დემოკრატიული საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ყოველთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო წიგნიერი, განათლებული მოქალაქეები. გასულ საუკუნემდე, ცოდნის შეძენის ძირითად წყაროს მატერიალური ბიბლიოთეკების არსებობა წარმოადგენდა. ჩვენს ეპოქაში წიგნიერების ჩვეულებრივ განმარტებას დაემატა ციფრული მოქალაქეობა და მედიაწიგნიერება. მნიშვნელოვანია, სოციალური სივრცეში ნავიგაციის წესების ცოდნა და მისი ეთიკის დაცვა, მიწოდებული ინფორმაციის გააზრება, შეფასება და გამოყენება. ადამიანი თავისუფლად უნდა ფლობდეს იმ მიდგომებსა და ციფრული ინფორმაციის გააზრების შესაძლებლობებს, რომლებსაც მედიაწიგნიერება გულისხმობს.
მედიაწიგნიერება არის უნარი, რომლის ფლობა ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი რეალურად უნდა აფასებდეს და აანალიზებდეს მოძიებული ინფორმაციის შინაარსს. ამ მიმართულებით განათლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფორმირებული და კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის.
მედიაწიგნიერება მოიცავს ინტელექტუალურ ჩართულობას მედიასთან და ტექნოლოგიებთან, რაც თავის თავში გულისხმობს არა მარტო როგორც მომხმარებლის, არამედ მისი შემქმნელების როლსაც. განათლების სფეროში ის განისაზღვრება, როგორც მასმედიის ინფორმირებული და კრიტიკული გააზრების განვითარების საშუალება. მედიაწიგნიერების მიზანია, მოზარდებმა შეძლონ ფიქრი იმაზე, თუ როგორ ფუნქციონირებს მედია, როგორ გადმოსცემს ინფორმაციას, რა დოზით და ფორმით ახდენს რეალობის კონსტრუქციას. გარდა ამისა, მედიაწიგნიერება მიზნად ისახავს მოსწავლის აღჭურვას იმ უნარ-ჩვევებით, რომლებიც საჭიროა საკუთარი მედიაპროდუქტების შესაქმნელად.
მედიაწიგნიერ ადამიანს კარგად აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნების უნარი, შეუძლია შეაფასოს სისტემის სანდოობა და მიუკერძოებლობა. შესაბამისი დასკვნების გამოსატანად ის თავისუფლად იყენებს სხვადასხვა საძიებო ინსტრუმენტსა და წყაროს. შეუძლია, შექმნას საკუთარი პროდუქტი, რაც მას ხდის საზოგადოების აქტიურ წევრად. ასეთი ადამიანი არის საინფორმაციო „აურზაურით“ გარშემორტყმულ სამყაროში ორიენტირების უნარის მქონე აქტიური მოქალაქე.
მედიაწიგნიერება განათლების სისტემაში გულისხმობს მოზარდის ისეთი უნარებით აღჭურვას, რომ მან შეძლოს ზღვა ინფორმაციაში ნავიგაცია. შესაბამისი კომპეტენციის ფლობა ასწავლის მოზარდს, კრიტიკულად შეაფასოს მედიაშინაარსი, განასხვაოს ფიქციისგან, გააანალიზოს მედიაშეტყობინების მიზნები და გააცნობიეროს მედიის გავლენა საზოგადოებაზე, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე საზოგადოებაში, სადაც ხელმისაწვდომია უპრეცედენტო მასშტაბით გადაუმოწმებელი ინფორმაცია.
რას ნიშნავს იყო მედიაწიგნიერი? მედიაწიგნიერ ადამიანს –
■ აქვს უნარი, შეაფასოს მიღებული ინფორმაციისა და შესაბამისი წყაროს სანდოობა;
■ შეუძლია ამოიცნოს მეტაფორა და სიმბოლოები გასართობ, სარეკლამო და პოლიტიკურ მედიაგზავნილებში;
■ აქვს ემოციისა და ლოგიკის მიმართების გარჩევის უნარი, ამოიცნობს ფარულ და აშკარა მიმართვებს;
■ მგრძნობიარეა ვერბალური და ვიზუალური არგუმენტების მიმართ;
■ ახერხებს გამოიყენოს კრიტიკული ხედვა სხვადასხვა წყაროდან მოპოვებული ინფორმაციის ჭეშმარიტების შესაფასებლად.
უახლესი ტექნოლოგიების, სამეცნიერო მიღწევებისა და პრობლემების გადაჭრის შესახებ ვრცელდება უამრავი ახალი ინფორმაცია სტატიებისა თუ ვიდეოს საშუალებით. განუსაზღვრელად მოზღვავებული ინფორმაციის პირობებში, აუდიტორიას ექმნება პრობლემა, ენდოს თუ არა სხვადასხვა სამეცნიერო ინფორმაციას, რომლებსაც აწყდება მედიაში და რამდენად გამოიყენოს იგი გადაწყვეტილების მიღებისას.
სწორედ აქ შემოდის სამეცნიერო მედიაწიგნიერება. ეს არის მედიაწიგნიერების ფორმა, რომელიც სპეციფიკურია და ფოკუსირებულია იმაზე, თუ როგორ ხდება სამეცნიერო კვლევის განთავსება მედიის საშუალებით და რამდენად ახერხებს მათთან დაკავშირებული აუდიტორიის ინტერპრეტირებასა და ინტეგრირებას. სასარგებლო, საინტერესო, თუმცა რთულ და სახიფათო ინფორმაციულ გარემოში ორიენტაციისთვის გადამწყვეტია კრიტიკული აზროვნება.
სამეცნიერო მედიაწიგნიერება მედიაწიგნიერების სპეციფიკური ფორმაა. სამეცნიერო მედიაწიგნიერების მიზანია, ახალგაზრდებმა გაიაზრონ და კრიტიკულად შეაფასონ მედიაანგარიშები სამეცნიერო საკითხების შესახებ. მოზარდებს უვითარდებათ საჭირო უნარ-ჩვევები, რათა განასხვაონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია, ფსევდომეცნიერება, დეზინფორმაცია და გასართობი შინაარსის ინფორმაცია.
სამეცნიერო მედიაწიგნიერება გულისხმობს ადამიანის იმ უნარებით აღჭურვას, რომლებიც დაეხმარება მას, განსაზღვროს, კრიტიკულად შეაფასოს და გამიჯნოს სანდო სამეცნიერო ინფორმაცია „მეცნიერულად დასაბუთებული“ ცრუ ინფორმაციისა და სიყალბისაგან; მოახდინოს სამეცნიერო კვლევების შედეგების ინტერპრეტაცია, სხვადასხვა სამეცნიერო წყაროს შედარება და გამოიტანოს საკუთარი დასკვნები. სამეცნიერო მედიაწიგნიერება მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მისაწოდებლად და შესაბამისი გადაწყვეტილებების მისაღებად.
განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება ინფორმაციას ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებისა და მეცნიერების შესახებ, სასიცოცხლოდ აუცილებელია სამეცნიერო მედიაწიგნიერების პრინციპების გამოყენება ინფორმაციის წყაროსა და შინაარსის გადასამოწმებლად. გამოვყოთ რამდენიმე მნიშვნელოვანი უნარი, რომლის გამოყენება დაეხმარება ინდივიდს სამეცნიერო ინფორმაციისა და დეზინფორმაციის გარკვევაში.
■ ახალი სამეცნიერო ინფორმაციის გაცნობამდე, შესაძლებლობის ფარგლებში შეამოწმეთ მრავალი წყარო, კვლევითი სტატიის ჩათვლით, რომელსაც იგი ეფუძნება. გასათვალისწინებელია, თუ როგორ წარმოადგენენ სხვები ამავე თემას და რა სიყალბე შეიძლება იყოს მიკერძოებული განხილვის ინტერპრეტაციისას.
■ კრიტიკულად გაიაზრეთ თემის შესახებ მოპოვებული ინფორმაციის შინაარსი. შეიძლება გამოვყოთ რამდენიმე ადაპტირებული გზა მეცნიერების სპეციფიკური მედიამესიჯებისთვის:
- ყველა მედიამესიჯი, რომელიც შეიცავს მეცნიერულ ინფორმაციას, შექმნილია ადამიანების მიერ და იყენებს კონტექსტის სპეციფიკურ ტექნიკას;
- მედიამესიჯები, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო ინფორმაციას, წარმოებულია კონკრეტული მიზნებისთვის;
- ყველა სამეცნიერო მედიამესიჯი, შეიცავს ჩაშენებულ მნიშვნელობებსა და თვალსაზრისს;
- ადამიანები საკუთარ შეხედულებებს ქმნიან მედიამესიჯებიდან, რომლებიც შეიცავს სამეცნიერო ინფორმაციას მათი უნარებისა და გამოცდილების საფუძველზე;
- მეცნიერების შესახებ მედიამესიჯებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ რწმენაზე, დამოკიდებულებებზე, ღირებულებებზე, ქცევებსა და საზოგადოებაზე.
■ გაითვალისწინეთ თქვენი ემოციები, ზოგიერთმა ინფორმაციამ შეიძლება გამოიწვიოს ბრაზის ან შიშის განცდა. შესაძლებელია, მედიამ ინფორმაცია გაავრცელოს დამახინჯებულად, თავდაპირველი ვერსიისგან განსხვავებული ფორმით. გაუფრთხილდით ემოციებს, მიეცით საშუალება გონებას, სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ დროს მნიშვნელოვანია საკუთარი ინტუიცია და ლოგიკური აზროვნების უნარი.
■ ჰკითხეთ აზრი ექსპერტს, თუ ეს შესაძლებელია – მეცნიერს, ექიმს, პროფესორს. დაამყარეთ ახალი კავშირები საჭირო და სანდო ადამიანებთან.
ძირითადი ცნებები ინფორმაციული წიგნიერების უნარების გაუმჯობესებაში, მოიცავს მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების მრავალ კონცეფციას, მათ შორის:
- კითხვების დასმა და პრობლემების განსაზღვრა;
- მონაცემთა ანალიზი და ინტერპრეტაცია;
- ახსნა–განმარტებების დასაბუთება;
- მტკიცებულების არგუმენტირებულად დასაბუთება;
- ინფორმაციის მოპოვება, შეფასება და კომუნიკაცია.
სამეცნიერო მედიაწიგნიერება აერთიანებს სამეცნიერო წიგნიერებას და მედიაწიგნიერებას. მედია არის სამეცნიერო ინფორმაციის წამყვანი წყარო საზოგადოებისთვის, მათ შორის მოზარდებისთვის, რომლებიც ხშირად ეცნობიან სიახლეებს სხვადასხვა სოციალური მედიის პლატფორმებისა თუ სხვა ციფრული კომუნიკაციის მეშვეობით. სასკოლო სახელმძღვანელოებში გადმოცემული თემატიკა ხშირად განსხვავდება მასმედიაში წარმოდგენილი ინფორმაციისგან.
სამეცნიერო მედიაწიგნიერების სწავლება გულისხმობს მრავალფეროვანი მეთოდების გამოყენებას. მოსწავლეებს ასწავლიან სამეცნიერო სტატიების კრიტიკულად შეფასებას, ინფორმაციის წყაროების, ფაქტებისა და მოსაზრებების გარჩევას. რაც შეეხება პრაქტიკულ დავალებებს, ეფექტურია სამეცნიერო სტატიების ანალიზი, დებატები და საკუთარი კვლევითი პროექტების შექმნა. ასევე, მნიშვნელოვანია სამეცნიერო მეთოდისა და პროცესის გააზრება. ინტერაქციული სასწავლო გარემო, სადაც მოსწავლეები თანამშრომლობენ და განიხილავენ სხვადასხვა მოსაზრებას.
მედიაწიგნიერების სწავლება მოითხოვს მასწავლებლების მუდმივ გადამზადებას და ახალი მეთოდების დანერგვას. თუმცა, მედიაწიგნიერების პერსპექტივები ძალიან პოზიტიურია. სამომავლოდ, მედიაწიგნიერების სწავლება გახდება განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი, რადგან ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დემოკრატიული საზოგადოებისთვის.
მედიაში გავრცელებული სამეცნიერო ინფორმაცია უმეტესად გამოიყენება, როგორც სასწავლო მასალის მნიშვნელოვანი წყარო. მოზარდები ხშირ შემთხვევაში პირდაპირ იგებენ ინფორმაციას იმ ფორმით, როგორც წარმოდგენილია საჯარო სივრცეში. სოციალური მედიის პლატფორმები ხშირად აზიარებენ დაუსაბუთებელ არაარგუმენტირებულ მოსაზრებებს, რამაც შეიძლება მკითხველი მიიყვანოს არასწორი არჩევანის გაკეთებამდე.
სამეცნიერო სტატიები და სიახლეები შეიძლება შეიცავდეს სამეცნიერო ან ტექნიკურ ტერმინებს, მაგრამ ძირითადად დაწერილია ფართო აუდიტორიისთვის. ის შეიძლება გამოყენებულ იქნას სასკოლო სივრცეში, დისკუსიისა და დებატების წახალისებით.
სამეცნიერო მედიაწიგნიერება შეიძლება იყოს ინტეგრირებული კურიკულუმებში სწავლების სამივე საფეხურზე. მასწავლებლებს შეუძლიათ სწავლებმა დაიწყონ თემებით, რომლებსაც მოსწავლეები უკვე იცნობენ და მოარგონ გაკვეთილებს კლასში მოსწავლეთა შესაძლებლობების გათვალისწინებით.
შესაბამისი ცოდნის გარეშე, მოზარდებს გაუჭირდებათ მედიაკონტენტის კრიტიკული გააზრება. მათ შესაძლოა, გადაჭარბებულად შეაფასონ გაცნობილი სამეცნიერო მასალის სიზუსტე და მიიღონ ის წყაროს ან კვლევის სანდოობის მიუხედავად. უფრო მეტიც, შეიძლება შეცდომაში შევიდნენ ისეთი ტერმინებით, როგორებიცაა „მტკიცებულებებზე დაფუძნებული“ ან „მეცნიერულად დადასტურებული“, მათი წაკითხულის ღრმა კონცეპტუალური გააზრების გარეშე.
სამეცნიერო მედიაწიგნიერება მხარს უჭერს მოზარდზე ორიენტირებულ მიდგომას შემდეგი მოქმედებებით:
- კრიტიკული აზროვნების უნარების ხელშეწყობა, რაც საშუალებას იძლევა პოტენციურად მიკერძოებული ინფორმაციის მრავალი პერსპექტივიდან შესაფასებლად. ასევე, აძლიერებს მოსწავლეთა არგუმენტირებისა და დისკუსიის უნარს.
- მოსწავლეთა მომზადება, რათა გახდნენ ინფორმაციის გააზრებული მომხმარებლები. მოზარდებს საშუალება ექნებათ გაიგონ და კრიტიკულად უპასუხონ მედიაში გავრცელებულ სამეცნიერო საკითხებს.
- მეცნიერების მედიის ცნობების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ეხმარება მოსწავლეებს კრიტიკული აზროვნების უნარების გამომუშავებაში.
ზუსტ მეცნიერებათა მასწავლებლებს შეუძლიათ მედიით მოპოვებული მასალა გამოიყენონ დამატებით რესურსად, როგორც კონკრეტული საგნის შესწავლის არაფორმალური გზა. მედიის გამოყენება, იქნება ეს სტატიები, სიმულაციები თუ სხვა, უზრუნველყოფს ახალგაზრდებისთვის სწავლების ახალი სტილით გამოცდილებას.
მედიამეცნიერება, როგორც სასწავლო რესურსი, ხელს უწყობს ღია, კრიტიკულ აზროვნებას და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებას. სამეცნიერო მედიაწიგნიერება ამრავალფეროვნებს სასწავლო კურიკულუმებს. მოზარდები სწავლობენ, როგორ დააფასონ მულტიმედიური კულტურა და გახდნენ მედიის აქტიური მომხმარებლები.
სკოლების ხელმძღვანელებმა და მასწავლებლებმა, მხარი უნდა დაუჭირონ სამეცნიერო მედიაწიგნიერებას, როგორც საგანმანათლებლო მნიშვნელოვან ბერკეტს. სამეცნიერო მედიაწიგნიერება ეხმარება მოზარდს სასწავლო პროცესის მიღმა განათლების მიღებაში. ის აძლევს მოსწავლეს სანდოობის იდენტიფიცირების შესაძლებლობას, გაიგოს და შეაფასოს შინაარსი, რომელიც ხელმისაწვდომია მედიასივრცეში.
საერთაშორისო კვლევების თანახმად მოსწავლეთა უმრავლესობას უფრო მეტად აინტერესებთ თემატიკის შესაბამისობა, ვიდრე სანდოობა. ისინი იშვიათად აკვირდებიან წყაროს მახასიათებლებს სანდოობის შესაფასებლად. ახალგაზრდის მსჯელობა მედიაში მოპოვებული ამა თუ იმ საკითხის შესახებ, ხშირად ბუნდოვანია, ზედაპირული და არ არის არგუმენტირებულად დასაბუთებული.
მოზარდების მხრიდან ონლაინინფორმაციის ხარისხის შესამოწმებლად, საჭიროა მათთან საუბრები კრიტიკული შეფასების მრავალ განზომილებაზე. ინფორმაციის საერთო ხარისხის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობისთვის, მნიშვნელოვანია შემდეგი მკაფიო განმარტებები და განხილვები: შესაბამისობა, სიზუსტე, პერსპექტივა, სანდოობა.
შესაბამისობისა და სიზუსტის შეფასება გულისხმობს თავად შინაარსის ხარისხის გათვალისწინებას იმის თაობაზე, თუ რა არის მნიშვნელოვანი მათი მიზნისთვის და არის თუ არა ავტორის მოსაზრებები ფაქტობრივი მსჯელობით დაფუძნებული მტკიცებულებებზე. შესაბამისობისა და სიზუსტის შესამოწმებლად, სთხოვეთ მოსწავლეებს, განიხილონ შინაარსის ხარისხი. პერსპექტივისა და სანდოობის დაზუსტება გულისხმობს ავტორის საქმიანობის დეტალების შემოწმებას.
სასწავლო კურიკულუმში მედიარესურსების ჩაშენება შეიძლება იყოს შესანიშნავი პლაცდარმი მოზარდისთვის მრავალი პერსპექტივისა და შინაარსის შესახებ აზროვნების ახალი გზების გასაკაფად.
მასწავლებელმა უნდა გამოიყენოს ისეთი მეთოდები და სტრატეგიები, რომლებიც დაეხმარება მოსწავლეს, დამოუკიდებლად მოიძიოს საჭირო მასალა ინტერნეტში, შეამოწმოს წყაროს სანდოობა, ინფორმაცია შედარების გზით გადაამოწმოს სხვადასხვა ვებგვერდებზე. მოზარდს უნდა გააცნოს ის ძირითადი აქცენტები, რომლებზეც აუცილებელია ყურადღების გამახვილება:
- რა შეიძლება იყოს ამ ინფორმაციის მიზანი? ვის სარგებელს ემსახურება ის?
- შეესაბამება თუ არა ეს ვებგვერდი ვიზიტორის საჭიროებებსა და მიზანს? რა არის ამ ვებგვერდის მიზანი?
- როდის განახლდა ინფორმაცია ამ ვებგვერდზე?
- სად შეიძლება გადამოწმდეს ინფორმაციის სიზუსტე?
- წარმოადგენს თუ არა ვებგვერდი საკითხის მხოლოდ ერთ მხარეს, თუ მოცემულია მრავალმხრივი პერსპექტივა?
- რა მტკიცებულებები აქვს წარმოდგენილი ავტორს და როგორ ასაბუთებს თავის დასკვნებს. არის თუ არა ეს საიმედო და სანდო;
- ყურადღება უნდა მიქციეს, როგორ ენას იყენებს ავტორი – უფრო ემოციურს, თუ ობიექტურს;
- მნიშვნელოვანია სხვების მოსაზრება, რას ამბობენ ამ საკითხზე მეცნიერები და ექსპერტები.
მოზარდებში სამეცნიერო მედიაწიგნიერების ამაღლების მიზნით მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს სხვადასხვა ონლაინრესურსი, მაგალითად, სამეცნიერო სტატიები, ვიდეომასალა, ინტერაქციული სიმულაციები, რეპუტაციული სამეცნიერო ჟურნალები და უნივერსიტეტების ვებგვერდები; დაგეგმოს სხვადასხვა საინტერესო აქტივობა.
გთავაზობთ რამდენიმე იდეას:
- მოსწავლეებმა უნდა მოიპოვონ ინფორმაცია ერთსა და იმავე საკითხზე სხვა წყაროების საშუალებით. შემდეგ განიხილონ, რომელი წყაროა უფრო სანდო და რატომ;
- მოსწავლეებს შეუძლიათ, გამოიყენონ სოციალური მედია ერთმანეთისთვის საინტერესო სამეცნიერო სტატიებისა და ვიდეოების გასაზიარებლად;
- მასწავლებელმა უნდა წარმოადგინოს სხვადასხვა სტატია, ვიდეო ან სოციალური მედიის პოსტები და სთხოვოს მოსწავლეებს, განსაზღვრონ, რომელია ფეიკნიუსი და რატომ;
- გაკვეთილზე საინტერესო იქნება სტრატეგია – ხმამაღლა ფიქრი, ონლაინ წაკითხულის გააზრების შესახებ. ამ მეთოდის გამოყენებისას შერჩეული უნდა იქნეს საგაკვეთილო მასალასთან დაკავშირებული მედიაგზავნილები;
- მოსწავლეებს შეუძლიათ ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და წარმოადგინონ საკუთარი სამეცნიერო ანგარიში, რასაც შემდგომ შეადარებენ მედიის საშუალებით მოპოვებულ ინფორმაციას;
- მოსწავლეებმა ჯგუფებში იმსჯელონ და გამართონ დებატები საკამათო სამეცნიერო თემებზე;
- მოსწავლეებმა მოიძიონ არაზუსტი ან შეცდომაში შემყვანი მედიაგზავნილები და განიხილონ მიკერძოებული მიდგომის პრობლემური ბუნება ან მიზეზი, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს მცდარი წარმოდგენების გამოსასწორებლად.
საინტერესო იქნება პროექტებზე მუშაობაც, მაგალითად, მოსწავლეებმა:
- შექმნან საკუთარი ბლოგი, სადაც დაწერენ სტატიებს საინტერესო სამეცნიერო თემებზე.
- ჩაწერონ პოდკასტი, სადაც ინტერვიუს აიღებენ მეცნიერებისგან და იმსჯელებენ აქტუალურ სამეცნიერო საკითხებზე.
- შექმნან მოკლე ფილმი, სადაც აჩვენებენ სამეცნიერო პროცესების შესახებ არსებულ ან მოპოვებულ მასალას.
მასწავლებელმა მსგავსი სამუშაოს დაგეგმვისას, განსახორციელებელი საქმიანობისა და სასწავლო მიზნების შესაბამისად, უნდა გაითვალისწინოს აქტივობებში მონაწილე მოსწავლეების ასაკი, მოთხოვნილებები და მისწრაფებები.
სტატიაში ჩამოთვლილი აქტივობები წარმოადგენს მხოლოდ მცირე ნაწილს სამეცნიერო მედიაწიგნიერების განვითარებისთვის. პედაგოგს შეუძლია დანერგოს სხვადასხვა მეთოდი და სტრატეგია, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა სამეცნიერო მედიაწიგნიერების უნარების ამაღლებას.
სამეცნიერო მედიაწიგნიერების დანერგვა საგანმანათლებლო სივრცეში არის ინვესტიცია ახალგაზრდისთვის სრულფასოვანი განათლების მისაღებად. ის მოამზადებს მოზარდს სამყაროს გამოწვევებზე საპასუხოდ და უზრუნველყოფს მომავალი თაობის პოტენციალის მაქსიმალურად განვითარებასა და გამოყენებას.
გამოყენებული ლიტერატურა:
https://www.sciencedirect.com/topics/computer-science/media-literacy
https://namle.org/resources/core-principles/
https://www.courageousri.com/post/science-media-literacy
https://www.edutopia.org/article/how-develop-students-science-media-literacy/
https://www.nsta.org/science-teacher/science-teacher-january-2020/scientific-media-literacy
https://www.edutopia.org/blog/evaluating-quality-of-online-info-julie-coiro
https://mastsavlebeli.ge/