Monday, January 20, 2025

თოლია-თეოს ყვითელი იები, მეგობარი მზე და მეგობარი ფიფქები, ანუ როგორ იშვა სიყვარული დედამიწაზე

 (სა-შობა-ო ზღაპარი)

 ბავშვებს ყოველთვის აინტერესებთ მისტიკური ამბები, უამრავი კითხვა უჩნდებათ. ხშირად უფროსებისთვის რთულია ბავშვებისთვის გასაგებ ენაზე გადმოსცენ ისეთი იდუმალი და მნიშვნელოვანი ამბები, როგორიც, მაგალითად, იესო ქრისტეს შობა და მისი ცხოვრებაა. აი, მთელი ქვეყანა ზეიმობს შობას, ფანჯრებში სანთლებს ვანთებთ, ირგვლივ „ალილოს“ სულშიჩამწვდომი ხმები ისმის, გაისმის ფრაზები: „ქრისტე იშვა!“, „იესო დაბადებულა!“ ჩვენი პატარები მოდიან ანთებული თვალებით და კითხულობენ: „ვინ არის იესო?“, „როდის დაიბადა?“, „რა გააკეთა იესომ?“ რთულია ამ გულწრფელ და ერთი შეხედვით მარტივ კითხვებს პასუხი გასცე – ასევე მარტივად და გასაგებად. რთულია, გვერდი აუარო რელიგიურ დოგმატებს. არადა, როგორ გვჭირდება და როგორ სჭირდებათ ჩვენს ბავშვებს ამ საოცარი ამბის საოცრება ირწმუნონ, რომ მართლაც გაიგონ ქრისტეს შობის არსი, მართლაც ჩაწვდნენ „ალილოს“ საიდუმლოს.

სწორედ მათ კითხვებზე პასუხების ძიებამ დამაწერინა ეს პატარა ამბავი, რომელსაც ვუზიარებ მასწავლებლებს, მშობლებს – შობა მოდის და იქნებ გამოგადგეთ თქვენს მოსწავლეებთან, შვილებთან იმის სათქმელად, რომ ქრისტე -სიყვარულია. და დღეს როგორც არასდროს, ისე გვჭირდება ეს სიყვარულის, სიკეთის, იესოს ენერგეტიკა. დაე, მზის სხივებმა გაფანტოს ყოველგვარი ბნელი და ბოროტი, დაე ჩვენს გულებშიც იშვას იესო…

 

###

როგორც ყველა ზღაპარი ესეც „იყო და არა იყო რა“-თი მინდა დავიწყო, თუმცა გარწმუნებთ, რომ ნამდვილად არსებობს, ცხოვრობს ერთი დიდ თვალება გოგო, რომელსაც არც მეტი და არც ნაკლები – თოლია ჰქვია! (ამ შემთხვევაში მხოლოდ „იყო“ ან „არის“ გამოგვადგება, რადგან „არა იყო რა“ არყოფნას აღნიშნავს, გოგონა კი ნამდვილად არსებობს და ეს ამბავი ნამდვილად გადახდა თავს. როგორ დაგარწმუნოთ რომ ნამდვილად არსებობს? როგორ და აი, ამ წუთასაც გვერდზე მიდგას და გულიანად იცინის, უხარია რომ მასზე ვწერ).

როდესაც თოლიაზე ვწერ, სულ მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ თოლია და მზე მეგობრები არიან, ერთმანეთი ძალიან უყვართ და ამას გოგონა სრულიად სერიოზულობით გეტყვით. იმასაც კი მოგიყვებათ, როგორ და სად გაიცნო მზე და როგორ დამეგობრდნენ, როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.

თოლიას ჩვენ თეოს ვეძახით მოფერებით და მასაც ძალზე მოსწონს ეს სახელი, განსაკუთრებით თუ ასე მივმართავთ: თოლია-თეოვო…

იმის გამო რომ თოლიას ღიმილი და სიხარული ამქვეყნად შეუფასებელია, ამ ზღაპარში ასე მოვიხსენიებ მეც.

მართლაც, რომ დამერწმუნეთ, არავის გექნებათ ნანახი თოლია-თეოს სიცილზე უფრო უკეთესი რამ. რომ იცინის პირიდან სულ იები სცვივა, თანაც ყვითელი იები. როდესაც გავიკვირვე, სად გაგონილა ყვითელი იები-მეთქი, თოლია-თეომ ასე ამიხსნა:

– რა გასაკვირია, მე ხომ მზის მეგობარი ვარ და ამიტომაა მზისფერი ჩემი იებიო.

თეოს სახლი ზამთარ-ზაფხულ, შემოდგომა-გაზაფხულ, სულ იებითაა მოფენილი. აღარ ვიცით, სად წავიღოთ მისი სიცილის დროს კონა-კონა გადმოვარდნილი იები. არადა, თოლია-თეოს როგორ უყვარს სიცილი! სულ იცინის და იცინის, მზისფერი იებიც სულ ცვივა და ცვივა! თან ისეთი დამატკბობელ-დამათრობელი სურნელი აქვს თეოს სიცილის იებს, ასეთი სურნელიც მერწმუნეთ, არასდროს და არსად გიგრძნიათ. გოგონას სახლის იატაკი, კედლები, ჭერი სულ ყვითელი იებით აქვს მოფენილ-შემკული. თქვენ წარმოიდგინეთ, ახალ წელსაც კი მის სახლში ყვითელი იების უზარმაზარი ნაძვის ხე იდგმება. უფრო სწორედ ისე უხარია ხოლმე ახალი წლის მოსვლა, იმდენს იცინის, იმდენს უვლის ჩვეულებრივ მწვანე ნაძვის ხეს, იმდენს ცეკვავს მის გარშემო, რომ ცოტა ხანში ნაძვის ხე მზისფერი იებით იმოსება და ირთვება. საბოლოოდ კი ისე ბრწყინავს, ისე კაშკაშებს ყვითელი, რომ სრულიად ზედმეტია მისთვის საახალწლო მოსართავებითა და ნათურებით მორთვა.

გასაოცარია, რომ თოლია-თეოს სიცილის ყვითელი იები არასდროს ჭკნება და ამიტომაა ამდენი და ასეთი ლამაზი, ასეთი მზისფერი და ასეთი მბრწყინავი.

თოლია-თეოს იმხელა თვალები აქვს, რომ მის ფონზე პირიც და ცხვირიც ძალზე პატარა მოუჩანს. თვალები ლურჯი აქვს, ცასავითა და ზღვასავით. როგორც თვითონ ამბობს ერთხელ თურმე იმდენ ხანს იყო მიშტერებული ცას, იმდენ ხანს ელოდებოდა მზეს (მოღრუბლული ამინდი ყოფილა), რომ ცისფერი აურეკლავთ და სამუდამოდ დაუტოვებიათ კიდეც თეოს დიდრონ თვალებს.

წესით თოლია-თეოს ზამთარი არ უნდა უყვარდეს, რადგან ზამთარში ხომ მზე ისეთი კაშკაშა და ყვითელი არ არის როგორც ზაფხულში ან წელიწადის სხვა დროს. თანაც ზამთარში მზე ისვენებს, ან ხანდახან ჩასთვლემს ხოლმე და გოგონასთვის ისე ვეღარ იცლის. მაგრამ ზამთარში თოლია-თეოს სხვა ზამთრის მეგობრები ჰყავს, ფიფქები, რომლებიც ზამთრის დადგომისთანავე, პირველ თოვლს მოჰყვებიან და ერთი სული აქვთ როდის შეხვდებიან თავიანთ პატარა დიდთვალება მეგობარს.

გოგონა გრძნობს, ზუსტად იცის, როდის უნდა ესტუმრონ თეთრი, გამჭვირვალე, ფაფუკი და ულამაზესი ზამთარს მოყოლილი პატარა არსებები, ამიტომ მთელი ღამე ვერ იძინებს მოლოდინისგან. ერთი სული აქვს მიეფეროს, მოიკითხოს, ჩაეხუტოს მონატრებულებს. როგორც კი ინათებს და თოლიას მეგობარი მზე თითის წვერებზე აიწევა, რომ ქვეყანას ცალი თვალით მაინც გადმოხედოს, თეო პერანგის ამარა დგება საწოლიდან, მივარდება ფანჯარას, თავის ყვითელი მეგობარივით ისიც აიწევა, აიწევა თითის წვერებზე, რომ ცალი თვალით მაინც შეხედოს მოფარფატე თეთრ მეგობრებს, მინას მიაჭყლეტს თავის პატარა ცხვირს და სიხარულისგან იცინის და იცინის, ყვითელი იები კი ცვივა და ცვივა. ოთახი საოცარი სურნელითა და საოცარი ხმებით, თეოს სიცილით ივსება.

ამ დროს მიყვარს სწორედ თოლია-თეოს დანახვა. გრძელი, თავის ზომაზე ორჯერ დიდ პერანგში ისეა გახვეული, შეფუთული, რომ ძლივს უჩანს სახე და ორი პატარა ჩალისფერი ნაწნავი, რომელიც ისეა აბურძგნული, ძლივს მიხვდებით, რომ ეს აბურძგნული თმა წინა დღეს კოხტად დაწნული ნაწნავები ყოფილა. ტიტველი ფეხები პერანგიდან გამოჩრილა და იატაკზე დატყაპუნობს. გარშემო კი მზისფერი იებითაა სავსე იქაურობა.

იღვიძებს თოლია-თეო და სახლიც წამსვე ფეხზეა, განსაკუთრებით მაშინ როდესაც თოვლი პირველად მოდის.

თოლია-თეო ჯერ პირს იბანს, საგულდაგულოდ იხეხავს კბილებს, თან ეცინება და პირსაბანი ნიჟარა წამში იებით ივსება. შემდეგ თმებს იწნავს, რა თქმა უნდა ორ ნაწნავს, წითელი ბაფთებით იმაგრებს და ისევ იღიმის.

თეო მხოლოდ ვარდისფერი ნამცხვრებით იკვებება, რა აღარ სცადეს მისმა მშობლებმა რა საჭმელი აღარ დაუმზადეს, რა ნუგბარი აღარ მოუტანა მასზე მზრუნველმა მამიკომ, რომ როგორმე ცოტა მაინც გაესინჯა, მაგრამ ამაოდ. თოლია თეო სადილად, საუზმედ და ვახშმად მხოლოდ პაწაწინა, აუცილებლად ვარდისფერ კრემიან ნამცხვრებს მიირთმევს. არც არის გასაკვირი იმ გოგონასგან, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვივა, ხოლო მისი საუკეთესო მეგობრები მზე და ფიფქები არიან.

თეო ჯდება მაგიდასთან, ფეხებს სკამს ურტყამს და გემრიელად შეექცევა მხოლოდ მისთვის დამზადებულ, ვარდისფერი კრემით მორთულ პატარა ნამცხვარს.

ჭამას ისე სწრაფად ამთავრებს, რომ თვითონაც უკვირს. ვეღარ იცდის, ერთი სული აქვს თავის მეგობრებს გამოელაპარაკოს. სასწრაფოდ იცვამს თბილ, შალის კაბას, მუხლებამდე წითელ ბოტებს, ჭრელ კაშნეს ისე იხვევს, რომ ცხვირი საერთოდ აღარ უჩანს, წითელ ბერეტს შუბლზე იფხატავს და გარეთ ცარიელა ლურჯი თვალები და ჩალისფერი ნაწნავებიღა გადის. კი არ გადის, გარბის, კიბეზე სწრაფად ეშვება, სამ საფეხურს ერთბაშად ახტება, შემდეგ კიბის სახელურზე მოექცევა და სრიალით ჩაუყვება კარებისკენ. სახლის შემოსასვლელსაც ყვითელი იებით ავსებს, რომლებსაც შემდეგ მეზობლები აგროვებენ და საკუთარ ოთახებს ალამაზებენ. არ არსებობს მისი ერთი მეზობელიც კი, რომ სახლში სულ პატარა ლარნაკი მაინც არ ჰქონდეს სავსე თოლია-თეოს სიცილის დროს გადმოვარდნილი მზისფერი იებით. როდესაც შუქი ქრება ან ღამეა, სიბნელეა, ეს იები ისე ანათებენ, თითქოს სახლში თვით მზე შემოიჭრაო. ასეთია მისი საჩუქარი, ვინც მზეს დაუმეგობრდა. მზე ყველას კი არ ირჩევს საკუთარ მეგობრად, ასეთები ძალზე ცოტანი არიან და ასეთია ჩვენი თოლია-თეოც.

თეოს თავის დიდი გამადიდებელი შუშა მიაქვს, ფიფქებს ასე უკეთ ეკონტაქტება, რადგანაც ფიფქის ყველა ნაწილს, ყოველ ქიმს თუ უწვრილეს ნაწილაკს კარგად ხედავს. აბა მეგობარი რის მეგობარია, თუ ის კარგად არ შეათვალიერე, მერე კომპლიმენტიც ხომ უნდა უთხრა, ვაი რა კარგად გამოიყურები დღესაო? თანაც როცა პირველად მოვა და წყალივით სჭირდება ერთგული მეგობრისგან ამ სიტყვების მოსმენა.

როგორც კი სადარბაზოს კარებს გასცდა თოლია-თეო მაშინვე შემოესმა წკრიალა ხმა, თითქოს ათასი, არა მილიონი პატარა ზანზალაკი რეკავს ერთადო:

  • თეო, თოლია-თეო მოსულა, თოლია-თეო მოსულა მზის და ფიფქების მეგობარიო.

ყოველთვის ასე ეგებებოდნენ და დღესაც ასე ეგებებიან ფიფქები საკუთარ და მზის მეგობარს თოლია-თეოს. აბა კარგად დაუკვირდით პირველი თოვლის მოსვლისას, თუ ყურადღებით დაუგდებთ ყურს, თქვენც გაიგონებთ ამ საოცარ ხმას. ოღონდ უნდა შეეცადოთ, ისე დაუგდოთ ყური, რომ ირგვლივ სხვა არაფერი, აღარ გესმოდეთ, არც მანქანების ხმა, არც ბავშვების ჟრიამული, არც მშობლების ძახილი, მხოლოდ ფიფქებს, პატარა ზანზალაკებისმაგვარ წკრიალს უნდა მიუგდოთ ყური.

და მაშინვე გაიგონებთ მონოტონურ, გაბმულ ფიფქების სიმღერას: თოლია-თეო დავინახეთ, თოლია თეო გვესტუმრა!

თოლიამ გულიანად გაუღიმა, გოგონას დანახვაზე აჟრიამულებულ ფიფქებს, ყვითელი იების კონებიც მაშინვე გადმოცვივდნენ მისი პირიდან, რომლებიც მოჭარბებული სიხარულისგან ფიფქებმა აიტაცეს.

იმ დღეს, თეთრ ფიფქებთან ერთად ყვითელი იებიც ცვიოდა, ჩემი თვალით ვნახე. თუმცა ზოგიერთი იძახდა, რომ ყვითელი ყვავილები კი არა მზის სხივებით გაოქროსფერებული ფიფქებიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ თოლია-თეო იცინოდა იმ დროს. როცა სადმე ყვითელ ფიფქებს მოკრავთ თვალს, ფიფქებში არ აგერიოთ, კარგად დააკვირდით იქნებ ხელთ თოლიას სიცილის დროს გადმოსროლილი და შემდგომ ფიფქების მიერ ატაცებული მზისფერი იები შეგრჩეთ.

თოლია თეოს გარშემო უამრავი ფიფქი შემოეხვია და ერთად გაეშურნენ დიდი ხის ქვეშ, რომელიც მრავალი წელია, თეოს ეზოში დგას. მეგობრები ხის ქვეშ სხდებიან და ფიფქები გოგონას იმ ამბებს უყვებიან, რაც თავის თვალით უნახავთ ან გადმოცემით მოუსმენიათ საკუთარი ბებია-პაპისაგან, რომლებიც აგრეთვე ჯერ წყლის წვეთები, შემდეგ კი ფიფქები იყვნენ.

თეომ კარგად უწყოდა, როგორ ჩნდებოდნენ ფიფქები, რომ ოდესღაც ოკეანეებთან, ზღვებთან, მდინარეებთან ერთად ცხოვრობდნენ, მათ უზარმაზარ სხეულებს შეადგენდნენ, ტალღებად წარმოიქმნებოდნენ, ბობოქრობდნენ, შემდეგ კვლავ ისეთ სიმშვიდეს უბრუნდებოდნენ, თითქოს არასდროს ებობოქრათ, არასდროს გაერღვიათ საზღვრები, არასდროს ჩაეყლაპათ უზარმაზარი გემები… ეს ყველაფერი კარგად იცოდა თოლია-თეომ, ისიც იცოდა, რომ მისი მეგობარი ფიფქები, ოკეანის წყლად ყოფნის დროს გოგონას მოსახელე ჩიტებსაც – თოლიებს იცნობდნენ, ფსკერზე მოცურავე ტანხატულა თევზებსაც და ოქროსფერ, მწვანე ფარფლაკუდიან, უმშვენიერეს სირინოზებსაც. მათზე უამრავი რამ მოესმინა თოლია თეოს. სირინოზების საოცარი სიმღერები – ფიფქების მიერ მოყოლილი თუ მოტანილი – ზეპირად იცოდა კიდეც. მღეროდა ხოლმე თეო უცნაურ, გაუგებარ ენაზე სიმღერებს, შეეძლო მთელი დღე ემღერა, ჩვენს შეკითხვაზე – რას მღეროდა და რა ენაზე, თეო მხოლოდ იცინოდა და აფრქვევდა თავის ყვითელ იებს.

ზღვის, ოკეანის თუ მდინარეების წვეთებს სანატრელ ფიფქად ქცევაში თეოს მეგობარი მზე ეხმარებოდათ. აიწეოდა, აიწეოდა თითის წვერებზე მზე, დააცხუნებდა, ისე დააცხუნებდა თითქოს ცეცხლი ეკიდა ყველაფერსო. თავის მცხუნვარე სხივებს ოკეანეებშიც, ზღვებშიც თუ მდინარეებშიც გასტყორცნიდა, გაგზავნიდა და შემდეგ ამ სხივებს მიჰყავდათ მზესთან ფიფქებად ქცევის სურვილით შეპყრობილი წვეთები. (თურმე ყოველი წყლის წვეთის ოცნება და მიზანი ფიფქად ქცევა ყოფილა! ასე უთხრეს ფიფქებმა გოგონას, ყოველი წვეთი ოდესმე აუცილებლად იქცევა ფიფქად). ხოლო მზესთან მოხვედრილი წვეთები, ფაფუკი ღრუბლების დახმარებით უკვე ულამაზეს, მრავალწახნაგა ფიფქებად გადაიქცევიან, ზამთრის დადგომისთანავე კი მათ დედამიწაზე აგზავნის მზე, რომ დაფიფქონ ხეები, ქუჩები, ფანჯრები, სახლის სახურავები. მათ მზისგან კიდევ ერთი დავალება აქვთ: იპოვონ მზის მეგობარი თოლია თეო და მოუყვნენ საინტერესო ამბები, ფიფქების მიერ ნანახი და მოსმენილი. ასევე გადაეცათ მზისგან მოკითხვა. ამიტომ იყო, რომ მათ თეო მთელი წელი ელოდებოდა და პირველ თოვლს ამხელა სიხარული მოჰქონდა გოგონასთვის.

მას შემდეგ რაც თოლიამ, თავის ხისტარიანი გამადიდებელი შუშით სათითაოდ დააკვირდა მის გარშემო მოფარფატე ყველა ფიფქს, ყოველი მათგანი კომპლიმენტებით აავსო და ყოველ მათგანს ქიმები, წახნაგები დაუთვალა, კიდევ ერთხელ დარწმუნდა, რომ არ არსებობდა ორი ერთნაირი ფიფქი. ამის შემდეგ გოგონამ ფიფქებს განუცხადა:

  • ძლივს ვითმენდი, ერთი სული მაქვს გაჩვენოთ, მთელი ზაფხული ვაგროვებდი… – და გამალებით დაუწყო მიწას თხრა. ფიფქებს გაუკვირდათ, ფიფქვას უმატეს, აწრიალდნენ…
  • თოლია-თეო, თოლია-თეო, რატომ თხრი მიწას? – რატომ თხრის, რატომ თხრის, იმეორებდა ექო.
  • ზაფხულში ყვავილები შევინახე თქვენთვის და მინდა, გაჩვენოთ… კისკისებდა გოგონა.

საოცარია ფიფქების სიხარული, რაღაცნაირად იბერებიან, უფრო ქათქათები და დიდები ხდებიან… ვერ იჯერებდნენ, რომ თუ ოდესმე დადგებოდა დრო, როდესაც საკუთარი თვალით იხილავდნენ ნამდვილ, ზაფხულის ყვავილებს, თეოს მიერ საგულდაგულოდ შენახულს ღრმად მიწაში.

თოლია თავისი პატარა ნიჩბით (რომელიც წინასწარ, წინა დღეს მოემზადებინა, ხომ გრძნობდა რომ აუცილებლად მოვიდოდა პირველი თოვლი) გამალებით თხრიდა შავ, სველ მიწას. უცებ ნიჩაბი რაღაცას მოხვდა და თეომაც თხრა შეწყვიტა, დაიხარა პატარა, ამოთხრილ ორმოსთან და ფრთხილად ამოიღო მინა, რომელიც საგულდაგულოდ ჩამარხულ, შენახულ ყვავილებს ზემოდან ეფარა. მინის შემდეგ კი ერთმანეთის მიყოლებით სათუთად ამოალაგა: სამი ცალი ვარდი – ერთი წითელი, ერთიც თეთრი და ერთიც ყვითელი ნარინჯისფერი წინწკლებით. სამი გვირილა თეთრფურცლიანები და ყვითელგულიანები, მზესავით მბრწყინავი და თეოს იებივით ყვითელი მზესუმზირას ყვავილი (თეოს ეს ყვავილი განსაკუთრებით უყვარდა, თავის მეგობარს აგონებდა), ჭიამაიას კაბასავით წითელი ყაყაჩო და ბოლოს ულამაზესი დუმფარას ყვავილი, რომელსაც წყლის შროშანასაც უწოდებენ, ხოლო ძალიან, ძალიან ადრე მას გედის ყვავილს ეძახდნენ.

(თქვენც შეგიძლიათ მიბაძოთ თოლია-თეოს და როდესაც ძალიან, ძალიან მოგენატრებათ ზაფხულის ყვავილები ზამთარში, დატკბეთ მათით).

თოლია-თეოს ირგვლივ უცებ პატარა წალკოტი, ყვავილების ბაღი გაჩნდა, უამრავი ყვავილით, ყვითელი იებით და მის გარშემო მოფარფატე გახარებული თოვლის ფანტელებით.

ახლა ჯერი ფიფქებზე მიდგა, ახლა ფიფქებს უნდა გაეოცებინათ პატარა, სიცივისგან ლოყებაწითლებული გოგონა, რომელსაც სიცილის დროს ყვითელი იები სცვიოდა, მზის მეგობარი იყო და ჩალისფერი ნაწნავები დაწვნიდან სულ რაღაც თხუთმეტ წუთში ეშლებოდა, თანაც ისე, რომ ძლივს მიხვდებოდით, ეს აბურდული თმა ოდესღაც ნაწნავები თუ იყო, ამიტომ მისი გაოცება არცთუ ისე ადვილი საქმე იყო (პირადი გამოცდილებიდან).

დიდი ფუსფუსის, აურზაურის შემდეგ ფიფქებმა მოთათბირება დაიწყეს, რა უნდა მოეყოლათ, რა ამბავს უნდა გაეოცებინა, რას უნდა აევსო სიყვარულით და სიკეთით პატარა თეოს დიდი გული, რომელიც უამრავ რამეს იტევდა და პირდაპირ კავშირში იყო იმ ამბავთან – მაინცდამაინც თეოს, რომ დაუმეგობრდა მზე.

ერთი ყველაზე უფრო თეთრი და ყველაზე მეტწახნაგა ფიფქი, რომელიც რაღაცით ვარსკვლავსაც წააგავდა, თოლიას მიერ ზაფხულში, ზამთრის ფიფქებისთვის შენახულ, ნარინჯისფრად დაწინწკლულ, ყვითელი ვარდის ფურცელზე ჩამოჯდა, მომხიბვლელად, თანაც მრავალმნიშვნელოვნად გაიღიმა და დაიწყო, (არ გაქვთ ნანახი ფიფქების მომხიბვლელი და მრავალმნიშვნელოვანი ღიმილი? აბა კარგად დააკვირდით) დაიწყო იმ ამბის მოყოლა, ოდესღაც დედამიწელებს (ანუ ჩვენ, ადამიანებს) სიყვარული როგორ მოევლინათ, სიყვარული როგორ იშვა, როგორ დაიბადა ადამიანად და როგორ გვიხსნა, ჩვენ – ადამიანები უსიყვარულობისგან.

თოლია-თეო ყურადღებით უსმენდა, მისი დიდი გულიც უკვე მზად იყო ადამიანად მოვლენილი სიყვარული მიეღო. უფრო საინტერესო იქნება, თუ თვითონ ამ მრვალწახნაგა, ვარსკვლავისმაგვარ ფიფქს დავუგდებთ ყურს, რომელსაც ეს ამბავი დიდი ბებიებისგან, იმ დიდ ბებიებს კიდევ თავის დიდი ბებიებისგან, მათ კიდევ საკუთარ დიდი-დიდი ბებიებისგან ჰქონია გაგონილი. ყველაფერი კი ასე დაიწყო:

 

  • ძალიან, ძალიან ადრე, საუკუნეების, უამრავი წლის, უფრო მრავალი თვის და დაუთვლელი დღის წინ თურმე ერთ პატარა ქალაქში, ერთი პატარა სათნო, კეთილი გოგონა ცხოვრობდა, რომელსაც მარიას ეძახდნენ. მარიას ულამაზესი თვალები ჰქონია, გრძელი ჭრილით და თაფლისფერი, თბილი თვალებით. ამბობდნენ მომაჯადოებელი ძალა აქვთო მარიას თვალებს, ვინც უყურებდა თურმე თვალს ვეღარ აშორებდა. მათი მაცქერლები ვეღარ გრძნობდნენ, როგორ გადიოდა დრო და თავით ეშვებოდნენ მარიას თვალების თაფლისფერ სიღრმეებში. მერე როგორც თავად ამბობდნენ, სულ სხვა სამყაროში ვიყავითო, სულ სხვა სამყარო ვიგრძენით და ვნახეთო, ძალიან მანათობელი და ოქროსფერი სამყაროვო. იმის გამო, რომ მარია კეთილი გოგონა იყო და არ არსებობდა არცერთი არსება (არა მხოლოდ ადამიანი), რომ მისთვის გოგონას ცუდი სდომებოდა, მარია ცდილობდა თვალებში არ შეეხედა ადამიანებისთვის, რადგან ფიქრობდა, რომ სამსახურს, ოჯახს მოცდებოდნენ ისინი, სამუშაოს დაკარგავდნენ და შვილები მშივრები დარჩებოდათ. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ საკუთარ შვილებს ვეღარ მოუყვებოდნენ ჯადოსნურ ზღაპრებს (იმ დროს არც ტელევიზორი არსებობდა და არც კომპიუტერი არ იყო ჯერ გამოგონებული, ამიტომ დედები, მამები შვილებს ზღაპრების მოყოლით ართობდნენ. ზღაპრების მარაგი რომ გამოელეოდათ თავად თხზავდნენ, იგონებდნენ და ასე გრძელდებოდა მანამდე, სანამ შვილები თავადვე არ გახდებოდნენ დედები ან მამები). ამიტომ პატარა მარია თვალებდახრილი დადიოდა მუდამ, სანამ ვინმე თვითონვე არ სთხოვდა, გეხვეწებით შემოგვხედეო, ძალიან გვჭირდება შენი ოქროსფერი სამყაროვო.

მარიას კიდევ ერთი პატარა საიდუმლო ჰქონდა, რომელიც მხოლოდ ბავშვებმა და ფიფქებმა იცოდნენ, დღესაც ეს ამბავი მხოლოდ ფიფქებმა ვიცით, რადგან ჩვენი დიდი-დიდი-დიდი ბებიები ყოფილან შემსწრე ამ ამბებისა, ფიფქები კი არასოდეს ტყუიან.

როდესაც პატარა მარიას გულით რამე უხაროდა და ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სიკეთეს სჩადიოდა, მაგალითად, რომელიმე პატარას (რომელსაც არც დედა ჰყავდა და არც მამა, ამიტომ ზღაპრებს არავინ არ უყვებოდა), მარია უამრავ ჯადოსნურ და სასწაულებით სავსე ზღაპარს მოუყვებოდა ხოლმე, მაშინ მარია იღიმოდა და ირგვლივ უამრავ ყვითელ იებს აფრქვევდა! – როგორც შენ ჩვენო თოლიავო, – დააყოლა ფიფქმა.

გოგონა სულგანაბული უსმენდა მარიას ამბავს, თან ხელთათმანები გაეხადა და იორთქლავდა პაწაწინა, გაყინულ თითებს.

– იქიდან გამომდინარე, რომ მარიას ჩვენი თოლიას მსგავსად სიცილის დროს ყვითელი იები სცვიოდა, მაშასადამე მარიაც მზის მეგობარი ყოფილაო, როგორც თეო-თოლიაო. – დაასკვნა ერთმა მსუქანმა ფიფქმა, რომელსაც ძალიან უყვარდა დასკვნების გაკეთება და ამაში რატომღაც სულ დიდებს ჰბაძავდა, ეს მას ძალიან სასაცილოდ წარმოაჩენდა ხოლმე. აი, ამ წუთსაც ახითხითდა თოლია თეო და ირგვლივ ყვითელი იების ბუღი დააყენა.

– დამაცადეთ ამბის მოყოლაო, – გაბრაზდა ვარსკვლავისნაირი, მრავალწახნაგა ფიფქი, მას ერგო წელს ზღაპრის მოყოლა გოგონასთვის, მთელი წელი ემზადა ამისთვის და ახლა კიდევ ამ მსუქანმა ფიფქმა თავისი დასკვნებით სულ თავგზა აუბნია!

– ნამდვილად მართალი ბრძანდები მსუქანო ფიფქოო, მარია ნამდვილად იყო მზის მეგობარიაო – განაგრძო მრავალწახნაგამ ამბის მოყოლა. – დილით როგორც კი მზე ამოვიდოდა, მარიაც მაშინვე ადგებოდა და მზეს ეგებებოდა აივნიდან, გაიზმორებოდა, გაიზმორებოდა და თავის თაფლისფერ თვალებს შეანათებდა ხოლმე. როგორც მაშინ იმ პატარა ქალაქში ამბობდნენ, სადაც მარია ცხოვრობდა, ამ დროს მარია მზის სხივებით საკუთარ თვალებს მუხტავსო, ამიტომაა, რომ მარიას როცა უყურებ თვალებში მზისფერ სამყაროში, სიოქროსფერეთში გადადიხარო, ეს მარიას თვალები კი არ არის, მზის სხივებიაო, გოგონას თვალებში მომწყვდეულიო. კიდევ ათასი ხმა დადიოდა მარიას შესახებ, ზოგიც იმას იძახდა გოგონა ჰიპნოზს უკეთებს ხალხსო. ასე იყო თუ ისე, მარია განაგრძობდა ცხოვრებას, მთელი მისი არსება, მისი სხეული სიყვარულს მოეცვა.

დადიოდა, დადიოდა მარია თავის პატარა ქალაქში და ყოველდღე, ყოველ წამს სიყვარულს გასცემდა, სულ უფასოდ ურიგებდა შემხვდურთ სიყვარულს. სადღაც მათხოვარი ფულს ითხოვდა, ჩამოძონძილი და ჭუჭყიანი, ხელგამოშვერილი იხვეწებოდა დახმარებას. ჩაუვლიდა მარია და მთელ თავის სიყვარულს ჩაუღვრიდა გამოწვდილ ხელში. მარიას გაცემული სიყვარული ისე ჩაეღვრებოდა ჭუჭყიან, დაძონძილ მათხოვარს მთელ სხეულში, რომ მისი ძონძები ვეღარ ფარავდნენ, როგორ აუძგერდებოდა გული, როგორ უცემდა და რაღაც ოქროსფერიც გადაუვლიდა ხოლმე. იმ დღეს მათხოვარზე ბედნიერი არავინ არ იყო. დადიოდა მთელი დღე მარია და ასე არიგებდა სიყვარულს, რაც უფრო მეტს გასცემდა, უფრო მეტად ივსებოდა სიყვარულით. შემდეგ დაჯდებოდა თავის აივანზე, უყურებდა ჩამავალ მზეს და ათას ზღაპარს იგონებდა, ათს საოცარ ამბავს, იმ ბავშვებისთვის რომლებსაც არც დედა ჰყავდათ და არც მამა.

გადიოდა დრო, მარია იზრდებოდა, თვალები უფრო თაფლისფერი უხდებოდა, უფრო და უფრო უჭირდა თვალებდახრილს სიარული, უფრო და უფრო უჭირდა ის მოზღვავებული სიყვარულის შეკავება, რასაც მთელი მისი არსება მოეცვა, უფრო და უფრო დიდხანს ატარებდა დროს აივანზე მზის ცქერაში. მზეც უფრო და უფრო აგვიანებდა ჩასვლას, ამიტომ იმ დროს დღეები ძალიან გრძელი იყო.

ხალხს უკვირდა – რა არის, რატომ ღამდება ასე გვიანო, ბავშვებს კიდევ უხაროდათ უფრო მეტ თამაშს და ზღაპრის მოსმენას ასწრებდნენ. მშობლებმა აღარ იცოდნენ, რა ზღაპარი მოეგონათ, რადგან რაც არსებობდა და რაც გამოიგონეს ყველა ზღაპარი უკვე მოყოლილი ჰქონდათ. პატარები კი სულ უფრო მეტ და უფრო საინტერესო ზღაპრებს მოითხოვდნენ, ისეთებს, არასდროს რომ არ ჰქონდათ გაგონილი. ამ დროს მარია მათი გაჭირვების ტალკვესი იყო, ჩამოუქროლებდა ხოლმე ყველა სახლს, ოჯახს, სადაც ბავშვები ცხოვრობდნენ, ზღურბლთან კი ახალ-ახალ ზღაპრებს ტოვებდა. მარია ხომ დღის ნახევარს ზღაპრების მოგონებას უთმობდა, ნახევარს კიდევ სიყვარულის ჩამორიგებას.

ერთხელაც მზე დაფიქრდა, ეს პატარა გოგო როგორ გაუძღვებოდა, როგორ აუვიდოდა ამდენი ადამიანის სიყვარულით ავსებას? თანაც იმ დროს ადამიანები ვერ ხვდებოდნენ ჯერ კიდევ რა იყო სიკეთე, რა იყო სიყვარული.

ამიტომ მზემ გადაწყვიტა, რომ მარიას დახმარებოდა. როდესაც მარია თვალებგაბრწყინებული შეჰყურებდა მზის ამოსვლას, მასთან მზისგან გამოგზავნილი ანგელოზი მიფრინდა, – თქვა ვარსკვლავის მსგავსმა ფიფქმა და ცოტა ხნით გაჩუმდა. ანგელოზის ხსენებით ყველა უფრო დაინტერესდა. ირგვლივ ისეთი სიჩუმე იდგა ფიფქების სუნთქვის ხმასაც კი კარგად გაარკვევდა ადამიანი. თოლია-თეოს მეორე ხელი შემოედო ლოყისთვის, რადგან ის წინა შემოდებული ხელი დაუბუჟდა.

– მაშინ ადამიანებს ანგელოზები ეცხადებოდნენ, რომ ეთქვათ, რა სურდა მზეს, – განაგრძო მრავალწახნაგამ. ანგელოზი ისეთი თეთრი და გამჭვირვალე იყო ჰაერისგან ძლივს გაარჩევდა კაცი, თუმცა მარიას, რა თქმა უნდა, ეს არ გასჭირვებია. ანგელოზს ფრთებიც ჰქონდა დიდი და ფიფქებით მოხატული, – ეს სიტყვები ამაყად წარმოთქვა ფიფქმა და თან სხვა ფიფქებს გადახედა, რომლებსაც სიამაყის გრძნობა ასევე აშკარად ეტყობოდათ.

– ანგელოზმა, მარიას მზის სხივების საჩუქარი გადასცა, პატარა არსება, პატარა ბავშვი, ბიჭი, რომელსაც სამყარო უნდა შეეცვალა, რომელიც თავად სიყვარულად მოევლინა კაცობრიობას. ბიჭი, რა თქმა უნდა, ბოლომდე ადამიანი არ ყოფილა, ის იმისთვის გამოგზავნეს ზეციდან, რომ კაცობრიობისთვის ესწავლებინა, რა არის სიყვარული, რა არის სიკეთე…

ასე იშვა, სიკეთე და სიყვარული დედამიწაზე. მარიამ მას იესო უწოდა, ზუსტად ასე ეს ოთხი ასო: ი ე ს ო.

რადგან მაშინ ადამიანებმა ბოლომდე არ უწყოდნენ, რა იყო სიყვარული და სიკეთე, ვერ გაიგეს, რატომ გამოგზავნეს მათთან პატარა იესო, ან მარია რა შუაში იყო და გადაწყვიტეს მისი თავიდან მოშორება, – ფიფქებმა ამოიოხრეს. ფიფქების ამოოხვრაზე სევდიანი რამ, ბავშვებო მერწმუნეთ, არ გექნებათ გაგონილი. პატარა თოლიაც შეწუხდა, ლამისაა იტიროს, დიდრონი თვალის გუგები წყლით აევსო და ხელსაყრელ შემთხვევას ელოდებიან, რომ გადმოიღვარონ.

  • იესო ადამიანებს სიყვარულს ასწავლიდა. როგორ უნდა ეცხოვრათ ისე, რომ სიყვარული მოესწროთ. ყველაზე მეტად მას ბავშვები უყვარდა, რადგან ბავშვზე მეტად სიყვარული არავის შეუძლია ამქვეყნად, მათზე ძლიერ ვერავინ განიცდის სიყვარულს. ბავშვების გულები ძალზე დიდია და ერთად აღებულ ორმოცდაათი უფროსის გულს უდრის. ეს კარგად იცოდა იესომ და იმ ქალაქის პატარების გულების დაპყრობა უკვე მოესწრო. ისე კარგად ჰყვებოდა თურმე ზღაპრებს და ათასნაირ ამბებს სიყვარულზე, სიკეთეზე, მის მოსმენას არაფერი სჯობდა. ბავშვებსაც სხვა რა უნდოდათ, იდგნენ და უსმენდნენ, შეეძლოთ ასე მდგარიყვნენ მის გარშემო და მთელი დღეები ესმინათ მისთვის, რომელიც რაღაც სხვა, მათთვის უცხო სამყაროზე უამბობდათ. ეს სამყარო რაღაცით მარიას ოქროსფერ, მზის სამყაროსაც კი ჰგავდა, მაგრამ უფრო მისაწვდომი და შესაძლებელი ჩანდა ვიდრე მარიასი. იესო ასწავლიდა, როგორ ჩაედინათ სიკეთე, როგორ დამსგავსებოდნენ იმ გამჭვირვალე, ფრთებზე ფიფქებმოხატული ანგელოზს, რომელიც მარიას გამოეცხადა. მარიაც იქვე იყო, არ შორდებოდა ზეცისგან ნაბოძებ ბიჭუნას. თუმცა ახლა აღარ ცდილობდა თვალებდახუჭულს ევლო, რადგან იმ სამყაროში რომელსაც მარია პატარაობიდანვე გულით ატარებდა, იესოს თავად შეჰყავდა ხალხი. აღარ იყო იმის საშიშროება, რომ ადამიანები ამ სამყაროსთვის მზად არ იყვნენ, რადგან მისი ბიჭი მათ ამზადებდა და ამ სამყაროსაც ჰპირდებოდა.

აი ასე დაიბადა და ასე ცხოვრობდა ოდესღაც, ჩვენთან დედამიწაზე თვით სიყვარული, – ფიფქს კიდევ სურდა რაღაცის თქმა, მაგრამ თავს იკავებდა. ფიქრობდა – ვთქვა თუ არაო, ჯერ ადრე ხომ არ არის თოლია-თეოსთვისო, იცოდესო ამბის დასასრულიო. თუმცა ბოლოს მაინც გადაწყვიტა ამბის დასრულება, თოლია-თეო აუცილებლად გაიგებსო, უნდა იცოდესო.

  • მარია იღიმოდა და ყვითელ იებს კვლავ აფრქვევდა, იესოსთან შეკრებილი ბავშვები კი მარიას იებს კრეფდნენ და მათზე ბედნიერი არავინ იყო იმ წუთას. როგორც ვთქვი, მაშინ ადამიანებმა არ იცოდნენ, რა იყო სიყვარული. ამიტომ იმ ქალაქში გამოჩნდნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებმაც მარიას და მის ბიჭს ვერ გაუგეს და იფიქრეს, რომ ზეცის მიერ გამოგზავნილი იესო შეიძლება საფრთხედ ქცეულიყო მათთვის, მათი ქალაქისთვის, მათი ბავშვებისთვის, მათი ბედნიერებისთვის. ის კი არ იცოდნენ, რა იყო ბედნიერება, იესო სწორედ ამას განმარტავდა, ისინი კი ყურს არ უგდებდნენ, რადგან თავი ყველაფრის მცოდნეებად მოჰქონდათ.

უსიყვარულოდ და უსიკეთოდ დარჩენილი ხალხი შეიკრიბა და გადაწყვიტეს იესო დაესაჯათ.. დაესაჯათ იმისთვის, რომ ის მათთვის უცნობ და გაუგონარ სიყვარულსა და სიკეთეს ასწავლიდა ადამიანებს…

დასჯა კი იყო სასტიკი… თაფლისფერთვალება მარია ცრემლებად იღვრებოდა, კი იცოდა, რომ ისინი მზის მიერ ნაბოძებ ბიჭს ვერ გაანადგურებდნენ, რადგან მას ისე უსწორდებოდნენ როგორც ადამიანს… კი იცოდა ეს, მაგრამ მაინც ტიროდა. რა ექნა, დიდი გული ჰქონდა. ეს გული კიდევ ცრემლებით ავსებოდა და ხომ უნდა გადმოღვრილიყო, ხომ უნდა დაცლილიყო მარიას დიდი გული?

რა თქმა უნდა, იესო ვერ გაანადგურეს, ის უბრალოდ იქ დაბრუნდა საიდანაც ადამიანებს მოევლინა სიყვარულის სასწავლებლად… ადამიანებს კი ყველაზე საოცარი, ყველაზე ლამაზი რამ – სიყვარული გვაჩუქა…

დაასრულა ფიფქმა თავისი საოცარი ისტორია. თოლია-თეოს გული იმხელა გამხდარიყო, რომ მკერდში უკვე ვეღარ ეტეოდა… სიცივეს საერთოდ ვეღარ გრძნობდა..

მახსოვს, სახლში, რომ ამოვიდა სულ ერთიანად წითელი და ცხელი იყო, სიცხე გავუზომეთ. სიცხე არ ჰქონდა, რომ ვკითხეთ რა დაგემართაო, (ბებიამ გამოთქვა ვარაუდი ალბათ ზამთრის სუსხმა შეახურაო) თეომ გვიპასუხა:

  • იესოს, მარიას ბიჭის სიყვარული ჩამეღვარა ტანშიო, ჩემი გული სიკეთით აივსოო.

მერე გაიცინა, გაიცინა და ბოლოს ისე აკისკისდა მთელი სახლი ზანზარებდა, იატაკი კი მზისფერი იებით მოფენილიყო.

ჩვენ გაოცებული ვუცქერდით და მხრებს ვიჩეჩდით, ასე უცებ რა დაემართა ჩვენს გოგოსაო.

https://mastsavlebeli.ge/


 

მონაცემთა ანალიზის პრაქტიკული გამოყენება საკლასო ოთახში

 უკვე დიდი ხანია, მონაცემთა ანალიზი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. განათლების სფეროში მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა. მასწავლებლები სულ უფრო ხშირად იყენებენ მონაცემებს იმისთვის, რომ უკეთ გაიგონ მოსწავლეთა საჭიროებები, შეაფასონ საკუთარი სწავლების ეფექტურობა და განავითარონ იგი მოსწავლეთა წარმატებისთვის.

მოსწავლეთა ჩართვა სწავლის შედეგების ანალიზში არის ინოვაციური და ეფექტური მიდგომა, რომელიც მათ შესაძლებლობას აძლევს, გახდნენ საკუთარი სწავლების პროცესის აქტიური მონაწილეები. როდესაც მოსწავლეები თავად აანალიზებენ თავიანთ შედეგებს, ისინი უკეთ გაიაზრებენ საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებს, ამყარებენ კავშირს თავიანთ მიღწევებსა და გაკვეთილებზე განხილულ მასალას შორის და სწავლისთვის უფრო მოტივირებულები ხდებიან.

მინდა, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება, როდესაც მერვეკლასელებს მივეცი შესაძლებლობა, თავად გაეანალიზებინათ (წინა თავის) შემაჯამებელი წერის შედეგები სასწავლო თემა „მონაცემთა ანალიზის“ შესწავლისას.

თემატური ბლოკი: სტატისტიკა, ალბათობა

თემა: სტატისტიკა, მონაცემთა ანალიზი

თემატური არეალი: მონაცემთა ინტერპრეტაცია და ანალიზი, კვლევის დაგეგმვა და წარმოდგენა

სამიზნე ცნებები:
მათემატიკური მოდელიმონაცემი, ცხრილი, დიაგრამა

 

კანონზომიერება

 

მონაცემთა წარმოდგენის სხვადასხვა ხერხი

 

ლოგიკაკვლევა, მონაცემთა ანალიზი, მსჯელობა-დასაბუთება, განზოგადება

 

 

 

საკითხები/პროცედურები:

  • მონაცემები
  • მონაცემთა მოწესრიგებული ერთობლიობების რაოდენობრივი და თვისებრივი ნიშნები: მონაცემთა რაოდენობა, პოზიცია და თანამიმდევრობა, მონაცემთა სიხშირე და ფარდობითი სიხშირე; განმეორების ტიპის კანონზომიერებანი; გამორჩეული (მაგალითად, ექსტრემალური, იშვიათი) მონაცემები;
  • მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები: წრიული დიაგრამა, ფარდობითი სიხშირის დიაგრამა და შედარებები; რომელი უპირატესია და როდის;
  • მონაცემთა წარმოდგენის საშუალებები რაოდენობრივი და თვისებრივი მონაცემებისთვის: სია, ცხრილი, პიქტოგრამა, სვეტოვანი, წრიული დიაგრამები;
  • მონაცემების წარმოდგენის გზები და მონაცემთა ანალიზი (სასურველია სხვა ტიპის დიაგრამით მონაცემების ანალიზი და შედარება).

შეფასების ინდიკატორები: მოსწავლემ უნდა შეძლოს:

  • თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემთა წარმოდგენა სხვადასხვა ფორმით, ანალიზი ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით (მათ.საბ.1,2,3,7,8,9, 11);
  • ამოცანის ამოსახსნელად (პრობლემის გადასაჭრელად) საჭირო მონაცემების მოპოვება (მათ.საბ.4,7,8,9);
  • მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით (მათ.საბ.4,5,6).

საკვანძო კითხვა:

  • როგორ გეხმარება დიაგრამები, ცხრილები და გრაფიკები მონაცემების ინტერპრეტაციაში?

 

აქტივობა 1.

მოსწავლეებს დავურიგე თავიანთი შემაჯამებელი ნამუშევრები შედეგებითურთ. თითოეული მოსწავლე საკუთარ ნამუშევარს აანალიზებდა შეფასების სქემის მეშვეობით. შედეგებს ადარებდნენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს და მიღებულ ქულებს, ამჩნევდნენ და აფასებდნენ საკუთარ შეცდომებს/პროგრესს, სახავდნენ გაუმჯობესების გზებს.

 

აქტივობა 2.

კლასი დავყავი ოთხ ჯგუფად. შეფასებების მიმოხილვისთვის მოსწავლეებს წარვუდგინე კლასის მოსწრების ანონიმური მონაცემები ცხრილის სახით. მოსწავლეთა ჯგუფებმა დიდ ფურცელზე განათავსეს ინფორმაცია სხვადასხვა ვიზუალური საშუალების -ცხრილების, დიაგრამების სახით მონაცემების წარმოდგენისა და ანალიზისთვის.

#                            მოსწავ

ლეთა  შეფასება

17
23
34
48
56
63
710
88
92
105
113
125
137
146
158
1610
179
183
1910
2010
219
228
2310
გიზიარებთ მოსწავლეთა ნამუშევრების ზოგიერთ ფოტოს

 

 

 

 

 

 

 

 

 

აქტივობა 3.

კლასს დავურიგე მოსწავლეთა ნამუშევრები (ანონიმურობის დაცვით) ვთხოვე ამ მონაცემებით დაედგინათ კლასის რამდენმა მოსწავლემ შეძლო სწორად ამოეხსნა თითოეული ამოცანა. მოსწავლეებმა თავად შეარჩიეს მონაცემთა წარმოდგენის შესაბამისი ფორმა. გაანალიზეს რას „ეუბნებათ“ მონაცემები.

 

 

აქტივობა 4.

პრეზენტაცია, შედეგების ანალიზი

პრეზენტაციის დროს თითოეულმა ჯგუფმა წარადგინა თავისი ანალიზი, გამოიყენა სხვადასხვა ვიზუალური საშუალება და გამოიტანა დასკვნები კლასის მოსწავლეთა მიღწევების შესახებ. მოსწავლეებმა აღწერეს, როგორ გამოიყენეს სხვადასხვა ვიზუალური საშუალება (დიაგრამები, გრაფიკები, ცხრილები) მონაცემების წარმოდგენისთვის; დააკვირდნენ კავშირებს მონაცემებს შორის; შეამჩნიეს პრობლემები მონაცემების ანალიზისას; გამოიტანეს დასკვნები და იმსჯელეს, რა შეიძლება ყოფილიყო პრობლემის მიზეზი. პრეზენტაციის დროს მოსწავლეები აქტიურად უსვამდნენ ერთმანეთს კითხვებს და გამოთქვამდნენ სხვადასხვა მოსაზრებას. ერთ-ერთმა ჯგუფმა შეამჩნია, რომ მოსწავლეებს უფრო მეტად უჭირდათ განსაზღვრული ტიპის ამოცანებისთვის თავის გართმევა. მათ შეიმუშავეს რეკომენდაციები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება.

ამ აქტივობების შედეგად მოსწავლეებმა:

  • გააანალიზეს თავიანთი ნამუშევრები და გამოავლინეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები;
  • შეადარეს თავიანთი შედეგები კლასის საშუალო შედეგებს;
  • გამოიტანეს დასკვნები თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ;
  • განსაზღვრეს შემდგომი განვითარების მიზნები.

მოსწავლეებმა დადებითად შეაფასეს აქტივობა. მათთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა მონაცემთა ვიზუალიზაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენება თავიანთი სწავლის შედეგების გასაანალიზებლად.

მონაცემთა ანალიზში მოსწავლეთა მონაწილეობა მათი კრიტიკული აზროვნების, პრობლემის გადაჭრის უნარების განვითარებისა და მოტივაციის ამაღლებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ეს მიდგომა მოსწავლეთა წარმატების გასაღებია. ის არა მხოლოდ ეხმარება ბავშვებს, უკეთ გაიგონ თავიანთი სწავლის პროცესი, არამედ მეც, მასწავლებელს, მაძლევს საშუალებას, უფრო ეფექტურად მოვახდინო სწავლების ინდივიდუალიზაცია და ადაპტაცია მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად.

მე გავაგრძელებ მსგავსი აქტივობების განხორციელებას, რათა მოსწავლეებს მივცე საშუალება, გახდნენ საკუთარი სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეები. მიმაჩნია, რომ ამ გზით ჩვენ შევძლებთ, მოვამზადოთ მოსწავლეები XXI საუკუნის გამოწვევებისთვის.

 

გამოყენებული ლიტერატურა

  1. ეროვნული სასწავლო გეგმა https://mes.gov.ge/content.php?id=3929&lang=geo
  2. მათემატიკის გზამკვლევი მერვე კლასი. შედგენილი ქეთი ცერცვაძის მიერ,

ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში. https://math.ge/merve-klasi/




 https://mastsavlebeli.ge/

AI ჩატბოტები: პერსონალიზაცია და სოციალური უნარები

 “პერსონალიზაცია არა მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაციაა, არამედ მომხმარებელთან ურთიერთობის ახალი ფილოსოფია, რომელიც ემპათიისა და ეფექტური კომუნიკაციისკენ მიისწრაფვის.”

Marcus & Davis, Rebooting

დღეს ხელოვნური ინტელექტის (AI) ჩატბოტები ჩვენი ყოველდღიური კომუნიკაციის განუყოფელ ნაწილად იქცა. მომხმარებლებისთვის საკმარისი აღარ არის მხოლოდ სანდო და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება, ისინი უფრო მეტს ელოდებიან ჩატბოტებისგან. სწორედ ამიტომ (AI) ჩატბოტები იძენენ სოციალურ უნარებს და უფრო პერსონალიზირებული ხდებიან.  რას გულისხმობს ჩატბოტების სოციალური უნარები? როგორ აღწევენ ისინი ისეთ უნარებს, რომ  მოერგონ კონკრეტულ მომხმარებელს და მისი ინდივიდუალური საჭიროებები გაითვალისწინონ?

პერსონალიზაციის პროცესში ჩატბოტები აერთიანებენ ენის დამუშავების ალგორითმებს და მომხმარებლის ქცევის ანალიზს, რაც მათ საშუალებას აძლევს, უფრო ბუნებრივი, დამაჯერებელი და ინტერაქტიური გახდნენ. ეს არ არის მხოლოდ ტექნოლოგიური მიღწევა, არამედ განვითარებადი სოციალური ფენომენია, რომელიც ცვლის ადამიანებისა და ტექნოლოგიების ურთიერთობის/კომუნიკაციის პარადიგმას.

სტატიაში განვიხილავთ, როგორ ვითარდება პერსონალიზაცია და სოციალური უნარები AI ჩატბოტებში, რა გამოწვევების წინაშე დგანან ეს სისტემები და როგორ გავლენას ახდენს ეს ტრანსფორმაცია მომხმარებლების ციფრულ გამოცდილებაზე.

 

ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრები

თუ გსურთ, თქვენი ჩატი უფრო მეტად პერსონალიზებული და თქვენს საჭიროებებზე მორგებული იყოს, შეგიძლიათ, რომ ეს პარამეტრებიდანაც მოაგვაროთ. შედით ChatGPT-ის პერსონალიზაციის პარამეტრების მენიუში, რომელიც საშუალებას მოგცემთ დააკონფიგურირეთ ჩატბოტის ხასიათი და სტილი საკუთარი სურვილების შესაბამისად. ეს ფუნქცია საკმაოდ ინტუიტიურია და ორი ძირითადი ბლოკისგან შედგება (ორივე ველში მოცემულია დამხმარე კითხვები):

  1. პერსონალიზაციის ინსტრუქციები: აქ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს, როგორ უნდა მოიქცეს ჩატბოტი, როგორი ინფორმაციის მიწოდება სურს და როგორ სტილში. შესაძლებელია ბლოკში ჩაწერო მაქსიმუმ 1500 სიმბოლოს ტექსტი. მაგალითად:
    • სასურველი ტონი: მეგობრული, ოფიციალური, სასაუბრო.
    • ცოდნის დონე: რამდენად დეტალური ინფორმაცია გჭირდება.
    • პრიორიტეტული თემები: განსაკუთრებული ინტერესის სფეროები.
  2. პასუხის მიწოდების სტილი: ეს ველი განკუთვნილია იმისათვის, რომ მომხმარებელმა განსაზღვროს, როგორ სტილში (მაგალითად, მარტივი, აკადემიური ან კრეატიული) უნდა შეასრულოს ჩატბოტმა დავალებები.
  3. დაშიფრული პასუხების ჩართვა/გამორთვა: ბოლოში მოცემულია გადამრთველი, რომელიც მართავს „დაშიფრული ChatGPT-ის“ ფუნქციას. თუ ეს გააქტიურებულია, ჩატბოტი იქნება მეტად „პერსონალიზებული“ და უკეთ მოერგება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს.

 

თუ უფრო კონკრეტულად გსურთ, რომ რაიმე დამატებითი ინფორმაცია ჩართოთ, მაგალითად, თქვენი ინტერესი, ჰობი, – ეს შეიძლება დაწეროთ პირველ ველში. ამის შემდეგ ჩატბოტი უფრო მეტად შეესაბამება თქვენს მოთხოვნებს და თემატიკას.

ამ ინსტრუქციების შენახვა და შემდგომი განახლება ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი!

თუ გსურთ აღმოაჩინოთ განსხვავება, შეადარეთ  ერთსა და იმავე კითხვაზე „პერსონალიზებული“ და „არაპერსონალიზებული“ ჩატის პასუხები.

პერსონალიზაციის გარდა, ჩატბოტების ეფექტურობა დიდწილად დამოკიდებულია მათ უნარზე, აღიქვან და უპასუხონ მომხმარებლის ემოციურ მდგომარეობას. ემპათიური ჩატბოტები უკეთეს შედეგს იძლევიან ისეთ სფეროებში, როგორიცაა მენტალური ჯანმრთელობის  მხარდაჭერა, საგანმანათლებლო გარემო და მომხმარებელთა მომსახურება.

დადასტურებული ქეისებია:

  • Woebot: ჩატბოტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მენტალური ჯანმრთელობის საკითხებში. მას აქვს უნარი, ამოიცნოს ემოციური ტონალობა  და გასცეს შესაბამისი პასუხი.  ეს კი  მნიშვნელოვანი მიღწევაა, რათა  სოციალური უნარები AI-ში ინტეგრირდეს.
  • Replika AI: ჩატბოტი, რომელიც ემპათიური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზეა ორიენტირებული და მას  შეუძლია გახდეს “ვირტუალური მეგობარი.”
  • IndiaAI-ის მიერ შექმნილი განათლების ჩატბოტი ხელს უწყობს ინდოეთში ბავშვების განათლებას, რომლებსაც განათლებაზე წვდომა შეზღუდული აქვთ. ჩატბოტის  უნარი,  დიალოგი წარმართოს ადგილობრივ ენებზე, ხელს უწყობს კულტურული ბარიერების გადალახვას.

 

როგორ ახდენენ ჩატბოტები კომუნიკაციის ინდივიდუალურ მოდელირებას?

პერსონალიზაცია ჩატბოტებში ხორციელდება რამდენიმე ძირითადი ტექნოლოგიის მეშვეობით:

  1. მომხმარებლის მონაცემების ანალიზი. ჩატბოტები აგროვებენ და აანალიზებენ ინფორმაციას მომხმარებლის ქცევებიდან, პრეფერენციებიდან და წინა კომუნიკაციებიდან. ეს ითვალისწინებს ტექსტის ტონის, ენის სტილის და თემატიკის განსაზღვრას, რაც  კომუნიკაციას უფრო მეგობრულსა და რელევანტურს ხდის.
  2. ენობრივი მოდელირება. ჩატბოტები იყენებენ ბუნებრივი ენის დამუშავების (NLP) ალგორითმებს, რათა უკეთ გაიგონ მომხმარებლის ზუსტი საჭიროებები. მაგალითად, მომხმარებლის მიერ დასმული ერთი და იგივე კითხვა შეიძლება განსხვავებულად განიმარტოს კონტექსტის მიხედვით ან მისი კომუნიკაციის სტილის მიხედვით.

              სიტუაცია: მომხმარებლები სვამენ ერთსა და იმავე კითხვას:
„რამდენ ხანში მომაწვდიან შეკვეთას?“ – ეს კითხვა სხვადასხვაგვარად შეიძლება ფორმულირდეს:

              ფორმალური სტილით: „გთხოვთ, მაცნობოთ, შეკვეთის მოტანის სავარაუდო     დრო.“

              არაფორმალური სტილით: „როდის მომიტანს კურიერი?“

              სტრესული ტონით: „რამდენ ხანში მოვა ჩემი შეკვეთა? ძალიან მეჩქარება!“

ჩატბოტის რეაქცია:

  • ფორმალურ სტილზე: ჩატბოტი იყენებს პროფესიულ და დეტალურ პასუხს:
    „გმადლობთ შეკითხვისთვის. თქვენი შეკვეთის მიტანის დრო დამოკიდებულია თქვენს მისამართსა და მიწოდების სერვისზე. ჩვეულებრივ, ამას 3-5 სამუშაო დღე სჭირდება.“
  • არაფორმალურ სტილზე: პასუხი მარტივი და პირდაპირია: „როგორც წესი, 3-5 დღის განმავლობაში მოვა. თუ დამატებითი კითხვები გაქვთ, შეგიძლიათ მომწეროთ.“
  • სტრესულ ტონზე: ჩატბოტი იყენებს დამამშვიდებელ და მხარდაჭერას ტონს:
    „ბოდიშს გიხდით უხერხულობისთვის! მიტანის დრო ჩვეულებრივ 3-5 დღეა, მაგრამ დავაზუსტებ და მალე შეგატყობინებთ.“

 

  1. რეალური დროში მორგება. ბევრი ჩატბოტი რეალურ დროში იცვლება მომხმარებლის პასუხების მიხედვით. თუ მომხმარებელი მოკლე პასუხებით გამოირჩევა, ჩატბოტი ადაპტირდება და მსგავს ფორმატს იღებს, ხოლო თუ საუბარი უფრო ემოციურია, ჩატბოტი ტონს ამუშავებს და შესაბამისად უფრო “ადამიანური” ხდება.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი სოციალური ინტეგრაციისთვის?

AI ჩატბოტების სოციალური უნარების გაუმჯობესება თანამედროვე საზოგადოებისთვის  განსაკუთრებულია რამდენიმე მიმართულებით:

  1. ბარიერების გადალახვა ურთიერთობებში. ჩატბოტების ინდივიდუალური მიდგომა ეხმარება ადამიანებს, რომლებსაც აქვთ კომუნიკაციის სპეციფიკური სირთულეები — იქნება ეს ენობრივი ბარიერი, სოციალური შფოთვა თუ სხვა. მაგალითად, ჩატბოტები შესაძლოა დაეხმარონ მომხმარებლებს, რომლებსაც სამედიცინო, განათლების ან პროფესიული დახმარება სჭირდებათ.
  2. ინკლუზიური კომუნიკაციის ხელშეწყობა. პერსონალიზებული ჩატბოტები ეხმარებიან საზოგადოების მრავალფეროვან ჯგუფებს. ისინი ითვალისწინებენ ამ ჯგუფების განსხვავებულ ენობრივ და კულტურულ ნიუანსებს და მათ საჭიროებებს, რაც კომუნიკაციას უფრო ინკლუზიურს ხდის.
  3. მომხმარებლის ნდობის გაზრდა. პერსონალიზაცია და სოციალური უნარები აუმჯობესებს მომხმარებლის ნდობას ტექნოლოგიის მიმართ. როდესაც ჩატბოტი „ემპათიურია“  და რეალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს, ის აღარ აღიქმება მექანიკურ ინსტრუმენტად, არამედ სანდო დამხმარე და მეგობარია.

 

დასკვნა

AI ჩატბოტების პერსონალიზაცია და სოციალური უნარების განვითარება აუმჯობესებს ციფრული კომუნიკაციის ხარისხს. ჩატბოტების ინდივიდუალური კომუნიკაციის მოდელირება  არა მარტო ტექნოლოგიური წინსვლაა, არამედ ახალ გზებს უხსნის სოციალური ინტეგრაციის პროცესს. მომავალში პერსონალიზაციის გაუმჯობესება და სოციალური უნარების გაღრმავება/დახვეწა ხელს შეუწყობს AI ჩატბოტების უფრო ფართოდ გამოყენებას, რაც კომუნიკაციას კიდევ უფრო ხელმისაწვდომსა და ჰუმანურს გახდის. ამავე დროს, მომავალი ჩატბოტები, სავარაუდოდ, მულტიმოდალურ კომუნიკაციას გამოიყენებენ, რაც მომხმარებელს ტექსტთან ერთად აუდიო და ვიზუალურ რესურსებსაც შესთავაზებს. ეს ხელს შეუწყობს უფრო ღრმა, ინტუიციურ და ბუნებრივ ინტერაქციას.


https://mastsavlebeli.ge/


სახალისო აქტივობა – შიდა წრე და გარე წრე

 ინგლისური ენა გლობალური კომუნიკაციის უნივერსალური საშუალებაა. მისი მნიშვნელობა ნათლად ჩანს როგორც მოსწავლეების, ისე მშობლების დამოკიდებულებაში.

ენის შესასწავლად და დასაუფლებლად გამოიყენება მრავალფეროვანი მეთოდოლოგია, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებს, უკეთ გაიგონ და გამოიყენონ ენა პრაქტიკულ სიტუაციებში. ამ პროცესში განსაკუთრებულ როლს ასრულებს ინოვაციური აქტივობები და დიფერენცირებული სწავლება, რომელიც ტრადიციულ საგაკვეთილო პროცესს უფრო საინტერესოს და მიმზიდველს ხდის. მსგავსი მიდგომების საშუალებით შესაძლებელია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და მათი საუბრის უნარების სტიმულირება.

ენის შესწავლისას  ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი ლექსიკური ერთეულების დაუფლებაა. მათი შესწავლა და პრაქტიკული გამოყენების უნარის გამომუშავება დიდწილად განსაზღვრავს ენის ფლობის დონეს. პედაგოგები სისტემატურად ცდილობენ, მოსწავლეებს შეასწავლონ უცხო სიტყვები, დააკავშირონ ისინი საგაკვეთილო მასალასთან ან ცხოვრებისეულ სიტუაციასთან. თუმცა, ლექსიკური ერთეულების დაზეპირება მოსწავლეებისთვის ხშირად უინტერესო და დამღლელია, რაც სწავლის პროცესს ართულებს.

“შიდა და გარე წრე ” აქტიური  სწავლების  ერთ-ერთი ეფექტური  სტრატეგიაა, რომელიც ენის სწავლების პროცესში წარმატებით გამოიყენება.  ეს აქტივობა  მოსწავლეებს ხელს უწყობს  ცოდნის გააქტიურებაში.

მეთოდის გამოყენების მიზნები:
• მასწავლებელს საშუალებას აძლევს სწრაფად დაადგინოს, თუ რა იციან მოსწავლეებმა თემის, თავის ან მოთხრობის ეპიზოდის გავლის შემდეგ.
• მოსწავლეებს ეხმარება წინარე ცოდნის გააქტიურებასა და ჩამოყალიბებაში.
• მოსწავლეები თავად აყალიბებენ და ჩამოწერენ შეკითხვებს.
• თანაკლასელთა მიერ დასმულ შეკითხვებზე პასუხის გაცემით უმჯობესდება მათი კომუნიკაციის უნარები.

ამ სტატიაში განვიხილავ მე-7 კლასში ინგლისური ენის საგაკვეთილო პროცესს ამ საინტერესო მეთოდის გამოყენებით, როგორც   ლექსიკური ერთეულების განმტკიცებისათვის, ასევე, განვლილი ტექსტის უკეთ გააზრებისათვის.

მასალა:

განვლილი საბუნებისმეტყველო შემეცნებითი ტექსტის მიხედვით: „რვაფეხა, შენიღბვის ოსტატი“, მოსწავლეებს უნდა ამოეწერათ ახალი ლექსიკური ერთეულები-მიეწერათ დეფინიციები, ინგლისურ ენაზე.

მაგ; Disguise-to give a new appearance to a person or thing, especially in order to hide its true form.

ასევე, მოსწავლეებს ტექსტის გარშემო უნდა მოეფიქრებინათ და ჩამოეწერათ შეკითხვები.

აქტივობის აღწერა:

          პირველი ეტაპი – მოსწავლეებმა უნდა მოიმარჯვონ თავიანთი მომზადებული მასალა(ლექსიკური ერთეულები, შეკითხვები).

მეორე ეტაპი – მოსწავლეები (5-7 მოსწავლე) დგებიან წრეში (გარე წრე). წრის შიგნით დგება 5-7 მოსწავლე და ქმნის შიდა წრეს. შიდა და გარე წრის წარმომადგენლები ერთმანეთის პირისპირ დგანან. აუცილებელია, რომ გარე წრის თითოეულ მოსწავლეს ჰყავდეს თავისი მეწყვილე შიდა წრეში.

მესამე ეტაპი – მასწავლებლის ნიშანზე (მაგ.: ზარი) გარე წრის მოსწავლეები შიდა წრის მეწყვილეებს უსვამენ წინასწარ მომზადებულ კითხვებს ლექსიკურ ერთეულებზე (ერთდროულად), შიდა წრეში მდგომნი კი პასუხობენ ინგლისურ ენაზე მათ დეფინიციებს (1-2 წუთის განმავლობაში).

მეოთხე ეტაპი – მასწავლებლის მომდევნო ნიშანზე გარე წრეში მდგომი მოსწავლეები გადაადგილდებიან საათის ისრის მიმართულებით და მომდევნო თანაკლასელის პირისპირ დგებიან. ასე იქმნება შიდა და გარე წრის წევრების ახალი წყვილები. აღნიშნული მოქმედება მეორდება მანამ, სანამ გარე წრის წევრები არ დაუბრუნდებიან თავდაპირველ მეწყვილეებს.

მასწავლებელი დგება წრის შუაში ან მოძრაობს წრის გარეთ, აკვირდება მოსწავლეების საუბარს და ინიშნავს რვეულში.  შესაძლებელია, მოგვიანებით შიდა და გარე წრეების მოსწავლეებმა გაცვალონ როლები.

იგივე მეორდება შეკითხვების დასმის დროსაც. მოცემული აქტივობის ხანგრძლივობა შეიძლება გაგრძელდეს 15-20 წუთი.

მასწავლებლის როლი: პედაგოგი აკვირდება მოსწავლეების საუბარს, აფიქსირებს მათ წარმატებებსა და სირთულეებს, რაც შემდგომში ინდივიდუალური უკუკავშირის მიწოდებას უზრუნველყოფს.
დასკვნა “შიდა და გარე წრე” არის პრაქტიკული და ინოვაციური მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ლექსიკური ერთეულების დამახსოვრებასა და კომუნიკაციის უნარების განვითარებას. აქტივობა მოსწავლეებს ეხმარება, ისწავლონ გუნდურად მუშაობა და გააუმჯობესონ საუბრის უნარები ინგლისურ ენაზე.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Brown, H. Douglas. Teaching by Principles: An Interactive Approach to Language Pedagogy. Pearson Education, 2014.
2. Richards, Jack C., and Theodore S. Rodgers. Approaches and Methods in Language Teaching. Cambridge University Press, 2001.
3. Nation, I. S. P. Learning Vocabulary in Another Language. Cambridge University Press, 2013.

https://mastsavlebeli.ge/