშუალო შესაძლებლობების პედაგოგებიც და ალბათ ცუდებიც აფარებენ თავს სკოლების კედლებს, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, სისტემა აკადემიურ და მორალურ უნარ-ჩვევებს მოკლებულ კადრებს სასკოლო სივრციდან თავისთავად გარიყავს.

ამასწინათ ფეისბუქზე გავრცელდა ასეთი ანეკდოტი: პრეზიდენტი, ბიზნესმენი და მასწავლებელი მოხვდნენ ჯოჯოხეთში. ეშმაკმა მათ სათანადო საფასურის სანაცვლოდ თითო ზარის უფლება მისცა. პრეზიდენტმა ისარგებლა და თავისი ხალხი მოიკითხა, უჩემოდ ხომ არ გაგჭირვებიათ, ქვეყანაში რა ვითარება არისო? ეშმაკმა 5000 დოლარი გადაახდევინა. ბიზნესმენმაც გამოიყენა უფლება და თავისი ბიზნესი მოიკითხა, რისთვისაც 50 ათასი დოლარი გადაახდევინეს. მასწავლებელმაც დარეკა და მოიკითხა თავისი კლასი: შემაჯამებლები და მათი ანალიზები თუ დაიწერაო, განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებიო, კომპლექსური დავალებები და მათი ანალიზებიო, მოსწავლეთა დახასიათებებიო, პორტფოლიო თუ შეავსეთ საჭირო მასალით, ტესტები და სხვა რესურსები თუ შეადგინეთ, სემესტრული ანგარიშები საგნის სწავლებისა და სადამრიგებლო მუშაობისა თუ მოამზადეთო. ეშმაკმა არაფერი გადაახდევინა. პრეზიდენტმა და ბიზნესმენმა გააპროტესტეს, ეს როგორ? ამდენი ისაუბრა და რატომ არ ახდევინებთო? – ამას არ ეკუთვნის, ჯოჯოხეთიდან ჯოჯოხეთში მოხვდა და შიდა ზარები უფასოაო, – მიუგო ეშმაკმა.

ყველა ვაცნობიერებთ, რომ უპირველესი ზრუნვის ობიექტი მოსწავლეა, მის კეთილდღეობაზეა ორიენტირებული როგორც ოჯახი, ისე სკოლა და მასწავლებელი. თუმცა მასწავლებელიც ადამიანია და ხშირად ვაწყდებით ხოლმე გადაულახავ დაბრკოლებებს, რომელთა დროსაც მასწავლებელი ხშირად მარტო რჩება. ყველა მისგან მოითხოვს მაქსიმუმს, მისი სულის ჭრილობები კი ნაკლებად აღელვებს ყველას. ამას მასწავლებლები შეჩვეულები ვართ, თუმცა, ვფიქრობ, თუ ჩვენი მიზანი ადამიანთა კეთილდღეობა, მათ უფლებებზე ფიქრი და დაცვაა, მასწავლებელსაც სჭირდება მხარდაჭერა.

მსურს, მოგიყვეთ რამდენიმე პრობლემურ ქეისზე, რომელთა აქტორებს, რასაკვირველია, არ დავასახელებ. ყველა სახელი შეცვლილია. გიამბობთ კოლეგების მიერ მოყოლილ ისტორიებს.

ქეისი N1

ნანა მასწავლებლის სადამრიგებლო კლასი რთული სამართავი იყო. 35 მოსწავლე ირიცხებოდა, მათ შორის 12-14 ჰიპერაქტიური და რთული ქცევის ბავშვი გახლდათ, იყო რამდენიმე შშმ მოსწავლე, რომელთაც დამრიგებლისგან განუწყვეტლად სჭირდებოდათ მზრუნველობა. დამრიგებელი თავდაუზოგავად შრომობდა, ძალიან კარგი ურთიერთობები ააწყო მოსწავლეებთანაც და მშობლებთანაც.

ბექა სკოლასთან ახლოს ცხოვრობდა, ცნობილი ბიზნესმენის განებივრებული შვილი იყო. ნანა მასწავლებელმა შეატყო, რომ კლასელების დაცინვა და პროვოცირება სჩვეოდა. ბავშვები ხშირად შესჩიოდნენ დამრიგებელს, მშობლებს, მანდატურებს. ნანა მასწავლებელი იბარებდა ხოლმე დედას, მამა საერთოდ არ ერეოდა შვილის სასკოლო ცხოვრებაში. დედა ყოველთვის შვილის პოზიციებს იცავდა და აცხადებდა, რომ მისი შვილი ამოჩემებული ჰყავდათ, თორემ ის საუკეთესო ზნის ბავშვი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქცევის პრობლემები კლასში ბევრ მოსწავლეს ჰქონდა, მასწავლებლები მხოლოდ მისი შვილის ცუდ ქცევას ამჩნევდნენ. ბექა უფროსკლასელ ბიჭებთან მეგობრობდა, რადგან თავად ფიზიკურად სუსტი იყო და თავდაცვა გაუჭირდებოდა, მის მიერ ხშირად მოწყობილი პროვოკაციების გათვალისწინებით. მერვე კლასში იყო, როცა სკოლიდან გაიპარა, ნარკოტიკული ნივთიერება მოიხმარა და ბავშვის სიცოცხლე ძლივს გადაარჩინეს. ამ დროს მხოლოდ ერთხელ მოვიდა მისი ყოვლისშემძლე მამა სკოლაში და ყველას „ჰაერში აწევით” იმუქრებოდა. ნანა მასწავლებელს კი უთხრა, რომ მან 14 წლის ბიჭთან სათანადო მოპყრობა არ იცოდა. ნანა მასწავლებელმა აღიარა, რომ ნამდვილად არ იცოდა, ბექასთან როგორ უნდა მოქცეულიყო, იმდენად რთული და არაპროგნოზირებადი იყო მისი ქცევა და სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა, რადგან ბავშვი მშობლებისგან სრულ თანადგომას გრძნობდა და მასწავლებლებს უპატივცემულოდ ექცეოდა. გაკვეთილებზე უნებართვოდ გადი-გამოდიოდა, ცეკვავდა, მღეროდა, ხმაურობდა, გადიოდა სკოლის დერეფანში და სხვა კლასებში უვარდებოდა მასწავლებლებს საგაკვეთილო პროცესში.       ერთხელაც ერთ-ერთ გაკვეთილზე ორ ბიჭს გადაეკიდა და დასცინოდა, სკამებს აბრუნებდა, ხმაურობდა. ერთმა ბიჭმა მისი ქცევა ტელეფონით ჩაიწერა. მასწავლებელმა დაინახა, რომ მის ქაოსურ გაკვეთილზე ვიდეოჩანაწერი გაკეთდა და ამ ორ ბიჭს მოსთხოვა ვიდეოს წაშლა. ბავშვები შეშინდნენ და თქვეს, რომ ბექას ქცევის ჩაწერა ნანა მასწავლებელმა დაგვავალაო. ბექამ ეს ყველაფერი მშობლებს უამბო სახლში. დედამისი კივილით მოუვარდა ნანა მასწავლებელს, ლანძღავდა, უკანასკნელი სიტყვებით ამცირებდა, მოიყვანა ადვოკატი და სასამართლოში ჩივილით ემუქრებოდა. ამავე მშობელმა მოისყიდა ორი მასწავლებელი, რომლებიც კოლეგის წინააღმდეგ მოქმედებდნენ. როცა საქმეს სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა, იმ ორმა ბიჭმა კი აღიარა, რომ დამრიგებელს მათთვის არაფერი დაუვალებია, მაგრამ მასწავლებელს ბევრი შეურაცხყოფისა და ცილისწამების ატანა მოუხდა და მან სადამრიგებლო კლასი, რომელთანაც 4 წელი იმუშავა და სიგიჟემდე უყვარდა, დატოვა, რასაც არ ჰპატიობდნენ სხვა მოსწავლეები. ის კლასში დარჩა საგნის მასწავლებლად, მაგრამ კლასზე ამ მოვლენებმა საშინელი ზემოქმედება მოახდინა. საუკეთესო მოსწავლეები გადავიდნენ სხვა სკოლებსა ან პარალელურ კლასებში და კლასის აკადემიურმა დონემ საგრძნობლად დაიწია. ნანა მასწავლებელი კი ამბობდა, რომ ბექას ოჯახთან კონფლიქტმა სერიოზულად დააზიანა მისი ფსიქიკა.

ქეისი N2

ეს ქეისი ნინო მასწავლებლისა და ლევანის ურთიერთობას ეხება. მასწავლებელი ამ კლასში მეათე კლასში შევიდა. დაბალი აკადემიური მოსწრების კლასი იყო და ნინო თავს არ ზოგავდა, რომ კლასს დახმარებოდა საჭირო საგნობრივი კომპეტენციების ამაღლებაში. თუმცა მხოლოდ იმას მიაღწია, რომ რამდენიმე მოსწავლე ჩაერთო საგაკვეთილო აქტივობებში, ხოლო კლასის ერთი ნაწილი ემიჯნებოდა ყველაფერს.

ლევანი ნინო მასწავლებლის საგანში სუსტი იყო, არასდროს ასრულებდა დავალებებს და შემაჯამებელი ტესტების წერაც ძალიან უჭირდა, დაბალ ქულებს იღებდა. ერთ-ერთი შემაჯამებელი ტესტირების მიმდინარეობის დროს ლევანმა ნინო მასწავლებელს კლასის გასაგონად სთხოვა, რომ ნება დაერთო სახლში წაეღო ტესტი და მეორე დღეს მოეტანა, რაზეც, რასაკვირველია, უარი მიიღო. ლევანი არ ეშვებოდა მასწავლებელს, მაგრამ ის ცივ უარზე იყო. მაშინ ლევანმა ზიზღით გამოსცრა: – ეს რომ გაიგო, ადამიანი უნდა იყო და თქვენ ხომ ჩემს თვალში ადამიანი არ ხართო! ნინო მასწავლებელს თითქოს მდუღარე გადაასხესო. არაფრით დაუმსახურებია ამ ბიჭის აგრესია და სიძულვილი. ყოველთვის პატივისცემით ეპყრობოდა. როცა ნინომ სამასწავლებლოში კოლეგებს შესჩივლა ამ ინციდენტის შესახებ, მათ ურჩიეს, რომ სკოლის დისციპლინურ კომიტეტში საჩივარი შეეტანა და მოსწავლის დასჯა მოეთხოვა. დისციპლინურმა კომიტეტმა განიხილა ქეისი და ლევანი 10 დღით დაითხოვა სკოლიდან, რის გამოც მოსწავლის გაცოფებული დედა და და მოუცვივდნენ მასწავლებელს და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღეს, ისტერიკა გამართეს. მასწავლებელი წონასწორობიდან არ გამოსულა, რამაც კიდევ უფრო გააბოროტა მოსწავლის და და მან ბევრი შეურაცხმყოფელი სიტყვა აკადრა მასწავლებელს. მართალია, გავიდა დრო და ნინო მასწავლებელმა ლევანთან და მის მშობელთან ურთიერთობა დაარეგულირა, მაგრამ ეს ეპიზოდი მის ცხოვრებაში ჩაიწერა კოშმარულ მოგონებად და უღრმეს სულიერ ჭრილობად.

ქეისი N3

თეოს კლასი მეხუთეში იყო, როცა ნია მასწავლებელი შევიდა. კლასმა მასწავლებელი კარგად მიიღო და ნიასაც უხაროდა ამ ცელქ, მაგრამ უსაყვარლეს ბავშვებთან მუშაობა. ერთხელაც ბავშვებს უნდა წარმოედგინათ პოსტერული პრეზენტაციები მათთვის საყვარელ არასასკოლო მხატვრულ ტექსტებზე. თეომ პრეზენტაცია გააკეთა ძალიან ცნობილ სასიყვარულო რომანზე, რომლის კინოეკრანიზაციებიც არსებობს და მეხუთეკლასელისთვის ძალიან ნაადრევია ამ ვრცელტანიანი რომანის კითხვა. პრეზენტაციაში დარღვეული იყო მასწავლებლის რეკომენდაციები, რომანის სიუჟეტი წვრილი ასოებით უზარმაზარ პოსტერზე იყო გადატანილი, ბავშვი პრეზენტაციას კითხულობდა და კლასმა მოიწყინა. როცა მასწავლებელმა სთხოვა ბავშვს, რომ დროში შეზღუდული იყვნენ, სხვებსაც უნდა წარმოედგინათ პრეზენტაცია და მოკლედ გადმოეცა სათქმელი, ბავშვი ატირდა და შეწყვიტა პრეზენტაცია. მასწავლებლებმა დაუყვავა, შეუქო შრომა და გულისხმიერება, აუხსნა, რომ პოსტერულ პრეზენტაციებზე დიდი ტექსტების განთავსება არ არის საჭირო, მხოლოდ მთავარი მესიჯები უნდა იყოს გამოტანილი გამსხვილებული შრიფტით. პრეზენტაცია 7 ქულაზე შეფასდა. მეორე დღეს ნია მასწავლებელს სკოლაში მოუვარდა მშობელი, რომელიც ისტერიულად ტიროდა, მასწავლებელს უკიოდა და ამცირებდა, ეუბნებოდა, რომ ბავშვმა ბევრი იშრომა ამ დავალებაზე და მასწავლებლის მიერ დაწერილმა შეფასებამ მოტივაცია დაუკარგა, რომ ორი დღეა მშობელიც და ბავშვიც ტირიან, ხმამაღლა ლანძღავდა მასწავლებელს, რომელიც ცდილობდა, რომ მშვიდად აეხსნა ვითარება მშობლისთვის. ცოტა ხანში ნია მასწავლებელმა ფეისბუქზე ნახა, რომ მშობელს გამოქვეყნებული ჰქონდა შვილის პოსტერის ფოტო და მასწავლებელზე წერდა, რომ ის უსამართლო, მჩაგვრელი, უვიცი იყო, რომ ბავშვში ჩაკლა ყველაფერი, რომ კლასის წინაშე დაამცირა და რომ სამოც წელს გადაცილებული მასწავლებლები საერთოდ არ უნდა ასწავლიდნენ სკოლებში. ნია მასწავლებელს სამოც წლამდე ჯერ მრავალი წელი აკლდა, მაგრამ სამოცი წლისაც და მეტისაც რომ ყოფილიყო, განა ეს ეიჯიზმი და ადამიანის ღირსების საჯაროდ შელახვა არ არის? მასწავლებელმა დაურეკა ბავშვის მამას, რომელმაც მეუღლის ქცევის გამო ბოდიშები იხადა და დაჰპირდა მასწავლებელს, რომ მეუღლეს ამ პოსტს წააშლევინებდა. პოსტი მართლაც წაიშალა, მაგრამ სანამ წაიშლებოდა, უამრავმა ადამიანმა ნახა ამ მასწავლებლის ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური ფრაზები. რაც შეეხება კლასის წინაშე ბავშვის დამცირების ბრალდებას, როცა კლასში შეთანხმებულები არიან, რომ ყველა გააკეთებს პრეზენტაციას საჯაროდ და მასწავლებელი ეტყვის განმავითარებელ შეფასებებს, სუსტ და ძლიერ მხარეებს, ეს განა მოსწავლის უფლებების დარღვევაა?

ქეისი N4

ქალბატონმა ნატამ ეს კლასი მეხუთე კლასში სადამრიგებლოდ ჩაიბარა. მშვიდი, უწყინარი, მეგობრული კლასი იყო, მაგრამ მასწავლებელი ამჩნევდა, რომ ერთ-ერთ მოსწავლეს ბავშვები სისტემატურად აბულინგებდნენ. გოგონაც სასტიკად ღიზიანდებოდა და კონფლიქტური იყო, ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა კლასელებს, როცა დასცინოდნენ, დაბალი ხარ, ასეთი ხარ, ისეთი ხარო. მალე დამრიგებელმა შენიშნა, რომ კლასი კასტებად დაიყო. ცალკე იყვნენ მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე, პრივილეგირებული ბავშვები და ცალკე – შედარებით თავისუფალი, სწავლაში პასიური, თუმცა უზომოდ ნიჭიერი და მრავალფეროვანი უნარების მქონე ბავშვები. დამრიგებლობის მეოთხე წელი იდგა, ეს კონფლიქტი კი სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. პრივილეგირებული ჯგუფის მშობლები სულ იმ გოგონას დასჯას მოითხოვდნენ. ერთხელაც ერთ-ერთი ბავშვის დაბადების დღეზე გადაღებული ფოტო დადეს და მიაწერეს საშინელი კომენტარები, რომ მხოლოდ ამ ფოტოზე გამოსახული ბავშვები არიან კარგები, საამაყოები და რომ სხვებს შურთ მათი და ა.შ. უფსკრული სულ უფრო და უფრო ღრმავდებოდა. დამრიგებელმა სცადა საუბრები, მაგრამ პრივილეგირებულთა ჯგუფს ეტყობოდა საშინელი არაკეთილგანწყობა დამრიგებლის მიმართ. ერთ დღესაც, როცა სკოლაში ღია კარის დღე იყო და მშობლები მასწავლებლებს ხვდებოდნენ, ბოლო გაკვეთილი ახალი დასრულებული იყო, როცა ერთი მშობელი შემოვარდა საკლასო ოთახში და ბავშვებს ქუჩურად საქმის გარჩევა დაუწყო. ყვირილით ამბობდა, რომ ის ბულინგის მსხვერპლი გოგონა და მისი მეგობრები დღიურში ცუდ რამეებს წერდნენ ამ ქალის შვილზე. ქალბატონი იმუქრებოდა, ბავშვს ეუბნებოდა, სკოლიდან კი არა, პლანეტიდან გაგასახლებო. ბავშვები დაიზაფრნენ, ტიროდნენ. მასწავლებელმა ვერ შეაჩერა გამძვინვარებული მშობელი, რომელიც თანამდებობის პირი მეუღლით იმუქრებოდა, ამბობდა, ხომ იცით, რომ ჩემთვის ყველაფერი ხელმისაწვდომიაო, აფრიალებდა იმ მოსწავლის დღიურის ფოტოებს, რომლებიც პრივილეგირებულთა ჯგუფიდან რომელიღაც მოსწავლემ ფარულად გადაიღო და იქ კლასელებზე გარკვეული ფრაზები ეწერა. კლასელებისგან დაბულინგებული ბავშვი კლასელის მშობლის მხრიდან ასეთმა მოპყრობამ საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო, მისი მშობლებიც აღშფოთებულები იყვნენ და სამართალს დამრიგებლისგან მოითხოვდნენ.

საღამოს მასწავლებელმა დაურეკა მოძალადე მშობელს და უთხრა, რომ მან დაარღვია ბავშვის უფლებები, სასტიკად მოეპყრო მას და ა.შ. შეშინებულმა მშობელმა დამრიგებელზე რევანში დაისახა მიზნად, აიყოლია სამი მშობელი და დაიწყო ომი მასწავლებლის წინააღმდეგ. ეს იყო ცილისწამებებზე დაფუძნებული უსაზარლესი კამპანია. მან „გაღმა შეედავეს” პრინციპით საჩივრით მიმართა სკოლის დირექციას. სკოლის დისციპლინური კომიტეტი განიხილავდა საქმეს მთელი თვეების განმავლობაში. კლასის უმრავლესობას არ სურდა, რომ დამრიგებელს კლასი დაეტოვებინა, მაგრამ ამ ოთხი მშობლის აგრესია და სიძულვილი იმდენად ღრმა და აუტანელი იყო, რომ მან დამრიგებლობა დატოვა, ხოლო საგანს ასწავლიდა კიდევ ერთი სემესტრი, თუმცა ეს მშობლები ცილისწამებების კასკადს არ ეშვებოდნენ. მასწავლებელი დაიღალა და საგნის მასწავლებლობაზეც უარი თქვა. მასწავლებლის გასვლამ ორ ბანაკად დაყოფილ კლასში კონფლიქტი კიდევ უფრო გააღრმავა და ბოლომდე მოუგვარებელ საქმედ აქცია.

ხშირია შემთხვევები, როცა მასწავლებლები სცოდავენ მოსწავლეთა წინაშე, ეპყრობიან მათ არაკორექტულად, უგულისყუროდ, სამწუხაროდ, არის მოსწავლეზე ზეწოლის, ნიშნებით მანიპულირების შემთხვევები. ამ დროს ძნელია ე.წ. „მუნდირის ღირსების” დაცვა და კოლეგისთვის სოლიდარობის გამოცხადება, მაგრამ, როცა მასწავლებელი ხდება მშობლის ან მოსწავლის მხრიდან ჩაგვრისა და უღირსი მოპყრობის მსხვერპლი, სამწუხაროდ, თვით მასწავლებელს არ ჰყავს დამცველად არავინ. წერილის მიზანია, რომ სასკოლო საზოგადოება ამ პრობლემაზეც დააფიქროს, რადგან მასწავლებელიც ადამიანია და მასაც აქვს უფლებები, პროფესიული თუ პიროვნული ღირსება, რომლის შელახვის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. მსგავსი შემთხვევების გამართლება იმით, რომ ბავშვის ინტერესები უპირისპირდება მასწავლებელს და ეს კი უზენაესი ღირებულებაა, საკითხის უტრირებაა. ბავშვის უფლებებსა და ინტერესებს უპირველესად თვით მასწავლებელი უფრთხილდება, მაგრამ მასაც სჭირდება თანადგომა ზემოთ მოთხრობილის მსგავსი სიტუაციების დროს. ბევრი ახალგაზრდა მასწავლებლისა და პროფესიაში შემსვლელი ადამიანისგან მსმენია, რომ მასწავლებლისადმი ამგვარი განწყობის გამო არ სურთ სკოლებში მუშაობა. მასწავლებელი არ უნდა იქცეს მშობელთა იერიშების მომგერიებელ არსებად. მისი საქმიანობა იმსახურებს პატივისცემას, რაც სჭირდება არა მხოლოდ თვით მასწავლებელს, შეიძლება უფრო მეტად მოსწავლესა და მშობელს, რომ პოზიტიური თანამშრომლობით ბავშვის საუკეთესო ინტერესები იყოს რეალიზებული სკოლაში.

https://mastsavlebeli.ge/?p=44528


მრავალსახეობა ახალი წლისა. როდიდან აღნიშნავენ ადამიანები ახალი წლის დღესასწაულს

 (ნაწილი მეორე)

 „ხელში ორ ჭიქას ავიღებ, ვილოცებოდე ღვინითა,

ყველა კარგად დაესწარით მრავალ ახალ წელს დილითა,

ნათლიმამა თან მოგდევდეს, თაფლი მოჰქონდეს ქილითა;

ხურჯინიც სავსე ეკიდოს, ჩურჩხელებით და ხილითა…

თქვენი კოდები ყოფილა სავსე და წმინდა ფქვილითა;

თქვენი ქვევრები ყოფილა სავსე და წითელ ღვინითა;

თქვენი ფარეხი ყოფილა სავსე და – ცხვრითა, ბინითა…

თქვენი მტერი წაქცეულა, ვეღარა ძღება ძილითა!“

(კახური მესტვირული საახალწლო სიმღერა)

 

ქართული ტრადიციის თანახმად, დღესასწაულს ისე უნდა შევხვდეთ, რომ ახალმა წელიწადმა თითოეულ ოჯახს ჯანმრთელობა, ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, სიკეთე და სიხარული მოუტანოს.

მეც ვსარგებლობ შემთხვევით და ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას, მრავალშვილიანობასა და სიკეთეს!

 

საქართველოს სხვადასხვა მხარეში ახალ წელს სხვადასხვანაირად აღნიშნავენ.

სამეგრელოში ახალ წელს „კალანდობას“ უწოდებენ და თოფების სროლით ეგებებიან. ოჯახის თავი ახალი წლის დილას გარეთ გადის და სახლში ჩიჩილაკი შემოაქვს. ამის შემდეგ იწყება საახალწლო საუზმე, რომელზეც ოჯახის თავი, საახალწლო მეკვლე და ოჯახის ყველა წევრი საახალწლო სადღეგრძელოებს ეუბნება ერთმანეთს.

გურიაში, ისევე როგორც სამეგრელოში, შობა-ახალ წელს „კალანდობას“ უწოდებენ. კალანდობის მთავარი ატრიბუტი გურიაშიც ჩიჩილაკია, რომელიც აუცილებლად უნდა მოირთოს. გურიაში ახალ წელს ოჯახის უფროსი ულოცავს ოჯახს. ახალი წლის დადგომისთანავე იგი ჯერ მარანსა და საბძელს მოინახულებს, შემდეგ შევა სახლში წითელი ღვინით და ქვეყანასა და ოჯახს დალოცავს.

იმერეთში, მეკვლის მოსვლამდე, ოჯახის უფროსი ხორაგით სავსე ხონჩით სამჯერ წაღმა შემოუვლის სახლს და უფალს გამრავლებას, ჯანმრთელობას, ხვავსა და ბარაქას შესთხოვს. ხონჩაზე სხვადასხვა ნუგბარი აწყვია.

აჭარაში საახალწლო სუფრაზე აუცილებელად უნდა იყოს აჩმა და ბაქლავა. ხორბალი მთელ საქართველოში კეთილდღეობის, ნაყოფიერებისა და ბარაქის სიმბოლოდ ითვლება და აჭარაშიც, ბარაქის გასამრავლებლად, ოთახის ყველა კუთხეში სიმბოლურად ყრიან ხორბალს, თან ღმერთს სიკეთესა და ჯანმრთელობას შესთხოვენ.

რაჭას, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი მაღალმთიანი რეგიონია და უხვთოვლიანობით გამოირჩევა, თავისი გამორჩეული საახალწლო წესები და რიტუალები აქვს. ერთ-ერთია მეკვლის ან მაკვრიელის დალოცვა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. დიამც მამივა ახალი წელი: მშვიდობის და კარგად ყოფნის, ვაჟიანობის, ღვინიანობის და პურიანობის“, – და შემდეგ ამატებს მთელ რაჭაში ცნობილ ლოცვას: „გფარავდეთ მრავალძალის წმინდა გიორგი! შეგეწიოთ ყოვლადწმინდა ხოტევი და ნიკორწმინდა! აგარა და უღეში, ღმერთმა მოგცეთ ნუგეში“, – ამბობს მეკვლე, მოაქვს წყალი, ხელ-პირს დააბანინებს ოჯახს და შემდეგ იწყებს საახალწლო დილის საუზმეს.

სვანეთში მეკვლეობის ტრადიცია ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ოჯახისთვის. ახალი წლის ღამეს სვანები სხვადასხვა ნუგბარს გიდელში (წნელისგან მოწნული გრძელი კონუსური კალათი) ალაგებენ და სახლის კარზე ჰკიდებენ. ის მეკვლისთვის არის განკუთვნილი. მეკვლე კარზე დააკაკუნებს შემდეგი სიტყვებით: „ყორ მუკიარ, ყორ მუკიარ (კარი გააღეთ), ღერ თემიში იხელწიფი ჟორ ამღვე, ყორ მუკიარ (ღვთისა და ხელმწიფის წყალობა მომაქვს, კარი გამიღეთ)“. სახლში შესული, ოთახს და კერას სამჯერ შემოუვლის, დიდ ჯვრიან პურზე დააწყობს ტკბილეულს და ვერცხლის ფულებს, ოჯახის ყველა წევრს დაუვლის და დღესასწაულს მიულოცავს.

შიდა ქართლში საახალწლო დღესასწაულები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და თვეზე მეტ ხანს გრძელდება: ბარბარობიდან ნათლისღებამდე. ძველით ახალ წელს კი ამ დღესასწაულებში განსაკუთრებული ადგილი უკავია. ტრადიციულად, ამ დღეს ყველა ოჯახში აცხობენ ბასილას კვერს – ცომისგან გამოძერწილ ადამიანის ფიგურას (IV საუკუნის კაპადოკიელი წმინდანის, სავარაუდოდ ქართველის, წმინდა ბასილი დიდის პატივსაცემად) და მზადდება საახალწლო ხონჩა: სანოვაგით გაწყობილი სინი.

ხევსურეთში ახალ წელს „წელწადს“ უწოდებენ და ყველა ოჯახი და სრულიად თემი მას დიდი სამზადისით ხვდება. ოჯახებში იხდება არაყი, ხატის დასტურები (ხატის მზარეულები) ლუდს ხარშავენ, დიასახლისები კი საახალწლო კვერებს აცხობენ. ყველაზე დიდია სამეკვლეო კვერი. მასზე გამოსახულია ჯვარი, კაცი, გუთანი, ხარი და ძროხა, ცხენი და ქერის თავთავი.

ძველად კახეთ-ჰერეთში ახალ წელს ჩამიჩიან პურებს აცხობდნენ ისე, რომ ოჯახის ყოველს წევრს თითო რგებოდა. ახალი წლის ღამეს კი ყველა თავის ჩამიჩიან პურს მიირთმევდა. ალიონზე ოჯახის უფროსი გარეთ გადიოდა და სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შინ შებრუნებული კი ოჯახის წევრებს ახალ წელს მიულოცავდა და საგანგებოდ მომზადებული პურიანი ჯამიდან ყველას თითო ლუკმას აჭმევდა.

თუ კვლავ მთავარ თემას დავუბრუნდებით, უნდა ითქვას, რომ ახალი წლის ზეიმი ძველი რომის კულტურასა და ტრადიციებს უკავშირდება. რომში წლის პირველ თვეს წარმართული ღმერთის, ორსახოვანი იანუსის პატივსაცემად იანვარი დაარქვეს. იანვრის თვე ხმაურითა და აურზაურით უნდა აღნიშნულიყო და წლის ყველა თვისგან განსხვავებული უნდა ყოფილოყო. ხმაური იანვრის ზეიმების აუცილებელი ატრიბუტი გახლდათ, რადგან, რომაელთა წარმოდგენით, მოხეტიალე ბოროტი ძალები წლის დასაწყისში ცდილობდნენ, მყუდრო თავშესაფარი ეპოვათ, რათა მთელი წლის განმავლობაში იქიდან ჩაედინათ თავიანთი ბოროტი საქმეები. სახელმწიფოს ან ოჯახს, სადაც ისინი დაინავდებოდნენ, მძიმე ხვედრი ერგებოდა და იქაურებს მთელი წლის განმავლობაში ბოროტებასთან მოუხდებოდათ ბრძოლა. ხმაურითა და ორომტრიალით რომაელები სწორედ ამ ბოროტი სულების განდევნას ცდილობდნენ. ძვ.წ. 46 წელს კი იულიუს კეისარმა შემოიღო ახალი (იულიანური) კალენდარი და საბოლოოდ დაამტკიცა წლის დასაწყისად 1 იანვარი, რაც დღემდე არ შეცვლილა.

 

იანუსის დღესასწაული

ძველად რომაული ახალი წელი, მსგავსად შუამდინარეთის უძველესი კულტურებისა, გაზაფხულის ბუნიობას ემთხვეოდა, თუმცა მზის კალენდარში მრავალწლიანი ჩარევის შედეგად დღესასწაულმა საბოლოოდ ჩვენთვის უფრო ნაცნობ დღეს – 1 იანვარს გადაინაცვლა. რომაელებისთვის იანვარს განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. მისი სახელი ორსახოვანი ღვთაებისგან – იანუსისგან მომდინარეობდა, რომელიც ცვლილებებისა და დასაწყისების ღმერთი იყო. იანუსს სიმბოლურად აღიქვამდნენ ძველის გადაფასების, წარსულზე დაფიქრებისა და ახლის მოლოდინის პერსონიფიკაციას. ეს იდეა წლიდან წელში გადასვლის კონცეფციას დაუკავშირდა.

ალბათ იანუსის შესაწირავს უკავშირდება ახალი წლის საჩუქრებიც, რომლებსაც ადამიანები კეთილდღეობის მოსაპოვებლად ჩუქნიდნენ ერთმანეთს. ეს დღე, გარკვეულწილად, მომდევნო თორმეტი თვის კეთილ სურვილებს ასახავდა. წლის დასაწყისი ლეღვის, თაფლისა და სხვა ტკბილეულის ჩუქებით აღინიშნებოდა. პოეტ ოვიდიუსის ცნობით, რომაელთა უმეტესობა ახალი წლის დღეს ცოტას მაინც მუშაობდა, ვინაიდან უსაქმურობა წლის დანარჩენი ნაწილისთვის ცუდ ნიშნად ითვლებოდა.

წყარო: https://www.britannica.com/topic/Gregorian-calendar

 

ეგვიპტური ვეპეტ რენპეტი

ძველი ეგვიპტის კულტურა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ნილოსთან. ახალი წელი აქ სასოფლო-სამეურნეო ციკლის დაწყებას და მდინარის დელტის ყოველწლიურ დატბორვას ემთხვეოდა (ამ დროს მდინარეს ხეობაში ჩამოჰქონდა ნაყოფიერი ალუვიური მიწის ფენა, „ჭალის მიწა“ ან „ნილოსის სილტი/ტალახი“).

რომაელი მწერლის ცენზორინუსის (Censorinus) ცნობით, ეგვიპტური ახალი წელი იწინასწარმეტყველებოდა მაშინ, როდესაც სირიუსი, ღამის ცის ყველაზე ბრწყინვალე ვარსკვლავი, 70-დღიანი გაუჩინარების შემდეგ კვლავ გამოჩნდებოდა ცაზე. ეს, როგორც წესი, ივლისის შუა რიცხვებში ხდებოდა, ნილოსის ყოველწლიური დატბორვის წინ, რაც მომავალი წლისთვის მიწის ნაკვეთების ნაყოფიერების შენარჩუნების საფუძველი გახლდათ. ეგვიპტელები ამ მოვლენას ვეპეტ რენპეტს – „წლის გახსნას“ -უწოდებდნენ და ზეიმით ხვდებოდნენ. ახალი წელი აღდგომისა და ახალი სიცოცხლის დაბადების დროდ ითვლებოდა და უხვი სუფრებითა და სპეციალური რელიგიური რიტუალებით აღინიშნებოდა. ეგვიპტის ერთ ძველ ტაძარში (მუტის ტაძარში) ბოლო დროს აღმოჩენილმა მასალებმა აჩვენა, რომ ფარაონ ჰატშეფსუტის მმართველობის პერიოდში წლის პირველი თვე მასპინძლობდა „მეთმვრალეობის ფესტივალს“. ეს უზარმაზარი წვეულება უკავშირდებოდა ეგვიპტელთა ერთ-ერთი ქალღმერთის, დიდი რას ქალიშვილის, ომის ღვთაების, კატისთავა სეხმეთის მითს. სეხმეთს ადამიანთა მთელი მოდგმის განადგურება ჰქონდა განზრახული. შეშფოთებულმა რამ, მზის ღმერთმა, მას ლუდის ტბა სისხლისფრად შეუღება. სისხლისმსმელმა ღვთაებამ ლუდის სმისგან გონება დაკარგა და ადამიანთა მოდგმის განადგურება ვეღარ მოახერხა. კაცობრიობის გადარჩენის პატივსაცემად ეგვიპტელები ახალ წელს, მუსიკით, ცეკვით და, რაც მთავარია, ლუდის უხვი სმით ზეიმობდნენ.

 

მთვარის ახალი წელი (ე.წ. ჩინური ახალი წელი)

კაცობრიობის ერთ-ერთი უძველესი ტრადიცია მთვარის ახალი წელია (ასევე ცნობილი როგორც ჩინური ახალი წელი), რომელიც, სავარაუდოდ, 3 000 წელზე მეტი ხნის წინ, შანის დინასტიის დროს დაწესდა.

ჩინური ახალი წლის თარიღი განისაზღვრება ტრადიციული ჩინური კალენდრის მიხედვით, რომელიც მზისა და მთვარის კალენდრის ნაზავია და რამდენიმე სხვა ციკლსაც აერთიანებს. დღესასწაული დგება ზამთრის ბუნიობის შემდეგ (21 დეკემბერი), მეორე ახალი მთვარის გამოჩენისას. ყოველი ახალი წელი ჩინეთში გრიგორიანული კალენდრის სხვადასხვა თარიღზე მოდის და, ჩვეულებრივ, 21 იანვარსა და 20 თებერვალს შორის მერყეობს.

ეს დღესასწაული გაზაფხულის სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დაწყების სეზონის აღსანიშნავად იმართებოდა, თუმცა მოგვიანებით ის მითებითა და ლეგენდებით დაიხუნძლა. ყველაზე გავრცელებული მითის მიხედვით, ყოველ გაზაფხულზე სოფლებს თავს ესხმოდა სისხლისმსმელი არსება, სახელად ნიანი (Nian, 年兽) – დღეს ეს სიტყვა ჩინურში „წელს“ აღნიშნავს. ნიანი საშიში და გაუმაძღარი რქიანი ურჩხული იყო, რომელიც ზღვის სიღრმეში ან მთებში ცხოვრობდა. ყოველი ახალი წლის საღამოს ის გამოდიოდა თავისი ბუნაგიდან, სოფლებში თარეშობდა და საქონელს, მოსავალს და ადამიანებსაც კი ჭამდა.

გლეხებმა გაიგეს, რომ ნიანს სამი რამისა ეშინოდა: წითელი ფერის, ხმაურისა და ცეცხლის. ნიანის დასაშინებლად იმ დროიდან იყენებენ წითელ ფერს და ცეცხლს, მისი გამოღვიძების დღეს კი ხმაურით აღნიშნავენ. ყველაფერი ეს საბოლოოდ დღესასწაულის განუყოფელ ატრიბუტებად ჩამოყალიბდა. X საუკუნეში დენთის გამოგონების შემდეგ კი ჩინელები პირველები იყვნენ, ვინც ახალი წელს ნიანის დასაშინებელი ფეიერვერკებით შეხვდნენ.

ყოველი წელი ზოდიაქოს 12 ცხოველიდან ერთ-ერთს უკავშირდება: ვირთხას, ხარს, ვეფხვს, კურდღელს, დრაკონს, გველს, ცხენს, თხას, მაიმუნს, მამალს, ძაღლსა და ღორს.

 

ნოვრუზი

ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში დიდი საახალწლო დღესასწაულია ნოვრუზი (Novruz (სპარს. نوروز), „ახალი დღე“ – აღინიშნება ირანსა და ახლო აღმოსავლეთისა და აზიის სხვა ნაწილებში – ავღანეთში, აზერბაიჯანში, ირანში, ყირგიზეთში, ყაზახეთში, პაკისტანში, ინდოეთში, ტაჯიკეთში, თურქეთში, თურქმენეთში, უზბეკეთში.

ნოვრუზის ფესვები უძველეს დროში იკარგება. ამ დღესასწაულს ხშირად „სპარსულ ახალ წელს“ უწოდებენ და ეს 13-დღიანი დღესასწაული მარტში, გაზაფხულის ბუნიობასთან ერთად იწყება; მიჩნეულია, რომ ეს დღესასწაული ზოროასტრიზმის გადმონაშთია და უძველეს დროში წარმოიშვა. ნოვრუზის შესახებ უძველესი ჩანაწერები II საუკუნიდან არსებობს, თუმცა ისტორიკოსების უმეტესობას მიაჩნია, რომ მისი აღნიშვნა ძვ.წ. VI საუკუნემდე, აქამენიდთა იმპერიის მმართველობის ხანაში დაიწყო. ბევრი სხვა ძველი სპარსული დღესასწაულისგან განსხვავებით, ნოვრუზი „დიდ“ დღესასწაულად დარჩა მას შემდეგაც, რაც აზიაში ისლამი გავრცელდა. ნოვრუზის საახალწლო მისალმება სპარსულად დაახლოებით ასე ჟღერს: „სალ-ნო-მობარაქ!“

ნოვრუზის უძველესი წეს-ჩვეულებები გარკვეულწილად უკავშირდება ბუნების გამოღვიძებას (გაზაფხულს), მისი სიკვდილისა და ხელახალი დაბადების ყოველწლიურ ციკლს. ნოვრუზის ტრადიციები მოიცავს მდიდარ სუფრას, საჩუქრების გაცვლას ოჯახის წევრებსა და მეზობლებთან, კოცონების დანთებას, კვერცხების შეღებვას და წყლით გაწუწვას, რაც სიმბოლურად სამყაროს დაბადებას განასახიერებს. დღეს ნოვრუზი ერთ-ერთი გლობალური დღესასწაულია, რომელსაც ყოველწლიურად დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი აღნიშნავს.



 წყარო https://mastsavlebeli.ge/?p=46418